- ეს… ეს რა, თქვენი მანქანაა? - გაოცებისგან სული ძლივს მოვითქვი, ისე დამება ენა. ამას ნამდვილად არ მოველოდი.
- ხელმარჯვე ოსტატები კარგად გამოიმუშავებენ, კნიაგინია! - ღიმილით ამიხსნა მან და თავადურად დამიკრა თავი.
- არ არსებობს… - ჩუმი ხმით ამოვთქვი და მეც გავიღიმე, მაგრამ ღიმილი მალევე შემაშრა ტუჩებზე. პირმოკუმული ისე დავიძაბე, როგორც მაშინ, მაღაზიის კარს რომ ვკეტავდი და გიოსთან ძალიან, ძალიან ახლოს აღმოვჩნდი.
წარმოგიდგენიათ? მე, ასეთმა თავდაჭერილმა ადამიანმა, უეცრად ვიგრძენი, რომ კონტროლს ვკარგავდი. ისე წამოვჭარხლდი, შემახურა. კიდევ კარგი, ღამე იყო, თორემ გიორგის მახვილ თვალს ჩემი გაწითლება არ გამოეპარებოდა.
- მოხიბლული დარჩით? - ჩაიცინა.
- არა, - ჯიუტად გავაქნიე თავი.
- არა? - ჩამეკითხა, - აბა?
- მოუხიბლავი დავრჩი, - თავის აქნევით თმა მხარზე გადავიყარე, - თქვენი პროფესიის ადამიანს, წესით, ასეთი მანქანის ყიდვის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს. ისმის კითხვა: მაშ, საიდან? - და ვერაგულად გავუცინე.
- აჰაა! იქნება და, მამიკო მყავს ფულიანი?
- მართლა? რას მელაპარაკებით! ფულიანი მამიკოს ბიჭები მეშუშეებად არ მუშაობენ! - ნიშნის მოგებით მოვუჭერი.
- იქნებ სხვების თვალის ასახვევად ვმუშაობ მეშუშედ? - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა, - რომ არ იფიქრონ, მდიდარ მამიკოს უვარგისი შვილიკო ჰყავსო?
- არ გვინდა ეს ზღაპრები! არ მაინტერესებს, საიდან გაქვთ ასეთი მანქანა, ეს ჩემი საქმე არ არის.
- მომწონს! ასე არ ჯობია? ზედმეტი ცნობისმოყვარეობა ადრე აბერებს ადამიანს, განსაკუთრებით, ლამაზ ქალს.
ტუჩი ავიბზუე. მისი ახალგამომცხვარი სიბრძნე სულაც არ მეჩვენებოდა სასაცილოდ.
- რა, რამე არასწორად ვთქვი?
- ხუმრობები დაგიძველდათ, პატივცემულო!
- მართლა? თქვენ რა იცით, მე როგორი ხუმრობები მახასიათებს?
ოოო! ღმერთო, რა ბედნიერებაა, რომ ღამეა და იგი ჩემს სახეს ვერ ხედავს. დღის სინათლეზე როგორი აღაჟღაღებული მექნებოდა ღაწვები!
- რაც გაგიცანით, მას მერე ხეირიანად არ გიხუმრიათ და… - გამოვასწორე ნათქვამი.
- აჰაა… - მრავალმნიშვნელოვანი ტონით გაიმეორა მან, - გამოდის, ყველაფერში უხეირო ვყოფილვარ.
- მე ეგ არ მითქვამს, - ვიუარე.
- თითქმის მითხარით. არა უშავს, ჩვენ შორის დაწყებულ მტრობას თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არაფერია. იქნებ ისიც დამაბრალოთ, რომ მანქანა მოვიპარე. მძღოლი დავაყაჩაღე, თავში ლითონის საგნის ჩარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მივაყენე და ასე შემდეგ. ჰა?
ფსიქოლოგიურად მამუშავებს! უნდა, თავი დამნაშავედ ვიგრძნო და ბოდიში მოვუხადო. ვერ მოგართვით, ბატონო სიმპათიურო, მაგრამ უხეირო ხუმარავ!
- პირიქით, არაჩვეულებრივი მანქანაა და საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, რაც ახლა დამაბრალეთ. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ თქვენი ვიპ-ავტომობილი! სიამოვნებით გავისეირნებ, თუკი არ გადაგიფიქრებიათ! - გამომწვევად შევძახე, კარი გამოვაღე და… ელიტური ბოზივით ჩავჯექი - ჯერ უკანალი «ჩავასვენე» სალონში და შეტყუპებული ფეხები მერეღა შევდგი.
მის დამაფიქრებელ მზერაზე სიცილი ვერ შევიკავე. მისი გამომეტყველება დაახლოებით ამას ნიშნავდა: «აი ქალი მრთელია, ნეტავ?» - სწორედ ამ ფრაზის გაფიქრებაზე გამეცინა.
როცა თვითონაც ჩაჯდა, მხოლოდ მაშინღა გავაანალიზე მისი სიტყვები - იქნებ ნაქურდალიაო და ცოტა არ იყოს, ეჭვის ჭია შემიჩნდა.
- მართლა თქვენია? არ მატყუებთ? სერიოზულად გეკითხებით.
- ბოლო ჭანჭიკამდე ჩემია, არ გატყუებთ, - სერიოზულად მიპასუხა, გვერდით მომიჯდა და დაქოქა.
როგორი სიმსუბუქე ვიგრძენი. თითქოს კი არ მივდიოდით, მივფრინავდით. არა, ეს ცუდი შედარებაა. აი, ნავში რომ ზიხარ, ვიღაც შენ გვერდით ნიჩბებს უსვამს და ნავი რომ ტალღებზე მიქანაობს, ისეთი შეგრძნება დამეუფლა. პირველად ვიჯექი ასეთ ძვირფას ავტომობილში. აქამდე მეგონა, ყველაზე სასიამოვნო ლიმუზინით მგზავრობა იყო. დაქალის მეჯვარე ვიყავი ქორწილში და იმას უქირავა დედამთილმა ლიმუზინი. პირველი შოკი მანქანის გამო მაშინ მივიღე, თანაც, 17 წლის ასაკში. ეს მეორე შემთხვევა იყო, თუმცა ვცდილობდი, არ შემემჩნია.
- შემთხვევით, თქვენი აწყობილი ხომ არ არის? - ვიცოდი, გიოს გატაცება ყოველთვის იყო მანქანები და შორეულ წარსულშიც დააქროლებდა ხოლმე მამამისის «მერსედესს» და ხან რას მოუფიქრებდა და ხან რას. ამწუთას ეს გამახსენდა და იმიტომაც ვკითხე, თუმცა მაშინვე ვინანე. ამით შეიძლებოდა, თავი გამეცა.
- არა, არა! ასაწყობი რა სჭირს? მართალია, მთლად ახალი არ არის, მაგრამ მაინც ჯანმრთელი მანქანაა. გასარემონტებელს რატომ შევიძენდი?.. რა გაცინებთ?
- წარმოვიდგინე, როგორ გაცვიათ კომბინეზონი, ხართ გაწოლილი მანქანის ძარის ქვეშ და ქანჩით უჭერთ ჭანჭიკებს მაზუთში ხელებგათხვრილი, - ისეთი სიცილი წამსკდა, შემრცხვა და პირზე ხელი ავიფარე.
- ზურგზე გაწოლილი, ჩვეულებისამებრ, უფრო საინტერესო საქმით ვარ ხოლმე დაკავებული, - ირონიულად მომიგო და ისეთი გამჭოლი მზერა მესროლა, ადგილზე მიმაყინა.
მისი სიტყვები მიზანს მოხვდა, საშინლად გამიფუჭდა გუნება, მაგრამ თავი შევიკავე. ალბათ ელოდა, რომ ავფეთქდებოდი და მორალის წაკითხვას დავუწყებდი - როგორ მიბედავთ ასეთ ლაპარაკს და რაღაც ამის მსგავსი, მაგრამ არა. ისეთი სახე მივიღე, რომ მას ჩემი განწყობა ვერ ამოეცნო. თავი მხოლოდ მაშინ გავყიდე, როცა თმა ყურს უკან გადავიწიე. ყველაზე უნიჭო თაყვანისმცემელიც კი მიხვდებოდა, რომ ეს ნერვიულობის ნიადაგზე «აღმოცენებული» ქმედება იყო და არა გაპრანჭვის მიზნით გაკეთებული ჟესტი.
- იცი, ახლა რა გავიფიქრე? - ხმადაბლა წარმოთქვა გიომ და ჩემს პასუხს არ დაელოდა, ისე გააგრძელა, - ძალიან გინდა თავი მკაცრ და შეუვალ ქალად მომაჩვენო. სინამდვილეში, ამ ნიღბის ქვეშ ერთობ მგრძნობიარე და ფაქიზი სული იმალება. ჩემში კი, როგორც მამაკაცში, ამწუთას გაიღვიძა ინსტინქტმა, რომ არ ავყვე შენს პროვოკაციულ გამოხტომებს. გადავწყვიტე, ყურადღება არ მივაქციო ამ პატარა ქალურ ხრიკებს და ყველგან და ყველაფრისგან დაგიცვა დღესაც, ხვალაც, ზეგაც და ყოველ მომდევნო დღეს, რომელიც წინ გველის. მინდა ხელი ჩაგავლო და რბილად გითხრა, ნუ ნერვიულობ, კნიაგინია, ყველაფერი კარგად იქნება! მე შენთან ვარ, - გარდა იმისა, რომ შენობით ფორმაზე გადავიდა, ხმაც კი დაურბილდა, იმაზე ხავერდოვანი გაუხდა, ვიდრე ოდესმე…
მისმა სიტყვებმა შემაშფოთებლად იმოქმედა ჩემზე. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. დამბლადაცემულივით ენა ჩამივარდა. ვერ ვხვდებოდი, ამას გულით ამბობდა, თუ შეფარული ირონიით. არადა, ისეთი რომანტიკული ნათქვამი იყო… იმისიც მეშინოდა, შემეხედა. შეიძლებოდა, მისი ირონიული მზერა დამეჭირა და ამას საბოლოოდ გაექრო ის სიმპათია, რომელსაც მის მიმართ აქამდე განვიცდიდი. ამიტომ გაშეშებული მხოლოდ წინ ვიყურებოდი და ხმას არ ვიღებდი.
- ჰა, როგორი იყო? - მკითხა, როდესაც გზიდან გადაუხვია და სვლა შეანელა.
- რა? - ჩამწყდარი ხმით შევუბრუნე კითხვა, მაგრამ არც ახლა შევხედე.
- რაც გითხარი.
წამიერი ფიქრის შემდეგ, უდარდელად მივუგე.
- არა უშავდა. მშვენიერი მსახიობური ნიჭით ყოფილხართ დაჯილდოებული.
- ოჰოჰოო! როგორი ფრთხილი პასუხია. დაიბენი, არა? - გაიცინა და საჭეს მსუბუქად დაჰკრა ორივე ხელი, - მე სრული სერიოზულობით ვთქვი. უბრალოდ, გითხარი ის, რაც იმწუთას გულმა მიკარნახა. არ დაგიმალავ და, შენნაირი გოგოები ყოველთვის მძაბავენ და მაბნევენ კიდეც. ისეთ ქალებთან უფრო მიადვილდება ურთიერთობა, რომელთა გაშიფვრა ადვილად შემიძლია. აი, როგორ აგიხსნა… უფრო პრიმიტიული არსებები, რომლებიც გაცნობისთანავე ხვდებიან, რა შემიძლია მათ შევთავაზო - ერთად გავატაროთ სასიამოვნო საღამო და მოვალეობები არ ვიტვირთოთ. შენნაირები კი მაფიქრებენ. ვფრთხილობ, მათთან ურთიერთობაში არაფერი შემეშალოს და ამის გამო ყოველი წინადადების აწონ-დაწონვა მიხდება… ხედავთ, რამდენი რამე გაგანდეთ? ყველასთან კი არ ვიქცევი ასე! - ბოლოს კვლავ შეცვალა მიმართვის ფორმა, რამაც უფრო გამაკვირვა.
ამასობაში შუქნიშანს მივუახლოვდით, მაგრამ იგი მწვანის ანთებას არ დაელოდა და წითელზე გაიარა, თანაც სიჩქარეს მკვეთრად მოუმატა. ცოტა არ იყოს, შევშფოთდი და უკან გავიხედე, პატრული არ ყოფილიყო სადმე ჩასაფრებული.
როგორც ჩანს, იფიქრა, რომ მომატებულმა სისწრაფემ შემაშინა და მკაცრი ტონით მითხრა:
- დაიმახსოვრეთ, მე თქვენთვის მანქანაში ჩაჯდომა არ დამიძალებია. ეს თქვენი სურვილი იყო.
მე კი მშვიდად ავიჩეჩე მხრები და უდარდელად მივუგე.
- რა სამწუხაროა!
არ ვიცი, როგორ გაიგო ჩემი ნათქვამი. სიმართლე რომ ვთქვა, არც მე ვიცოდი, რაში დამჭირდა ამის თქმა ან რა დატვირთვას ატარებდა ჩემი «რა სამწუხაროა». თუმცა, იმ წუთას ასე მივიჩნიე საჭიროდ. წავიდეს ახლა და იმტვრიოს თავი, რა ვიგულისხმე, რა აზრებია ჩაბუდებული ამ პატარა თავში. ჰგონია, ვერ მივუხვდი, რატომ უნდა, რომ ვერას ბინაში გადავიდე საცხოვრებლად? რომ მერე თავისი ვიზიტებით «გამამდიდროს», თავი შემაყვაროს და როცა საქმე საქმეზე მიდგება, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის მიზნით, კვლავ გავიდეს თამაშიდან… ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებული ძველი თამაშიდან…
როგორც იტყვიან, გაგრძელება იქნება!..
თითქოს ჩემს ფიქრებს ჩაწვდაო, მოულოდნელად სწორედ ამ თემაზე წამოიწყო ლაპარაკი.
- რაც შეეხება იმ ბინას, შეიძლება ცოტა შერემონტება დასჭირდეს. როგორც მახსოვს, უსახური ფერის შპალერია გაკრული. არა მგონია, ვერას რამე შეეცვალა მას მერე, რაც ჯაბა წავიდა. იქ დიდი ფართია, არავინ შეგაწუხებთ. თქვენთვის იქნებით, ამით თქვენს ყველა პრობლემას ერთდროულად მოევლება.
- ჩემი ერთადერთი პრობლემა თქვენ ხართ, - წავკბინე.
- და გაბი, - დაამატა მან.
უმწეოდ გავშალე ხელები.
- კი ბატონო, გაბიც ალბათ, მაგრამ ამაში გამოსავალს ვერ ვხედავ. ვერა დეიდა რამდენ ხანს დარჩება საავადმყოფოში, არავინ იცის. ან თუ მალე გამოწერენ, რა გარანტიაა, რომ არ გაუმეორდება შეტევა? მე მეშინია ავადმყოფი ადამიანების. მათი მოვლა არ შემიძლია, არ მეხერხება. თვითონ ვხდები ხოლმე ამ დროს ცუდად.
- ყველაფერი კარგად გესმით, თათია, რატომ ართულებთ მდგომარეობას? სულაც არ გჭირდებათ იმის ახსნა, რომ მისთვის ახლა ჰაერივით ხართ საჭირო. მით უმეტეს, დედათქვენი მისი უახლოესი მეგობარი ყოფილა. არა მგონია, სახლში ამაზე უარი გითხრან. მესმის, რომ მშობლებთან ცხოვრება ყოველთვის უქმნის ახალგაზრდა ქალს გარკვეულ პრობლემას. იქ არ წახვიდე, საღამოს არ დააგვიანო, ეს არ ჩაიცვა, ის არ დაიხურო და რა ვიცი…
- ცდებით! მე ასეთი დედა არ მყავს. ის არაფერს მიშლის, სრულიად თავისუფალი ვარ, - უკმაყოფილოდ გავაწყვეტინე.
- მაშინ რატომ გინდათ ცალკე გადასვლა? მამა გიშლით?
ასევე დაგაინტერესებთ: წამხდარი ქალი
- მამა ჩვენთან არ ცხოვრობს, - ჩახშული ხმით ვუპასუხე, თან ვაგრძნობინე, რომ ამ თემაზე საუბრის გაგრძელება ჩემთვის სასიამოვნო არ იქნებოდა.
მიმიხვდა, ამიტომ ზედმეტი კითხვა არ დაუსვამს.
- გასაგებია… როგორც ჩანს, უბრალოდ, თავისებური ხართ და ეს არის ყველაფრის მიზეზი.
- არა, არც მაგაშია საქმე. მარტივი ასახსნელია. დედას თავისი ცხოვრება აქვს, ჰყავს მეგობარი მამაკაცი. მე ყველაფერი მომცა, რისი მოცემაც შეეძლო. ახლა დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ჩემით უნდა გავიკვალო «გზა მომავლისკენ», - ნაღვლიანი ჩაცინებით დავამთავრე.
- მით უმეტეს! მაშინ ვერაჩკა პირდაპირ მისწრება ყოფილა თქვენთვის! მას ახლა პატრონობა სჭირდება, მგონია, რომ კარგად გესმით ეს. მაღაზიასაც მიხედავთ. გასაგებია, რომ თქვენი პროფესიის და გამოცდილების ადამიანი გამყიდველად არ იმუშავებთ, მაგრამ შეგიძლიათ დაიქირაოთ ვინმე, თქვენ კი მენეჯერობა იკისროთ. ვერასაც მიხედავთ. ის ახლა დაუძლურებულია, ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. თუ მარტო დარჩა, მერწმუნეთ, ჯაბა ჩამოვა და კი არ მიხედავს, ადგება და მოხუცთა თავშესაფარში ჩააბარებს. დავიჯერო, სინდისის ქენჯნა არ შეგაწუხებთ?
ამის გაგონებაზე გული შემეკუმშა.
- როგორც ჩანს, კარგად იცნობთ მათ ოჯახს.
- საკმაოდ კარგად. ჯაბას - განსაკუთრებით. ის მთლად მამამისს დაემსგავსა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მას აინტერესებს, მხოლოდ საკუთარი თავია. ვერას დიდი ამაგი აქვს ჩემზე. ის სწორედ ისეთ დროს დამიდგა გვერდით, როცა ძალიან დიდ პრობლემას წავაწყდი. აი, დამპატიჟეთ ვახშამზე და ყველაფერს მოგიყვებით.
- გინდათ, უკეთესი იდეა ჩაგაწოდოთ? თუ ასე შეგტკივათ გული, თქვენ თვითონ დასახლდით მასთან და მოუარეთ ვერა დეიდასაც და მაღაზიასაც. შუშების ჩასმას ნამდვილად ჯობია, - გადავუხადე სამაგიერო.
- მე ბინის პრობლემა არ მაწუხებს, კნიაგინია, - განაწყენებული ტონით შენიშნა მან, - თანაც, ჩემს სამსახურს სულაც არ ვუჩივი.
- რომელ სამსახურს? გველის შხამით ვაჭრობას? - სარკასტულად ჩავიცინე.
- უკაცრავად?
- თქვენ ცდილობთ, დაგესლოთ ყველა, ვინც არ მოგეწონებათ და ამით სიამოვნებას იღებთ. ამასთან, ყველაფრისგან სარგებელს ნახულობთ.
- მე-ე? და რას მოვიგებ ამით, ხომ ვერ მეტყვით? - გიო შეეცადა, ირონიული ღიმილი როგორმე დაემალა, - გველის შხამი! ჰმ!.. მე, უბრალოდ, დახმარებას ვცდილობ, მაგრამ საბოლოო სიტყვა თქვენზეა, თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყოდეთ.
ამ საუბარში მაღაზიასაც მივუახლოვდით. გიორგიმ მანქანა პირდაპირ შესასვლელთან მიაყენა და ძრავა ჩააქრო.
- იქამდე კი გაბის მივხედოთ. როგორ ფიქრობთ, მშვიდობიანად შეგვხვდება, თუ აგრესიულად? ხომ არ ვიცით, როგორი ზნისაა? - მამაკაცმა ჩემი შეშინება სცადა.
- არ ვიცი, ამაზე ვერა დეიდას არაფერი უთქვამს.
- აი, ამ სადარბაზოში უნდა ავიდეთ, მესამე სართულზე.
- რატომ მესამეზე? აკი მაღაზიის თავზე ცხოვრობსო? - გამიკვირდა.
- თვითონ კი, მაგრამ რასაც აქირავებს, ის მესამე სართულზეა, ცალკე შესასვლელით. უბრალოდ, მეორედანაც შეიძლება ასვლა.
- რა, დუპლექსია?
- ასეც შეიძლება ითქვას. ჯაბამ სხვენზე მოიწყო თავისთვის ერთ დროს და სხვათა შორის, საკაიფოდ გააკეთა. ყველაფერია იქ, აბაზანა-ტუალეტიც კი ცალკეა. ამიტომ გეუბნებით, არ წააგებთ-მეთქი. თითქმის არ გექნებათ შეხება ვერასთან, თუ აუცილებელი არ იქნა.
- მაგრამ მისი ნივთები ალბათ თავის ოთახში იქნება.
- მერე რა? აქედან შევიდეთ და შემდეგ ჩავიდეთ დაბლა. შენს მომავალ საცხოვრებელსაც დაათვალიერებ. გარდა ამისა, მეორე კურდღელსაც დავიჭერთ. გაბი რომ არ გამოგვეკიდოს უცხოებს…
უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა. ვიცი, რასაც ნიშნავს ძაღლის კბენა. სკოლის დროს მეც მიკბინა მეზობლის ძაღლმა, კინაღამ ბარძაყი მომაჭამა. ნემსები გამიკეთეს მუცელში, კარგად მახსოვს.
- როგორ დამამშვიდებლად მოქმედებთ ჩემზე! პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ! - გაღიზიანებულმა შევიჭყიტე გამოღებულ კარში, გაბის შიშით შესვლას ვერ ვბედავდი. თან არც ის ვიცოდი, შუქი საიდან უნდა ამენთო, რომ გამენათებინა იქაურობა.
- ჩამკიდეთ ხელი, თუ გეშინიათ, - მიჩურჩულა გიომ.
- თქვენი ხელები თქვენთვის შეინახეთ, ბატონო გიორგი! - ამის თქმა ძლივს მოვასწარი, რომ მოულოდნელად ჩემკენ გამოქანებული რაღაც ფუმფულა, რბილი და ფაფუკი შევამჩნიე.
შიშისგან შევკივლე და უკან გადავქანდი. კიდევ კარგი, გიომ დამიჭირა, თორემ დავეცემოდი. მძლავრად მომხვია მკლავები და მკერდზე მიმიხუტა. რა სასიამოვნო შეგრძნება იყო! მეგონა, გაზაფხულის თოვლივით დავიწყე დნობა… ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მივხვდი, კოცნას მიპირებდა. მსწრაფლ მოვუხმე გონებას, თავი უკან გადავწიე და მკაცრად ვუთხარი:
- არ გაბედოთ!
იგი უეცრად მოეშვა, ხელი შემიშვა, დოინჯი შემოიყარა და თავის ქნევით ჩაილაპარაკა:
- არ ვაპირებ. ვიცი, არ ღირს გარისკვა. ყველაფერი რიგზეა, კნიაგინია! ეს კი მხოლოდ კატაა, ტყუილად შეგეშინდა! - ისევ «შენობით» მომმართა.
მისი სიტყვები მართალია, ბუნებრივად არ ჟღერდა და ეტყობოდა, არაფერიც არ იყო რიგზე, თუმცა შვებით ამოვისუნთქე, ცდუნების საშიშროებამ რომ ჩაიარა.
- მეც მივხვდი, რომ კატა იყო, მაგრამ ცოტა მოგვიანებით, - გაღიმება ვცადე.
არადა, რა სასიამოვნო იყო ასეთი რთული დღის შემდეგ ასეთი ძლიერი მამაკაცის მკლავებში ნებივრობა. ჰოპ! ჰოპ! «მავნე» აზრები იპყრობს ჩემს გონებას! წარსულში უკვე მქონდა მცდელობა, ჩემს სურვილებს დავმორჩილებოდი და სასტიკად წავაგე. ახლა იმის დრო არ არის, იგივე გავიმეორო და არც იმ ასაკში ვარ, როცა შეიძლება თქვა - რაც არის, არის, ახლა ასე მინდა და ასე უნდა მოხდეს!
ნუთუ მართლა არ ვახსოვარ? თუ პირიქით, მაშინვე მიცნო და ახლა მხოლოდ თამაშობს უცნობობანას?
ფიქრებიდან კატის კრუტუნმა გამომიყვანა. შოკოლადისფერი, სპარსული ჯიშის გრძელბეწვიანი ფისო კუდაპრეხილი ჩემ ირგვლივ დაბორიალებდა. ხელი გადავუსვი ზურგზე, თან ენის მოჩლექით მოვეფერე, რომ აღელვება ამით დამეფარა.
- ფიჩო, ფიჩო, რაო, გშია?
- იმედია, გაბიც ასეთი თვინიერი აღმოჩნდება, - წარმოთქვა გიომ და ჩემ გვერდით ჩაიმუხლა.
- იმედია. აი, ამას კი სიამოვნებით წავიყვანდი შინ, დედაჩემი რომ არა.
- რატომ, დედა დაგიშლის?
- ერთხელ უკვე მქონდა მცდელობა და ისეთი პანიკა ატეხა, რომ მეორედ ვეღარ გავბედავ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ლამაზი და ფაფუკია.
- შეიძლება ალერგიულია კატის ბეწვის მიმართ.
- არა, არანაირი ალერგია. უბრალოდ, ვერ იტანს კატებს და, საერთოდ, ცხოველებს. მით უმეტეს, ბინაში.
კატა ხელში ავიყვანე და შესასვლელს თვალი მოვავლე, ჩამრთველი რომ მეპოვა. გიომ დამასწრო და შუქი აანთო. როგორც ჩანს, აქ ადრეც იყო ნამყოფი და ყველა წერტილი ზეპირად იცოდა.
- გაბი სად იქნება?
- ალბათ დაბლა სართულზე. წავალ, მოვძებნი.
სანამ გიორგი ძაღლს ეძებდა, მე იქაურობა დავათვალიერე. მართლაც მყუდრო გარემო იყო. ბინას აშკარად სჭირდებოდა კოსმეტიკური რემონტი, მაგრამ უმაგისოდაც არ ვიტყოდი უარს აქ ცხოვრებაზე. რაც მეტს ვაკვირდებოდი, მით უფრო მომწონდა და მიძლიერდებოდა აქ გადმოსვლის სურვილი. დედასაც როგორ გაუხარდებოდა ჩემი თავიდან მოშორება?! მდააა! სულაც არ არის ცუდი აზრი… ყოჩაღ, გიო! ყოველთვის გამოირჩეოდი გამჭრიახი გონებით!
იგი მალევე დაბრუნდა, ხელში კატის საჭმლით სავსე ჯამი ეჭირა, გაბი კი არსად ჩანდა.
- ძაღლი ვერ ვიპოვე! ამას კი მოვუტანე სასუსნავი.
კატა ჯამის დანახვაზე კნავილით გამისხლტა ხელიდან და ფერად გრანულებს მივარდა. ისე გამალებით ხრავდა, გაგვეღიმა. მთელი დღის უჭმელს მადა გაძლიერებოდა.
- როგორ თუ ვერ იპოვეთ! აქ იქნება სადმე.
- არსად არ არის. აქ რომ ყოფილიყო, აქამდე ყეფით გამოვარდებოდა.
- აბა, სად უნდა წასულიყო?
- წარმოდგენა არ მაქვს. დაკეტილი სივრციდან ვერ გავიდოდა და… ერთადერთი, ფანჯრიდან თუ გადახტებოდა.
- რას ამბობთ! მესამე სართულიდან?
- მეორიდან… სხვაგან სად უნდა გამქრალიყო?.. არა უშავს, ძაღლები არსად იკარგებიან, აუცილებლად დაბრუნდება.
- მაშინ ვერა დეიდას არაფერი ვუთხრათ. თუ გამოჩნდა, ხომ კარგი, თუ არადა, მერე თვითონ მოძებნის. მე მგონი, დროა, ნივთების მოძებნას შევუდგე.
- რა თქმა უნდა. კარადა, როგორც კი ჩახვალ, პირდაპირ ოთახშია, ვერას საძინებელში. მის გვერდით კი სააბაზანოა, კბილის ჯაგრისი და პასტა იქ იქნება. თეთრეულს იმედია, უჩემოდაც ადვილად მიაგნებ.
- იმედია, - მორცხვად გავუღიმე მამაკაცს და მეორე სართულზე ჩამავალ ხვეულ კიბეს ნელა ჩავუყევი…
ასევე დაგაინტერესებთ: ხაფანგი 13
კბილის პასტა და ჯაგრისი ადვილად ვიპოვე და ჩანთაში ჩავიდე. სააბაზანოდან გამოსულს გიორგი წინ ამესვეტა.
- დღეს მძიმე დღე გქონდათ, არა? - უადგილოდ მეჩვენა მისი შეკითხვა, ვერ მივხვდი, საით მიჰყავდა საუბარი.
- უარესი დღეებიც მქონია, - ვაღიარე, - და ეს დღე უფრო კოშმარული იქნებოდა, თქვენ რომ არ დამხმარებოდით, - ეშმაკურად გავუღიმე.
- რაღაც უცებ ძალიან კეთილი გახდით ჩემ მიმართ და სანამ კიდევ უფრო გაკეთილებულხართ, უნდა გითხრათ, რომ კატას მე ნამდვილად ვერ წავიყვან სახლში, - ეშმაკური ღიმილი უკანვე დამიბრუნა.
- რატომ? - ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე, - არ მითხრათ, რომ დედათქვენს ალერგია აქვს კატის ბეწვზე, ამ მეთოდის გამოყენება ერთხელ უკვე სცადეთ დედაჩემზე.
- იცით, რა? დედა საუკუნეა, არ მინახავს. აი, ამაშია საქმე.
- უი! მაპატიეთ… არ ვიცოდი, ძალიან ვწუხვარ.
- ეს მისი არჩევანი იყო და არა ჩემი. უკვე შევეჩვიე. კატის წაყვანა კი ერთი მარტივი მიზეზის გამო არ შემიძლია. ხვალ საღამოს თბილისიდან გავდივარ, სხვაგან მივემგზავრები.
- რა უნდა გითხრათ, არაჩვეულებრივი მიზეზი გქონიათ, - გავშალე ხელები, მერე კი დაინტერესებული სახით შევეკითხე, - შვებულებაში გადიხართ თუ სამსახურის საქმეებზე? - ისე გამომივიდა, თითქოს ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ სასწრაფოდ დავამატე, - თუმცა, ეს ჩემი საქმე არ არის. ჯობია, ვერას თეთრეული მოვძებნო.
- ჩემი ქალიშვილი 18 წლის ხდება და მამინაცვალი დაბადების დღეს უხდის. ამიტომაც მივდივარ.
ვაიმე! ამას რა, ამხელა შვილი ჰყავს? როდის მოასწრო? - თავზარი დამეცა.
- არც ეგ ვიცოდი, ამიტომ ესეც მაპატიეთ, - წავიდუდღუნე და საძინებლის კარი გავაღე, რომ შეფაკლული ღაწვები დამემალა.
- ეგ არაფერი. სხვათა შორის, როცა მოძებნით ვერაჩკას რაღაც-რაღაცებს, არ დაგავიწყდეთ, საწოლის ზამბარის სირბილე მოსინჯოთ, - მრავალმნიშვნელოვნად შემომძახა გარედან.
- რომელი საწოლის? - თავიდან ვერ მივუხვდი, რადგან ჯერ კიდევ მის ზრდასრულ ქალიშვილზე ვფიქრობდი, მერე კი, როცა გავაანალიზე, რომ ხუმრობდა, გავბრაზდი, - მორჩით შაყირს, უკვე სისულელეებს ლაპარაკობთ…
როგორ მინდოდა, გამეგო, ცოლიანი იყო თუ უცოლო, მართლა ამხელა შვილი ჰყავდა, თუ მატყუებდა, რა ერქვა მის ქალიშვილს…
ფისო ფეხებში მებლანდებოდა და კნაოდა, ხელში აყვანას მთხოვდა. ალბათ ეშინოდა, კვლავ მარტო არ დაეტოვებინათ აქ, პატრონის გარეშე.
- როგორც ჩანს, სხვა არჩევანი არ მაქვს, მე მომიწევს ამის წაყვანა, - ვთქვი და კატა ხელში ავიყვანე, - ხვალ რამეს მოვიფიქრებ.
ასევე დაგაინტერესებთ: ზედმეტი ტვირთი
- ერთობ ვაჟკაცური საქციელი იქნება თქვენი მხრიდან. მორალური მხარდაჭერის გამოსახატავად კი მე თქვენს მანქანას გავარემონტებ, - გაისმა გიორგის ხმა სადღაც შორიდან.
საძინებლიდან თავი გამოვყავი. იგი ლოჯიის გასასვლელთან იდგა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და იატაკს დასჩერებოდა. ამწუთას თვითკმაყოფილ ქველმოქმედს ჰგავდა. მადლობის მეტი რა მეთქმოდა. ბევრს კი არ უცდია დედაჩემის მანქანის გარემონტება.
- ეგ ცოტა რთული საქმეა. მანქანა ძალიან ძველია და…
- მაპატიეთ, უნდა დავრეკო, - არ მაცალა წინადადების დამთავრება და ჯიბიდან ამოღებულ ხელს მობილური ამოაყოლა.
- დარეკეთ, რა პრობლემაა. თქვენი ნაცნობი ალბათ კარგა ხანია, ამ ზარს ელოდება, - გაღიზიანებულმა შევნიშნე.
ნამდვილი იდიოტი ვარ. სანამ მე ამასთან ვფლირტაობ, იქ, გარეთ, ვიღაც სხვა ქალი მოუთმენლად ელის მის გამოჩენას.
გიორგიმ ჩემს ნათქვამს ირონიული ღიმილი დაუხვედრა და ტელეფონი ყურთან მიიტანა, მე კი საძინებელში შევბრუნდი.
გაგრძელება იქნება