ნანუკა ჟორჟოლიანი დაიბადა 1979 წლის 26 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“. ასევე, 2005-2007 წლებში იყო ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი. 2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშიამ“ წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად. მან ხმების 31,52 % (25 806) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.
პირველად ნანუკამ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. მას საკმაოდ პერსპექტიული მომავალი ჰქონდა, მუშაობდა ბანკში და დიდ დროს სწორედ კარიერას უთმობდა. ნანუკა კი მაშინ დიასახლისის ამპლუაში აღმოჩნდა. როგორც მედია წერდა, წყვილს შორის მესამე პირის გამოჩენამ და აზრთა სხვადასხვაობამ ოჯახის დანგრევა გამოიწვია. 18 წლის ორსული ნანუკა ჟორჟოლიანი მარტო დარჩა. მას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა.
ყოფილ მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნა თავად ნანუკამაც და მის მიმართ მადლიერებაც არაერთხელ გამოხატა:
"კოკა - მარიამის მამა რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ ვიქნებოდი საერთოდ არაფერი. კოკასთან თანაცხოვრებამ დამაწყებინა ტელევიზიაში მუშაობა და შექმნა ის ნანუკა... ჩემი შვილებით ვამაყობ, მარიამით და საბათი" - ამბობდა ის.
ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.
მის შემთხვევაში მონო-დიეტები ეფექტური არ აღმოჩნდა. მისი განმარტებით, თუკი სწორ კვებას ცხოვრების წესად არ ვაქცევთ, დიეტის დროს დაკლებული კილოგრამები შემდეგ ისევ მარტივად დაბრუნდება.
„საკმაოდ რთული იყო ამ შედეგის მიღწევა. არასწორი გადაწყვეტილებებისა და გამოუცდელობის გამო ვერ ვიღებდი სასურველ შედეგს. როდესაც ახალგაზრდა ხარ, შენს სხეულს არ იცნობ და იჯერებ ყველაფერს, რასაც გირჩევენ, მაგალითად, იმას, რომ 10 დღეში შეგიძლია დაიკლო 15 კილოგრამი. ეს, რა თქმა უნდა, უტრირებულად, მაგრამ რეალურად მართლა ბევრ ძალიან არასწორ ინფორმაციას ვიღებთ, ვიჯერებთ და ეს გვაზიანებს. იმ მომენტში ვერ ვიაზრებთ, რა ცუდი შედეგის მომტანია ეს ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა არამხოლოდ – საშინლად მოქმედებს მენტალურ მდგომარეობაზეც, ძალიან გსტრესავს და თავს ცუდად გრძნობ".
ამჯერად ნანუკა "ინსტაგრამზე" ახალ ვიდეოს აქვეყნებს.
"პირველ კადრში ვარ 33 წლის ვარ, ბოლოში 43, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი წინაა, თუ ჩვენ მოვინდომებთ" - წერს ის.