სანამ საჭირო ნივთებს ვეძებდი, წარსულს გადავწვდი. ის დრო გამახსენდა, გიორგის რომ ვიცნობდი. რა პატარა ვიყავი მაშინ. ის კი უკვე ძალიან დიდი მეგონა, რადგან სკოლას მალე დაამთავრებდა. სადაც დამინახავდა, კნიაგინიას მეძახდა, არ ვიცი, რატომ. მე კი შორიდან ვეტრფოდი. ბავშვური გულუბრყვილობით მიყვარდა და ასე მეგონა, ქვეყანა მისით იწყებოდა და მთავრდებოდა. ჩემი ფანტაზიის ლამაზ სამყაროში სხვა ბიჭისთვის ადგილი აღარ დარჩენილიყო, მხოლოდ გიო ავსებდა მას და მე უზომოდ კმაყოფილი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს აუხსნია ჩემთვის სიყვარული და როგორც საყვარელ გოგონას, ვერასდროს მამჩნევდა, მე მაინც მიხაროდა. როცა დამინახავდა, თმაზე მომქაჩავდა და «კნიაგინიად» მომიხსენიებდა. გარდა ამისა, ყოველთვის მექომაგებოდა, როცა ვინმე ჩემ დაჩაგვრას მოინდომებდა. ეს ხომ საერთოდ - უდიდესი სიამაყით მავსებდა. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი სათაყვანებელი მამაკაცი სულ სხვა გოგოს აღმერთებდა. სკოლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოს, რომლის სახელი არასდროს დამავიწყდება. მას დადუნა ერქვა. აი, მაშინ კი მივხვდი, რომ ჩვენ ერთად ვერასდროს ვიქნებოდით, რომ ჩემს ფუჭ ოცნებებს ასრულება არ ეწერა. ამიტომ, როგორც კი ზაფხულის არდადეგები დაიწყო, დედაჩემს ავუხირდი, სხვა სკოლაში გადამიყვანე-მეთქი… როგორც იქნა, დავითანხმე და მორჩა… მას მერე გიორგი თვალით არ მინახავს. რატომ დავიხიე მაშინ უკან? იმიტომ, რომ მასზე უმცროსი ვიყავი და, შესაბამისად, შეუმჩნეველი? შეიძლება. ახლა? ახლა რა! პატარა აღარ ვარ, არც შეუმჩნევლობის კომპლექსი მაწუხებს და, რაც მთავარია, საკუთარი თავის დაცვაც შემიძლია და ბრძოლაც პირადი ბედნიერებისთვის…
კამოდიდან ამოვალაგე ღამის პერანგი, ხალათი, თეთრეული და ჩანთაში გადავიტანე. იქვე, საწოლის ქვეშ, ოთახის ჩუსტებიც მოვიძიე და მათაც ჩანთაში მივუჩინე ადგილი.
მართალია, ბინა ძველმოდურია, მაგრამ ძალიან მყუდრო. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ და ვერასაც მოვუვლიდი. ის ყოველთვის გამორჩეულად თბილად მექცეოდა. დედასაც ძალიან უყვარს, დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობენ.
ეგრეც მოვიქცევი. ამაღამვე დაველაპარაკები დედაჩემს და ღამეს აქ გავათევ. ოჰ! რა კარგი იქნება მარტო დარჩენა!
სამსახურს ასე მალე და ადვილად მაინც ვერ ვიშოვი, ამიტომ მაღაზიასაც მივხედავ. იქაურობას რეორგანიზაცია არ აწყენს. ეგეთი რამეები კი ხუთიანზე მეხერხება.
- გინდათ, ნაძლევი დავდო? - გიოს ხმა გავიგონე.
- ნაძლევი? რისი? - მისმა შეკითხვამ დამაინტერესა, საძინებლიდან გამოვედი და კარი მჭიდროდ მოვიხურე, - ვერ გავიგე.
- ერთ ლარზე დაგენაძლევებით, რომ თქვენს ფიქრებს ჩავწვდი.
- მართლა? - დამცინავად ავზიდე წარბები.
- სანამ იქ რაღაცას ეძებდით, თქვენ შორეულ წარსულში გადაბარგდით და ძველ დროს იხსენებდით, ასე არ არის? - თავი გვერდზე გადახარა და გამომცდელად შემომაშტერდა, - არ გინდათ, ჩემს კითხვას უპასუხოთ, კნიაგინია?
- მე, უბრალოდ, იმაზე ვფიქრობდი, რას ვისურვებდი, ვერა დეიდასავით საავადმყოფოში რომ ამომეყო თავი, - არ დავიბენი.
- შინ დაბრუნებას, - მსწრაფლ მომიგო.
გამეღიმა.
- ეს კი გამოიცანით.
- ძნელი არ იყო. ექვსი წლის ვიყავი, ბრმა ნაწლავი რომ ამომაჭრეს და ერთი სული მქონდა, როდის გამწერდნენ. სხვათა შორის, დღესაც კი მახსოვს საავადმყოფოს მაშინდელი სუნი, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მან, ხელი გამომიწოდა და ვერას ნივთებით სავსე ჩანთა გამომართვა.
კატას მივუბრუნდი, მოვეფერე, მალე დავბრუნდები-მეთქი, შევპირდი და კიბეზე ამავალ გიორგის უკან მივყევი.
8 8 8
გიორგიმ საავადმყოფოს ჭიშკართან ჩამომსვა, მე კი ჩემი მანქანის გასაღები გამომართვა, შენ ჩამოსვლამდე რაღაცას მოვახერხებო. ვერა დეიდას ჩასძინებოდა. ნივთები ჩანთიდან ამოვალაგე და იქვე, ტუმბოზე დავუწყვე. მერე ღამის ექთანი მოვძებნე, ვუთხარი, ყველაფერი მოვუტანე და რომ გაიღვიძებს, გამოცვლაში მიეხმარეთ-მეთქი. ერთი სული მქონდა, როდის გამოვიდოდი იქიდან, რომ გიო კვლავ მენახა… რაღაც ავის მომასწავებელი ხდებოდა ჩემს თავს… ამ კაცზე უკვე ზედმეტად ბევრს ვფიქრობდი…
ჩემი მანქანა უკვე თუხთუხებდა. ნუთუ შეაკეთა?
- გამოვიდა რამე? - ხმამაღლა დავიძახე.
გიომ ძრავა გამორთო, მანქანიდან გადმოვიდა და ღიმილით დამიქნია თავი.
- აბა, სცადეთ დაქოქვა!
გასაღები გადავტრიალე და დავქოქე. ძრავა ეგრევე ახმაურდა.
- აუ! რა მაგარია! ნამდვილი გენიოსი ხართ! - შევძახე კმაყოფილმა.
იგი ჩემკენ დაიხარა და ხმადაბლა, მაცდური ტონით დამეკითხა:
- აბა, რას იტყვით, «ვახშამი ორისთვის» მეკუთვნის?
- უკაცრავად? - გაკვირვებით ავხედე.
- მხედველობაში ის ვახშამი მაქვს, თქვენ რომ შემპირდით.
- მე თუ მკითხავთ, ის ვახშამი ვალად დედაჩემს დაედო, ბატონო გიორგი. ეს დედაჩემის მანქანაა და არა ჩემი.
- მაგრამ მე იგი თქვენი გულისთვის შევაკეთე, კნიაგინია და ვოცნებობ, რომ თქვენ გამისწოროთ ანგარიში და არა ვინმე სხვამ.
- იცით, რა… - ყოყმანი დავიწყე.
- კარგი, ნუ პანიკიორობთ. როგორც ჩანს, ჩემს ოცნებას ასრულება არ უწერია. ეგრე იყოს, თუმცა, იმედს მაინც ვიტოვებ…
- როგორი მიზანმიმართული ხართ, - თავი გავაქნიე, თან ვცდილობდი, არ შეემჩნია, მისი სიჯიუტე როგორ მახევინებდა უკან, - ძალიან ვარ დაკავებული…
მან ჩაიცინა.
- მაგრამ ვახშამზე მაინც იფიქრებთ, არა? მოვემზადო? რას ინებებთ? სადაურ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას? ინდურს? იტალიურს? იაპონურს? ჩინურს? იქნებ სხვას? - ჩამომირაკრაკა, - აბა, რას იტყვით?
დავნებდი. მივხვდი, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ შემწევდა, ვერ ველეოდი.
- ალბათ აჯობებს, ჯერ ადგილი შევარჩიოთ, სად ვივახშმებთ და მერე დრო…
- სერიოზულად? მაშინ რაღას ვუცდით? შაბათი გაწყობთ?
- ვიფიქრებ მაგაზე.
- მაშინ მიგიყვანთ სახლამდე… დღეს უკანასკნელად მაინც მოგემსახურებით.
- დიდი მადლობა, არ არის საჭირო. მძღოლის როლის თამაში სულ არ გიხდებათ. თვითონ მივხედავ ჩემს თავს. მანქანას დედას მივუყვან, იქიდან კი ტაქსით გავალ მაღაზიამდე. გადავწყვიტე, ღდესვე გადავიდე ვერა დეიდასთან.
- ძალიან კარგი აზრია, მომწონს! მაგრამ ტაქსი არ მომეწონა. უკან გამოგყვებით. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ გზაში ისევ არ გაგიფუჭდეთ მანქანა. მეორეც - იქიდან მე წამოგიყვანთ და ვერაჩკას სახლთან დაგსვამთ. ნუ გეშინიათ, შიგნით არ შემოგყვებით.
უარი ვერ ვუთხარი. ასეთი სიტუაცია მაწყობდა. კარი მოვიხურე და დავიძარი. როცა სარკეში ჩავიხედე, დავინახე, როგორ დაქოქა მანაც თავისი «იაგუარი» და ჩემს კვალს გამოჰყვა… ღიმილი ვერ შევიკავე.
როგორი თავდაჯერებულია! დარწმუნებულია, რომ დღეს თუ არა ხვალ, ჩემს გატეხვას შეძლებს და თავს შემაყვარებს ან უსიყვარულოდ ჩავუგორდები საწოლში. ის კი არ იცის, როგორ მატკინა გული სულ ცოტა ხნის წინ მასზე არანაკლებ სიმპათიურმა მამაკაცმა და როგორ შემეცვალა შეხედულება ზოგადად ძლიერ სქესზე! იმ კრეტინმა პაატამ ისეთი დარტყმა მომაყენა, რომ იმუნიტეტიც კი გამომიმუშავდა, ფლირტს არ გასცდეს ჩემი ურთიერთობა არავისთან, იმ შემთხვევაშიც კი, მამაკაცი «იდეალური» რომ აღმოჩნდეს. ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდოდა - გიოს თავი დაენებებინა ჩემთვის და ეპოვა სხვა, საფლირტაოდ უფრო შესაფერისი არსება.
გონება ამას მკარნახობდა, გული კი სხვას… ვნახოთ, რომელი აჯობებს!
8 8 8
სახლამდე უვნებლად მივაღწიე. მანქანა სადარბაზოსთან დავაყენე და კვლავ სარკეში ჩავიხედე. გიომაც შორიახლოს გააჩერა. ცოტა არ იყოს, შევშინდი. რომ მოისურვოს ბოლომდე მიმაცილოს, რა ვუთხრა დედაჩემს? არ მიყვარს ახსნა-განმარტებები. სკოლის მოსწავლე ხომ არ ვარ, «ცუდი ბიჭის» თანხლებით რომ ბრუნდება სკოლიდან! ბავშვობაში არ მოვუცილებივარ ბიჭებს! არა, ამას არ დავუშვებ!
მახსოვს, დედა სულ ჩამჩიჩინებდა, კარგად უნდა ისწავლო და შენი ცხოვრება აიწყო, კარიერას უნდა მიხედოო, ამიტომ ბიჭები არასდროს მაცილებდნენ სახლამდე. თუ ვინმესთან ერთად მოვიდოდი შინ, მხოლოდ კლასელ გოგონებთან ერთად.
სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და გიორგის მივუახლოვდი.
- ვეტყვი დედაჩემს, ამაღამ ვერასთან რომ ვრჩები და ათ წუთში ჩამოვალ! აქ დამელოდეთ! - მკაცრი ტონით ვუთხარი.
- არ იჩქაროთ, დაგელოდებით! - თავი მორჩილად დამიქნია.
როგორც ყველა «ცუდი ბიჭი», ალბათ ესეც შეჩვეულია, გოგონების მკაცრ დედებთან შეხვედრას თავი აარიდოს, - გავიფიქრე ჩემთვის.
თუმცა, არც არაფერი მქონია სანერვიულო. დედა შინ არ დამხვდა. როგორც ჩანს, თავის «გულის ვარდთან» ერთად ერთობა სადღაც. გამიხარდა კიდეც. წერილი და მანქანის გასაღები დავუტოვე, ჩემი ნოუთბუკი ავიღე, მეორე დღისთვის ერთი ხელი ტანსაცმელიც და გამოვბრუნდი.
გიორგი გადმოსულიყო თავისი «იაგუარიდან», მის ფრთას მიყრდნობოდა და მობილურით საუბრობდა. დამინახა თუ არა, ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო.
- მეგობარი ქალი მოთმინებას კარგავს? - ცნობისმოყვარედ მივაჩერდი.
- ქალი არა, კაცი, - დამიკონკრეტა, - ძმაკაცია ჩემი, საქმიანი საუბარი გვქონდა.
- რას მელაპარაკებით! ცოტა გვიან ხომ არ არის საქმიანი საუბრისთვის? - «არ მჯერას» ტონით დავეკითხე.
- ჩემი ხელობის ადამიანისთვის გვიან არასდროს არ არის. ხელმარჯვე ოსტატი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში საჭიროა.
პასუხი არ გამიცია, უთქმელად გამოვაღე მანქანის კარი და გიოს გვერდზე მოვკალათდი.
- აბა, მოიფიქრეთ, სად ვივახშმოთ? ძალიან კი მომშივდა. თქვენ არა? - შემომაპარა.
მეც ძალიან მშიოდა. ახლა, ალბათ, მთელ ქათამს შევსანსლავდი, მაგრამ არ მინდოდა ამის გამჟღავნება, ამიტომ შორს დავიჭირე.
- გმადლობთ, მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ შაბათს ვივახშმებდით ერთად? ამიტომაც შაბათს, რვა საათზე, რესტორან «კარესთან» გელოდებით.
- «კარესთან»? მერედა, თქვენი ჯიბე გაsწვდება იქაურ ფასებს? ვახშამი ხომ თქვენ უნდა იკისროთ?
- ბატონო გიორგი! ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ: იაფფასიანი არაფერი მიყვარს! - ამაყად განვუცხადე და ნიშნის მოგებით გავუღიმე.
- ინსტინქტი მკარნახობს, რომ კნიაგინია დელიკატურ მიდგომას საჭიროებს. თითქოს ყურში ჩამესმის თქვენი სასიგნალო ხმა: «ხელები გაsწიე, ბიჭო!» გასაგებია, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, - მშვიდად თქვა მან, მანქანა დაქოქა და ნელი სვლით დაძრა.
ისე მივედით მაღაზიამდე, ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. როგორც კი დაამუხრუჭა, ეგრევე გავაღე კარი, გადმოვედი და სანამ ისიც დააპირებდა გადმოსვლას, დავასწარი.
- გაცილება საჭირო არ არის. დიდი მადლობა, რომ დამეხმარეთ. ამას არ დაგივიწყებთ.
- მარტოს არ შეგეშინდებათ ამაღამ? - თავი დახარა და სალონიდან გამომხედა.
- არ გეჩვენებათ, რომ უკვე გვიანაა იმ ავანტიურის შედეგებზე საუბარი, რომელიც თქვენ წამოიწყეთ და რომელშიც ჩამითრიეთ? - არ დავინდე, - თუ გგონიათ, რომ ოთახში სადმე, საწოლის ქვეშ ყაჩაღი დამხვდება ჩასაფრებული?
- არა, არ მგონია. მაშინ მე წავალ… ძილი ნებისა, კნიაგინია!
- ძილი ნებისა, ბატონო გიორგი!
- ერთი წუთით! თათია! არ წახვიდეთ, ერთი წუთით! - მომესმა მისი ხმა, სადარბაზოს შესასვლელს რომ მივუახლოვდი.
შემოვბრუნდი. იგი მანქანიდან გადმოვიდა. ხელში შავი ფერის კალამი ეჭირა. ღიმილით მომიახლოვდა და ხელზე ხელი წამავლო. შევცბი. მან თვალებში შემომხედა და სიღრმისეული ხმით მითხრა:
- ხომ უნდა დამირეკოთ, სანამ ერთმანეთს ვახშამზე შევხვდებით? სად გნახოთ… ან იქნებ შეიცვალოს რამე, - და პასუხს არ დალოდებია, ისე წააწერა ჩემს ხელისგულზე თავისი ტელეფონის ნომერი.
- მაგრამ მე უკვე მაქვს თქვენი ნომერი, - გაოგნებულმა მივუგე, მისი შეხება ძლიერად მოქმედებდა ჩემზე.
- მართლა? ა, ჰო! მე ხომ ჩემი სავიზიტო ბარათი მოგეცით…
- ჰო, მომეცით!
- მაგრამ მეგონა, აქამდე უკვე გადააგდებდით მას.
- რატომ უნდა გადამეგდო? თქვენნაირი ხელოსანი ისეთი იშვაითობაა ჩვენს ქალაქში… - ირონიულად შევნიშნე.
მან ამჯერად არად ჩააგდო ჩემი ირონია და მშვიდად მიპასუხა:
- დიდი მადლობა შექებისთვის.
- სრულიად სამართლიანად შეგაქეთ, ეს თქვენ დაიმსახურეთ, - შევარბილე ჩემი სარკაზმი.
თავი რამდენჯერმე გადააქნ-გადმოაქნია.
- როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის? იცით? ამქვეყნად არაფერია გემრიელ კერძზე, შავ ღვინოზე და კარგ თანამესუფრეზე უკეთესი.
ღიმილით დავაჯილდოვე.
- მართალი ხარ, გიო, ყოჩაღ! - რატომღაც, ძალიან შინაურულად მივმართე.
წამით თითქოს გაქვავდა… რაღაცას იხსენებდა, რაღაც ამოუტივტივდა გონებაში…
გაიხსენე, გაიხსენე!..
- გიორგი! - ფრთხილად შევახსენე თავი.
- უკაცრავად… - წამსვე გამოფხიზლდა, - ისე შემაქეთ, ენა ჩამივარდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მძიმე შრომას ასე აფასებთ.
- შრომა ნამდვილად შესაფერისი სიტყვაა, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ერთობლივი ვახშამი ერთადერთია, რასაც თქვენი შრომის საფასურად ჩემგან მიიღებთ. და რადგანაც ეს მხოლოდ ვახშამია და არა პაემანი, პირდაპირ რესტორანთან შეგხვდებით. და თუ არ მოხვალთ, მეცოდინება, რომ სხვა ქალმა გაგიტაცათ, თქვენთვის ბევრად საინტერესომ.
მან ერთხანს მიყურა… დაკვირვებით… დაჟინებით… მერე გაიღიმა, თუმცა ეს ღიმილი სიმწრის უფრო იყო, ვიდრე კმაყოფილების.
- ძილი ნებისა, კნიაგინია, ასეთ ნაომარს მკვდარივით დაგეძინებათ ამაღამ, - შეცვლილი ხმით დამემშვიდობა და მანქანისკენ გაემართა.
მე კი საშინლად გამიფუჭდა ხასიათი… ბოლო სიტყვა მას არ უნდა დარჩენოდა! უნდა მეთქვა რაღაც! მწარე… ძალიან მწარე… თუმცა… ნუთუ მხოლოდ ეს იყო ჩემი გუნების მოშხამვის მიზეზი?
ამაში არ ვიყავი დარწმუნებული…
8 8 8
ოთახში შესულს კატა კუდის აპრეხვით და კნავილით გამომეგება. მივეფერე, წყალი გამოვუცვალე და მაცივარი გამოვაღე. ძალიან მშიოდა. კვერცხი შევიწვი და გემრიელად მივირთვი. შემდეგ კომპიუტერი ჩავრთე და ვაკანსიები გადავათვალიერე. სულ ტყუილად. სახეირო ვერსად ვერაფერი აღმოვაჩინე. რომც იყოს რამე, ყველა პირადი მონაცემების გამოგზავნას ითხოვს. რა გავუგზავნო? რა უნდა დავწერო? როგორი სკანდალით წამოვედი სამსახურიდან? მერედა, ვინ მიმიღებს სხვაგან? არა, არა! ჩემი ამბიციის დაკმაყოფილება ახლა მხოლოდ თანამდებობას თუ შეუძლია. არადა, ვინ მომაშავებს თანამდებობას?
ჩემმა ყოფილმა უფროსმა არც იცის, როგორი შეცდომა დაუშვა ჩემი სამსახურიდან დათხოვნით თუ დაქვეითებით. საინტერესოა, რას მიპირებდა? გამათავისუფლებდა თუ პაატას მოადგილედ დამნიშნავდა? ახლა ამას ვინ მეტყვის. მორჩა!
რა შტერი ვარ! როგორ დავუკავშირე პაატას ჩემი ცხოვრება? როგორ ვერ მივხდი, რა ნაგავიც იყო? არა უშავს, ადამიანი შეცდომებზე სწავლობს. მეც ვისწავლი. პირველ რიგში, უნდა გავააანალიზო, რომ მენეჯმენტის პირველი წესი ვერ გავითვალისწინე, რომელიც ასე ჟღერს - შეუცვლელი არავინაა. თურმე ყოფილა! თან რა ადვილად შემცვალეს! ჩემი ბრალია! პაატასთვის არ უნდა გამენდო იდეები. როგორ ვენდე. ვენდე იმიტომ, რომ მეგონა, სხვანაირი იყო, რომ სხვა მამაკაცებს არ ჰგავდა, ძალიან უწყინარ და სანდო ადამიანად მივიჩნიე…
ეს კიდევ ერთი «სამაგალითო» შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში!..
გაგრძელება იქნება