"ღამის შოუს" ბენდის წევრი თათა გიორგობიანი ინტერნეტს საკმაოდ ბევრ დროს უთმობს. მოგეხსენებათ, ის ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და სოციალურ ქსელში თავის ცოდნას ადამიანებს უფასოდ, გასაგები ენით უზიარებს. სასარგებლო და მარტივად გასაგები ფსიქოლოგიური რჩევების მიუხედავად, ადამიანების ნაწილს თათას ვიდეოების მიმართ აგრესია მაინც გაუჩნდა, განსაკუთრებით - თავდაპირველად, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ წამოწყებული საქმე გაეგრძელებინა. პირიქით - აპირებს, ამ წამოწყებას უფრო სერიოზული, პროფესიული ელფერი მისცეს...
"ყველა სოციალურ ქსელში ვიყავი დარეგისტრირებული, თუმცა ისე ბევრ დროს არ ვუთმობდი, როგორც ახლა. დღეს საკმაოდ აქტიურად ვიყენებ "ინსტაგრამს", "ფეისბუკს" და "ტიკ-ტოკს". "ტიკ-ტოკზე" აქტიურობა არ მინდოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს პლატფორმა თინეიჯერებს შორის საკმაოდ პოპულარულია. აქ დარეგისტრირების მიზეზი და მიზანი ის იყო, რომ მინდოდა, ბავშვებს დავხმარებოდი: ფსიქოლოგიური მიმართულებით. ჩემი პრაქტიკული რჩევები, რომლებსაც ვიდეოს სახით ვაქვეყნებ ხოლმე, ალბათ, ყველაზე საჭირო ამ "პლატფორმაზეა"... დიდ პრობლემას წავაწყდი: ჩვენი საზოგადოების უმეტესი ნაწილი მაინც სტერეოტიპულად აზროვნებს. ჩემგან გაუჭირდათ არა მხოლოდ იმის მიღება, რომ ფსიქოლოგი გახლდით, არამედ - საერთოდ, განათლებული რომ ვიყავი. საზოგადოებამ იუხერხულა, რომ ლამაზი გოგო მაკიაჟის და თავის მოვლის შესახებ კი არ გასცემს რჩევებს, არამედ - ეგზისტენციალური თემების შესახებ, თუმცა აბსოლუტურად გავიაზრე, რომ ეს ჩემი პრობლემა არ იყო: ეს არის მათ თავში არსებული შინაგანი კონფლიქტი, რადგან მათ გონებაში არსებობს ეს სახე, ხატი, რომ ლამაზი გოგო სულელი უნდა იყოს, თორემ ეს ვინ დააწესა? ესაა სტერეოტიპი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ ფეხმოკიდებული, გავრცელებულია. ყველაზე მეტად სასაცილო ასეთი კომენტარებია: "მოდი, რა, სიბრძნეს თავი დაანებე" ან "არ გიხდება განათლებულობა" (იცინის). ეს კომენტარები კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ ჩემი რჩევები მეტად საჭიროა, მით უმეტეს - მათთვის, ვინც ასეთ "ჩარჩოებში" აზროვნებს. ვფიქრობ, ხალხის დახმარებით, საკუთარ თავსაც ვეხმარები - ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, სასარგებლო ვიყო. ჩემს პროფესიულ არჩევანსაც სწორედ ამას ვუკავშირებ. პრინციპში, მუსიკითაც იმავეს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ფსიქოლოგია კიდევ უფრო ღრმა და აკადემიურია. აკადემიურ განათლებას და ამ ტიპის საქმიანობას ყოველთვის დიდ პატივს ვცემ" - აღნიშნავდა თათა გიორგობიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ცოტა ხნის წინ მომღერალს ხელი სთხოვეს. თათას რჩეული ეკონომისტი და ბლოგერი კონსტანტინე მოსიძეა. ის ვიდეოებს ხშირად დებს და აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თათა "ინსტაგრამზე" საქმროსთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს:
„ურთიერთობებში გარანტიები არ არსებობს… მაგრამ არსებობს აწმყო და ადამიანი, რომელსაც ახლა და აქ, თვალდახუჭული შეგიძლია მიენდო ბოლომდე და ეს წამი სამუდამოდ მადლიერებით შეინახო გულის კუნჭულში. Constantine მიყვარხარ!" - წერს თათა გიორგობიანი.
ფოტო: "არ შემეძლო, ეს არ დამედო" - რას წერს თათა გიორგობიანი რჩეულის, კონსტანტინე მოსიძის შესახებ