ქართველი კინომსახიობი და მოცეკვავე მანანა აბაზაძე 1947 წლის 23 ივლისს, კალინინგრადში დაიბადა. მამა - ლევან აბაზაძე, მშენებელი იყო. სამამულო ომის შემდეგ, როგორც მშენებელს, დანგრეული ქალაქების აღდგენა დაავალეს. ამიტომ ოჯახთან ერთად სხვადასხვა ადგილას უწევდა ცხოვრება. თბილისში მხოლოდ 9 წლის ასაკში დაბრუნდა:
"მამა მშენებელი მყავდა. სამამულო ომი გამოიარა და როცა ომი დამთავრდა, როგორც მშენებელს, დანგრეული ქალაქების აღდგენა დაავალეს. მამა ოჯახთან ერთად ხან სად იყო და ხან - სად. მათ შორის გახლდათ ქალაქი კალინინგრადი, სადაც მე დავიბადე. დედა იყო მოსკოველი რუსი, საინტერესო და ლამაზი ადამიანი, ისტორიის პედაგოგი. ჩვენი ოჯახი ერთხანს მოსკოვშიც ცხოვრობდა. მახსოვს, როცა შექსნაში წავედით, მამა "ვოლგაბალტსტროის" მშენებლობის ერთ-ერთი უფროსი იყო. იქიდან ფეოდოსიაში ჩავედით. დედა სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა. მაღალი თანამდებობის მიუხედავად, მამას მოჰბეზრდა ხეტიალი და თბილისში დაბრუნება სურდა.სტუმრად ფეოდოსიაში გვეწვია დედას დეიდა, ძველი "გიმნაზისტკა", პენსნეიანი ქალბატონი. ერთხელაც დაბრუნდა სახლში და მამას ეუბნება: ლეო, განცხადება ვნახე, თბილისიდან ბინას ცვლიან ფეოდოსიაში. მამას მეტიც არ უნდოდა, მაშინვე თბილისში დეპეშა გამოაგზავნა, თავის დას და მამას სთხოვდა, რომ ბინა ენახათ. არაჩვეულებრივი ბინააო, - მივიღეთ პასუხად. ასე ბრმად მოხდა გადაცვალა. ამ დროს 9 წლის ვიყავი. სანამ ოჯახი თბილისში გადმობარგდებოდა, მამიდასთან დამტოვეს, რომელიც ზაფხულობით გაგრის სანატორიუმ "ჟოეკვარაში" ექიმად მუშაობდა. მეც ის პერიოდი გაგრაში გავატარე. თბილისში ბინის ნახვის შემდეგ დედამ ისეთი სტრესი მიიღო, რომ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. საშინელი ბინა აღმოჩნდა, ადგილიც - რა გითხრათ. დედამ ბინა ისე გადააკეთა, რომ საცხოვრებლად კომფორტული გაეხადა. მშობლებს შეგუება გაუჭირდათ, მე კი ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული..." - ასე იხსენებდა მანანა აბაზაძე ბავშვობას.
პირველად რუსი რეჟისორის, გრიგორი კოლტუნოვის ფილმში "შავი თოლია" ითამაშა. ფილმი კუბის რევოლუციას ეხებოდა და პატარა მანანა აბაზაძეც კუბელი გოგონას როლს ასრულებდა:
"პირველი ფილმი იყო რუსი რეჟისორის, გრიგორი კოლტუნოვის "შავი თოლია". იგი კუბაში მომხდარ რევოლუციას ეხებოდა. მე კუბელი გოგონა ვიყავი. სკოლაში შემარჩიეს, ფოტოები გადამიღეს და ზაფხულში, ბიჭვინთაში გადაღებებზე გამოგვიძახეს. ზღვის ნაპირზე ვიყავით დაბანაკებული, ჯგუფში საოცარი ადამიანები იყვნენ. ერთ-ერთ მთავარ გმირს ცნობილი მსახიობი სერგეი იურსკი ასახიერებდა".
12 წლის იყო, როცა ნინო რამიშვილს შეხვდა - უთხრა, რომ გაიზრდები, ჩემთან ანსამბლში მოდიო. მალე მსახიობობა დაიწყო და ეს ნათქვამიც გადაავიწყდა.
"ნინო რამიშვილმა პირველად 12 წლისა მნახა თბილისის რკინიგზის სადგურის ბაქანზე, როცა ოჯახი სოჭში დასასვენებლად მივდიოდით. დამიძახა და რაღაცები გამომკითხა. მერე მითხრა, რომ გაიზრდები, ჩემთან ანსამბლში მოდიო. ქალბატონი ნინოს ნათქვამი გონებაში ჩამრჩა, მაგრამ მალე კინო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და გადამავიწყდა. რამდენიმე მეგობარი ბიჭი მყავდა, მათ შორის იყო გია მგალობლიშვილი. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. მისი დედა, ლამაზი ქალბატონი ელიკო დოლიძე, სუხიშვილებთან აკომპანიატორად მუშაობდა. ერთ დღეს გია მეუბნება: ჩქარა წამოდი, დედაჩემი გელოდება, სადღაც უნდა წაგიყვანოს და ლამაზად ჩაიცვიო. ქალბატონმა ელიკომ მითხრა, ნინოსთან და ილიკოსთან სახლში მივდივართ, გეხვეწები, წამომყევი და ნაძლევი მომაგებინეო. თურმე, ანსამბლში კონკურსი ყოფილა და 300 გოგოდან სამი აიყვანეს. ელიკო დეიდა ილიკო სუხიშვილს დანაძლევებია: ისეთ გოგოს მოგიყვან, კონკურსის გარეშე აიყვანო. მივედით და არც ერთი არაა სახლში. ქალბატონი ნინო მალე მოვიდა. ცოტა ხანს ვისაუბრეთ, მაგრამ ცეკვაზე კრინტი არ დაუძრავთ.
უკვე საღამოა, გაკვეთილები მოსამზადებელი მაქვს, წასვლა დავაპირე. კარგიო, - მითხრა ქალბატონმა ნინომ და დასძინა: ვერ მივხვდი, რისთვის მოხვედი და რითი მიდიხარო? - არ ვიცი, თქვენთან ქალბატონმა ელიკომ მომიყვანა-მეთქი. დავემშვიდობე და გამოსასვლელში ვარ, როცა შემოდის ბატონი ილიკო. დამინახა თუ არა, უკან დამაბრუნა. ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა. მაინც აღარ გამომიშვა. გაიშალა სუფრა, თან ვსაუბრობთ. - აბა, ანსამბლში ხომ მოდიხარო? - ბატონო ილიკო, სკოლაში ვსწავლობ (მეცხრეკლასელი ვარ), მშობლები არ გამომიშვებენ-მეთქი. - მაგას ჩვენ მოვაგვარებთ. ელიკო, წაჰყევი სახლში და მის მშობლებს შენ აუხსენი ყველაფერიო. დეიდა ელიკომ დედ-მამა მართლაც დაარწმუნა იმაში, რომ ეს არაჩვეულებრივი ამბავია, თან თავად მიპატრონებდა და ცივ ნიავს არ მომაკარებდა. ერთი საქმე მოგვარდა, მაგრამ სკოლა? ჩვენ "გვეშინია" ვახტანგ ჭაბუკიანის, ზურაბ კიკალეიშვილის, იური ზარეცკის...
ელიკო დეიდას ბატონმა ილიკომ უთხრა, ხვალ ოპერაში ვირსკის ანსამბლის კონცერტზე მოიყვანე მისი მშობლები და დაველაპარაკებიო. დედაჩემი ქორეოგრაფიული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებელი და ჩემი კლასის დამრიგებელი იყო. ბატონმა ილიკომ, ქორეოგრაფიულის პედაგოგებს რომ არ დაენახათ, ისე მივიდა დედაჩემთან: იცით, სად ვეპატიჟები თქვენს შვილს? ეს არის წმინდა ნინოს მონასტერი, ამიტომ ნურაფრის გეშინიათო! - ასე დააიმედა. სუხიშვილები წავიდნენ, ჩვენ ოპერის გარეთ, კიბესთან გამოვედით. უცებ, იური ზარეცკი და ზურაბ კიკალეიშვილი ხელკავს მიყრიან: ნინო და ილიკო უნდა გაგაცნოთ, ოპერისთვის გვეცოდებიო. ის იყო, სუხიშვილები მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ, რომ ჩემმა პედაგოგებმა მათთან მიმიყვანეს და უთხრეს: ეს გოგო ანსამბლში უნდა მოგიყვანოთო. შოკირებული ვიყავი - გამოსავალი ასე ადვილად მოიძებნა. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ზურაბ კიკალეიშვილმა თვითონ მიმიყვანა რეპეტიციაზე ქალბატონ ნინოსთან."
“თუკი სადმე ვიტყვი რამეზე, რომ არ მინდა, იმ წუთას მომაძახებენ – "შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა" – ამ ფრაზით დავბერდი.”
1962 წელს რეჟისორი თენგიზ აბულაძე ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი'' მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. თავიდან ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, თენგიზ აბულაძემ სამსახიობო გამოცდილების არმქონე, 14 წლის სერგო ორჯონიკიძე აირჩია.
უფრო რთული აღმოჩნდა მერის პოვნა - რეჟისორმა სინჯებზე მისული ყველა გოგო დაიწუნა. ბოლოს, "შავი თოლიას" გადაღებების დროს ნახეს 12 წლის მანანა აბაზაძე და ზურიკელას შეყვარებულის როლზე დაამტკიცეს.
“ნამდვილად არ მოგვწონდა ერთმანეთი. პირველ ჩვენებაზე, როდესაც ეკრანზე დავინახე, ვთქვი: ვაიმე, რა კარგი ბიჭი ყოფილა-მეთქი. იმდენად დადებითი გმირი ითამაშა, მივხვდი, რომ აქ კი არ თამაშობს, არამედ თავისი თავი ითამაშა. ის ასეთია ბუნებით.
მივხვდი, რომ ძალიან კარგი ბიჭია და იმანაც რაღაც სასწაულად დამინახა და ზუსტად ერთ დროს მოხდა ეს. ბატონმა თენგიზმაც დიდი როლი ითამაშა ჩვენს ურთიერთობაზე, სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ მარტო სიტყვაზეც არაა. თავისთავად გრძნობაც დაიბადა და დღემდე გრძელდება", - ამბობდა მანანა აბაზაძე.