ეს იყო შეცდომა, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მწარედ ვინანებ…
რატომ შევცდი? სინამდვილეში რა სურდა პაატას? ამ გადასახედიდან მარტივი ასახსნელია - კომპანიის დირექტორობა! ამაში იყო მთელი ფოკუსი!
ღმერთო ჩემო! ღამის ორი საათია! ეს კატა კიდევ როგორ საწყალობლად კნავის… როგორც ჩანს, ახალი პატრონი არ მოსწონს! დროა, დავიძინოთ, ფისუნია! ხვალ უამრავი საქმე გვაქვს მეც და შენც!..
ჩემთვის განკუთვნილ «განყოფილებაში» ავედი. როგორ მომწონს აქაურობა! ნეტავ მარტო ვცხოვრობდე ამ ბინაში. ჰმ… რა უსინდისო ვარ, ვერა დეიდა ეგრევე «მოვტეხე», წარბშეუხრელად. არადა, რაში შემიშლის ხელს? არც არაფერში, კარგის მეტს არაფერს გამიკეთებს. მე კი, როგორც ჩანს, უმადურობის სინდრომმა შემიპყრო!
ოთახში შავი და წითელი ფერები ჭარბობდა. კარგია. ნამდვილი გოთიკური სტილია, ესეც მომწონს. თუმცა ძალიან დამღლელი იქნება ყოველდღიურად ამ ფერების ცქერა. არა უშავს, ერთი კოლოფი საღებავი და ყველაფერი მოგვარდება. ვნახოთ, ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი.
საინტერესოა, რემონტი უფრო ძვირი დამიჯდება თუ გიოს რესტორანში დაპატიჟება? მდააა… რთული საკითხია!
რადგან თეთრეული არ მქონდა წამოღებული, იძულებული გავხდი, მის გარეშე გავსულიყავი ფონს. კვლავ დაბლა ჩამოვედი, სასტუმრო ოთახში მდგარ ტახტზე წამოვწექი, კატა ფეხებთან დავიწვინე და პლედი გადავიფარე. არაფერი მოხდება, ერთი ღამე ასე გავატარო, ფეხით მოსიარულე მოგზაურივით…
ის იყო, თითქმის ჩამეძინა, რომ დედაჩემმა დარეკა, როგორ მოეწყვეო, ვერა როგორ არისო… საბოლოოდ გადაწყვიტე გადასვლა თუ მხოლოდ დროებითო…
მივხვდი, რაც აწუხებდა ჩემს საყვარელ დედიკოს. განა არ ვუყვარვარ, მაგრამ მაინც მარტო ურჩევნია ყოფნა… ალბათ, ყველა შეყვარებული ქალი ასეა, ამიტომ არც დედაა გამონაკლისი…
8 8 8
დილით გაბმულმა ზარმა გამომაღვიძა. თავდაპირველად გონს ვერ მოვედი, სად ვიმყოფებოდი. ნამძინარევმა ირგვლივ მიმოვიხედე და ყველაფერი გამახსენდა. რადგან ჩაცმული ვიწექი, ადგომისას ცოტა შემამცივნა.
კარი გამოვაღე. უცხო ქალი იდგა.
- თქვენს სახელზე «ბანდეროლია»! ხომ მე-7 ბინაა?
უსიტყვოდ დავუქნიე თავი, რადგან აზრზე არ ვიყავი, მე-7 იყო თუ მე-10.
- აქ მომიწერეთ ხელი, - ქალმა ქვითარი და კალამი გამომიწოდა.
- მე რომ არ ვარ სახლის პატრონი?
- არა უშავს, ხომ აქ ცხოვრობთ?
- დიახ, რა თქმა უნდა. უბრალოდ, დეიდაჩემი საავადმყოფოში წევს, - ნახევრად ვიცრუე.
- ჰოდა, მომიწერეთ, ჩემთვის მთავარია, ვინმეს ჩავაბარო, დანარჩენი თქვენ იცით.
ამანათი მძიმე აღმოჩნდა. ხელით რომ მოვსინჯე, მივხვდი, წიგნები იქნებოდა, ალბათ გამოიწერა. გახსნა არც მიფიქრია. ვერას ნებართვის გარეშე ამას ვერ ვიზამდი, მიუხედავად იმისა, რომ ამანათში წიგნები იდო.
ახლა კი დროა, აბაზანას მივაშურო. სასწრაფოდ უნდა გადავივილო წყალი, თორემ ასე მგონია, სუნი ამდის!
ის იყო, სააბაზანოში უნდა შევსულიყავი, რომ კვლავ გაისმა დაკაკუნების ხმა, ამჯერად უფრო ძლიერად და, რაც მთავარია, ზევიდან. ვიღაცა «ჩემი ბინის» ნაწილს მოადგა. გული ლამის გამიჩერდა. ეგრევე ვიეჭვე, რომ გიო იქნებოდა. არ ვიცი, გამიხარდა თუ გავბრაზდი, რაღაც უცნაური შეგრძნება დამეუფლა. გონებამ ზუსტად იცოდა, რომ მისნაირი მამრებისგან შორს უნდა დამეჭირა თავი, მაგრამ გული სხვას მკარნახობდა. მისი ტიპის მამაკაცებს ხომ საოცრად მიმზიდველი აურა აქვთ, არნახული მაგნეტიზმით არიან დაჯილდოებულნი.
«თავს ვერ იკავებ, თათო, ხომ?» - ვუსაყვედურე ჩემს თავს და კარი წარბებშეკრულმა გავაღე.
- ქალბატონი თათია ბრძანდებით? - ზღურბლთან სრულიად უცხო მამაკაცი იდგა, რამაც გამაკვირვა.
- დ…დიახ… თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე გიორგის დავალებით მოვედი.
იმედგაცრუება იმდენად ძლიერი იყო, რომ, არ დამიჯერებთ და, მისი მწარე გემოც კი ვიგრძენი პირის ღრუში.
- მას რა, რამე დარჩა წუხელ აქ? - აგდებულად ვკითხე უცნობს.
- ბატონო?! რა მითხარით? - დაიბნა მამაკაცი.
- გუშინ, აქ რომ მინა ჩასვა, რამე დარჩა-მეთქი? - დავაკონტკრეტე, რომ «იმნაირი» არაფერი ეფიქრა.
მოსულმა ჯერ თვალები მოწკურა, მერე პირი დააღო და ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ეჭვნარევი ხმით ჩამეკითხა:
- გიომ რა, თქვენ მინები ჩაგისვათ?
მისმა შეკითხვამ უარესად გამიხეთქა გული. ვაითუ, არაფერი აქვს სამსახურში ნათქვამი. ახლა რომ უნებურად გავცე, შეიძლება უსიამოვნებაც კი შეემთხვეს. მსწრაფლ მოვიფიქრე.
- ჩემი დეიდის ახლობელია, საღამოს გამოიარა, სამსახურის შემდეგ და დაეხმარა, - აუღელვებლად განვუმარტე.
- გასაგებია. მე დევიზი მქვია. მინის შესახებ მას ჩემთვის არაფერი უთქვამს. უბრალოდ, იმისთვის გამომგზავნა, რომ აქ კედლები შევღებო. სასწრაფოაო და… ალბათ მეტყვით, რა არის შესაღები, არა? აგერ, ფერების რამდენიმე სინჯი წამოვიღე, აარჩიეთ და რომელსაც ხელს დაადებთ, იმას გამოვიყენებ. ან იქნებ, შპალერი გირჩევნიათ?
საღებავიო? შპალერიო? ამ დილაუთენია ამისთვის დამაყენა ეს უცხო კაცი?
- ბატონო დევიზ, შემობრძანდით და ერთი წუთით მომიცადეთ, თუ შეიძლება! - რას ვერჩოდი ამ ადამიანს, მაგრამ მაინც გაგულისებულად გამომივიდა.
ხელოსანი შინ შემოვიყვანე, დივანისკენ მივუთითე, მე კი ტელეფონს ვეცი და გიორგისთან დავრეკე.
ჩემდა სამწუხაროდ, ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
- უკაცრავად, გიოსთან ხომ არ რეკავთ? - დამეკითხა დევიზი.
- ვაპირებდი, მაგრამ არ გამომივიდა.
- არ არის აქ, ქალბატონო, დილაუთენია გაემგზავრა ჰოლანდიაში, ამიტომაც ექნება გამორთული. ხარჯებზე თქვენ არ ინერვიულოთ, მან ასე დამაბარა. თვითონ გადაიხდის თავისი ანგარიშიდან.
- რა-ა?- ლამის ხავილი აღმომხდა.
- არ ვიცი… - მთლად დაიბნა სტუმარი, - შეიძლება მე გავიგე არასწორად, - ფეხზე წამოდგა დევიზი და უხერხულად გაიხედ-გამოიხედა.
- თქვენ არაფერ შუაში ხართ, - ხელის აწევით დავაწყნარე, მაგრამ როდესაც შევამჩნიე, როგორ მიკანკალებდა თითები, სასწრაფოდ ორივე ხელი იღლიებქვეშ ამოვიდე, - ესე იგი, ჰოლანდიაში, არა?
- ჰო, მისი შვილის დაბადების დღეა და… - გაღიმება სცადა უცნობმა.
ალბათ, გაანჩხლებაც და გაოცებაც აშკარად მეწერა სახეზე, ისე ცმუკავდა ხელოსანი ადგილზე. ჰო, რა თქმა უნდა, გამიკვირდა. მან თქვა, ქალაქიდან გავდივარო, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, სად მიდიოდა. მეგონა, რომელიმე ქალაქში ჩადიოდა აქვე, ბათუმში, ქუთაისში ან სულაც თელავში. აი, თურმე, რა ყოფილა! მისი ცოლი ჰოლანდიაში გათხოვილა და ქალიშვილიც თან წაუყვანია. გამახსენდა, რომ მითხრა, მამინაცვალი უხდისო, თუ რაღაც ამდაგვარი. ამიტომაც არ აწუხებს კომპლექსი, ყოფილი ცოლის «მოქმედ» ქმართან ერთად აღნიშნოს თავისი შვილის დაბადების დღე.
- კარგი, დევიზ, მოდით, შევარჩიოთ ფერი და თქვენ თქვენს საქმეს მიხედავთ, მე კი ჩემსას, - საქმიანად მივუბრუნდი ხელოსანს.
მან მუყაოს რამდენიმე პატარა ფირფიტა მომაწოდა, რომელიც სხვადასხვაფრად იყო შეღებილი, რათა სასურველი ფერი ამომერჩია.
- აი, ეს მომწონს, ლიმონისფერი, - დავადე ერთს თითი.
- ძალიან კარგი. ჩავალ, მანქანაში მაქვს და ახლავე ამოვიტან. რამდენი კედელია შესაღები და რომელ ოთახში?
- საიდანაც შემოხვედით, იმ სართულზე. იქ მხოლოდ ერთი ოთახია.
- დანარჩენებს რა ვუყოთ? არ გინდათ, სხვებსაც მივხედო?
- მე არაფერი მინდა, ჩემო კარგო. ეს ჩემი სახლი სულაც არ არის, ამიტომაც ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, აქ ვინ როგორ რემონტს გააკეთებს და რატომ. რომ ჩამოვა, დაელაპარაკოს სახლის პატრონს და ერთად გადაწყვიტონ! თუმცა… - სწორედ ამ დროს გამახსენდა, რომ მაღაზიაში ჩვეულებრივი ფიცრული იატაკი იყო დაგებული. აი, იმის გამოცვლა კი არ იქნებოდა ურიგო, - თქვენ იატაკსაც აგებთ? თქვენი სამსახური, უფრო სწორად.
- აბა რა! მრავალპროფილიანია ჩვენი ფირმა, ყველანაირ სამშენებლო თუ კოსმეტიკურ სამუშაოს ვასრულებთ, - ამაყად განმიცხადა.
- გასაგებია. ამაზე მოგვიანებით დავილაპარაკოთ. ახლა კი, თქვენ საღებავი ამოიტანეთ, მე კი ჩაის მოვადუღებ და დავლიოთ, კარგი? - გავუღიმე მამაკაცს, რომელიც დაზაფრული მომჩერებოდა.
ჩემმა «დიპლომატიურმა მიდგომამ» გაჭრა. დევიზი უცებ მოეშვა და ჩემი ღიმილით გამხნევებული საღებავის მოსატანად წავიდა.
8 8 8
ჩემი ახალსახლობის შემდეგი სტუმარი დედაჩემი აღმოჩნდა.
- დე, რა მოგარბენინებდა? სამსახურში არ გაგვიანდება? - გამიკვირდა მისი გამოჩენა.
- მაგვიანდება, მაგრამ ვერ მოვითმინე, არ მენახე. უნდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად ხარ. რა მოიფიქრე? რჩები აქ? მაღაზიასაც შენ უნდა მიხედო? - დამაყარა შეკითხვები.
- ჰო, მაგრამ დროებით, დედა. კი მითხრა ვერა დეიდამ, ჩემთან დარჩი, სანამ გაგიხარდებაო, მაგრამ არ ვიცი, როგორ იქნება. შეიძლება სულაც არ დავჭირდე. ან რა ვიცი, შევეწყობით კი ერთმანეთს? თანაც, წიგნებით ვაჭრობა საერთოდ არ მეხერხება, როგორ უნდა გავუძღვე სრულიად უცხო საქმეს?
დედამ მხრები აიჩეჩა.
- არც ისე რთულია, მით უმეტეს, შენისთანა გამოცდილი ქალისთვის. მენეჯმენტი და მარკეტინგი მშვენივრად იცი. რა პრობლემაა? იყიდე-გაყიდე. სულ ეს არის. ვერა როგორ გრძნობს თავს, უკეთაა? ახალი რა იცი?
- ექიმი ამბობს, მიკროინსულტი ჰქონდაო. დღეს გამოკვლევებს ჩაუტარებენ. რატომღაც, მგონია, რომ მარტო ვერ შეძლებს ცხოვრებას და, საერთოდ, მუშაობის გაგრძელებას. იქნებ გაყიდოს კიდევაც მაღაზია ან გააქირაოს.
- გამორიცხული არაფერია. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. კარგი, დღეს გავუვლი სამსახურის შემდეგ და მოვინახულებ. უკვე ისაუზმე?
- ჯერ არა.
- მაშინ გავალ, რამეს ვიყიდი, ფუნთუშებს ან კრემიან ნამცხვარს და ერთად ვისაუზმოთ. კიდევ კარგი, ამ ქუჩაზე ჯერ კიდევ მუშაობს მაღაზიები. სანამ ყველაფერი აუღიათ აქედან…
- რას ნიშნავს აუღიათ?
- ჰო, აქაურობას მთლიანად ანგრევენ. ახალი რაიონი უნდა ააშენონ.
- რას ამბობ? მაგრამ ეს ხომ ისტორიული უბანია? როგორ შეიძლება ამ ყველაფრის დანგრევა?
- სამაგიეროდ, უკეთესს გააკეთებენ. ხელისუფლებას ასე სურს და ვინ წავა წინააღმდეგი? ნუ გეშინია, არაფერს გააფუჭებენ, უბანს ძველებური იერსახე შეუნარჩუნდებაო, ასე თქვეს. ძველი თბილისიც ასე არ გაარემონტეს?
- მაგას კიდევ არა უშავს. როგორ შემაშინე. კარგი, ჩადი ფუნთუშებზე, მაგრამ ცოტა მეტი წამოიღე, ხელოსანია მოსული და იმასაც უნდა ვაჭამო.
- ხელოსანი?
- ჰო. ის ოთახი უნდა გადაღებოს, რომელშიც მე უნდა ვიცხოვრო. იცი, რა საყვარელი რამეა?
- ვინ, ხელოსანი? - გაოცებულ დედას თვალები გადმოუცვივდა ბუდიდან, ჩემგან ასეთი რამ არასდროს სმენია მამაკაცზე.
- ხელოსანი კი არა, ჩემი ოთახი, დედა, რა გჭირს! - კინაღამ ჩავბჟირდი სიცილისგან.
- შენ რა გითხარი, გადავირიე! წამო, მაჩვენე.
- გაჩვენებდი, მაგრამ იქ კატაა და ვფიქრობ, არ მოგეწონება.
- რა კატა, ვისი კატა? - ზიზღი გამოესახა ტუჩებზე.
- ვერა დეიდას კატა. ღამე აქ ვიწექით ერთად, დივანზე. ახლა კი ჩემს ოთახში შევიდა და საწოლზე მოკალათდა, წეღან შევამჩნიე, - სიცილს ვერ ვიკავებდი.
- კატის მოვლას ჯობია, კაცი იშოვო და იმას მოუარო! - თვალები დამიბრიალა ნათელამ, - რაღაცაში მაინც გამოიყენებ, დასაყრდენი მაინც გეყოლება ცხოვრებაში. კატის იმედზე კი არ უნდა იყო!
- შენ რომ მამაჩემის იმედზე იყავი, რა მოიგე? - გავახსენე წარსული.
- მამაშენი - ტუჩები მობრიცა, - … ჰო, კარგი, კარგი, გავალ და მალე მოვბრუნდები, - ამოიოხრა დედამ, ხელი ჩაიქნია და მაღალი ქუსლების პაკაპუკით გაემართა ჰოლისკენ.
- დე! - გავძახე, სანამ კარს გაიხურავდა, - ცოტა ფულს დამიტოვებ? კაპიკი აღარ დამრჩა.
- დაგიტოვებ, აბა, რას ვიზამ! - თავი დამიქნია და გავიდა.
ნათელა კი მალე მობრუნდა, მაგრამ «მომახარა», მაღაზიასთან რამდენიმე ადამიანი დგას და მის გაღებას ელოდება, იქნებ ჩახვიდე და მოემსახუროო.
- კი მაგრამ, ჩაი?
- არა უშავს, შენი ხელოსანი და მე ერთად დავლევთ, შენ მოგვიანებით ისაუზმებ. ცოდოა ის ქალი, ორ კაპიკს აკეთებს და არ დაუკარგო. ახლა მით უმეტეს, ვინ იცის, როგორ სჭირდება ფული.
- კარგი, ჩავალ მაშინ და შენ ამ ბიჭს მიმიხედე, ცოტა მორიდებული ჩანს, - თვალით ვანიშნე დევიზზე, რომელსაც სწორედ ამ დროს ორი ყუთი საღებავი შემოჰქონდა…
მართლაც გავყიდე რამდენიმე წიგნი. სარფიანად კი ვივაჭრე. ამ სისხამ დილით 60 ლარი შემომივიდა.
დედამ წასვლის წინ შემომიარა.
- გიჭირს მარტო? - თანაგრძნობით მკითხა, თან ოცლარიანი ჩამიკუჭა ხელში.
- ძნელია ძალიან. რა ვქნა, მის შვილს ხომ არ დავურეკო? ჩამოვიდეს და მიხედოს დედამისის საქმეს.
- მეტი საქმე არა აქვს! იცი, რა ჯობია? ვინმე დამხმარე აიყვანო, - მზრუნველად მირჩია ნათელამ და შუბლზე ჩამოყრილი თმა გადამიწია.
ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს ერთი სული ჰქონდა, როდის მომეფერებოდა.
- ავიყვან, მაგრამ ასე უცებ სად ვიშოვო გამყიდველი?
- გინდა, ხათუნას ვუთხრა?
- შენს თანამშრომელს? ის ხომ მუშაობს?
- გოგო ჰყავს უმუშევარი და გამწარებული ეძებს მისთვის სამსახურს. მოველაპარაკები ვერას, რამდენის გადახდას შეძლებს და დღესვე მოვიყვან. ხათუნასაც გაუხარდება. თან ისეთი გატლეკილი გოგოა, ყოჩაღი, ზედმიწევნით გამოდგება ამ საქმეში. შენც დაისვენებ და სხვა საქმით დაკავდები. შემოსავლები, გასავლები და რა ვიცი… შენ უკეთ გესმის ეს ყველაფერი.
დიდხანს არ მიყოყმანია. მშვენიერი წინადადება იყო.
- მაგას რა ჯობია. რაც მალე მოაგვარებ მაგ საქმეს, მით უკეთესი, - ხელისგულები ერთმანეთს გავუსვი კმაყოფილმა.
არა, გამყიდველობა ჩემი საქმე არ არის! ამის ნერვები სად მაქვს!
- მაშინ დაველაპარაკები და პასუხს მალევე შეგატყობინებ, - ლოყაზე მაკოცა ნათელამ და ხელი დამიქნია დამშვიდობების ნიშნად.
დედა გავიდა თუ არა, თაბახის ფურცელი მოვძებნე, დიდი ასოებით დავაწერე, მაღაზია ხვალამდე არ გაიღება-მეთქი და შიგნიდან მივაწებე შუშის კარს.
ესეც ასე! ახლა დავკეტავ აქაურობას და დევიზს ავაკითხავ. შევხედოთ, იქ რა ხდება. მოულოდნელად ჩემმა მობილურმა დარეკა. არც დამიხედავს ეკრანისთვის, ისე ვუპასუხე:
- გისმენთ!
- პრივეტ, კნიაგინია!
გიო! რა დეგენერატი ვარ! როგორ არ დავხედე, ვინ რეკავდა? მოვემზადებოდი მაინც… სუნთქვა შემეკრა.
- ცოტა ხნის წინ ვიღაც მირეკავდა… შემთხვევით, შენ ხომ არა? - დიდი ხნის ნაცნობივით შინაურულად დამელაპარაკა.
მაშინვე ვერ ვუპასუხე და რამდენიმე ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. როგორ მაღიზიანებს ეს კაცი!
- აბა, მომიყევი, როგორ ხარ! კარგად გამოიძინე? თუ დაგხვდა მძარცველი საწოლის ქვეშ?
ჰმ! დამცინის კიდეც!
თან ვუსმენდი, თან ვფიქრობდი, რა მეპასუხა. რაც შეიძლება, გულგრილი პასუხი უნდა გამეცა, თან მკაცრი ტონით, თან მშვიდად, რომ არ ეფიქრა, მთელი ღამე გაათია და უძინარიაო.
- გამოვიძინე? რატომ არ უნდა გამომეძინა?
- რა ვიცი, როგორც ხდება ხოლმე. დაწვები ლოგინში, დახუჭავ თვალებს და ძილი არა და არ გეკარება. ან იქნებ შეგცივდა?
- არ შემციებია, კატამ კარგი სამსახური გამიწია, ჩემს ფეხებს მთელი ღამე ღუმელივით ათბობდა.
- ოოო! ბედნიერი კატა! მაგ ფეხების გათბობაზე რომელი კრეტინი იტყოდა უარს! ისე, მე უკეთესი ღუმელი მაქვს, რომ იცოდე… - ორაზროვნად თქვა.
- გიორგი! ჰოლანდიაში ალბათ ბევრი საქმე გელოდებათ. არ მოცდეთ, თუ შეიძლება! - ცივად ჩავძახე ტელეფონში და ვაგრძნობინე, რომ ზედმეტი მოუვიდა.
- ჰო, მართლა, დევიზი რას შვრება? შეუდგა საქმეს? - გიორგიმ სწრაფად გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი.
- თქვენი გამოგზავნილი «მალიარი» დილის 8 საათიდან აქ არის. ვფიქრობ, ვერა დეიდა მადლიერი დაგრჩებათ, - მივუგე და დავიჯღანე. ნეტავ ამწუთას მისი სახე დამანახვა!
- ამ ყველაფერს ვერას გამო არ ვაკეთებ, კნიაგინია, - გამომიცხადა, - და თუ შენ მართლაც ისეთი ჭკვიანი ხარ, როგორც მემომეჩვენა, ამას უნდა ხვდებოდე, - მწარედ მიკბინა.
- მე მთვლით ჭკვიანად? - მისი ირონიული ტონი ნერვებზე მოქმედებდა.
- ან მართლა ჭკვიანი ხარ, ან კიდევ ჯიბრზე იტყვი უარს მაგ ბინაში ცხოვრებაზე იმ მიზეზით, რომ კიდევ ერთხელ ჩემთან ვალში არ დარჩე.
- თუ ძალიან გინდათ, სხვების ბინის კედლების შეღებვით დაკავდით, პატივცემულო ხელოსანო, მე კი თავი დამანებეთ! - განვრისხდი, - არანაირად არ ვარ თქვენთან ვალში!
- მართლა? აბა, ვინ იყო, შაბათს რესტორანში რომ მეპატიჟებოდა? რამე ხომ არ მეშლება?
უკვე მიჭირდა თავის შეკავება. ლამის იყო, მეყვირა, ძლივს ვიკავებდი თავს.
- იცი, რას გეტყვი? - ნერვებმოშლილმა აგდებულად, თან «შენობით» მივმართე, - საკუთარ საქმეს მიხედე, რა! - და ამ სიტყვებით ტელეფონი გავუთიშე.
სასტიკად გავბრაზდი ჩემს თავზე. რამ მაფიქრებინა მისი რესტორანში დაპატიჟება? რატომ დავთანხმდი? აი, სალაპარაკოც მიეცა. კოზირი ხელში უჭირავს. მე კი არა, შენ დამპატიჟეო. რა ამოვა აწი მაგის ყბიდან!
თანაც, რესტორანიც არის და რეტსორანიც! ყველაზე ძვირად ღირებული და ყველაზე რომანტიკული! დებილი ვარ, აბა, რა ჰქვია ჩემნაირს ამის შემდეგ?
ასე აღელვებული სახლში ვერ ავიდოდი, როგორმე უნდა დავმშვიდებულიყავი, თორემ რას იფიქრებდა დევიზი? ყავა იქვე მოვიდუღე, მაგიდას მივუჯექი და სასმლის ცხელი ოხშივარი შევისუნთქე. შემდეგ ირგვლივ მიმოვიხედე. კარგი იქნება, აქ დივანი და სავარძლები დაიდგას, პატარა მაგიდაც, რომ კლიენტებს მყუდრო ატმოსფერო დახვდეთ. დასხდნენ, ყავა დალიონ, ერთმანეთი გაიცნონ ან რამე ამდაგვარი. თან წიგნები დაათვალიერონ, ამოირჩიონ. სიახლე რაც იქნება, მაგიდაზე დავდებ, რომ ყველამ გადახედოს და აარჩიოს, რომელი უფრო საინტერესო იქნება მათთვის. იქნებ ორ ნაწილად დავყო, მაგალითად, განყოფილებებად? დეტექტივები ცალკე, რომანები და სხვა სახის ლიტერატურა ცალკე? არა, ამდენს ვერ გავწვდები… ვნახოთ, რა უფრო მომგებიანი იქნება, ამას დრო დაგვანახვებს.
ერთი საათი მაინც დავყავი მაღაზიაში. ამასობაში, როგორც ჩანს, დედაჩემმა იყოჩაღა და სწორედ ის გოგო დამადგა თავს, ვისზეც ცოტა ხნის წინ მეუბნებოდა - ხათუნას ქალიშვილი ბაია.
პატარა გოგო იყო, 17-18 წლის, მაგრამ საკმაოდ თამამი ჩანდა.
- გამარჯობა! თქვენ თათია ხართ, არა?
- გაგიმარჯოს, ბაია! ეგრევე გიცანი, მთლად ხათუნას გავხარ. დედამ გამოგგზავნა?
- ჰო, მითხრა, თათიას დამხმარე სჭირდებაო. თქვენია ეს მაღაზია?
- არა, მაგრამ მეც ვმუშაობ აქ.
- ძალიან კარგი. მე რა უნდა გავაკეთო?
- ბევრი არაფერი. აქ უნდა დაჯდე, დილით, 9 საათზე გააღებ და კლიენტებს დაელოდები. მერე მისცემ მათთვის სასურველ წიგნს, ფულს გამოართმევ და აი, ამ ჟურნალში გაატარებ დღეების მიხედვით. გასაგებია?
ბაიამ გრძელი წამწამები ააფახულა.
- მაგრამ რომ არ ვიცი, რომელი წიგნი სად დევს?
- მაგას ახლა გაჩვენებ და დაგაკვალიანებ. რეპეტიციას გავივლით. უცებ გაერკვევი, არ გაგიჭირდება.
- და ისა… - თვალი ამარიდა გოგონამ და მივხვდი, ანაზღაურებაზე რომ მეკითხებოდა.
- ეგ ჯერ არ ვიცი, მაღაზიის პატრონს უნდა დაველაპარაკო. ვფიქრობ, სულ არაფერს და უსაქმოდ ჯდომას აჯობებს. თან შენც წაიკითხავ, განათლდები.
- ისედაც სულ ვკითხულობ.
- კარგია, რომ კითხულობ, თუმცა უფრო მეტის წაკითხვაც არ გაწყენს, - თბილად გავუღიმე და გამხნევების ნიშნად თვალი ჩავუკარი…
გაგრძელება იქნება