"მას შემდეგ, რაც ნინია დაიბადა, ჩემს გულში ისეთმა სიყვარულმა იფეთქა, რაც აქამდე არ განმიცდია" - ინგა გრიგოლია - Marao

"მას შემდეგ, რაც ნინია დაიბადა, ჩემს გულში ისეთმა სიყვარულმა იფეთქა, რაც აქამდე არ განმიცდია" - ინგა გრიგოლია

2023-12-06 15:16:51+04:00

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია 4 იანვარს ბებია გახდა. მის შვილს, მარიამ გრიგოლიას, გოგონა შეეძინა, რომელსაც ნინია დაარქვეს. "ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ. ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა", - წერდა ინგა გრიგოლია.

მარიამ გრიგოლიამ 2017 წელს რჩეულზე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე იქორწინა. პატარა ნინია წყვილისთვის პირველი შვილია. ნიკოლოზი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის შვილია. მარიამი ამ უწყებაში მუშაობდა და თანამდებობა 2016 წელს, ზურაბ გამეზარდაშვილის უწყებიდან წასვლის შემდეგ დატოვა.

"ნიკაში, უპირველესად, ვიზუალი მომეწონა – ძალიან სიმპათიურია; მერე – იუმორი. ძალიან კეთილი, განათლებული, კარგი ბიჭია.

იყო ჩხუბი, კამათი, ეჭვიანობები ჩემი მხრიდან – როგორც ხდება შეყვარებულ წყვილს შორის, ოღონდ მნიშვნელოვანი არაფერი. ეს ეტაპები გადავლახეთ და მივედით იქამდე, რომ აწი, ასეთ რაღაცებზე აღარ ვიჩხუბებთ და სისულელედ მიგვაჩნია.

მე, საერთოდ, ძალიან მიყვარს სიურპრიზების კეთება, თვითონვე მაბედნიერებს, როცა სხვას ვუწყობ სიურპრიზს. ყველაზე დიდი სიურპრიზი, რაც მახსენდება, იყო ის, რომ ნიკა უცხოეთში წავიდა სასწავლებლად დიდი ხნით. მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. ჩემთვის ქალაქი დაცარიელდა, ისტერიკა მჭირდა, მაგრამ რას ვიზამდი. სწავლას და განათლებას დიდ პატივს ვცემ და ვერ ვეტყოდი, ჩემ გამო არ წასულიყო. არავინ თქვას, რომ განშორება გრძნობას ანელებს, პირიქით, ძალიან ამძაფრებს. მე ველოდებოდი, რომ ნიკა დიდი ხნის შემდეგ უნდა ჩამოსულიყო. ერთ დღესაც, მივედი მეგობართან და იქ დამხვდა. თურმე, უფრო მალე ჩამოდიოდა და  არ გამიმხილა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

ინგას თავიდანვე ვუთხარი. მე და ინგა დიდი მეგობრები ვართ. არასდროს ერევა პირადში. თუ რჩევას ჰკითხავ, საუკეთესო რჩევას მოგცემს. მეც ვითვალისწინებ და ყველაფერს ვუზიარებ. ნიშნობაზე რა უნდა მცმოდა და საქორწინო კაბა როგორი უნდა იყოს, ინგამ მირჩია. მეც ეთერის წინ სულ ვურჩევ, რა ჩაიცვას და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებთ. ინგა გადაცემებში ჩანს ცოტა მკაცრი, თორემ რეალურ ცხოვრებაში ძალიან კეთილი და მოსიყვარულეა – ძალიან იცის ადამიანების შეყვარება. ერთ დღესაც მივიყვანე ნიკა და გავაცანი. მას მერე ძალიან უყვარს. ტიპური, პრეტენზიული სიდედრი არ არის." - ამბობდა მარიამ გრიგოლია. 

ამჯერად ინგა გრიგოლია ჟურნალ OK!-ის დეკემბრის ნომერში ბებიობაზე საუბრობს: 

მას შემდეგ, რაც ეს პატარა გოგო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო მეტად დავიწყე ფიქრი მომავალზე, რა ჯობია ჩემი შვილიშვილისთვის, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, დავიწყე ისეთი ნივთების შეძენა, რაც მას სჭირდება, უფრო მეტად ორიენტირებული გავხდი მასზე. 2023 გამორჩეულად ბედნიერი წელია ჩემთვის, დადგა თუ არა 2023 წელი, 4 იანვარს გაჩნდა ნინია. წელს მისი პირველი ახალი წელია და მინდა იყოს ძალიან ლამაზი, ბრჭყვიალა და გადართული ვარ მთლიანად მასზე, ჩემს გულსა და ტვინში ახლა მხოლოდ მას უკავია ადგილი.

"დაბადების დღეს გილოცავ; რა მაგარია, ჩემი შვილი რომ ხარ" - ინგა გრიგოლიას ოჯახური კადრები და მილოცვა იუბილარ ქალიშვილს 

"პატარა ნინია და მისი საუკეთესო მეგობარი" - ინგა გრიგოლია უსაყვარლესი შვილიშვილის ვიდეოს აქვეყნებს 

მე მყავდა ძალიან კარგი ლოლა ბებია, რომელიც არანორმალურად მიყვარდა და ჩემი ბავშვობის ყველა ლამაზი მოგონება სწორედ მას და ჩემს სოფელს უკავშირდება. როდესაც გარდაიცვალა, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მართლა მაშინ დამთავრდა ჩემი ბავშვობა. სანამ ბებიაჩემი ცოცხალი იყო, სოფელიც მიყვარდა, იქ ჩასვლაც მიყვარდა, მასზე მზრუნველობაც მიყვარდა. თვალებს რომ ვხუჭავ ხოლმე და ბავშვობის მოგონებებს ვიხსენებ, სულ მახსენდება ჩემი ლოლა ბებია, ზაფხული და ის დღეები, რაც მასთან გამიტარებია. მინდა ვიცოცხლო ძალიან დიდხანს, რომ ჩემმა შვილიშვილმაც მიიღოს ჩემგან ის სიყვარული, რაც მე მაქვს მიღებული ჩემი ბებიისგან", - ამბობდა ინგა გრიგოლია. 

"მას შემდეგ, რაც ნინია დაიბადა, ჩემს გულში ისეთმა სიყვარულმა იფეთქა, რაც აქამდე არ განმიცდია. მისი ყველა გამოძრავება, მისი ყოველი ხმის ამოღება უდიდეს სიხარულს მანიჭებს. მთელი ჩემი ცხოვრება ახლა მისითაა მოცული. რეალურად ახლა და ახლა უფრო შევედი ბებიის როლში, თავიდან ძალიან დაბნეული ვიყავი. ახლა სულ ვფიქრობ, როგორი გოგო იქნება, რა ინტერესებით იცხოვრებს… არანორმალური სიყვარულია, ძალიან მინდოდა, რომ გოგო ყოფილიყო, ჟღალთმიანი, ცოტა წითური და ზუსტად ასეთია ჩემი ნინია.

მინდა, რომ ის დრო, რომელიც ჩემს შვილს ვერ დავუთმე იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი და მას უფრო ბებია ზრდიდა, ჩემს შვილიშვილს დავუთმო. ფიზიკურადაც კი შევიცვალე, საგანგებოდ მისთვის დავიკელი წონა, რომ უფრო ენერგიული და უფრო აქტიური ვიყო, მინდა მისთვის ისეთი ბებია ვიყო, როგორი ბებიაც დედაჩემი იყო ჩემი შვილისთვის" - ამბობს ინგა გრიგოლია.