ერთი-ორი საათის შემდეგ მაღაზია ბაიას ანაბარა დავტოვე და ვერა დეიდას სანახავად გავექანე, რომელიც გაბრაზებული სახით ბალიშს მიჰყუდებოდა და თითებს ისრესდა.
- როგორ ხართ? - დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე.
- ამათ ხელში როგორ ვიქნები? - შუბლი შეიკრა, - უთხარი, თავი დამანებონ და ნუ მჩხვლეტენ ამ უაზრო ნემსებით. მთელი სხეული მტკივა. როგორც კი ნემსებს შემიჩერებენ, ეგრევე კარგად გავხდები. ამ ექთანმა სულ გადამრია, დრაკულაზე უარესია ეგ უპატრონო! სად ასწავლეს ასე ჩხვლეტა, საინტერესოა! ვენა ვერ უპოვია! - ბობოქრობდა ვერა.
- როგორც ვხედავ, უკეთ ხართ, - მის სიტყვებზე გამეღიმა, - აი, ვაშლის წვენი მოგიტანეთ და მაწონი.
- რა საჭირო იყო? გგონია, რამეს ვჭამ? საერთოდ არ მშივდება.
- ჭამა აუცილებელია, სხვანაირად ვერ მოღონიერდებით.
- მაღაზიაში რა ხდება?
- სწორედ მაგის სათქმელად მოვედი. არა უშავს, მოდიან კლიენტები.
- ახლა დაკეტილია?
- არა, ღიაა, - გამეღიმა, - დამხმარე ავიყვანე. იმედია, წინააღმდეგი არ იქნებით. უბრალოდ, ანაზღაურების საკითხი არ ვიცი, როგორ იქნება.
- კარგი გიქნია, შვილო. ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვალო. ვიცი, რომ ძალ-ღონეს არ დაიშურებ. ხელფასზე ჩემს ბუღალტერს დაელაპარაკე. იქ, ბლოკნოტში წერია, ცოტა უცნაური სახელი ჰქვია და ადვილად მოძებნი, პარმენ იაძე. უთხარი, რომ მე საქმის კურსში ვარ. რამდენის გადახდას ვარაუდობ?
- აბა, რა გითხრათ… თქვენ როგორც მეტყვით, - მომერიდა.
- მოდი, დასაწყისისთვის 200 რომ მივცეთ? თუ კარგად წავა საქმე, მერე მოვუმატებ. მგონი, ცოტა არ უნდა იყოს.
- სრულიად საკმარისია. არც მომატება იქნება საჭირო. კმაყოფილი დარჩება, - გამხნევების ნიშნად ხელზე ხელი დავადე ქალს, რომ ამაზე აღარ ეფიქრა, - და კიდევ მინდოდა რაღაც… ჰო, აი, წერილები მოვიტანე, უცხოეთიდანაა, - ჩანთიდან სქელი შეკვრა ამოვიღე.
- აჰა! ეგ წერილები კი არა, შეკვეთებია, გენაცვალე. საბერძნეთში ვაგზავნი ხოლმე ქართულ წიგნებს. იქ არ ჩადის ჩვენი ლიტერატურა, არადა, სავსეა ეს ქვეყანა ქართველებით.
- მართლა? ეგ რა კარგი რამე მოგიფიქრებიათ! - აღტაცებული დავრჩი მისი მიგნებით.
- მე რა მოვიფიქრე, თვითონ მოიფიქრეს. მაგრამ ახლა შენ მოგიწევს ჩემ მაგივრად მათი მომსახურება. იმედია, შეძლებ…
- რა თქმა უნდა, მოვაგვარებ, აბა რისთვის ვარ?
- რაც შეეხება ხარჯებს, არ მოგერიდოს. რაც შემოდის, გაატარე და შენთვის დაიტოვე, ბუღალტერს არ მისცე. რაშიც დაგჭირდება, მოიხმარე. მე მხოლოდ სამ გამომცემლობასთან მაქვს კონტრაქტი გაფორმებული. შენ თუ გაქვს შანსი, შეგიძლია სხვებთანაც გახვიდე კავშირზე.
- მაგაზე უკვე ვფიქრობ, სხვა გეგმებიც მაქვს, ვნახოთ! - საქმიანი ქალის დამაჯერებლობით ვპასუხობდი.
- ღმერთს მადლობა, რომ ამ გაჭირვების დროს შენ გამომიჩნდი, თორემ რა მეშვებოდა. მე უკვე დავბერდი, სადღა შემიძლია ძველებურად.
- რას ამბობთ! სულაც არა, ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ.
- ჩემი ქმარიც ასე მეუბნებოდა, შენ არასდროს დაბერდებიო, - ნაღვლიანად წარმოთქვა ვერა დეიდამ, - ეჰ…
- გენატრებათ?
- როგორ გითხრა… ისე ძალიან არ მენატრება, როგორც წესით უნდა მენატრებოდეს, მაგრამ ქალს ქმარი უნდა ჰყავდეს. დაქვრივება საშინელებაა. ჯაბამ ძალიან განიცადა. ბიჭებს მამა სჭირდებათ.
«გოგონებსაც», - სინანულით გავიფიქრე.
- კიდევ გაქვს რამე გასარკვევი?
- ჰო, ერთი საკითხიც და მორჩა, - ცოტა არ იყოს, გავწითლდი, - გიომ იმ ოთახის რემონტი წამოიწყო, რომელ…
- ვიცი, ვიცი, სანამ წავიდოდა, შემომიარა და მითხრა, გავაკეთებო. ნეტავ ჩემი ჯაბა მას დამსგავსებოდა! რა გულიანი ბიჭია, ენაცვალოს ჩემი თავი! ახალგაზრდობაში კი აურია გონება ერთმა თავქარიანმა გოგომ, მაგრამ არა უშავს, ეს მისთვის ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი იყო. ძალიან კეთილი ბიჭია. მას რომ ვხედავ, გული სიხარულით მევსება.
- ესე იგი, რემონტი გავაგრძელოთ. ძალიან კარგი, ყველაფერი მოგვარებულია, - მივუგე დაბნეულმა.
ჩემზე აშკარად ცუდად მოქმედებდა გიოზე საუბარი. ისე ავნერვიულდი, ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. არადა, როგორ მაინტერესებდა, რა გადახდა ასეთი წარსულში, რა გაუკეთა ასეთი იმ «თავქარიანმა გოგომ», რომ ვერა დეიდასაც კი არ დავიწყებია, მაგრამ შეკითხვა ვერ გავბედე. არ მინდოდა, ეფიქრა, რომ გიოს ცხოვრებით ვიყავი დაინტერესებული.
- ხელოსანს მუშაობა არ დაუწყია? - ვერამ საბნის ბოლოები ამოიკეცა, ნაკეცები სათუთად გაასწორა და გაშლილი ხელები ნაზად დააწყო მოჩითულ შალითაზე.
- დაიწყო, მაგრამ მერე ვიფიქრე, ცუდად ხომ არ ვიქცევი-მეთქი, თქვენი ნებართვის გარეშე რომ დავრთე ნება…
- მე უკვე ვიცოდი ამის შესახებ, ასე რომ, სანერვიულო არაფერია.
როგორც ჩანს, მათ უკვე ილაპარაკეს, მაგრამ რემონტის გარდა კიდევ რა თემები განიხილეს ერთმანეთში, ჩემთვის უცნობი იყო. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მათი «მოლაპარაკების ერთ-ერთი საგანი» მეც ვიქნებოდი.
ჩემთვის სულერთია, რა ითქვა აქ ჩემზე. ახლა მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს - როგორმე ფული დავაგროვო და სადმე უცხოეთში გავემგზავრო სწავლის გასაგრძელებლად. კვალიფიკაციას იქ ავიმაღლებ და მერე უფრო პერსპექტიულ სამსახურს ვიშოვი.
ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა უნდა განვიხილო ამ სათნო ქალთან.
- ვერა დეიდა, რაც შეეხება ჩემს თქვენს ბინაში გადმოსვლას… მინდა, ახლავე გავარკვიოთ ეს ამბავი. მე ან ბინის ქირას გადავიხდი, ან ხელფასს არ ავიღებ მუშაობაში. ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ.
- ამაზე მერე ვილაპარაკოთ, საყვარელო. ჯერ ისე იყავი და რომ გამოვალ, მერე ვნახოთ.
- კარგი. კიდევ ერთი… ხომ არ გსურთ, ჯაბას დავუკავშირდე და ვუთხრა თქვენი ამბავი?
- ოღონდ ეგ არა! შენ მას არ იცნობ! ჩამოვა და ეგრევე მოხუცთა თავშესაფარში მიკრავს თავს, მერე კი ყველაფერს გაყიდის. არ არის საჭირო, ნუ დაურეკავ. მისთვის საკმარისია, ყოველთვე ფულს რომ ვუგზავნი, - უკმაყოფილება და შეშფოთება ერთდროულად იგრძნობოდა ქალის ხმაში.
- გასაგებია. მაშინ წავალ და საქმეს მივხედავ, - კიდევ ერთხელ ვაკოცე ჩემს მომავალ დიასახლისს და პალატიდან გამოსულმა საორდინატოროს მივაშურე, რათა მისი მკურნალი ექიმი მენახა.
8 8 8
სამარშრუტო ტაქსიდან ორი გაჩერებით ადრე ჩამოვედი და ფეხით დავუყევი ქუჩას. როგორი განადგურებულია აქაურობა. არადა, რესტავრაცია მართლა არ აწყენდა. მომწონს ეს ძველი შენობები, საოცარი გულისყურით არის თითოეული ჩუქურთმა ამოჭრილი. აბა, ამ ნაგებობების დანგრევა იქნება? ნეტავ შემეძლოს, ჩემი აზრი ვინმეს გავუზიარო. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას აქაურობის აღდგენაში.
მოულოდნელად საგაზეთო ჯიხურში გამოფენილი გაზეთის წინა გვერდზე დიდი ასოებით გამოყვანილ სათაურს მოვკარი თვალი: «დედაქალაქის პროექტირების ახალი გეგმა შედგენილია. ამჯერად ყურადღების ცენტრში ძველი უბნებია!»
გაზეთი მაშინვე ვიყიდე, რადგან ფოტოებზე სწორედ ის ქუჩა და მოედანი იყო დაფიქსირებული, რომელზეც ამწუთას გულში ვფიქრობდი და სადაც ვერას წიგნების მაღაზია მდებარეობდა. ეს ხალხი რა, ჩემს ფიქრებს კითხულობდა? იქვე, ჯიხურთან მივდექი და სტატია სულმოთუქმელად წავიკითხე. ხედავთ, რაშია საქმე? აქაურობა თურმე სულ უნდა აიღონ, თავის შენობებიანად. მსხვილი ინვესტორი ჩაატარებსო სარემონტო სამუშაოებს. ერთი ამათ დამიხედეთ! ჩვენ არაფერი გვეკითხება? ამ ხალხმა რა უნდა ქნას? ხომ ჩამოართმევენ ყველაფერს, რაც აქამდე წვალებით მოუპოვებიათ? ისე აღვშფოთდი, ალეწილი ჩქარი ნაბიჯებით გავეშურე მაღაზიისკენ. ნუთუ ასე უგულო ადამიანები არსებობენ? ეს ხომ ქალაქის ისტორიული სახეა, როგორ შეიძლება მისი თანამედრო სტანდარტებზე გადაკეთება? სულ დაკარგავს თავის იერსახეს.
როგორც ჩანს, არსებობენ!
კიდევ კარგი, წერილში ისიც ეწერა, შეიძლება ამ გადაწყვეტილებას უბნის მოსახლეთა სერიოზული წინააღმდეგობა მოჰყვესო. მოჰყვება, აბა რა! პირადად მე გავუკეთებ ამ ყველაფერს ორგანიზებას და აბა, ერთი ვინმე დამიგეს წინ! - დავექადნე უჩინარ მოწინააღმდეგეს, თუმცა აზრზე არ ვიყავი, რა ორგანიზაცია იდგა ამ გადაწყვეტილების უკან. იქნებ მთავრობა? იქნებ მერია? მათთან რას გავაწყობ? თუმცა, თუ ხალხის მხარდაჭერა მექნება, შეიძლება გამოვიდეს კიდეც.
ბაია მაგიდასთან იჯდა თავჩარგული და რაღაცას დიდი ინტერესით კითხულობდა, რადგან ჩემი მოსვლა არც გაუგია.
- შენი ხელფასის საქმე მოგვარებულია, - ჩქარ-ჩქარა მივაყარე, - თვეში 200 ლარი გექნება. რას იტყვი?
გოგონას მორცხვად გაეღიმა.
- რა ამბავია! ამდენი ფული ცხოვრებაში არ მჭერია ხელში.
- ჰოდა, დაიჭერ, - თვალი ჩავუკარი და საუბარი ჩემს გულისტკივილზე გადავიტანე, - ნახე, რა წერია გაზეთში! ვიღაცას აქაურობის განადგურება განუზრახავს. ევროპული ტიპის უბანი უნდა გავაშენოთო.
- მე მგონი, რამდენიმე მახინჯ შენობას აიღებენ, ყველას არ შეეხებიან, - თავისი აზრი გამოთქვა ბაიამ.
& ნეტავ ეგრე იყოს! რამდენიმე კი არა, მთლიანად უნდათ აქაურობის დანგრევა! რა საშინელებაა!
გოგონა ვერ მიხვდა, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება საშინელება, ამიტომ შემეპასუხა.
- ჩემი აზრით, ძალიან კარგი იდეაა. აბა, შეხედე, ამ სოროში ვის მოუნდება შემოსვლა? ზამთარში ხომ საერთოდ! ისეთი ტალახია გარეთ, აქამდე მოსვლა დაგეზარება. ან კი რატომ უნდა შეიწუხო თავი, როცა ორას მეტრში იმხელა სავაჭრო ცეტრია წამოჭიმული? მაღალქუსლიანით ორ ნაბიჯს ვერ გაივლი ამ ქუჩაზე. ფილაქანს ვერ ვიტან, ძალიან არ მომწონს!
- ეს ფილაქანი ქალაქის სავიზიტო ბარათია, ბაია, შენ ბავშვი ხარ და არ გესმის. უბრალოდ, გალამაზება სჭირდება აქაურობას და რესტავრირება. შეიძლება სულაც ახალი ფილაქანი დაიგოს, თუნდაც თანამედროვე სტრუქტურის, თუ ეს უკვე მოძველდა და აღარ ვარგა, - და დავიწყე მოყოლა, როგორ გამოიყურებოდა ეს უბანი ჩემს ბავშვობაში და როგორ განადგურდა დროთა განმავლობაში.
- თუკი ასეთი კარგი მაღაზიები იყო, რატომ დაიხურა? - ბაიამ გულუბრყვილო მზერა მომანათა.
- იმიტომ, რომ აირია სიტუაცია. საშინელი წლები იყო, ომი, გაჭირვება და მთელი უბედურება. მერე ქირის ფასმა მოიმატა, ისე ძვირი გახადეს საოფისე ფართები, ვეღარ მოერია ხალხი. ამიტომაცაა აქ ასე ცოტა მაღაზია და მარკეტი.
დროა, საქმეს მივხედო. სასწრაფოდ უნდა შევკრიბო მოსახლეობა, სანამ პრობლემა ჯერ კიდევ ცხელია და დაგვიანებული არ არის.
იქვე ჩამოვჯექი და განცხადების ტექსტის წერას შევუდექი. ისე უცებ გავამზადე, თავადაც გამიკვირდა. შემდეგ კომპიუტერზე დავბეჭდე, ქსეროასლები გავაკეთე და მთელ ქუჩას ჩამოვუარე. ზოგი ბოძზე გავაკარი, ზოგი ჭიშკრებთან, როგორც მიმიწვდებოდა ხელი.
ძალიან დავიღალე, ფეხები აღარ მემორჩილებოდა.
სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ დედამ გამომიარა მაღაზიაში.
- როგორ ხარ?
- ნაცემი ძაღლივით. ძალიან დავიღალე, მაგრამ მაინც კარგი დღე იყო, - ვცდილობდი, მხნეობა არ დამეკარგა.
- წაიკითხე დღევანდელი სტატია? - გაზეთი ცხვირწინ ამიფრიალა.
- კი, წავიკითხე და საჭირო ზომებიც მივიღე. კრებას ვატარებ აქაურ მოსახლეობასთან, - ამაყად განვაცხადე.
- რას ამბობ! როდის?
- ხვალ საღამოს, აქ! - საჩვენებელი თითი იატაკისკენ მივმართე.
- შარში ყოფ, შვილო, თავს! მაგრამ მაინც ყოჩაღ! ცნობილი გახდები!
- ჩემთვის ეგ სულაც არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, ჩემი გავიტანო.
- გაიტან კიდეც, ისეთი ჯიუტი ხარ, მჯერა შენი!
- ამაღამ დავჯდები და გეგმას შევიმუშავებ, რომ ფეისბუკზე დავდო. მეგობრებს ვთხოვ, გაავრცელონ. ხვალ ნახავ, რა ამბავი ატყდება!
- ჩემი ჭკვიანი გოგო! კარგია, ეგრე რომ ფიქრობ. მეც გვერდით დაგიდგები. არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით წაშალო წარსულის ისტორიული კვალი. ეს აღმაშფოთებელია. არ შეეშვა, მიდი, იმოქმედე!
რა საყვარელია ჩემი დედიკო! ისე ამიჩუყდა გული, მოვეხვიე და ვაკოცე, რასაც ძალიან იშვიათად ვაკეთებ ხოლმე.
- უი! ეგ რას მივაწეროთ? - ნათელასაც გაუკვირდა ჩემი საქციელი.
- რა ვიცი, უცებ მომინდა შენი მოფერება, - გავწითლდი, - საღამოს იქნები სახლში? ტანსაცმლის წამოღება მინდა.
- რაღა საღამოსთვის უნდა გადადო? ახლავე წავიდეთ, მერე უკანვე გამოგიყვან, ფეხით რატომ უნდა იარო? თან გზაში მომიყევი, რა გაქვს ჩაფიქრებული.
8 8 8
პარასკევ დილით, მაღაზიაში რომ ჩავედი, ბაია ტაშისკვრით შემხვდა.
- ნახე ინტერნეტში შენი ინტერვიუ?
- ინტერნეტში თუ გაზეთში? - გავიკვირვე.
- გაზეთში არ ვიცი, მე ინტერნეტში ვნახე, ქართულ პორტალზე. მოდი! - გოგონამ მაჯაში ხელი ჩამავლო და კომპიუტერთან მიმიყვანა.
თავდაპირველად ჩემი ფოტო მეცა თვალში. ინტერვიუ რომ მივეცი ჟურნალისტს, მაღაზიის წინ ვიდექი, ფოტოგრაფმაც სწორედ იქ გადამიღო სურათი. ოჰო! მშვენივრად გამოვიყურები. ეს საგაზეთო სტატიაა, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო. ინტერნეტგამოცემის სათაური ასე გამოიყურებოდა: «ამ უბანს ისტორიული იერსახე უნდა შევუნარჩუნოთ. ჩვენ უკან დგას ხალხი!» ყურადღებით ჩავიკითხე სტატია. ყველაფერი სწორად ეწერა. კარგი ვქენი, კრება რომ მოვიწვიე. რამდენი ადამიანი მოვიდა. უბნის მოსახლეობა ავიყოლიე და დავიყოლიე. მერე რედაქციაში დავრეკეთ და ჩვენი აზრი მოვახსენეთ. მერე ტელევიზიაც დამიკავშირდა. აი, დღესაც რადიოში ვარ დაბარებული. როგორ ავახმაურე მთელი ქალაქი! ძალიანაც კარგი! მათ ჩემეულ ვერსიას ვთავაზობ, კეთილი ინებონ და მომისმინონ! არქიტექტორების მეტი რა გვყავს საქართველოში! თუ ჩვენს აზრს გაითვალისწინებენ, მერე ვისაც უნდა, იმან აშენოს!
8 8 8
საღამო მოახლოვდა. ჩემი საქმე უკვე გავაკეთე, ახლა დროა, თავსაც მივხედო. დღეს შაბათია, გიო რესტორანში მყავს დაპატიჟებული. ღიმილი ვერ შევიკავე. ნეტავ თუ ჩამოვიდა? იმედია, ტყუილად არ მომიწევს იქ მიბოდიალება. რას ვიცინებ, რომ არ მოვიდეს!
რესტორნის შესასვლელთან შევყოვნდი. სული უნდა მომეთქვა. ძალიან ვღელავდი. ისედაც დაძაბული დღე მქონდა. დილიდან რეკავდნენ და რეკავდნენ უცნობი ადამიანები, გვერდში დგომას მპირდებოდნენ. მერე რადიოშიც ვიყავი. ჩემი აზრი იქაც დავაფიქსირე. მოკლედ, ერთ დღეში ნამდვილი ფეისი გავხდი. ამის გაფიქრებაზე ხმამაღლა გამეცინა.
ერთ მომენტში ისიც კი ვიფიქრე, დავურეკავ გიოს და ამ შეხვედრას გადავდებ-მეთქი, მაგრამ ჩემს თავს ვერ შევეწინააღმდეგე. ისედაც, მთელი დღის განმავლობაში, რამდენჯერაც მაღაზიის კარი გაიღებოდა, გული მიჩერდებოდა, მეგონა, ჩემი მეშუშე მომაკითხავდა. აქედან გამომდინარე, საქმეების მოგვარებასთან ერთად, გამუდმებით მასზე ვფიქრობდი, მის ნახვას ვეშურებოდი.
ვგრძნობდი, რომ გიჟურმა სურვილმა ამიტანა, თუმცა ვიმედოვნებდი, თავად არ წაიყვანდა ამ ურთიერთობას უფრო დაახლოებისკენ. თუმცა, რატომ მეგონა ასე, არ ვიცი.
მეტიჩარა ვარ! რატომ ავირჩიე მაინცდამაინც ეს რესტორანი? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გიოზე შთაბეჭდილება მოვახდინო. ამას ჩემი შინაგანი ხმა მკარნახობს, რომელმაც ზეპირად იცის ჩემს ყველა კითხვაზე პასუხი. მინდოდა, დამემტკიცებინა გიორგისთვის, რომ ვარ დამოუკიდებელი, რომ არ ვერიდები ფულის დახარჯვას, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს.
«შენ სპეციალურად ჩაიცვი ეს ღრმად ზურგამოჭრილი შავი კაბა, თათია!» - არ მეშვებოდა მეორე «მე», - «გინდა, ის კაცი აიძულო, თვალი ვერ მოგაშოროს და უფრო და უფრო გაუძლიერდეს შენთან დაახლოების სურვილი. საკუთარ თავსაც გინდა დაუმტკიცო, რომ ის პატარა, უმწეო გოგონა აღარ ხარ, რომელიც მისი ნაფეხურების კვალდაკვალ დარბოდა სკოლაში და იმედს არ კარგავდა, რომ თავს შეაყვარებდა. ჰო, ასეა, გინდა, დაამტკიცო, რომ უკვე აღარ ხარ იმ ასაკში, მის თვალის ჩაკვრაზე სიხარულით ცას რომ ეწეოდი»…
ჩემდა უნებურად, ხელისგულები ყურებზე ავიფარე, თითქოს ხმამაღლა ჩამესმოდა შინაგანი ხმის ეს სიტყვები.
- თათია, ყველაფერი რიგზეა? - ფიქრებიდან ნაცნობმა ხმამ გამომარკვია, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის გიოს გამოჩენა, რომ შიშისგან შევხტი და პატარა შავი ჩანთა ხელიდან გამივარდა.
იგი დინჯად დაწვდა ჩემს ხელჩანთას და გაოცებულმა მომაწოდა. ჩემი თითები უნებურად მისას შეეხო. ჟრუანტელმა დამიარა.
- უკ… უკაცრავად… - ამოვილუღლუღე.
- როგორც ჩანს, გაგიკვირდა.
- ა-არა… უბრალოდ, სიბნელეში ვერ გიცანით, - არ ველოდი, თუ აქ დამხვდებოდით. ცოტა ადრე მოვედი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ… - რაღაცას ვბოდიალობდი, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.
ის კი მისმენდა და არაფერს მეუბნებოდა.
- ნუ, ხომ გესმით, რისი თქმაც მინდა, - ვითომ ვიმართლე თავი.
- არ მითხრა, რომ წინასწარ შეუკვეთე ვახშამი, - გიომ დაკვირვებით ჩამხედა თვალებში.
მზერა ავარიდე.
- იცით? მე ხშირად მქონია აქ საქმიანი შეხვედრები, ამიტომ ეს ახალი არ იყო ჩემთვის.
გაგრძელება იქნება