ელიზაბეტ II-ისა და პრინც ფილიპის შვილების პირადი ცხოვრება გასული საუკუნის ბრიტანულ მედიაში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა იყო. ჟურნალისტებისთვის საინტერესო თემა იყო არა მხოლოდ პრინცი ჩარლზის პირადი ცხოვრება, არამედ მისი უმცროსი დის, პრინცესა ანას რომანებიც.
პრინცესა ანა 1950 წლის 15 აგვისტოს კლარენს ჰაუსში დაიბადა - მაშინ მისი ბაბუა ჯორჯ VI ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დედამისი, შესაბამისად, არ ატარებდა დედოფლის ტიტულს. მშობლების დატვირთული გრაფიკის გამო ბავშვები დედ-მამასთან ცოტა დროს ატარებდნენ: ცნობილია, რომ ჩარლზი ამას ძალიან განიცდიდა, და უკვე ზრდასრულ ასაკში მშობლების აღზრდის მიდგომებს აკრიტიკებდა.
საოცარი მსგავსება მამა-შვილს შორის - პრინც უილიამის აქამდე უცნობი ფოტო აუქციონზე იყიდება
ძმისგან განსხვავებით, ანა ყოველთვის მშობლების გვერდით იყო და საჯაროდ მადლობას უხდიდა მათ ყველაფრისთვის:
„ვფიქრობ, არცერთ ჩვენგანს სერიოზულად არ სჯერა, დედა ჩვენზე ცუდად ზრუნავდა. ჩემთვის უსიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ ასეთი აზრი შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს“, - განაცხადა პრინცესამ ინტერვიუში. აღსანიშნავია, რომ პრინცი ფილიპის საყვარელი შვილი სწორედ ანა იყო.
ანა არ ჰგავდა სტერეოტიპულ ზღაპრის პრინცესას. 1969 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, მაშინვე დაიწყო ტრადიციული სამეფო ვალდებულებების შესრულება: საქველმოქმედო ღონისძიებებზე დასწრება, კომუნიკაცია როგორც მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ინგლისის ჩვეულებრივ მაცხოვრებლებთან.
გასაკვირი არ არის, რომ დღესაც, 72 წლის ანას დიდი ბრიტანეთის მმართველი ოჯახის ყველაზე შრომისმოყვარე წარმომადგენელს უწოდებენ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ პრინცესას ცხოვრება მხოლოდ მუშაობით შემოიფარგლება. მისი მთავარი ჰობი იყო და რჩება ცხენოსნობა.
1971 წელს იგი ევროპის ჩემპიონი გახდა, ხუთი წლის შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო მონრეალის ოლიმპიურ თამაშებში - დღეს პრინცესა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია.
ელიზაბეტ II-ის ქალიშვილი თავის პირველ ქმარს, ლეიტენანტ მარკ ფილიპსს ჯერ კიდევ 1968 წელს შეხვდა. საბედისწერო შეხვედრა შედგა წვეულებაზე, სადაც ცხენოსნობის მოყვარულები იკრიბებოდნენ. 1973 წლის მაისში გამოცხადდა მათი ნიშნობა. იმავე წლის ნოემბერში უესტმინსტერის სააბატოში ბრწყინვალე ქორწილი გაიმართა.
1974 წლის 20 მარტი ანას საბედისწერო თარიღად იქცა: პრინცესა და მისი ქმარი საქველმოქმედო ღონისძიებიდან ბრუნდებოდნენ, როცა მათ მანქანას 26 წლის იან ბოლის მანქანა მიუახლოვდა. ბიჭმა პრინცესას მძღოლი და მცველი დაჭრა. იგი ანას მანქანიდან გადმოსვლას სთხოვდა. ანამ უარი თქვა, მაგრამ კრიმინალის გეგმების მოსმენა მოუწია. გაირკვა, რომ იანს მისი გატაცება და მშობლებისგან ორი მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოსასყიდის მოთხოვნა ჰქონდა დაგეგმილი.
„გაბრაზებული ვიყავი. ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი მანქანიდან გადმოსვლას. იმდენად გავბრაზდი, რომ მომინდა, მისთვის დამერტყა. მხოლოდ ერთი ფაქტორი მაჩერებდა - მას იარაღი ჰქონდა და შეეძლო ნებისმიერ წამს ესროლა“ - განაცხადა პრინცესამ BBC-თან ინტერვიუში.
სავარაუდო გამტაცებელი მაინც დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იან ბოლს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მან მოახერხა პატიმრობის თავიდან აცილება, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საავადმყოფოში გაგზავნეს.
1977 წელს ანას პირველი შვილი, პიტერი შეეძინა. სამი წლის შემდეგ ოჯახში გოგონა, სახელად ზარა დაიბადა. შვილების დაბადებიდან მალევე წყვილის ურთიერთობა თანდათან გაუარესდა: ისინი ნაკლებ დროს ატარებდნენ ერთად, მარკმა სხვა ქალებთან გააბა რომანი, თაყვანისმცემლების ყურადღებას არც ანა უჩიოდა.
1991 წელს მასწავლებელი, სახელად ჰეზერ ტონკინი, ამტკიცებდა, რომ მარკ ფილიპსისგან 5 წლის ქალიშვილი ჰყავდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ პრინცესას ქმრისგან არაფერი სჭირდებოდა, მხოლოდ ის უნდოდა, რომ კაპიტანს შვილი საბოლოოდ ეღიარებინა. მარკი ფაქტს უარყოფდა, თუმცა გენეტიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვი ნამდვილად მისი შვილი იყო. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მარკი და ანა 1992 წლის აპრილში განქორწინდნენ.
იმ დროისთვის პრინცესას დედოფლის თანაშემწე, ტიმოთი ლოურენსი უყვარდა. იმავე წლის დეკემბერში ტიმოთი და ანა შოტლანდიაში დაქორწინდნენ.