«და ეს ვახშამიც საქმიანი იქნება», - დავიმუქრე გუნებაში… უფრო სწორად, ჩემს თავს შევახსენე, რომ ასე იქნებოდა, რადგან ამ ვახშმით გიოსთან ანგარიში უნდა გამესწორებინა.
- მეც ადრე გადავწყვიტე მოსვლა. ვიფიქრე, მარტო არ იჯდეს ახლა რომელიმე მაგიდასთან და ლოდინმა არ მოუწიოს-მეთქი, - გამიღიმა მამაკაცმა.
- რა ყურადღებიანი ხართ, - ეგრევე ირონია მოვიშველიე.
- მე საერთოდ კარგი ბიჭი ვარ, კნიაგინია, - ნიშნის მოგებით შემისწორა.
- კარგი ბიჭი, რომელიც მზადაა, განსაკუთრებით სუსტი სქესის წარმომადგენლებს დაეხმაროს, თუკი ისინი გასაჭირში აღმოჩნდებიან, - გავაგრძელე მისი წინადადება, - კარგი ბიჭი, რომელიც ხანში შესულ ქალბატონებს და დაუცველ ადამიანებს ეხმარება… კიდევ - პატარა გოგონებს, რომელთაც ვიღაცები აბრაზებენ… უპატრონო ძაღლებსა და კატებზე რას იტყვით? მათაც ეხმარებით?
- რა თქმა უნდა! ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ჩიტებსაც კი ვუყრი საკენკს ჩემს ბაღში, - არანაკლები ირონიით მომიგო და ლაბადის გახდაში მომეხმარა. თან ისეთი სახით აკეთებდა ამას, თითქოს მთელი ცხოვრება მეგარდერობედ უმუშავიაო.
როგორი ლაღი და თავისუფალია! ამისთანა ელიტურ რესტორანშიც კი ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში.
- რომ გითხრა, ბრწყინვალედ გამოიყურები-მეთქი, ეტიკეტის დარღვევად ხომ არ ჩამეთვლება? - ეშმაკურად გაიღიმა.
არადა, მართლა კარგ ფორმაში ვიყავი, «შანელის» მოდელს ვგავდი.
- არა, არ ჩაგეთვლებათ, - მეც კეკლუცად გავუღიმე, - დიდი მადლობა. თქვენ კი განუმეორებლად გამოიყურებით.
ამჯერად სრულიად გულწრფელი ვიყავი. მართლაც შეუდარებელი იყო. შავი პიჯაკი ისე უხდებოდა მის შავ თმას და ნაცრისფერ თვალებს, რომ მზერა ვერ მოვწყვიტე. პერანგი რუხი ფერის შეერჩია. ეს ჰალსტუხიც… პირველად ვნახე ჰალსტუხით. საქმიანი მამაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არაჩვეულებრივი სანახავი იყო. აი, ამას ჰქვია სუპერმენი! ქალებისთვის ძალიან საშიშ ფორმაში მყოფი მამაკაცია! და არა მარტო მათთვის!..
- განუმეორებლად? ჰმ… - თავი დააკანტურა, - ეს ალბათ ის სიტყვაა, რომელიც მე უნდა მეთქვა შენთვის და ვერ გავიმეტე, არა?
- ეგ არ მითქვამს, - ვიუარე.
- «ვერ გავიმეტე» არ იქნებოდა მართალი, არც «ვერ მოვიფიქრე» გამოდგება სწორ ფორმულირებად… უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვერ გაგიბედე!
ისე ავნერვიულდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ამიტომ სასწრაფოდ შევცვალე საუბრის თემა.
როგორ თქვა წეღან? ჩემს ბაღში ვუყრი საკენკს ჩიტებსო?
- თქვენ საკუთარი ბაღიც გაქვთ? - ეს საუკეთესო შეკითხვა იყო, რათა მისი კომპლიმენტებისთვის თავი ამერიდებინა.
- იცი, რა? შენს ხმაში სულ დაურწმუნებლობის ელემენტები ჭარბობს, კნიაგინია. ვხედავ, ჩემი არც ერთი სიტყვის არ გჯერა, მაგრამ ბაღი მართლა მაქვს. ვერ ვიტყვი, რომ დღენიადაგ იქ ვფუსფუსებ და მცენარეებს ვუვლი, მაგრამ არც უმაგისობაა. ძირითადად, იგი იმისთვისაა განკუთვნილი, რომ ხეებს შორის ჰამაკი გავაბა, ზედ წამოვწვე და ძმაკაცებთან ერთად ან სულაც მარტომ ლუდი ვწრუპო. აი, აქეთ, - ზურგზე ხელი დამადო გიომ და ბარისკენ მიბიძგა.
ღმერთო, რამ ჩამაცვა ასე ღრმად ზურგამოჭრილი კაბა. მისი შიშველი ხელის შეხებაზე ცუდად ვხდები. თითქოს კანი მეწვება.
- დედაშენის მანქანით მოხვედი? - ყურთან ახლოს მიჩურჩულა.
- რატომ მეკითხებით? - თავაზიანი მიმართვის ფორმას ჯიუტად არ ვცვლიდი.
- უბრალოდ, ისე, ინტერესის გამო.
- არა, ტაქსით მოვედი. არ გავრისკე, ისევ რომ გაფუჭებულიყო, ნერვები დამეგლიჯებოდა.
- ძალიან კარგად მოქცეულა ერთი პატარა გოგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახლა არსად გვეჩქარება და მშვიდად შეგვიძლია შევექცეთ გემრიელ ვახშამს. ამასთან, ვისაუბრებთ იმაზე, როგორ აპირებს ეს პატარა გოგო ქალაქის გადარჩენას ბოროტი «ძიებისგან».
- აჰა, - უნებურად გამეღიმა, - როგორც ჩანს, გაზეთი წაგიკითხავთ.
კიდევ კარგი, რომ სალაპარაკო თემა გამოგვიჩნდა. უხერხულ სიტუაციას ავირიდებ თავიდან.
გიორგი განმარტოებით მდგარ მაგიდას მიადგა, სკამი გამოსწია და დაელოდა, როდის დავჯდებოდი. ოფიციანტიც დაბარებულივით იქვე გაჩნდა, შამპანურის ბოთლით ხელში, რომელიც ხმაურით გახსნა და ფუჟერებში ჩამოასხა. საცობის მოხსნის ხმაზე ძალაუნებურად შევკრთი.
- კი მაგრამ, შამპანური ვინ შეუკვეთა? - კოპები შევკარი, - მე შამპანურს არ ვსვამ.
- ეს ამათი წესია. თითო ბოთლი შამპანური ეგრევე საჩუქრად მოაქვთ, როგორც კი ამ რესტორნის ზღურბლს წყვილი გადმოაბიჯებს.
- მართლა? ალბათ, იმიტომაც არ შემიმჩნევია აქამდე. წყვილის ამპლუაში პირველად ვარ, - სიცილი ამიტყდა.
- ნერვიულობ? მგონი, ცოტას ნერვიულობ, - დაკვირვებით შემომხედა გიომ.
- რატომ უნდა ვნერვიულობდე? ჩვენ რა, რამეს აღვნიშნავთ? საზეიმო სუფრა გვაქვს თუ?
- რატომაც არა. ყოველდღე ხომ არ ჩნდები პრესის ფურცლებზე, ტელევიზიასა თუ რადიოში. ვფიქრობ, ეს საკმაო საბაბია იმისთვის, აღვნიშნოთ.
- რაღაც არა მგონია, - იმედი გავუცრუე, - ის საქმესთან დაკავშირებული ინტერვიუ იყო, ეს კი…
- და ეს არ არის საქმესთან დაკავშირებული ვახშამი? ასე ფიქრობ? - სიტყვაზე გამომიჭირა.
გავწითლდი. ამასობაში ოფიციანტი გამოჩნდა და ამჯერად ერთი ბოთლი კონიაკი მოაყოლა მცირე ზომის ბოკალებით.
გაოცებულმა ავხედე ჯერ ოფიციანტს, მერე კი მზერა გიორგიზე გადავიტანე.
- ნუ ღელავ, კონიაკი ჩემს ხარჯზეა, - «დამამშვიდა», - ახლა კი, «ჩვენი დროის გმირს» გაუმარჯოს, პრესა და ტელევიზია რომ ააწრიალა, - შამპანურით სავსე ფუჟერი ასწია და დამელოდა, როდის მივუჭახუნებდი.
- ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს მასკარადი! მე მხოლოდ მოსახლეობის და მაღაზიის მფლობელების თხოვნას ვასრულებდი, მეტი არაფერი, - ვიწყინე.
- მხოლოდ ამიტომ არა. ბოლო დღეებში იმდენი კეთილი საქმე გააკეთე, ბარე ორი ვერ დაიკვეხნის. სიკეთით შეკრული მშვენიერი თაიგული ხარ, მარტივად რომ ვთქვათ.
შამპანური ოდნავ მოვსვი და სწრაფად დავდგი მაგიდაზე, რომ ჩემი აკანკალებული თითები არ შეემჩნია.
რამ ამაღელვა ასე? მისმა შექებამ? დიდი ამბავი! პირველად მაქებენ? თუ თავბრუს მახვევს მისი ქათიანურები? მაშინ დარხეული მქონია და ეგაა!
- ჰო, მართლა! შენმა კოლეგამ ოთახი ისე კარგად შეღება, რომ არ ვიცი… ძალიან კმაყოფილი ვარ, - უეცრად ჩემი ახალი ოთახი მომაგონდა და ეგრევე დავწყნარდი, მშვენიერი სასაუბრო თემა გამოვნახე. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ მთლად კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს.
- მიხარია, თუ ასეა.
- ამისთვის დიდი მადლობა თქვენ.
- აბა, ეგ რა სათქმელია, თათია, რა მადლობა! - ხელები გაშალა.
მომეჩვენა, თითქოს სხვა ინტონაციით ამბობდა ჩემს სახელს… ალბათ იმიტომ, რომ იშვიათად მომმართავდა სახელით. ცხელმა ტალღამ თავით ფეხებამდე დამიარა.
- იცი? მართლა მაინტერესებს, რატომ გააპროტესტე მოსახლეობასთან ერთად უბნის კეთილმოწყობის გეგმა? - კვლავ ძველ თემას დაუბრუნდა ჩემი მეშუშე.
- იმიტომ, რომ ისტორიული უბნის ასე ხელაღებით თანამედროვედ გადაკეთება არ იქნება მართებული. ქალაქს ძველი სახე უნდა შევუნარჩუნოთ! - საქმიანად განვაცხადე.
- და რას აპირებ?
- ჯერ არ ვიცი. შევქმენით აქტივისტების ჯგუფი. მოვიფიქრებთ რამეს. თქვენც ხომ არ დაგვეხმარებოდით? - ეშაკურად გავხედე.
- არა, გმადლობ. მე ვერ მოვიცლი, - ცივი უარი მტკიცა.
- რატომ? ნუთუ თქვენ არ გაწუხებთ ქალაქის ბედი? ვერა დეიდაზე მაინც იფიქრეთ, მისი მაღაზია რომ დაკეტონ, რა უნდა ქნას? ხომ დარჩება ლუკმა-პურის გარეშე? სხვათა შორის, თქვენი სამსახურის შენობაც ამ რაიონშია და მასაც მოუწევს დანგრევა, ამაზე მაინც არ გიფიქრიათ? მგონი, ბოლომდე არ ხართ საქმის კურსში.
- სხვათა შორის, ვკითხულობ გაზეთებს, მთლად გაუნათლებელიც არ ვარ, - უკმეხად მომიგო.
- კარგი, როგორც გინდათ. საწყენად არ მითქვამს, - უკან დავიხიე, - მაგრამ თქვენს სამსახურს რა ბედი ელის?
- არ ვიცი, დიდად არ დავინტერესებულვარ. მე იქ არ ვმუშაობ, ჩემი საქმე მაქვს.
- გასაგებია, - მოვიღუშე, მისი ნათქვამიდან ბევრს ვერაფერს გაიგებდა ადამიანი და აშკარად მაგრძნობინა, რომ თავის სამუშაოზე საუბარი არ სურდა.
- მაღაზიაში როგორ მიდის საქმეები? - გიომ შემატყო, რომ ცუდ ხასიათზე დავდექი და სხვაგან გადამრთო.
- უკეთ. გამყიდველი მოვიყვანე და ერთად ვმუშაობთ. ვერა დეიდა პირდაპირ გაღმერთებთ, სულ თქვენი სახელი აკერია პირზე. ის რომ არა, შენთან დალაპარაკება აზრადაც არ მომივიდოდაო.
- მეც ძალიან დიდ პატივს ვცემ ვერაჩკას.
- მაშინ რატომ არ ცდილობთ მის დახმარებას? - ვეღარ მოვითმინე.
- მაინც ვერ ისვენებ, კნიაგინია, არა? - ორაზროვნად გამიღიმა.
- ვერა. საქმე ძალიან სერიოზულ საკითხს ეხება, ეს ადვილი არ არის, - გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე. ვერ ვხვდებოდი, ასე ზედაპირულად რატომ უყურებდა იგი ძველი უბნის დანგრევის და თავიდან აშენების იდეას.
ეს კნიაგინია კიდევ რას აიჩემა? ალბათ, ყველა ქალს ასე მიმართავს! ხომ ვთქვი, ეშინია, მათი სახელები ერთმანეთში არ აერიოს!
- როგორც ვატყობ, თქვენ მთლად კარგი მეხსიერებით არ გამოირჩევით. ხომ გთხოვეთ, ეგრე არ მომმართოთ-მეთქი? - შუბლშეკრულმა გამოვთქვი პროტესტი, - მე თათია მქვია!
- მე კი გიორგი მქვია, - დამიბრუნა «ხურდა», - მეც სახელით მომმართე და შეიძლება მთელი დღეები მაგ თქვენი უბნის ხელახლა აღორძინებას შევალიო.
- მართლა? - თვალები გამიბრწყინდა ამის გაგონებაზე, - მართლა დაგვეხმარებით?
- შენ ოღონდ მთხოვე, კნიაგინია, - ჯიუტად კვლავ თავისებურად მომმართა და ნიშნის მოგებით გამიღიმა.
მის სახეს ოდნავი ჩრდილი ეცემოდა და ალბათ, ამიტომაც იყო, რომ თვალები განსაკუთრებულად უბრწყინავდა. რამდენჯერაც მის მზერას დავიჭერდი, იმდენჯერ სიწითლე წამომივლიდა. თან ეს ხმა, ხავერდივით რბილი და ვნებიანი გონებას მიბინდავდა. დარწმუნებული ვიყავი, მისი ფიქრები ამწუთას სულაც არ იყო ჩვენს «საომარ» რაიონთან დაკავშირებული. ის ამას მხოლოდ ჩემი გულის მოსაგებად ამბობდა.
- არ გვინდა პრობლემებზე საუბარი, - ხელი ავიქნიე, - არ ვიქნები მართალი, თქვენს საქმეებს მოგაცდინოთ, - რაც შეიძლებოდა, მხიარულად წარმოვთქვი, რომ ჩემი ღაწვების აფორაჯების მიზეზი ამით დამეფარა.
- შენ სცადე… - ჩუმი ხმით მიპასუხა და გამომწვევად გამიღიმა.
ვიგრძენი მისგან წამოსული ცხელი ნაკადი, თითქოს იქვე ცეცხლი გიზგიზებდა და მისი ალი მცემდა სახეში. როგორ მინდოდა ამწუთას უფრო მივახლოვებოდი ამ ალს…
წამიერი ცდუნება მალევე გაქრა, მენიუ გადავშალე და კერძების თვალიერებას უაზროდ შევუდექი. ზუსტად ვიცოდი, მე რომ მისთვის ახლა რამე «გულისმიერი» მეგრძნობინებინა, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა გზით წავიდოდა და არავინ იცის, რით დამთავრდებოდა. მისი გამოწვევა სწორედ ამას ნიშნავდა. იგი მე მაძლევდა არჩევანის უფლებას.
წამით ავწიე თვალები და მენიუდან პირდაპირ გავხედე. გავხედე და გიორგის აღგზნებულ მზერას წავაწყდი. იმ მომენტში ყველაფერი გადამავიწყდა. აკრძალულმა სურვილმა წამომიარა - ჩამეჭიდა მისთვის ხელი და ბნელ ღამეში მასთან ერთად სადმე გადავკარგულიყავი.
როგორ დამერხა!..
გიორგიმ თბილი ღიმილი შეაგება ჩემს მზერას.
- არ მოგეხმარო მენიუს შერჩევაში? - რბილად მკითხა და ჩემკენ გადმოიხარა, - ჩვენ, მუშათა კლასი, დიდად კი ვერ ვერკვევით ასეთ ძვირად ღირებულ კერძებში, მაგრამ ვეცდებით მაინც.
რა ეშმაკია! ჰგონია, დავიჯერებ? სწორედ ასეთ რესტორნებში დაჰყავს ალბათ თავისი ქალები. სხვა შემთხვევაში, საიდან უნდა იცოდეს, აქ პირველად შემოსულ წყვილს შამპანურს რომ ჩუქნიან? ამის გაფიქრებაზე შემამცივნა.
- ხომ არ შეგცივდა? - მზრუნველად შემეკითხა.
- მგონი, არა. ისე, რომ დაუკვირდე, რა სასაცილო რამეა ეს რესტორნული ეტიკეტი! კაცები სოლიდურად ჩაცმულნი მოდიან, თავიდან ბოლომდე მკაცრად ჩაფუთნულნი, ბოლო ღილამდე შეკრული პერანგით. ქალები კი პირიქით, ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტად გაშიშვლდნენ.
- ჭეშმარიტი მამაკაცის გადასახედიდან, მე მომწონს ეს ეტიკეტი, - მაცდუნებელი ტონით წარმოთქვა და ხელზე ნაზად მაკოცა, მერე თავი ასწია, დაჟინებით დამაცქერდა და გააგრძელა, - ახლავე მოვალ, იმედია, იქამდე გათბები.
მისმა ორაზროვანმა ნათქვამმა უარესად იმოქმედა ჩემზე. კიდევ უფრო ამაკანკალა.
არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა. არც ის ვიცი, რამდენ ხანში მობრუნდა, მისი ნაბიჯების ხმა არ გამიგია, მაგრამ რააღაც მომენტში ისე გამიხურდა ზურგი, რომ მომენტალურად მთელი ტანით შევბრუნდი…
გიორგი ჩემ უკან იდგა და ჩემს თმას თუ კისერს დასჩერებოდა.
- გეყოფა, გიო! - საკმაოდ ხმამაღლა გამომივიდა, - ბოლოს და ბოლოს, მომშივდა! - ვუსაყვედურე.
- ახლა მე მკითხე, როგორ მომშივდა… - მრავლისმეტყველად აზიდა წარბები და მენიუს დაავლო ხელი.
როგორც იქნა, ავარჩიეთ, რა უნდა შეგვეკვეთა და საუბარი გავაგრძელეთ, სანამ ოფიციანტი სუფრას გაგვიშლიდა. ამჯერად იმაზე დავიწყეთ ლაპარაკი, რომელს რა კერძი გვიყვარდა. გასტრონომიური გამოცდილების გაცვლა-გამოცვლაში უკეთ ვსწავლობდით ერთმანეთს. ამასობაში სუფრაც გაივსო და ვახშმობას შევუდექით.
- როგორ ჩაიარა თქვენი ქალიშვილის დაბადების დღემ? - ვკითხე, როგორც კი ოდნავ შევნაყრდი. ინტერესი მკლავდა, რას იტყოდა თავის ოჯახზე.
- მშვენივრად. ჩემს გოგოს გაუხარდა, რომ ჩავედი. ძალიან ბედნიერი იყო.
- როგორც ჩანს, მზრუნველი მამა ხართ. მისი სურათი ხომ არ გაქვთ თან?
- როგორ არა, მობილურში მთელი ალბომი მაქვს, - გიოს გაუხარდა, მისი ქალიშვილით რომ დავინტერესდი, მობილური ბუდიდან ამოიღო და ფოტოების გახსნას შეუდგა, მერე კი მე მომაწოდა, - აი, ეს არის ჩემი პრინცესა.
პრინცესა! შვილს ასე მოიხსენიებს? მე კი კნიაგინიათი? არის რაღაც კავშირი ამ ორ ტიტულს შორის! - ღიმილი ვერ შევიკავე.
პირველივე ფოტომ მომნუსხა. გოგონა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მამამისს. ისეთივე მომაჯადოებელი თვალები, ვნებიანი ტუჩები და ზღაპრული ღიმილი ჰქონდა, როგორიც გიოს.
- მდაა.. თქვენი საქმე ცუდააა, გიორგი! სიფრთხილე გმართებთ! - მრავალმნიშვნელოვნად აღვნიშნე და მობილური უკან დავუბრუნე.
- შენ ასე ფიქრობ? - დაეჭვებით შემეკითხა და თავადაც დააკვირდა შვილის ფოტოს. ალბათ, ფიქრობდა, ისეთი რა აღმოაჩინა ამ ქალმა მასში, რაც მე ვერ შევნიშნეო.
- მონასტერში თუ წავა, არ ვიცი, მაგრამ სხვა შემთხვევაში მის უკან გრძელი შლეიფივით გაიწელება გულგატეხილი კავალრების რიგი, - შემდეგ კი, ეჭვი რომ არ აეღო, დამაინტრიგებელი კითხვა დავუსვი:
- დედას ჰგავს?
- დედამისს წითელი თმა აქვს, თაფლისფერი თვალები და ჭორფლიანია, - რაღაცნაირად ზიზღით გამოუვიდა.
- ჭორფლიანი? ისე ამბობთ, თითქოს ჭორფლი ნაკლი იყოს.
- აბა, სხვა რა სიტყვა ვიხმარო? მაშინ ასე ვიტყვი - სახეზე ოქროსფერი ქვიშის მარცვლები აქვს დაყრილი, რომლებიც არ ბრწყინავს. ასე უკეთესია? დაცინვა სულაც არ მიცდია. ჭორფლი ჭორფლია, რა! მე სხვა სახელი არ ვიცი.
- საწყენად არ მითქვამს, მაპატიეთ, - შევიშმუშნე, თუმცა დიდი სიამოვნებით მოვისმენდი მისგან, თუკი უარესს მეტყოდა თავის ყოფილ ცოლზე, მაგალითად, როგორი მრუდე ფეხები აქვს, სქელი უკანალი და დაბალი კისერი.
- არა უშავს, არ მწყენია.
- არ გიჭირთ, შვილისგან ასე შორს რომ ხართ? - სიტუაციის განმუხტვა ვცადე.
- ეს ჩემი ცოლის და მისი დედ-მამის დამსახურებაა. ყველაფერი გააკეთეს, რომ მას ჩემს სიახლოვეს არ ეცხოვრა. არ ელოდნენ, ამდენს თუ შევძლებდი. იფიქრეს, ჰოლანდიამდე ვერ მიმიწვდებოდა ხელი, მაგრამ ასე არ მოხდა, - მწარედ ჩაიღიმა გიომ.
- იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
- იმედია, თუმცა, ვერასდროს შევეგუები ჩემი შვილის გაევროპელებას. ძლივს შევიკავე თავი, როცა ვიღაც ბიჭთან ერთად ჩახუტებულმა დაიწყო ცეკვა. ქართველი კაცის ამბავი ხომ იცი… ძალიან გამიჭირდა.
- რას იზამთ, უნდა შეეგუოთ. იქ სხვანაირი წესებია.
- ამას ვერასდროს შევეგუები, ამიტომაც ერთი მხრივ, მიხარია კიდეც, ასე შორს რომ არის. ცოტა რამ მეცოდინება მის სასიყვარულო თავგადასავლებზე.
- ეს არ ნიშნავს, რომ ის სწორ გზას არ დაადგება, გიორგი, - დამრიგებლური ტონით ვუთხარი და ხელი მის ხელს დავადე.
მან არ შეიმჩნია. მეც სასწრაფოდ მოვაშორე ხელი და კვლავ შეკითხვები დავაყარე.
- თქვენი მეუღლის მშობლებს ვერ შეეგუეთ? მათ დაგაშორეს ერთმანეთს? მომიყევით, თუ თქვენთვის მტკივნეული არ არის…
- როგორ გითხრა… - თავი ჩაქინდრა გიომ, ჭამა შეწყვიტა და თითები ერთმანეთში გადახლართა, - ჩვენ ორივენი პატარები ვიყავით, 17-17-წლისანი. სკოლას ვამთავრებდით. ის საზღვარგარეთ აპირებდა სწავლის გაგრძელებას, მდიდარი ოჯახიდან იყო. ერთი სიტყვით, აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროს ვეკუთვნოდით. მე სწორედ იმ ბიჭების სიაში მოვიაზრებოდი, რომელთან ურთიერთობასაც მაგდას მშობლები უკრძალავდნენ. კიდევ კარგი, სრულწლოვანი იყო, თორემ არასრულწლოვნის შეცდენისთვის მიჩივლებდნენ კიდეც, თუმცა ნამდვილად არ შემიცდენია, - აქ ჩაიცინა, - მერე ამერიკაში გაუშვეს სწავლის გასაგრძელებლად. თურმე ორსულად ყოფილა. ვერ მიხვდა, მაგრამ როცა მიხვდა, უკვე გვიან იყო და თეკლაც გაჩნდა. ასე რომ, ცოლ-ქმარი არც ვყოფილვართ.
- სევდიანი ისტორიაა… - გული ამიჩუყდა.
- არა უშავს, მე უკვე გადავხარშე. როცა მისი ცოლად შერთვა გადავწყვიტე, კატეგორიული უარი მივიღე. სიმართლე გითხრა, არ მიყვარდა, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა, ეს გატაცება უფრო იყო, მაგრამ არ მინდოდა, ბავშვი უმამოდ გაზრდილიყო. აქ კი სასტიკ წინააღმდეგობას წავაწყდი. ახლოსაც არ მიმიშვეს მასთან. მოგვიანებით კი, რამდენიმე წლის შემდეგ, ადგნენ და უცხოელზე გაათხოვეს, რომ საბოლოოდ ამეღო ხელი მათთან დაახლოებაზე.
- და თვითონ როგორ ეგუებიან ქალიშვილის ასე შორს ყოფნას?
- თვითონაც ჰოლანდიაში გადასახლდნენ. გაყიდეს აქ ყველაფერი და წავიდნენ. თუმცა მე ჩემს შვილს იქაც მივაგენი და აწი უკვე ვერავინ დამიშლის მის ნახვას.
- პირველად რომ ნახე, როგორ მიგიღეს?
გაგრძელება იქნება