მეორე ნაპირი - თავი 12 - Marao

მეორე ნაპირი - თავი 12

2023-12-08 23:20:15+04:00

წინა თავი

_ მიმიღეს? რას ამბობ! ახლოსაც არ გამიკარეს. ბავშვს ჩემი გვარიც კი არ ჰქონდა. მიმტკიცებდნენ, შენი შვილი არ არისო. დნმ-ის ანალიზი მოვითხოვე. ყველაფერი გავაკეთე, რომ სიმართლე გამეგო. აი, მაშინ დამეხმარა ვერა, იცი, როგორ დამიდგა გვერდით? არასდროს დავუვიწყებ. ანალიზის პასუხმა ყველა დაშოკა. როცა დავრწმუნდი, რომ თეკლა ჩემი შვილი იყო, წინ ვინ დამიდგებოდა? პროცესიც მოვიგე და უფლებაც დამრთეს, თვეში ერთხელ მომენახულებინა ბავშვი.

_ თვეში ერთხელ? რა საშინელებაა! _ შევძრწუნდი.

_ ჰო. მისი მშობლები იმედოვნებდნენ, რომ დროთა განმავლობაში გული ამიცრუვდებოდა და თანდათან შევეშვებოდი. მაგრამ სულაც არ ვარ ეგეთი. პირიქით, ხელცარიელი არასდროს მივდიოდი მასთან, ისედაც ვუგზავნიდი ფულს. ბოლოს, რომ დარწმუნდნენ, არც ისე ცუდი მამა ვიქნებოდი, მოლბნენ. მერე დაბადების დღეებზეც კი მეპატიჟებოდნენ.

_ და ალბათ ოფიციალური სახეებით გხვდებოდნენ.

_ მხოლოდ მშობლები. ბავშვს ძალიან ვუყვარვარ. მაგდას ქმარსაც კი, სხვათა შორის. კარგი კაცია. მე რომ ჩავდივარ, მის სიხარულს საზღვარი არა აქვს. ახლა რომ ვიყავი ჩასული, ცოლს ასე უთხრა, ამისთანა კაცს უარი უთხარი და მე გამომყევი ცოლად, შენ ჭკუა გაქვსო?

რატომღაც, მამაჩემი გამახსენდა… ნეტავ ჩემს მამასაც ვყვარებოდი ასე. ალბათ ყველაზე ბედნიერი ქალი ვიქნებოდი ამქვეყნად. მე კი იგი საერთოდ არ ვიცი.

_ იცი? მამაჩემმა დედა ორსულობის დროს მიატოვა და მას მერე ერთხელაც არ დაინტერესებულა, რა მოხდა _ დავიბადე თუ აბორტის მსხვერპლი გავხდი… შენი ქალიშვილი ბედნიერია, ასეთი მამა რომ ჰყავს, _ რაღაცნაირად შურიანად გამომივიდა.

_ მოდი, აღარ ვილაპარაკოთ სევდიან რამეებზე, კარგი? საკმარისად გამოგვივიდა. ახლა გავმხიარულდეთ! აი, ეს გასინჯე! ძალიან გემრიელია! _ გიომ ჩანგალზე წამოცმული შემწვარი იხვის ნაჭერი ტუჩებთან მომიტანა,

სანამ პირს გავაღებდი, მას შევხედე და… პაატა გამახსენდა, რომელიც ცხოვრებაში არ ყოფილა ჩემ მიმართ ასეთი მზრუნველი და ყურადღებიანი. მას მხოლოდ კომპიუტერი და თავისი კარიერა ანაღვლებდა. მართალია, მასაც გააჩნდა ემოციები, მაგრამ გიოს ემოციებთან შედარებით, ძალზე უბადრუკად მეჩვენებოდა. ეს იგივე იყო, ფაიფურისგან ჩამოსხმული სათამაშო ხისგან გამოთლილისთვის შემედარებინა. ყველაზე მეტად იმაზე მწყდებოდა გული, რომ არ მეყო ჭკუა, დროზე შემემჩნია ეს ყველაფერი.

აი, გიო კი, პირიქით, ნებისმიერი გამოხედვით, ყოველი ჟესტით მაგრძნობინებდა, რომ მას მხოლოდ მე ვჭირდებოდი. სუნთქვა შემეკრა.

_ რა გემრიელია? _ ძლივს ამოვილუღლუღე, _ საინტერესოა, როგორ ამზადებენ ასე გემრიელად?

_ წარმოდგენა არ მაქვს. ისე, ჩვენში დარჩეს და, არც მაინტერესებს, ჩემთვის მთავარია, გემრიელი იყოს. რესტორნის გახსნას კი არ ვაპირებ.

_ იცი კერძების მომზადება? _ მოულოდნელად «შენობითზე» გადავედი.

_ რაღაცები ვიცი და ვამზადებ მხოლოდ მაშინ, როცა შიმშილით სული მძვრება. შენ?

ცოტა არ იყოს, ავნერვიულდი, მთლად დიდებული დიასახლისი არ ვიყავი. უხერხულობის გასაფანტავად ჩავახველე.

_ თავისთვის რაღაც-რაღაცების მომზადება ყველა ქალს ეხერხება, მათ შორის, მეც.

_ მხოლოდ თავისთვის? _ ჩამეკითხა.

გავიცინე.

_ ჰო, მარტო ჩემთვის. კი იყო ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, ვისთვისაც ვცდილობდი, მაგრამ კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა.

_ უმუშევარიც ამიტომ ხომ არ დარჩი?

_ ნაწილობრივ, _ ბოლომდე არ გადავუშალე გული, _ აღარ მინდა ამის გახსენება, მაპატიე.

_ მართალი ხარ, აღარ გვინდა. ხომ არ ჯობია, დესერტი შევუკვეთოთ? ტკბილი მომინდა რატომღაც, _ გიომ შემპარავი მზერა მესროლა, წამოდგა, ჩემკენ გამოემართა, მოულოდნელად დაიხარა და მოშიშვლებულ მხარზე მაკოცა, _ ახლა ერთი-ორი ნაჭერი ნამცხვარიც არ მაწყენდა…

 

888

თითქოს მეწვოდა მხარი, ის ადგილი, სადაც მისი ტუჩები შემეხო. ხმას ვერ ვიღებდი. გაურკვეველ სიტუაციაში ვიმყოფებოდი _ გამეპროტესტებინა მისი საქციელი, თუ მხოლოდ გამეღიმა და მისი კოცნა ჩვეულებრივ, თაყვანისმცემლურ ამბორად მიმეღო. ამ დროს, ჩემდა ბედად, ოფიციანტმა ჩამოიარა.

_ უკაცრავად, თუ შეიძლება შოკოლადის მუსი მოგვიტანეთ.

_ ერთი თუ ორი? _ ოფიციანტმა გიორგის შეხედა.

_ მე არ მინდა, გმადლობ! _ უპასუხა მან და თავის სკამს დაუბრუნდა.

ორივენი ხმის ამოუღებლად ვისხედით და ერთმანეთს შევყურებდით. საგანგაშო დუმილი ჩამოვარდა. მისი მზერა ისეთივე მრავლისმეტყველი იყო, როგორც ჩემი… თითქოს ერთმანეთში ვცვლიდით მზერებს, რათა ერთიმეორის გულისთქმა წაგვეკითხა.

_ მომისმინე… _ როგორც იქნა, მისმა დახშულმა ხმამ გაფანტა სიჩუმის იდუმალი ღრუბელი, _ იქნებ მომიყვე შენი ამბავი? აი, ის, სამსახურიდან რომ წამოხვედი? რატომ? ვერ შეეწყვეთ ერთმანეთს?

შვებით ამოვისუნთქე. ასეთი რამის მოსაყოლად მზად ნამდვილად ვიყავი.

_ არც კი ვიცი, ღირს თუ არა. ძალიან ხანმოკლე რომანი გამოგვივიდა. ის ნაძირალა აღმოჩნდა, მე კი მიამიტი და სულელი, _ გულღიად გავიღიმე.

_ დიდხანს მუშაობდით ერთად?

_ არც ისე… უბრალოდ, საბედისწერო შეცდომა დავუშვი, როცა სამსახურებრივი რომანი გავაბი. ერთხელაც ჩვენი ურთიერთობა სკანდალში გადაიზარდა, რის გამოც ერთ-ერთი ჩვენგანი სამსახურიდან უნდა წასულიყო.

_ შენი უფროსი იყო?

_ პირიქით, მე ვიყავი მისი უფროსი. ყოველ შემთხვევაში, ბოლო მომენტამდე ასე მეგონა, _ მწარედ გავიცინე, _ შემდეგ მან მომპარა იდეები და უფროსობის წინაშე ყელყელაობა დაიწყო. წარმოგიდგენია? სულ ბოლო წუთს მივხვდი ამას. რა უნდა მექნა? დავმარცხდი. ხელიდან გავუშვი შანსი, თავბრუდამხვევი კარიერა გამეკეთებინა.

_ და, როგორც ვხვდები, სკანდალი მდგომარეობდა იმაში, რომ იგი შამპანურით გაწუწე, არა? _ ეშმაკურად გამომხედა.

_ საიდან იცი?

_ არ ვიცი, უბრალოდ, ვივარაუდე. სხვა შემთხვევაში, შენნაირ ქალებს შამპანური არ უნდა ეზიზღებოდეთ, _ კიდევ უფრო გაუეშმაკდა გამოხედვა.

_ არ მეზიზღება, უბრალოდ, არ მიყვარს. ალბათ არც არისტოკრატი ვარ და არც დეგენერატი, _ გავიხუმრე, მერე კი სერიოზული სახით განვაგრძე, _ ძალიან სპონტანურად მოხდა ყველაფერი, თუმცა კლასიკური ვარიანტი კი გამოვიდა. როგორც ფილმებში ხდება. მე ნელა მივუახლოვდი მას შამპანურით სავსე ბოკალით და პირდაპირ თვალებში შევასხი. მისი «არმანის» პიჯაკი შევურაცხყვე. როგორც ჩანს, მან წინასწარ გათვალა ჩემი რეაქცია და ამიტომაც ბოლო წუთამდე არ მითხრა, ძირის გამოთხრას რომ მიპირებდა. თუმცა, არ ვნანობ. ეს არ იყო შეცდომა. შეცდომა შემდეგ ჩავიდინე, როცა ჩემს უშუალო შეფს გვერდი ავუარე და ნიშნის მოგებით გავუღიმე. რასაკვირველია, მას ნერვული შეტევა დაემართა, _ ავკისკისდი, _ აი, სწორედ იმ მომენტში მივხვდი, რომ იმ კომპანიაში პერსონა ნონ-გრატად გამომაცხადებდნენ და სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა. ახლა რეკომენდაცია რომ დამჭირდეს, ან არავინ მომცემს, ან ისეთს დამიწერენ, არც ერთი სერიოზული ფირმა სამსახურში არ მიმიღებს.

_ ძალიან ვწუხვარ.

_ რატომ? შენ არაფერ შუაში ხარ.

_ არა, უბრალოდ, ისე ვწუხვარ. კი გამიკვირდა, შამპანურის დანახვაზე სახე რომ შეგეცვალა, მაგრამ რას ვიფიქრებდი…

_ მოდი, აღარ გვინდა ამაზე საუბარი. ჯობია, შენზე მომიყვე, მაგდას შემდეგ სხვა ქალი თუ ყოფილა შენს ცხოვრებაში? ისეთი, რომელიც რაღაცას ნიშნავდა შენთვის.

_ თუ გულწრფელი ვიქნები, არც მაგდა ნიშნავდა ჩემთვის ძალიან ბევრს. უბრალოდ, ბავშვის გამო ვცდილობდი მის შენარჩუნებას. მის მერეც იყო რამდენიმე ქალი, ზოგიერთთან ურთიერთობა სერიოზულადაც მეჩვენებოდა თავის დროზე, მაგრამ სამწუხაროდ, ფინიშამდე ვერც ერთმა ვერ მიაღწია. ბოლო დროს ხომ საერთოდ _ სულ მარტო ვარ.

ამასობაში ოფიციანტმა დესერტი მოიტანა.

_ ღმერთო ჩემო! ეს ამდენი მარტო მე უნდა შევჭამო? _ თვალები გამიფართოვდა, უზარმაზარი ჭიქით მოტანილ შოკოლადის მუსს რომ დავხედე.

უეცრად გიო ჩემი დესერტისკენ დაიხარა, საჩვენებელი თითი შოკოლადში ამოავლო და ტუჩებთან მომიტანა. გავწითლდი. უხერხულად შევუდექი მისი თითიდან თხევადი შოკოლადის გალოკვას…

დრო გაჩერდა… გული კი გაორმაგებული დარტყმებით აბაგუნდა, თითქოს გაჩერებული დროის სანაცვლოდ უმატაო მუშაობას… სადღაც, სხეულის სიღრმეში კი საოცარი სისუსტე ვიგრძენი და ვნებათაღელვის მაცდუნებელმა ტალღამ დამიარა…

_ მთავარია, ცხოვრებით დატკბე, _ ორაზროვნად გაისმა გიორგის ხმა.

_ ახლავე მოვალ, _ ხმადაბლა წარმოვთქვი და სანამ მამაკაცი კიდევ რამეს იტყოდა, სასწრაფოდ გავერიდე მაგიდას.

ოფიციანტს მივაჭერი, ანგარიში მოვთხოვე და როცა ფული გადავიხადე, ტაქსის გამოძახებაც ვთხოვე._ გარეთ უამრავი ტაქსი დგას, გამოძახება არ არის საჭირო, _ გაოცებულმა ოფიციანტმა დაკვირვებით შემათვალიერა.

იქვე, ბართან მდგომმა ქალმა, რომელიც ტუჩებზე პომადას ისვამდა, გაგებით გამიღიმა, რადგან ხმაც ისევე მიკანკალებდა, როგორც თითები.

როცა უკან გამოვბრუნდი, თავი კვლავ მტკიცედ დავიჭირე და ჩემს სკამზე დავჯექი თუ არა, საოცრად მშვიდად ვთქვი.

_ 5 წუთში ტაქსი მოვა.

_ ტაქსი გამოიძახე?

_ ჰო, გიო, გამოვიძახე…

თითქოს რაღაც ჩაარტყესო თავში. არ ვიცი, რამ უფრო იმოქმედა მასზე _ ტაქსის ხსენებამ თუ მისი სახელის სწორედ იმ ფორმით წარმოთქმამ, რომელსაც აქამდე ამაოდ მოითხოვდა ჩემგან. მაგრამ ფაქტი ერთი იყო _ ის დამარცხებულს ჰგავდა.

_ რაღაც მინდა გითხრა… _ ყრუდ დაიწყო, _ ჩემს სათქმელს გეტყვი და მერე შეგიძლია წახვიდე, არ დაგაკავებ… _ მცირეოდენი პაუზა გააკეთა და კვლავ გააგრძელა, _ სახელით რომ მომმართე, რაღაც უჩვეულო ვიგრძენი. ასეთივე განცდა დამეუფლა სწორედ მაშინ, რესტორანთან რომ დაგინახე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე უჩვეულო ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე ცხოვრებაში შემხვედრია. ამიტომაც მოგიყევი გულახდილად ჩემი პირადი ცხოვრების სხვებისთვის უცნობი დეტალები. არადა, ჩვენი შეხვედრა ხომ პაემანი არ ყოფილა, ეს მხოლოდ ვახშამი იყო, საქმიანი ვახშამი, როგორც შენ აღნიშნე. მე კი ბოლო დღეებია, მხოლოდ შენზე ვფიქრობ, მხოლოდ ამით ვარ დაკავებული. არ მახსოვს, ბოლოს მსგავსი რამ როდის დამემართა. გამუდმებით დაძაბული ვარ. ფრთხილად ვეკიდები ყველა სიტყვას, რომელიც შენი თანდასწრებით უნდა წარმოვთქვა. ხომ ვივახშმე წეღან… სიმართლე გითხრა, არაფრისთვის გემო არ ჩამიტანებია, მხოლოდ შენი კანის გემო დამამახსოვრდა, როცა მხარზე გაკოცე. ჩემი ორგანიზმის ყველა უჯრედი შენკენ მოიწევს და ვგრძნობ, რომ ის, რაც ჩვენ შორის ხდება, არ მაკმაყოფილებს. არ გეგონოს, სექსი მინდა. არა! ერთი ღამის შენთან გატარება ჩემს გეგმებში არ შედის. უფრო მეტი მინდა. მინდა, რომ შენნაირმა ლამაზმა ქალმა ნამდვილი სიყვარულით შემიყვაროს… ახლა ცოტა ხნით გავალ, გავგრილდები, თორემ შეიძლება ავფეთქდე და ნაფლეთებად გავიფანტო. შენ კი მოიფიქრე, ნაჩქარევ პასუხს არ მივიღებ, იცოდე!

მინდოდა, მეთქვა, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია-მეთქი, მაგრამ გავჩუმდი.

გიო გავიდა…

 

პანიკამ შემიპყრო. როცა ის დაბრუნდა, მე იმავე პოზაში ვიჯექი, გაუნძრევლად…

_ აბა, რას ვაკეთებთ, მივდივართ? ტაქსიმდე მიგაცილებ! _ ცივი ხმით შემეხმიანა.

_ ჯერ დესერტი არ დამიმთავრებია… _ ამოვილუღლუღე და რომ ავხედე, გავოგნდი, ყბები უცახცახებდა.

_ მაგრამ ტაქსი, რომელიც გამოიძახე. ალბათ უკვე გელოდება.

_ მერე რა? ტაქსის შოფრებს დაცდა არ შეუძლიათ? _ მკვახედ მივახალე.

შემომხედა. ვიგრძენი, რომ სიწითლემ გამიარა, სამაგიეროდ, ცივმა ტალღამ დამრია ხელი. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ გავფითრდი… ვყოყმანობდი. მინდოდა, რაღაც მეთქვა და ვერ ვბედავდი. როგორც იქნა, ძალა მოვიკრიბე და ჩურჩულით აღმომხდა.

_ მინდა, რომ შენ მიმაცილო სახლამდე…

მეგონა, ჩემი სიტყვები გაახარებდა, დაამშვიდებდა, მაგრამ პირიქით. უარესად აფორიაქდა. მივხვდი, იგი ჩემს გადაწყვეტილებას ელოდა. უნდოდა, კიდევ მეთქვა რამე, ანუ გაცილების შემდგომი «მარშრუტიც» ახლავე გამერკვია. ეს ალბათ უნდა ყოფილიყო შინ შეპატიჟება ფინჯან ყავაზე ან ჩაიზე. ამის გამბედაობა კი არ მეყო, მიუხედავად იმისა, რომ ამწუთას ყველაფრისთვის მზად ვიყავი… ჩემი თავდაჯერებულობა და შეუვალობა წამში სადღაც გაქრა… უკარებას როლს ვეღარ ვთამაშობდი…

 

8 8 8

მართლაც, რამდენი ტაქსი იქვე იდგა, რესტორნის შესასვლელთან. რა უცნაურია, როცა მოვედი, არც კი შემინიშნავს. ნუთუ ისე მოვიჩქაროდი მისკენ, რომ ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ვამჩნევდი?

_ არ მინდა, ჩვენ შორის გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი, _ მითხრა მან, როცა მანქანის კარი გამიღო, _ როცა თქვი, სახლშიო, რომელი სახლი იგულისხმე? საით მივდივართ? დედასთან თუ ვერასთან?

_ ვერასთან, _ დავაკონკრეტე უჩვეულოდ შეცვლილი ხმით. ისე მაკანკალებდა, კბილს კბილზე ვაცემინებდი.

გიორგი გვერდით მომიჯდა. მთელი გზა შებოჭილივით ვიჯექი. ყველა მის მოძრაობაზე ვფეთდებოდი. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ კოცნას დამიპირებდა, მაგრამ ამაოდ. ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. იგი არც კი გადმოხრილა ჩემკენ.

ტაქსიმ მაღაზიასთან დაამუხრუჭა.

_ დიდი მადლობა სასიამოვნო საღამოსთვის, _ ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა გიომ, სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი.

_ მიხარია, თუ მოგეწონა, _ მზერა ავარიდე და გადმოვედი.

ის უკან მომყვა. ფეხზე ძლივს ვიდექი. გრძნობა და სურვილი ერთმანეთს ებრძოდა ჩემში. გიო კი ამ დროს კერძებზე ალაპარაკდა.

_ იხვი შეუდარებლად გემრიელი იყო.

მე კი მხოლოდ შოკოლადის გემო დამამახსოვრდა… შოკოლადის და კიდევ მისი თითის, რომელსაც ტუჩებით შევეხე…

ღმერთო, ნუთუ ასე უნდა დამთავრდეს ეს ღამე? როგორ მინდა, სახელი დავუძახო, როგორ მსიამოვნებს, როცა გიო-თი მივმართავ. თითქოს უდიდესი იდუმალებაა ამ სახელში და იდუმალებასთან ერთად, სიძლიერეც იგრძნობა… როგორ მინდა, მკლავები მომხვიოს, მკერდზე მიმიკრას, ჩემი სუნთქვა მისას შეერწყას, მაგრამ ამას ვერასდროს ვეტყვი, ამისთვის ძალა არასდროს მეყოფა… თავად უნდა მიხვდეს, რა მსურს, თავად!

მოიფიქრე რამე, გიო! _ კიოდა ჩემი გული.

განა ასე იქცევიან მამაკაცები, როცა ქალს აცილებენ? არა, ასე არავინ იქცევა! იქნებ ჯერ კიდევ მისტირის თავისი შვილის დედას? იქნებ უყვარდა კიდეც და დამიმალა? ჰო, ალბათ… მე, სავარაუდოდ, მისი იდეალური სიყვარულის ასლი ვარ მხოლოდ. რა მიამიტურად დავიჯერე მისი სიტყვები. რა მეშველება, როდის ვისწავლი ჭკუას?

_ აბა, კარგად, გიო… _ ვთქვი და მორჩილი ბავშვივით მორცხვად განზე გავიხედე.

_ მაგრამ ყავა?

_ ყავა? _ გაოცებულმა ავხედე.

_ ხომ აპირებ ყავაზე ჩემს დაპატიჟებას? თან არ უნდა მანახო, როგორ გაგირემონტა ოთახი დევიზმა? კატას არ მივეფერო? მეგონა, მის გამო იჩქარე რესტორნიდან წამოსვლა.

კატაო! კატა არც გამხსენებია… რემონტი _ მით უმეტეს.

_ მაშინ ტაქსის გავუშვებ, _ აღელვებულმა წარმოვთქვი და ჩანთის გახსნა დავაპირე, მაგრამ გიორგიმ დამასწრო და მძღოლს თავად გადაუხადა მგზავრობის ფული.

სადარბაზოში ოდნავ ბჟუტავდა ნათურა.

_ გიხდება ეს მოტკეცილი კაბა, _ ალაპარაკდა გიო, სანამ კიბეზე ავდიოდით, _ ასეთი ალბათ იმიტომ ჩაიცვი, რომ რესტორანში მყოფი ყველა მამაკაცი შენს დანახვაზე დაცემულიყო, არა?

_ ყველა მამაკაცი? _ სიცილი ამიტყდა.

_ თითქმის ყველა., _ შეასწორა, _ შეიძლება გადავაჭარბე. მაგრამ ფაქტია, სწორედ ასეთ შეკერილ კაბას უწოდებენ დიზაინერები «შედეგიანს», არა?

_ უკაცრავად? _ ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის.

_ ამ კაბას ჰქვია «გამაცილე სახლში».

_ არა, გიო, _ სიცილით შევუსწორე, _ ეს ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იწოდება შედეგიანად.

_ ესეც მინდოდა აღმენიშნა. შენი ფეხსაცმელი მართლაც შედეგიანია და თავისი საქმე ხუთიანზე გააკეთა. აი, მოვედით კიდეც.

მივხვდი, რომ კარის გაღებას ვერ შევძლებდი, ამიტომ ჩანთიდან გასაღები ამოვიღე თუ არა, გიორგის მივაჩეჩე ხელში…

ოთახში შესულმა ლაბადა გავიხადე, იქვე, შემოსასვლელში დავკიდე და სანამ იგი კარს კეტავდა, ჩუმი ხმით ვუთხარი.

_ რაღაც მინდა გითხრა…

_ მერე, მერე მითხარი, _ ჩურჩულით მიპასუხა, ხელები მხრებში ჩამკიდა და კედლის კუთხეში მიმიმწყვდია, _ ამწუთას შენგან მხოლოდ ერთი სიტყვის მოსმენა მსურს…

გავქვავდი. არა, ყველაფერი სხვანაირად უნდა მომხდარიყო… ასე არა… ასე არა…

_ მოცდა არც ერთს არ შეგვიძლია, _ გააგრძელა მან.

მისი თითები გამალებული სისწრაფით ამოძრავდა ჩემს სხეულზე… თეძოებზე, მუცელზე… მკერდს გაუყვა კოცნა-კოცნით, თან სველ კვალს ტოვებდა ტუჩებით… ძალა გამომეცალა. მოვეშვი, მივენდე, თავი გვერდზე გადამივარდა. ეს უკვე იმის ნიშანი იყო, რომ მას ვახშმად ჩემს სხეულზე ვეპატიჟებოდი…

ღმერთო ჩემო! ასე ურცხვად ჯერ არც ერთი მამაკაცი არ მომფერებია. თან მსიამოვნებდა, თან უფრო და უფრო ვიძაბებოდი.

_ გიო… _ სუნთქვაშეკრულმა მისი შეჩერება ვცადე, _       ძალიან გთხოვ…

_ მითხარი, რა გინდა… მითხარი, მითხარი… _ იმეორებდა იგი გამალებით, თან თავის საქმეს დიდი ოსტატობით განაგრძობდა.

ვგრძნობდი, რომ ვნებდებოდი, რომ მისი მოფერება ერთიანად მშლიდა, მადნობდა. მინდოდა, მისთვის თავიდანვე მეთქვა, რომ ჯერ მამაკაცთან არ ვწოლილვარ, რომ ის პირველი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ არ ვუთხარი… არ ვუთხარი, რადგან ჩვენ ორივემ თავიდანვე ვიცოდით, რით დამთავრდებოდა ეს ისტორია. რა მარტივი ყოფილა ყველაფერი…

_ მინდა ვიცოდე, შენ რა გინდა, გესმის? _ მეუბნებოდა იგი და ამით მაგრძნობინებდა, რომ მიუხედავად ვნების მოძალებისა, მზად იყო, თუ კარისკენ მივუთითებდი, დამორჩილებოდა ჩემს გადაწყვეტილებას.

და მე მივხვდი, რომ მისთვის ჩემთან ურთიერთობა თამაში სულაც არ იყო. იმდენად იმოქმედა ამ აღმოჩენამ ჩემზე, რომ ცრემლით ამევსო თვალები… არა, მე მას არსად გავუშვებ! რაც მოსახდენია, მოხდეს! პატარა გოგო დიდი ხანია, აღარ ვარ!

საღამო დამთავრდა… ახლა ღამე იწყებოდა… ვნებით, ლტოლვით, გრძნობებით სავსე ღამე…

 

8 8 8

დილის მზის სხივები გიოს მხრებს ეცემოდა, რის გამოც ერთიანად ულაპლაპებდა მხრები და გულმკერდი. მე ახლა მხოლოდ მას ვხედავდი _ ჩემი ოცნების რაინდს _ უშიშარს, ძლიერს, თბილს და მოსიყვარულეს.

_ თათია… _ გიომ ჩემი სიჩუმე ვერ აიტანა. როგორც ჩანს, შეშფოთდა. მთელი ღამე ისე გაილია, ერთი სიტყვაც არ დამცდენია.

_ ყავას ხომ არ ინებებთ, რაინდო? _ თავი წამოვწიე და თვალებში ჩავხედე.

ჩემმა გაღიმებულმა სახემ შვება მოჰგვარა.

_ როგორ ხარ? _ ნაზად მკითხა.

_ როგორც მეორედ დაბადებული. ცხოვრებაში პირველად, არაფერზე ვფიქრობ, არ მახსოვს არც ერთი პრობლემა, რომელიც გუშინდლამდე მაწუხებდა. აი, ასე ვარ.

პასუხად მან მაკოცა. ეს ერთგვარი სამადლობელი კოცნა იყო.

დღეიდან სულ სხვა ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცოდი, მერამდენე, მაგრამ ვიცოდი, როგორი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ადიდებულ მდინარეში შევცურე, ტალღებს შევებრძოლე და მეორე ნაპირამდე მშვიდობით გავედი… საზღვრები გადავლახე თითქოს და სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. სამყაროში, სადაც ჩემს სურვილებს ბოლომდე «ემუქრებოდა» ასრულება…

_ კნიაგინია, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, _ ოდნავ აღელვებული ხმით მითხრა გიომ.

_ ისე შენსაზე დგახარ? არ მოეშვები მაგ სახელს? _ კოპები შევკარი.

_ გეფიცები, არასდროს არავისთვის ამ სახელით არ მიმიმართავს, შენ გარდა!

მზე საიდანღაც გამოჩენილ ღრუბლებს მიეფარა. ჩრდილმა დაისადგურა გიოს მხრებზე.

_ არასდროს? _ ჩავეკითხე.

_ არასდროს, _ ოდნავ ყოყმანით მომიგო.

გაგრძელება იქნება