ლეგენდარული მომღერლების ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს. უმშვენიერესი, უბერებელი ნანი ბრეგვაძე დღეს ძველი და ახალი თაობის საყვარელი მომღერალია და მისი შვილი ეკა მამალაძეც საზოგადოებისთვის არანაკლებ საყვარელი და ცნობილია. განსხვავებულ ჟანრში, თუმცა არანაკლებ წარმატებულად საქმიანობს ეკას ქალიშვილი, ნატალია ქუთათელაძეც.
ეკა მამალაძე 1960 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. მომღერლობაზე არასდროს უოცნებია, თუმცა პროფესიონალური მუსიკალური განათლება ოჯახში აუცილებელი იყო. ტელევიზიაში პირველად 6 წლის ასაკში გამოჩნდა, როცა კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის საახალწლო სიმღერა შეასრულა. დიდ სცენაზე გამოსვლა კი 1980-ინი წლებიდან დაიწყო. გამორჩეულია დედასთან ერთად ნამღერი ცნობილი სიმღერები: „მინდვრად დაგიჭერ პეპელას“, „ერთხელ ამამღერე“, „გოგოვ, გოგოვ შავთვალა“, „მეფის ქალი“ და სხვა.
ვიდეო: "გენის გაგრძელება..." - გენიალური ნანი ბრეგვაძისა და ნატალია ქუთათელაძის საოცარი შესრულება
ყოველთვის ინტერესს წარმოადგენდა ეკას პირადი ცხოვრება. მისი პირველი მეუღლე გოგი საყვარელიძე იყო. მათი ურთიერთობა რვა წელს გაგრძელდა, გოგი ორი წელი ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი შვილი დარჩა - ლევანი და გოგი.
"18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი, ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. ალბათ მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება ასეთ ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, რომ შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, უკვე დაღვინებული გახლდათ. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს" - იხსენებდა ეკა მამალაძე.
ნანი ბრეგვაძისა და მერაბ მამალაძის შვილიშვილი, ეკა მამალაძის და მერაბ ქუთათელაძის ოჯახში დაბადებული მომავალი ვარსკვლავი, ბავშვობიდან სარგებლობდა პოპულარობით, თუმცა ცნობილი ოჯახი არ ყოფილა ნატალია ქუთათელაძის წარმატების გასაღები. ის მცირე ასაკიდან განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით გამოირჩეოდა და კარიერაში არაერთი დიდი წარმატებაც აქვს. ნატალიას ბოლოდროინდელი წარმატებებიდან აღსანიშნავია Teatro Municipal De Santiago-ში, რომელიც წარმოადგენს ჩილეს ეროვნულ თეატრსა და კულტურულ ცენტრს, ჟორჟ ბიზეს ოპერაში "კარმენი" სადებიუტო როლი. მის გამოსვლას შესანიშნავი შეფასებები მოჰყვა. ნატალიას ჰყავს ოჯახი, მეუღლე, აჩიკო ჯაფარიძე და შვილი, სანდრო. მათთან ერთად მუსიკოსი დიდ დროს ატარებს და პატარა სანდრო უკვე გასტროლებზეც დაჰყავს.
ამჯერად, მომღერალ ნანი ბრეგვაძის პატივსაცემად მისი ცხოვრების მთავარი სიმბოლოს – ყვავილის თეთრი მაგნოლიის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე ნანი ბრეგვაძესთან და მის შვილთან ეკა მამალაძესთან ერთად, ცნობილი ქართველი მსახიობები, მუსიკოსები და მოცეკვავეები, მათ შორის ია ფარულავა, ნინო ანანიაშვილი და სხვა ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ.
როგორც ცოტა ხნის წინ ზურა შევარდნაძე წერდა, თეთრი მაგნოლია ნანი ბრეგვაძის ცხოვრების მთავარი სიმბოლოა:
„ნანი ბრეგვაძე! როცა ამ სახელს და გვარს ამბობ, ხედავ ირგვლივ ყველა როგორი მოწიწებით და პატივისცემითაა, დიდი მაგალითია და ძალიან გვიყვარს... გვინდოდა, მისი სახელობის ყვავილი გვქონოდა. თითონ მაგნოლია აირჩია, მიყვარს, სოხუმს და ბავშვობას მაგონებსო. ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილისაგან ჯადოსნური ხელებით შეკერა ეკა ძამუკაშვილმა, ლამაზი კადრები და ფოტოები გადაიღო ხატია მაღლაკელიძემ და ზაქარია ჭელიძემ. ხავერდის კოლოფზე შვილები და შვილიშვილები ზრუნავენ და ნანის მაგნოლია მზადაა. სამკაულად, სასაჩუქრედ, უბრალოდ სამშვენისად… თუ მოგინდებათ, თქვენც გქონდეთ, გარდენიაში შეგიძლიათ მოიკითხოთ. ბევრს და სერიულად ვერა მაგრამ, რამდენიმეს სიყვარულით დაგიმზადებთ“, – წერდა ზურა შევარდნაძე.