მსახიობი ანა ტყებუჩავა უკვე არაერთი წელი და უფრო მეტი სატელევიზიო სეზონია, "ჩემი ცოლის დაქალებში" ნინას როლს ასრულებს. გაუთავებელი ოჯახური გაუგებრობები ცხოვრებისეული რუტინით დაღლილი მრავალშვილიანი დედის სავიზიტო ბარათად იქცა. ეკრანს მიღმა კი ანას ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია. ის რეჟისორ ლევან ბარამიძეზეა დაქორწინებული. ანა ამბობს, რომ მეუღლეს მისთვის სიმშვიდე მოაქვს და არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას არ შეუძლია. ანას და ლევანს ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ.
"ლევანი ძალიან ნათელი და მშვიდი ღრუბელია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა. რთული პერიოდი მქონდა, ძვირფასი ადამიანები დავკარგე და ავირიეთ მეც და ჩემი სამეგობრო წრეც. ძალიან მინდოდა იმ რეალობიდან გაქცევა. ამ დროს სერიალი უკვე დაწყებული იყო. ლევანი, როგორც რეჟისორი, მეგობარმა გამაცნო. ჩვენს ოჯახში ძალიან ხმაურიანი ხალხი ვცხოვრობთ, დედა გურულია და მამა - მეგრელი. მეც ასეთი ვარ... მაგრამ ლევანი ძალიან წყნარია, არავის აწუხებს, ისე აკეთებს ყველაფერს. ამიტომ მისი გამოჩენა ჩემთვის დიდი სიმშვიდის მომტანი იყო. ისე მივეკარი, თავად, მგონი, არც გეგმავდა სერიოზულ ურთიერთობას.
არ მომწონს ძალიან მოლაპარაკე და აქტიური მამაკაცები. დინჯი, სიტყვაძუნწი კაცები უფრო მომწონს და ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა. მე მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. შეიძლება მაშინ მქონდეს დისკომფორტი, როცა კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ ესეც ცხოვრების ნაწილია. მე არ ვარ ჰოლივუდის ვარკვლავი, სინათლე და წყალი როგორც სხვებთან, ისე ჩემთანაც მიდის და ამის გამო შეიძლება მოუწესრიგებელი ჩავიდე მაღაზიაში. მაკიაჟს არ ვხმარობ ყოველდღიურად, მეუღლემდეც ასე იყო და შემდეგაც.
კარგად მახსოვს ლევანთან შეხვედრის პირველი ემოციები. ძალიან ბევრი ვილაპარაკე ამ დროს, აკა მორჩილაძის წიგნი მათხოვა და სახლამდე შორი გზით მივედით. მახსოვს, მაშინ ვიფიქრე, ეს თუ ასე ექცევა ქალებს, როგორც მე, საოცარი მამაკაცი ყოფილა-მეთქი. სიყვარული რომ ამიხსნა, მითხრა, მიყვარხარ, მაგრამ კიდევ ერთი ვინმე მიყვარს და ეს ჩემი პროფესიააო" - იხსენებდა ანა ტყებუჩავა.
ამჯერად მსახიობი წლების მატებისა და თავის მოვლის შესახებ ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს:
"ვვარჯიშობ და 40 წლის ასაკში ჩემს თავს კიდევ ერთი საჩუქარი გავუკეთე – სიგარეტს დავანებე თავი. სამი ოქროს წესი მაქვს: წყალი აუცილებლად უნდა მივიღოთ მთელი დღის განმავლობაში; არასოდეს უნდა დავიძინოთ მაკიაჟით და ძილის წინ სახე ყოველთვის სპეციალური საშუალებებით დავიბანოთ; არასდროს წავისვათ ნაჩუქარი კრემები ცნობისმოყვარეობის მიზნით, თუ კარგად არ გავერკვევით, რამდენად მიესადაგება ჩვენი კანის სტრუქტურას.
ჩემთვის სასურველია, მქონდეს ის წონა, რომელიც ამა თუ იმ ასაკში მისაღებია. როცა სასურველ წონაზე ვარ, მაშინ ჩემს გარეგნობაში ყველაფერი თავისთავად ლაგდება. როგორც კი ვიმატებ, ბევრი რამის სურვილი მეკარგება ცხოვრებაში.
ანი ტყებუჩავამ 15 კილოგრამი დაიკლო - მსახიობი წონაში კლების საიდუმლოს გვიმხელს
საბედნიეროდ, წონის პრობლემა მხოლოდ ორსულობების შემდგომ პერიოდებში მქონდა. პირველი ბავშვი რომ გავაჩინე, მეათე დღეს გავედი გადასაღებ მოედანზე და ძლივს დავდიოდი, რადგან თან საკეისრო გავიკეთე და თან დიდი წონა მქონდა. სანამ სასურველ ფორმაში არ ჩავდექი, გადაღებების გარდა არსად დავდიოდი, არც მეგობრებთან მინდოდა შეხვედრა, რის გამოც ალბათ ბევრი გავანაწყენე.
ვერ ვგრძნობ, რომ 40 წელი ერთგვარი ზღვარია ჩემს ცხოვრებაში, თავი 25 წლისა მგონია. ბებია რომ გავხდები, ალბათ უფრო ვიგრძნობ ასაკს. არასოდეს მიფიქრია, როგორი ვიქნებოდი 40 წლის ასაკში. ერთი კი ვიცი, რასაც დღევანდლამდე მივაღწიე, ეს საკუთარი შრომის, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით შევძელი. ხშირად კარიერაში რაღაცაზე უარი მითქვამს, მაგრამ მეგობრებს შემოვუტრიალებივარ და აზრი შემიცვლია. ჩემთვის ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, რას შევქმნი და როგორი მეთოდებით. ყველაფერში ძალიან დიდ შრომას ვდებ და სამყაროსგანაც მიბრუნდება სიყვარული და დაფასება" - ამბობს ანა ტყებუჩავა.