„9 დეკემბერი თქვენი დღეა! ჩემი ყველაზე ბედნიერი დღე! გილოცავთ! იდღეგრძელეთ კოკო და მარიამ!" - წერდა გია როინიშვილი სოციალურ ქსელში და შვილებს დაბადების დღე მიულოცა.
თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ქალიშვილი, მარიამ როინიშვილი ქართველი სოპრანოა. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.
მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
"ბავშვობაში სმენა დამიქვეითდა... ეს ნივთი თითქმის ჩემი სხეულის ნაწილი გახდა" - მარიამ როინიშვილი
ოჯახის ტრადიციას აგრძელებს კოკო როინიშვილიც, რომელიც ასევე ხელოვნების სფეროში ტრიალებს. ის მსახიობი და რეჟისორია და ცოტახნის წინ სახელოვნებო ჰაბი შექმნა: „ჩვენ ვართ „ქალაქის თეატრში“, რომელიც ჩვენთვის გახდა უმნიშვნელოვანესი სივრცე, მეორე სახლი, ოჯახს არაფერი ცვლის, მაგრამ აქაც ერთად ვართ, მეც, ანიც და მაროც… ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან ერთად და ვაშენებთ ქალაქის თეატრს. მისი დაფუძნების იდეა ადრევე გაჩნდა სამეგობროში, ძალიან დიდი წრე გვყავს, ვეძებდით ადგილს და ჩვენმა ერთმა მეგობარმაც გვაპოვნინა ეს შესანიშნავი ადგილი, თამარ მეფის 18 ნომერში, სადაც ვთქვით, რომ თეატრი უნდა ყოფილიყო. მისი კარი ღიაა ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, თავისი შემოქმედება გამოფინოს, დადგას სპექტაკლი ან ჩაატაროს კონცერტი და ამისი საშუალება სხვაგან არ ეძლევა“ - ამბობდა კოკო როინიშვილი.
კოკო როინიშვილი უკვე არაერთი წელია, ასევე მსახიობ ანი იმაძეზეა დაქორწინებული. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.
მარიამ და კოკო როინიშვილებს დაბადების დღე ერთ დღეს აქვთ, მათ შორის ასაკობრივი სხვაობა კი ზუსტად ერთი წელია. მათ განსაკუთრებული და-ძმობა და სიყვარული აკავშირებთ, რის შესახებაც საჯაროდან არაერთხელ უსაუბრიათ. ისინი აღნიშნავენ, რომ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ყოველთვის ერთად იღებენ.
"დღეს 9 დეკემბერია... დღე, როდესაც კოკო გაჩნდა... ბედნიერებაზე ბევრად მეტია შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში... ყოველთვის მეგონა რომ ტყუპები ვიყავით, რადგან ორივე 9 დეკემბერს დავიბადეთ... გვიან მივხვდი, რომ ერთი წლით დიდი ვიყავი თურმე შენზე... ამიტომაც, არ მახსოვს როგორ და როდის შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში... ჩემი განუყოფელი ნაწილი ხარ... სულ მინდა საჯაროდ გითხრა, როგორ მიყვარხარ და რამდენს ნიშნავ ჩემთვის, მაგრამ მერიდება.. ჩემი რომ ხარ და რომ უნდა გაქო, აი ეგ მერიდება...უდიდესი საყრდენი ხარ და მადლობა გიას და თამრიკოს, რომ მარტო ყოფნისთვის არ გამიმეტეს და შენი თავი მაჩუქეს. ეგოისტურად მიყვარხარ და სულაც არ მაწუხებს ეს ამბავი. საკუთარი დაბადების დღე მიყვარს იმიტომ, რომ შენ დაიბადე ამ დღეს... ყველა დროის დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი ხარ, კო... მიყვარხარ, მეიმედები, მეამაყები... სულში მიყვარხარ...!"-წერდა მარიამ როინიშვილი რამდენიმე წლის წინ. წლევანდელი დაბადების დღეც და-ძმამ ერთად აღნიშნა, კადრები კი მათმა მეგობრებმა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეს.