"ბავშვობიდან ველიჯანას მეძახიან, გვარის შემოკლებული ფორმაა. რაღაც ბუნებრივად დამკვიდრდა და მომწონს" - გვეუბნება მსახიობი, ტელე-რადიოწამყვანი დავით ველიჯანაშვილი. მრავალმხრივი ადამიანია - აქტიური, შრომისმოყვარე და საქმიანი. ამიტომაც იცნობენ სპექტაკლებიდან, სერიალიდან, ტელევიზიიდან, რადიოდან. ამასთან, ცნობილი ხმაა, წლებია, სერიალებს ახმოვანებს.
მეცხრამეტე სეზონზე "ჩემი ცოლის დაქალებიშიც“ აღმოჩნდა. არც ისე მარტივი პერსონაჟის თამაში უწევს. თუმცა მიაჩნია, რომ ამ როლზე მუშაობისას საინტერესო პროცესს გადის.
დავით ველიჯანაშვილისა და ირინა ფრუიძის სიყვარულის ამბავი
- "ჩემი ცოლის დაქალებში“ ბევრი წლის წინ ვიყავი. ოღონდ, ერთადერთი ეპიზოდი მქონდა, მგონი, მე-5 სეზონზე, მსახიობ თინა მახარაძესთან ერთად ვითამაშე. ეს მაყურებელმა ინტერნეტში დაწერილ კომენტარებშიც გაიხსენა. მოკლედ, ახლა ის პერსონაჟი სხვა ცხოვრებით და სხვა ამბებით დაბრუნდა... ამ ჯგუფთან "ხელოვნურ სუნთქვაზეც“ ერთი სეზონი ვიმუშავე. მაღალი დონის სერიალი იყო, სწორი და აუცილებელი მესიჯები ჰქონდა - ჟანრობრივად სოციალური დრამა იყო...ახლა „ჩემი ცოლის დაქალების“ მეცხრამეტე სეზონი მიდის. მაყურებლისთვის მართლა საკულტო სერიალი გახდა. მას ძალიან ნიჭიერი ადამიანები აკეთებენ. ეს სეზონი საკმაოდ საინტერესო გამოდის, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე ვმონაწილეობ. ვერც იმას ვიტყვი, რომელიმე სეზონი მეტი თუ ნაკლები იყო. თანაბრად წარმატებული და მრავალმხრივია. მებისმიერი ადამიანი აქ ისეთ ხაზს და ხასიათებს დაიჭერს და აღმოაჩენს, რომელიც მისთვის საინტერესოა და ის ამბები ჩვენ გარშემო ხდება.
- როლი როგორ მიიღეთ?
- იმ წუთისთვის შთაბეჭდილება აღმაფრთოვანებელი იყო. ქასთზე ეკა მჟავანაძემ მიმიწვია, მერე ირაკლი საღინაძეს შევხვდი და რა პერსონაჟის შესახებ ვისაუბრეთ. მიწვევას დიდი სიხარულით დავეთანხმე იმიტომ, რომ როგორც მსახიობს, მიმაჩნია, რომ რაც ჩემთვის ნაცნობი და პროფესიულად გათელილი როლია, იმის მიმართ შეიძლება ნაკლები ინტერესი მქონდეს. როცა მსახიობს შემოქმედებითად საინტერესო შემოთავაზებასთან გაქვს საქმე, ცხადია, მიმზიდველია. მოკლედ, უნდა შემექმნა გმირი, რომლის მსგავსი არასდროს შემიქმნია, რომელიც ჩემი პიროვნებისგან, დავით ველიჯანაშვილისგან აბსოლუტურად შორსაა. მივხვდი, რომ სხვა ადამიანის თამაში მომიწევდა, რაც საინტერესო გამოწვევაა.
- მეუღლე ირინა ფრუიძე ცნობილი ქალბატონია. პარლამენტის დეპუტატიც იყო. ასევე პოპულარული გადაცემის - „რა? სად? როდის?“ მოთამაშე. როგორია ასეთი ჭკვიანი ქალბატონის გვერდით ყოფნა?
- ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადამიანია, ვისთან ერთადაც გადავწყვიტე, გადამედგა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, - შემექმნა ოჯახი და მყოლოდა შვილები. გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის, თუ ცხადია, გაუცნობიერებლად არ მიიღებ ადრეულ ასაკში. ეს იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთან ერთადაც მომინდა ამ ნაბიჯის გადადგმა. იმ დღის მერე არაფერი შეცვლილა და გაუფერულებულა ჩვენს ურთიერთობაში. იქიდან აქამდე დიდი სითბოთი და სიყვარულით ვცხოვრობთ. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე იქნება... შეიძლება მკითხველმა არც დაიჯეროს, მაგრამ მე და ჩემს მეუღლე სერიოზულად არც გვიჩხუბია. რაც შეეხება იმას, როგორია ჭკვიანი ქალის გვერდით ყოფნა, გეტყვით, რომ განათლებულ, ღირსეულ ადამიანთან ურთიერთობა ბევრად საინტერესოა. რომ გითხრათ, სადმე ჩვენი შეხედულება და პოზიციები გაყოფილია-მეთქი, - არა. როცა გააზრებულად ეს ნაბიჯი გადავდგით, უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი ფასეულობების 99% ერთმანეთს ემთხვეოდა. შესაბამისად, აქ ყველაფერი გარკვეულია. თან როცა ორი ადამიანი მშვიდია, გაწონასწორებულია, ეს ყველაფერს ეხმარება. მგონია, რომ ერთმანეთს იდეალურად ვავსებთ.