ცეკვავენ ვარსკვლავების“ არაერთი სეზონის მონაწილე ჯულიანა ბარგნარი ბევრისთვის საყვარელი მოცეკვავეა. ჯულიანა ეროვნებით ასურელია, თუმცა საქართველოში დაიბადა. რამდენიმე წლის განმავლობაში ის რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა 6 წლის ასაკში უკან დაბრუნდა და სამი წლის შემდეგ ცეკვაც დაიწყო.
მამა, ვალერი ბარ-გნარი, საქართველოში გაიზარდა. დედა - ვერა ვარდაევა, აზერბაიჯანელია. ჯულიანას ბაბუა ბავშვობაში თურქეთში ცხოვრობდა. საიდანაც გამოიქცა რუსეთ-თურქეთის ომის დროს. თბილისში დასახლდა და მას შემდეგ საქართველოში ცხოვრობენ.
"დედა განჯაში ცხოვრობდა. მამა მეგობრებთან ერთად იქ ხშირად ჩადიოდა. გაიცნეს ერთმანეთი. თავიდან ერთმანეთს წერილებს სწერდნენ. ახლა ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკულად ჟღერს. 18 წლის ასაკში დედა მამას ცოლად გაჰყვა და საქართველოში ჩამოვიდა საცხოვრებლად. ჩვენ რაღაც პერიოდი რუსეთში ვცხოვრობდით. ბიძაშვილი სანქტ-პეტერბურგში წავიდა საცხოვრებლად. ბიზნესი ჰქონდა და ჩვენც წაგვიყვანა. სანქტ-პეტერბურგში ოთხ წლამდე ვცხოვრობდით. ბებია შეუძლოდ გახდა და საქართველოში დავბრუნდით.
“თვალები უსიტყვოდ ამბობენ ყველაფერს” - ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის ახალი ვიდეო
მყავს ძმა ვოვა, რომელიც ახლა პეტერბურგში ცხოვრობს, პატარა გოგონა ჰყავს, ევა. დას ირინა ერქვა, რომელიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ირინა 36 წლის იყო.
დეიდაჩემს ძალიან უნდოდა, რომ მოცეკვავე ვყოფილიყავი. სკოლაში სანამ შევიდოდი, დედას არწმუნებდა, ცეკვაზე მივეყვანე" - ამბობდა ჯულიანა.
როდესაც პირველ კლასში იყო, სკოლაში სპორტული ცეკვების წრეზე დაიწყო სიარული, შემდეგ კი მოხვდა ერთ-ერთ სამეჯლისო ცეკვების კონკურსზე. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ცეკვებს უნდა გაჰყოლოდა.
"თბილისის 30-ე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც აერობიკაზე დავიწყე სიარული და პარალელურად თანამედროვე ცეკვებზე დავდიოდი. ჩემი მეგობრები ლათინურ-ამერიკულ ცეკვებზე დადიოდნენ და სრულიად შემთხვევით მიმიწვიეს ერთ-ერთ კონკურსზე. მაშინ ცხრა წლის ვიყავი. სამეჯლისო ცეკვები პირველად რომ ვნახე, მივხვდი, შინაგანად რაღაც აინთო ჩემში. იმასაც მივხვდი, რომ ეს ცეკვები ჩემი იყო. იმ კონკურსზე ვინც პირველი, მეორე და მესამე ადგილი დაიკავა, ყველას ერთი პედაგოგი ჰყავდა. გავიგეთ, სად იყო ის მასწავლებელი და მასთან მივედი. ოთხი წელი ვცეკვავდი. მერე ის მოსკოვში გადავიდა და სტუდია "თელაში" დავიწყე ცეკვა. რაღაც პერიოდი ცეკვის სხვა ფედერაციაში დავდიოდი. მერე, როდესაც ოთო ფოლადაშვილთან დავდექი წყვილში, ისევ "თელაში" დავბრუნდი და ახლა ამ სტუდიაში ერთ-ერთი მასწავლებელი ვარ" - ამბობდა ჯულიანა.
ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებდნენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია „oTo&Juliana Project” აქვთ.
მათ მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსშიც აქვთ მიღებული და ამ ხნის მანძილზე უამრავი ჯილდოც დაიმსახურეს. ჯულიანას პირველი მეწყვილე იყო როლანდ ბაირამოვი, რომელთანაც ძალიან წარმატებული კარიერა ჰქონდა.
არაერთი ჭორი აგორებულა ოთოს და ჯულიანას შესაძლო რომანის შესახებ, თუმცა წყვილი ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობს:
"არც მე და არც ოთო მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ და ეს აქტიურობა და ინტერესი ჩვენზე არანაირად არ მოქმედებს. გააზრებული გვაქვს, რომ როცა ცნობილი სახე ხარ, ბუნებრივია, ამ თუ სხვა მიზეზით, შენზე ისაუბრებენ. ჩვენ ჩვენს საქმეებში ვართ ჩაფლული და ამას ყურადღებას არ ვაქცევთ“, – ამბობს ჯულიანა.