ლადო, 50 წლის, გინეკოლოგი. 1996 წლის მარტი:
დღეს დავიღალე, თუმცა უფრო ემოციურად. იუბილე მქონდა. ხუმრობა ხომ არ არის, 50 წლის გავხდი. კარგა დიდი სუფრა გამოვიდა, ოცდაათ კაცამდე შეიყარა, გადაივსო რესტორანი. გამგეობიდანაც დავპატიჟე რამდენიმე. მშვენივრად ჩაიარა ყველაფერმა, ექსცესების გარეშე. რამდენი მაქეს და მადიდეს… არადა, რა მაქვს საქებარი, ერთი უშვილძირო გინეკოლოგი ვარ. არასდროს არ მქონია სურვილი, ცოლი მომეყვანა და შვილები მყოლოდა. მთელი ჩემი სიცოცხლე ქარივით თავისუფალი ვიყავი და დღემდე მომწონს ეს მდგომარეობა. არავის წინაშე ვალდებულება არა მაქვს, - არც ცოლის, არც შვილის და არც არავის. სამაგიეროდ, საყვარელი ქალი მყავს - ჯამაიკა. ო, რა ქალია! ახლაც კი. 36 წლისაა და ისეთი ლამაზია, ყველას თვალს ჭრის. ნაჯვარი რომაა, ალბათ, უფრო იმიტომ. დედა იამაიკელი ჰყავდა, მამა - ქართველი. შალვას, მამამისს, თურმე მოსკოვში გაუცნია ეჰეეე… ადამ-კუკუს დროს, 50-იანების ბოლოს. სერიოზული გრძნობა არც ჰქონიათ, სულ რამდენჯერმე შეხვედრიან ერთმანეთს. მერე ის გოგო დაორსულებულა და დაორსულება გამოეპარა თურმე. როცა მიხვდა, რომ ორსულად იყო, აბორტი აღარ შეიძლებოდა და იძულებული გახდა, გაეჩინა. შალვამ ცოლად გამომყევიო, იმან კიო, გამოგყვებიო, მაგრამ იმშობიარა თუ არა, ერთ თვეც არ უცხოვრიათ ერთად, რომ გაპარულა და შალვას შერჩა ჩვილი ხელში. რაღას იზამდა, მარტომ გაზარდა შვილი. ბავშვს ჯამაიკა დაარქვეს. როცა გოგონა 13 წლის გახდა და წამოიჩიტა, შალვას სამსახურის საქმეები აებურდა მოსკოვში, სასწრაფოდ გაყიდა ყველაფერი და ჩამოვიდა საქართველოში. ჯამაიკაც თან წამოიყვანა. ოოო… ის პერიოდი რომ მახსენდება, ახლაც ჟრუანტელი მივლის. პირველად რომ ვნახე ეს ცამეტი წლის გოგო, მეგონა, მოწიფულ ქალიშვილს ვუყურებდი. ოხ, რა იყო! ასხლეტილი, ტანწერწეტა, დიდი ბრიალა თვალებით, ოდნავ წინ წამოწეული კბილებით, მაგრამ ისეთი ლამაზი პირი ჰქონდა, თვალს ვერ მოაშორებდი. ჩემ თვალწინ გაიზარდა. შალვას ცოლი აღარ შეურთავს, მარტომ გაზარდა გოგონა. უცნაური ფერის კანი ჰქონდა ჯამაიკას. არც მთლად ზანგივით შავი იყო, არც მთლად მულატივით ყავისფერი. უფრო ღია, მაგრამ მაინც ჩვეულებრივზე მუქი. თვალებიც შავი, შავი. კინაღამ გონი დავკარგე, რომ შევხედე. ქართულად კარგად საუბრობდა, მაგრამ სანამ ხმას ამოიღებდა, ეგრევე იფიქრებდი, უცხოელიაო.
სკოლაც აქ დაამთავრა ჯამაიკამ. ვერ ვიტყვი, რომ კარგად სწავლობდა, ბევრი არაფერი, მაგრამ რაღად უნდოდა სწავლა. შეხედავდი და ყველაფერს დაგავიწყებდა. რას არ ვიზამდი, ოღონდ ჩემი გამხდარიყო. როგორ არ ვეცადე, დავახლოებოდი, მაგრამ გგონიათ, ახლოს გამიკარა? დედამისზე ყველაფერი იცოდა, ამიტომ სულ თავის თავში ჩაკეტილი იყო. აქეთ მამა ამუნათებდა, შენ მაინც იყავი წესიერად, თავი არ მომჭრა და ვინმეს შენზე ცუდი არ ათქმევინოო. ისეთი უკარება იყო, ისეთი უკარება, რომ არც ერთი ბიჭი არ მიუშვა ახლოს, ვისაც კი მოეწონა ან შეუყვარდა.
ამასობაში გაიზარდა ჯამაიკა, დაქალდა, დამშვენდა. სკოლა რომ დაამთავრა, სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა. მამა გაულოთდა, თვითონ ისე არ უსწავლია, რომ დამოუკიდებლად შესძლებოდა ინსტიტუტში ჩარიცხვა და აბა, რეპეტიტორებს ვინ დაუქირავებდა? შალვამ მთხოვა, რადგან ერთმანეთთან ვმეგობრობდით, იქნებ რამე მომიხერხოო. ვიფიქრე, საფერშლო მაინც დავამთავრებინო-მეთქი, მაგრამ ჯამაიკამ დააბრიალა თავისი ბრიალა თვალები და არაო, მითხრა. ნემსის მეშინია, ავადმყოფები მეზიზღება, ამიტომ ჩემგან ექთანი ვერ დადგებაო. მაშინ ავდექი და ერთ პარიკმახერს მივაბარე, მადონას. ერთ დროს მასთან "შურიმური" მქონდა და ისე ვუყვარდი, როგორ მეტყოდა ასეთ წვრილმან რამეზე უარს.
ასევე დაგაინტერესებთ: მეორე ნაპირი - თავი 11
და დაიწყო ჯამაიკამ სილამაზის სალონში მუშაობა. ისწავლა თმის შეჭრა, დავარცხნა, წარბების აქნა, მანიკიური და რა ვიცი, თითქმის ყველაფერი, რაც საჭირო იყო. მადონას თავი ქუდში ჰქონდა. თვითონ დაშლიგინებდა აღმა-დაღმა და თავის ნაცვლად ხანდახან მთელი დღის განმავლობაში ჯამაიკას ტოვებდა სალონში. მერედა, როგორ გაიფურჩქნა მადოს სალონი მას მერე, რაც იქ ჯამაიკამ დაიწყო მუშაობა. ყველა კაცი, ახალგაზრდა თუ ხანშიშესული, პირტიტველა თუ წვერიანი მადონასთან იკრეჭდა თმას, მადონასთან იპარსავდა წვერს… ოღონდ კი ჯამაიკა შეხებოდა, ოღონდ კი ჯამაიკა მომსახურებოდა და სულ არ გამოვიდოდნენ იქიდან! გაგიჟებული იყვნენ კაცების პარიკმახერი რეზო და დალაქი კოსტა, რაც ეს გოგო გამოჩნდა, ჩვენ აღარავინ გვეკარებაო.
რა თქმა უნდა, მეც მადოს სალონში დავდიოდი და ჯამაიკასთან დაახლოებას ვცდილობდი. ვერა, ვერ მოვახერხე. მეც იმათ გზას გამიყენა, ვინც ჩემსავით ცდილობდა მის მოთაფვლას. თუმცა კი დავმეგობრდით. ყველაფერს მიყვებოდა თავის შესახებ, დედამისზე, მამამისზე, თავის ცხოვრებაზე… გულს გადამიშლიდა, სანამ თმას შემკრეჭდა.
საოცარი თითები ჰქონდა ჯამაიკას - გრძელი, გრძელი, თლილი, თლილი. თანაც ფერი? მუქი, მუქი, აი, შედედებული რძე რომ იყიდება კაკაონარევი, ზუსტად ისეთი.
ასევე დაგაინტერესებთ: ზედმეტი ტვირთი - თავი 9
მის ცოლად მოყვანაზე არასდროს მიფიქრია. არც მინდოდა. ჯერ ერთი, ცოლი არ მინდოდა, რადგან ქალები თავზე საყრელად მყავდა. გარდა იმისა, რომ კარგი გინეკოლოგის სახელი მქონდა გავარდნილი, წარმოსადეგიც ვიყავი, სიმპათიური და ეს ექიმი ქალები, - გათხოვილები, გასათხოვრები თუ გაუთხოვრები, ზედ მახტებოდნენ. არ ვაჭარბებ, ყოველთვის 50 წლის კი არ ვიყავი. თანაც, ჯამაიკა გაურკვეველი წარმოშობის იყო, მამაც დაბალი ფენის წარმომადგენელი ჰყავდა, რომელ ცოლობაზე იყო ლაპარაკი. მე, პარტიულ ლადო კოხრეიძეს, შალვა ქურდაძის შვილი მინდოდა ცოლად? ხომ გადამასახლებდა დედაჩემი!
მერე ისე მოხდა, რომ ორი წლით სხვა ქალაქში გადამიყვანეს სამუშაოდ და როცა დავბრუნდი, ჯამაიკა უკვე გათხოვილი დამხვდა. ისე მეწყინა, ისე მეწყინა, რომ ღამეები არ მეძინა ჯავრისგან. გული დამწყდა, ჩემი ჩასაკბეჩი ვაშლი სხვას რომ ხვდა წილად და ხრამუნით მიირთმევდა. მერედა, როგორი ვაშლი!
იმედს მაინც არ ვკარგავდი. ვანუგეშებდი ჩემს თავს, მერე რა, რომ გათხოვილია. რამდენი მისნაირი გათხოვილი შემიცდენია ისე, რომ თვალიც არ დამიხამხამებია-მეთქი, მაგრამ ვერც ამ ნუგეშით მივაღწიე საწადელს. ჯამაიკამ სათოფეზე არ გამიკარა. მისი ქმარი მათემატიკოსი იყო, ჭკვიანი, სათვალიანი სიმპათიური ბიჭი, ნამდვილ "მეცნიერს" ჰგავდა. არ ვიცი, რითი მოხიბლა ეს უკარება გოგო, მაგრამ ცოლად კი დაითრია და…
უთქმელი კაცია ჯამაიკას ქმარი, შოთა, შოთიკო. მორიდებული, სიტყვაძუნწი. არ სვამს, არ ეწევა, ახლა არც მუშაობს. უიღბლო კი გამოდგა, ისე. თავიდან ვითომ შეხმატკბილებული ოჯახი ჰქონდათ, სულ ხელიხელჩაკიდებული დადიოდნენ ორივენი, სახეგაბადრულები, მაგრამ წლების მერე ჯერ ხელი გაუშვეს ერთმანეთს, მერე ღიმილი გაუქრათ და ბოლოს სულაც ცალ-ცალკე დაიწყეს გარეთ გამოსვლა. აბა, სხვანაირად როგორ იქნებოდა? ჯამაიკა ისევ მადონას სალონში მუშაობდა, ოღონდ ამჯერად სალონი მადონასი კი არა, მისი გოგოსი გახდა, ლიკასი. ჯამაიკა ყოველდღე სამსახურში დადიოდა, შოთიკო კი, როგორც უმუშევარი, შინ იჯდა და ცოლის კმაყოფაზე იმყოფებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: ცოდვის გემო - თავი 8
მახსოვს, პირველად რომ დაორსულდა ჯამაიკა. სხვა რა გზა ჰქონდა, ჩემთან უნდა მოსულიყო, ჩვენ ხომ ერთ დროს ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა. რა თქმა უნდა, კონსულტაციები არ დავაკელი, თან არ ვჩქარობდი, ვიფიქრე, უფრო მოვიჩვევ და საწადელს ბოლოს გემრიელად მივაღწევ-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ! ვერ შევაცდინე. იმშობიარა და გოგო გააჩინა. ბავშვს მატილდა დაარქვა. ლამაზი ბავშვი იყო, მაგრამ დედას საერთოდ არ ჰგავდა. მხოლოდ თვალები გამოჰყვა იმასაც დიდრონი, მაგრამ ჯამაიკასავით ბრიალა არა. სხვა მხრივ, უფრო მამის ნაკვთები ჰქონდა. ახლა მატილდა 16 წლისაა და ერთობ მოხდენილი ქალიშვილია. ჯერ სკოლის მოსწავლეა, მაგრამ უკვე იპრანჭება და მგონი, შეყვარებულიც ჰყავს, როგორც გავიგე. ნეტავ ჯამაიკამ თუ იცის?
მატილდას მერე ჯამაიკამ პაუზა გააკეთა და მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ გააჩინა მეორე, ისიც გოგო, რომელსაც მერი დაარქვა. აი, ის კი დაემსგავსა დედას, თუმცა მასავით მაღალი არა მგონია, გაიზარდოს. ეგ არაფერი, მთავარია, გარეგნობით ჰგავს დედას. ახლა ათი წლისაა, სკოლაში კარგად სწავლობს, დამჯერი ბავშვია და დედ-მამა სანიმუშო შვილად მოიხსენიებს, რაც თურმე მატილდას ძალზე აღიზიანებს. თვითონ რომ გარდამტეხი ასაკი აქვს, ჯიუტობა დასჩემდა, არც დედას უჯერებს და არც მამას. ამის გამო ჯამაიკასთან სულ ჩხუბი აქვს. სამაგიეროდ, მამა უყვარს. თუმცა შოთას სიტყვის უფლება ნაკლებად აქვს ოჯახში. ისე დააკნინა ცოლმა, ხმის ამოღებას ვერ ბედავს. ან კი რა ეთქმის, არ მუშაობს და ცოლი არჩენს.
აი, სწორედ მისმა უმუშევრობამ მიშველა. ამაზე იტყვიან, შენთვის გაისროლა ავრორამო. მეორე ბავშვის გაჩენამ მათი ოჯახური სიმტკიცე შეარყია. განა ცოტა უნდა ორ ბავშვს? ბევრი უნდა. შოთა არაფრის შემომტანი არ იყო, ჯამაიკა კი წელში წყდებოდა. ერთხელაც მომადგა, ფული მასესხეო, თან ისე გაუჭირდა ამის თქმა, ერთი სიკვდილი გაათავა. მე მეტი რა მინდოდა? ვუთხარი, აქ არ მაქვს, საღამოს სახლში გამომიარე და მოგცემ-მეთქი.
გამომიარა. მე გაშლილი სუფრა დავახვედრე. რამდენიმე ჭიქა ღვინო სულ ძალისძალით დავალევინე და… შევაცდინე. დიდი წინააღმდეგობაც არ გაუწევია, ჩვენში რომ დარჩეს. თან ვეფერებოდი, თან ვპირდებოდი, შენთვის ამას ვიზამ, იმას ვიზამ, აგაშენებ, დაგამშვენებ-მეთქი. მოკლედ, ოქროს მთებს დავპირდი. ისიც დახარბდა. უქონელ ქმარსა და შემოსავლიან კაცს შორის არჩევნის გაკეთება არ გასჭირვებია.
გაგრძელება იქნება