რუსკა მაყაშვილი 1986 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. მაყაშვილების ოჯახს მთელი საქართველო იცნობს. ცოტამ თუ იცის, რომ რუსკა და მისი და, ნინუცა დედის გვარს ატარებენ. ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური, მხიარული, მუდამ მოღიმარი მსახიობის ცხოვრების უკან დრამატული ისტორია იმალება.
რუსკას დედა თამარ მაყაშვილი 17 წლის იყო, როდესაც ეკონომისტ კოკა ცხვედიანზე იქორწინა. წყვილმა ერთად 5 წელი იცხოვრა, ორი გოგონაც გაჩნდა. კოკამ ხატვა დაიწყო და ურთიერთობაც აირია, წყვილი დაშორდა. გოგონებმა მამის გვარზე უარი თქვეს - კოკა დაოჯახებული იყო და პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს. გოგონებს პროტესტის გრძნობა მაშინ გაუჩნდათ, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მიწვეულმა მამამ პირველი ქორწინებიდან შვილების სახელები ახსენა, რუსკა და ნინუცა კი დაივიწყა. რუსკასა და ნინუცაზე ბავშვობიდან მათი ბიძა, დედის ძმა ზრუნავდა.
"მამა დაბადების 5-6 წლამდე მყავდა, მერე გაქრა ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან. შემდეგ ისევ გამოჩნდა. როდესაც ჩვენთან იყო, კარგი მამა იყო, მერე რაღაც პერიოდი მშობლების დაშორების შემდეგ მოდიოდა და მივყავდით, ვაკის პარკში, ზოოპარკში. შემდეგ იყო პერიოდი მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა და მერე ესეც შეწყდა.თინეიჯერიც არ ვიყავი, ცოტა უფრო პატარა ვიყავი რომ ვიფიქრე, მოდი, ვინც მზრდის, ის იყოს მამაჩემი მეთქი. ასეთი ადამიანი კი დედაჩემის ძმა იყო, რომელიც მთელი ცხოვრება გვპატრონობდა, გვაჭმევდა, გვასმევდა და ტანსაცმელს ყიდულობდა. ყველაფერს გვიკეთებდა, სწავლა, მასწავლებლები, არაფერი არ გვაკლდა იმ ბნელ 90-იან წლებში. დედაჩემსაც ვერ დავუკარგავ, საოცარი დედა იყო.
11-12 წლის ვიყავი გადავწყვიტე გვარი გამომეცვალა და დედის გვარზე გადავსულიყავი. ამის უფლება არ გვქონდა მამის თანხმობა იყო საჭირო. მამა დათანხმდა და ხელი მოაწერა საბუთს, აი, მაშინ პირველად გამისკდა გული.
ნინუცა რომ მშობიარობდა, სამშობიაროში მოვიდა. მერე ცალკეც ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი. მივხვდი, რომ ამ ყველაფერს ძალიან ნანობს, ახლა გადასარევი ბაბუაა, ცდილობს ის დაკარგული წლები აინაზღაუროს, ჩემთანაც იყოს და თავის შვილიშვილებთანაც. ვაპატიე… თუმცა ეს არის მისი ერთადერთი დასჯა, როდესაც მაქვს საშუალება, ამას ვლაპარაკობ" - ამბობდა რუსკა ერთ-ერთ ინტერვიუში.
რუსკა ტელეეკრანებზე პირველად 2012 წელს, საქართველოს ბანკის რეკლამაში გამოჩნდა. ამას მოჰყვა ფილმი "ოცნების ქალაქი". ყველაზე დიდი პოპულარობა კი სერიალში "გოგონა გარეუბნიდან" შესრულებულმა ანჩოს როლმა მოუტანა.
რუსკას მეუღლე მორაგბე სანდრო ნიჟარაძეა. ისინი ურთიერთობას ორი წელი მალავდნენ. მსახიობი ამბობს, რომ მისი და სანდროს სიყვარული „ერთი ნახვით შეყვარება“ არ ყოფილა. წყვილს ორი შვილი, ილია და კატო ჰყავს:
"პირველი შვილი, ილია, რომ გავაჩინე, 31 წლის ვიყავი. ვთვლი, რომ ასაკში გაჩენილი შვილია და დავრწმუნდი, რა დიდი საოცრებაა, როდესაც დედა ხდები. 3 წლისთავზე პატარა გოგო რომ გაჩნდა, ჭკუიდან გადავედი! მეორე ორსულობა ბევრად რთული მქონდა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ეტყობა, ასაკმა მაინც თავისი ქნა. რომ ვაცნობიერებ, ორი შვილი მყავს, თავი ძალიან მაგარი ქალი მგონია. არადა ხალხი 6-7 შვილს ზრდის და მათ რაღა უნდა თქვან?! ბედნიერი ვარ, რომ გოგოც მყავს და ბიჭიც,რაღაცნაირად შევკარი ჩვენი ოჯახი.
სიყვარული გაძლიერდა და გაკარგდა. თითოეული ბავშვის დაბადებამ ახალი სიცოცხლე და ენერგია შემოიტანა ჩვენს ოჯახში" - ამბობდა მსახიობი.