მას შემდეგ ჯამაიკა ჩემი საყვარელია. ეს ამბავი არავინ არ იცის, ლიკას გარდა. ჯამაიკა და ლიკა უახლოესი მეგობრები არიან და აბა, იმას როგორ დაუმალავდა. თანაც, როცა მე უნდა შემხვდეს, ლიკას გადააბარებს თავის კლიენტს ხანდახან და თუ მაინცდამაინც იმ დროს შოთიკო შემოიხედავს სალონში, ეტყვის, ჯამაიკა რა საქმეზეც გაუშვა. ხან რას მოიტყუებს და ხან რას. ვითომ ვიღაც კლიენტმა სახლში დაიბარა თმის შესაღებად ან შესაჭრელად, ან მანიკიურისთვის და ასე… საქმე რომელ პარიკმახერს ელევა?
ახლაც ჯამაიკას ველოდები. რესტორანში ვერ დავპატიჟე, იქ სხვა დონის ხალხმა მოიყარა თავი. ხომ ვერ ვიტყოდი, ჩემი საყვარელია-მეთქი? სამაგიეროდ, ახლა მესტუმრება და თავისი ლამაზი სხეულით გამათბობს. რაც უფრო ემატება ასაკი, მით უფრო კარგი ხდება ეს მამაძაღლი. ერთხელ მითხრა, შენგან შვილს გავაჩენო, მაგრამ სასტიკად ავუკრძალე ამის გაფიქრებაც კი, მეორედ არ ჩამომიგდო ამ თემაზე საუბარი-მეთქი. ცოლი და შვილი ჩემი საქმე არაა. ჩემი საქმე დროს ტარებაა. ჯამაიკა კი მყავს, მაგრამ განა ქალებს ვიკლებ? სხვებსაც ვხვდები, მაგრამ ეს სულ სხვაა. ეს ჩემი მუდმივი ქალია და არა ერთი ღამის. რაც უნდა კარგი დრო ვატარო სხვასთან, მერე მაინც ჯამაიკა მენატრება. ხდება ხანდახან, როცა თავს მაბეზრებს და მეც რამდენიმე დღით არ შევეხმიანები. თავს გაიგიჟებს, საავადმყოფოში მომადგება, ჩემი პაციენტების რიგს გაარღვევს და ქარიშხალივით შემოიჭრება კაბინეტში საყვედურებით გატენილი - სად დაიკარგე? რატომ არ მეხმიანები? სხვა ხომ არ გაიჩინე? იცოდე, რამე რომ გავიგო, მოგკლავ! და ასე. ამის გამო რამდენჯერ გვიჩხუბია. ვეუბნები, გოგო, ასე ნუ ყვირი, თორემ მთელი ქვეყანა გაიგებს, რაც ხდება და შენს ქმარს მიუტანენ ამბავს-მეთქი, მაგრამ ესმის? არა, არ ესმის. ისე, მსიამოვნებს, რომ ეჭვიანობს. მაგარია, როცა საყვარელი ქალი შენზე ეჭვიანობს, შენ კი გულში იცინი.
არა, არა, ჯამაიკა მართლა კარგია. მე ხომ ვიცი, რამდენ კაცს შურს შოთასი, ასეთი სექსუალური ცოლი რომ ჰყავს. მე კი მისი შესაშური რა მჭირს? ჯამაიკა ჩემია და ჩემად დარჩება, სანამ მომწყინდება…
ჯამაიკა, 36 წლის, პარიკმახერი. 1996 წლის მარტი:
ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ, არ ვიცი, რა გამომიყვანს მდგომარეობიდან. ისე გამაბრაზა დღეს მატილდამ, თმაში ვწვდი და ვითრიე. უკვე ვერ ვთოკავ. მეშინია, ვინმემ არ შეაცდინოს. ისე აეთქვირა მკერდი, დედა ვარ და მე ვამჩნევ და წარმომიდგენია, ბიჭები რა დღეში იქნებიან. ამ ბოლო დროს განსაკუთრებულად უბრწყინავს თვალები. სულ მხიარულია, სულ ფანჯარაში იყურება. ტელეფონი დარეკავს თუ არა, პირველი გარბის, არავინ დამასწროსო. თან სულ ჩურჩულით ელაპარაკება იმ ვიღაცას. ხვალ სკოლაში უნდა მივიდე და მაგის კლასის დამრიგებელი ვნახო, იქნებ რამე იცის და მითხრას. მოვკლავ, შეყვარებული თუ ჰყავს. ეგ მინდა ახლა? რა დროს მაგის სიყვარულია, ჯერ სწავლა დაამთავროს. ჩემნაირად უსწავლელი ხომ არ უნდა დარჩეს?
ვიფიქრე, ლადოსთან მივალ, დაბადების დღეს მივულოცავ და მასთან ორი საათით დარჩენა ხასიათსაც გამომიკეთებს-მეთქი, მაგრამ ვერა, მისმა ალერსმაც ვერ მიშველა. შემატყო, რაღაც ისე რომ ვერ ვიყავი და სანამ არ მათქმევინა, არ მომეშვა. გაეცინა, როცა მატილდას ამბავი მოვუყევი. ყველა შენნაირი ხომ არ იქნება, ახალგაზრდა გოგოა, სისხლი უდუღს და სიყვარული სჭირდებაო, პასუხად ეს მითხრა. გამახსენა, მე როგორი უკარება ვიყავი მატილდას ასაკში. თუ ვიყავი, ასე იყო საჭირო და იმიტომ. აბა, ვინმეს რამე ზედმეტი ეთქვა ჩემზე. ვერავინ ვერაფერს იტყოდა. ჩემზე არასდროს უჭორავიათ. ისეთი კი არ ვიყავი, დღეს რომ ვარ - ქმარიც მყავს და საყვარელიც. წესიერების განსახიერებას მეძახდნენ და ასეც იყო. არ მინდოდა ვინმეს წამოეძახა ჩემთვის, დედაშენივით ვიღაცისგან შვილს გააჩენ და მერე მიაგდებო. პატიოსნება ბოლომდე შევინარჩუნე და შვილიც გათხოვილმა გავაჩინე. ეს კიდევ ვის ჰგავს ასეთი? რატომ მაინცდამაინც დედაჩემს დაემსგავსა? არა, არა, მატილდას იმედი არ მაქვს. მერი თუ გამიმართლებს, თორემ… ეს შოთიკოც სუფთა მძორია. სულ წიხლზე ჰკიდია, რას აკეთებს მისი შვილი, როგორ ცხოვრობს, როგორ სწავლობს. სიტყვას არ ეტყვის ზედმეტს. მე რომ ვეჩხუბები, ის ეფერება. შეიკეტებიან მერე მამა-შვილი ოთახში და თავიანთთვის ჩურჩულებენ. ვაჩვენებ მე მაგათ ჩურჩულს!
ოჰ, რა გემრიელად ვითრიე დღეს თმით, მაგრად გავჩეჩე. რას "მესწერვებიო", შემომიღრინა და აი, მაშინ გადამეკეტა. ვუთხარი, სანამ ცოცხალი ვარ, ამ სახლში მე ვარ უფროსი და რასაც ვიტყვი, ის უნდა გააკეთო-მეთქი. კაფეში მოუნდა ქალბატონს წასვლა, კლასელები ვიკრიბებითო. მე რა ვიცი, იკრიბებიან კი? ახლანდელ გოგოებს და ბიჭებს რას ენდობი! დაძრწიან უმისამართოდ. შენ ვინ გეკითხება, მამა მიშვებსო. აი, მამა გიშვებს და ასე არ უნდა-მეთქი და მივარტყი და მივარტყი. მგონი, ტუჩი გაუსკდა. ახია მასზე! დედას წონასწორობა არ უნდა დააკარგვინოს. ხომ იცის, როგორი ავიც ვარ?
არ ვიცი, არ ვიცი… ბოლო დროს ზედმეტად ნერვიული გავხდი. ქმარი ხომ მიშლის ნერვებს და არც ლადო მაკლებს, რომ არ დავმალო. მგონი, ვიღაცას უნდა ხვდებოდეს, ბოლო დროს ისე აღარ მიბარებს თავისთან, როგორც ადრე. შეიძლება ვბეზრდები უკვე. რა გასაკვირია? მეცხრე წელი დაიწყო, რაც ერთმანეთს ვხვდებით. წესით, უნდა მოვბეზრებოდი.
ჰოდა, ახლა მატილდაც დამემატა. ეგღა მაკლდა ნერვების მომშლელად! უმაქნისი ქმარი რომ მყავს, ნამდვილი ჩვარი და ამხელა ოჯახს მარტო რომ ვარჩენ, ის არ მეყოფა? მერე რა, რომ სახლს ალაგებს, საჭმელსაც აკეთებს და არც რეცხვას თაკილობს? აბა, სულ უსაქმურად უნდა იჯდეს? რაღაცაში მაინც ხომ უნდა გამომადგეს? ღირსია, რომ ვღალატობ. ლადო რომ არ მყავდეს, მე ამდენს ვერ გავწვდებოდი. ფინანსურადაც ძალიან მეხმარება. ყველაფერში გვერდით მიდგას, ვერაფერს ვიტყვი. ეჰ, ნეტავ ისე შევყვარებოდი, რომ ცოლობა ეთხოვა. მაშინვე გავშორდებოდი ამ ჩემს დაბდურას და ლადოს მივთხოვდებოდი. მერედა, რა ოჯახი გვექნებოდა! ბედია ყველაფერი, ბედი! მე რომ ბედი მქონოდა, იამაიკელი კი არა, ქართველი დედა მეყოლებოდა და ნორმალურ ოჯახში გავიზრდებოდი…
შოთა, 38 წლის, მათემატიკოსი. 1996 წლის მარტი:
გამაგიჟებს ეს ქალი! დღეს სკოლაში წასულა, მატილდას მასწავლებელი უნახავს და იმას უთქვამს, შენმა შვილმა სულ აიღო სწავლაზე ხელი, შეყვარებული ჰყავს და გაფანტულიაო. თვალები გადმოცვენაზე ჰქონდა, შინ რომ დაბრუნდა. რა დღეში ჩააგდო საწყალი ბავშვი. გუშინ ხომ თმით ითრია და სახეში ურტყა, დღეს მთლად წიხლებით შედგა. ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან. მერი მოშორებით იდგა და კიოდა, ისე შეეშინდა. არ ვიცოდი, რომელ ერთს მივვარდნოდი და დამეწყნარებინა. ხან მატილდას და ჯამაიკას ვაშორებდი ერთმანეთს, ხან მერიკოს ვაწყნარებდი, საწყალობლად რომ ქვითინებდა.
ამერია ოჯახი. ისეთი გამწარებულია ჩემი ცოლი, მეშინია, საერთოდ არ გამექცეს სახლიდან. რაღაც უნდა ვიღონო. მცირეშემოსავლიანი სამსახური მაინც უნდა ვიშოვო, თორემ ცუდად წამივა საქმე. ბუღალტრად რომ დამაწყებინა მუშაობა… ეგ საქმე მეხერხება, მაგრამ ისეთი უგერგილო ვარ, ერთ სიკვდილს ვათავებ, სანამ ვინმეს რამეს ვთხოვ. რაც არ შემიძლია, არ შემიძლია და მორჩა. ისევ ჯამაიკა თუ მიშველის. ბევრი ნაცნობი ჰყავს, სულ მდიდრების ცოლებს ემსახურება და დავიჯერო, რომელიმეს ჩემი დასაქმება არ შეუძლია? რამდენჯერ ველაპარაკე ამაზე ჯამაიკას, მაგრამ ყურიც არ შეიბერტყა. ხანდახან მგონია, რომ სულ არ უნდა, მე რომ ვმუშაობდე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემნაირი ქმარი აწყობს, რომელსაც როცა უნდა თავში ჩაარტყამს, "დააჩმორებს" და თავის გემოზე ატარებს. არ ვიცი, დანამდვილებით ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვა რა ვიფიქრო? მთლად გამოვლენჩდი შინ ჯდომით. ვერც ვერაფერს ვეუბნები. ის გვარჩენს და როგორ ვეჩხუბო? არადა, მიშვებულია თავის გემოზე, ხანდახან ისე გვიან ბრუნდება, მე უკვე მძინავს. ხანაც საღამოს დაურეკავენ, გამოიძახებენ და მიდის. გაიგე ახლა, მართლა საქმეზე მიდის თუ… არა, არა, ამაზე არ მინდა ვიფიქრო. ჯამაიკა მე არ მიღალატებს. რომ არ უნდოდეს ჩემთან ცხოვრება, აქამდე გამშორდებოდა. მე კარგი ცოლი მყავს, ცოლი, რომელსაც ოჯახი თავის თავზე მეტად უყვარს…
მატილდა, 16 წლის, მოსწავლე. 1996 წლის აპრილი:
ყველაფერი მიხარია, ლამის დავფრინავ. მე და ოთოს ერთმანეთი გვიყვარს. მე ბედნიერი ვარ. აღარ მადარდებს დედაჩემის ქოთქოთი. ეს ქალი თავს მაძულებს! თითქოს თვითონ ჩემი ტოლი არასდროს ყოფილა. სახლში ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევს, მამასაც კი ჩააგდებინა ენა. როგორ ამცირებს ხოლმე, გული მიკვდება. საწყალი მამა! მისნაირი კეთილი კაცი მეორე არ მეგულება. არ ვიცი, რატომაა დედა ასე გამწარებული. ერთ დღეს ეკლესიაში ვიყავით და გავიგონე, მღვდელმა როგორ უთხრა, შენ ყველაზე მდიდარი ადამიანი ხარ, მოსიყვარულე ქმარი გყავს და არაჩვეულებრივი შვილები, ღმერთს ნუ სცოდავო. სულ იმაზე წუწუნებს, ფული არ გვაქვს, თქვენი რჩენით დავიღალე, ყელში ამომივიდა ყველაფერიო. არადა, სახლში ყველაფერს მამა აკეთებს. თვითონ მოვა სამსახურიდან, წამოწვება და ან ტელევიზორს უყურებს, ან ტელეფონზე ჭორაობს. საქმე ვინ უნდა აკეთოს? რა თქმა უნდა, მამამ და მე. სულ მერის ქებაშია. მხოლოდ ის მიაჩნია იდეალურ შვილად. დარწმუნებულია, რომ მერი ააშენებს. ვნახოთ, ვინ ვის ააშენებს. ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ განვიცდი, დედასთან ურთიერთობა რომ ვერ ავაწყვე. მე ოთო მყავს, ყველაზე მოსიყვარულე ბიჭი. რა უცნაურია. იმასაც ხომ ჰყავს დედა, მაგრამ ისეთი თბილი ქალია, გაცნობისთანავე შეგიყვარდება. წესით, ის უნდა იყოს დედასნაირი, რადგან ქმარი ინვალიდი ჰყავს. ინვალიდი კი არა, კომაშია უკვე სამი წელია, მაგრამ აპარატის გათიშვაზე ჯიუტად უარს ამბობს. ჰყავს სახლში ეს გათიშული კაცი და უვლის. ქმრის გამო სამსახურიც მიატოვა და სახლში დაჯდა. შეკვეთებით მუშაობს. ნამცხვრებს აცხობს და საცხობში აბარებს. ხანდახან ვიღაცების სახლებსაც ალაგებს კერძოდ და ფულს ამითიც შოულობს. უჭირთ, მაგრამ არ წუწუნებენ. როცა საქმეზე მიდის, თავის მაგივრად შინ ოთოს ტოვებს, რომ ბ-ნი ალექსანდრე უყურადღებოდ არ დარჩეს. კი არაფერი სჭირდება კომაში ჩავარდნილს, მაგრამ მაინც. დეიდა ლალის სულ ეშინია, არ მოკვდესო.
ოთოსთან ერთად მეც ვრჩები ხოლმე. როცა ვახერხებთ, ერთადაც ვწევართ. უკვე ექვსი თვეა სექსი გვაქვს. ეს არავინ არ იცის, ჩვენ გარდა, არც ოთოს დედამ. რამდენჯერმე დროზე ადრე დაბრუნდა შინ და ძლივს მოვასწარით საწოლიდან ადგომა და ჩაცმა. მგონია, რომ ლალი ყველაფერს ხვდება, მაგრამ არ იმჩნევს.
რა კარგია ოთო. ნეტავ სრულწლოვანი ვიყო, გავიქცეოდი სახლიდან და ოთოსთან დავსახლდებოდი. მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი სკოლას დავამთავრებთ, მაშინვე დავქორწინდეთ. ეჰ… როდის მეღირსება ის დღე. თუმცა რაღა დარჩა, ორ თვეში სკოლაც დამთავრდება და გაუმარჯოს თავისუფლებას!
ორი დღეა, ვერ ვარ მთლად კარგად. ორჯერ ვაღებინე გუშინ. რაღაცამ მაწყინა. ამ სკოლის ბუფეტში არაფერი არ უნდა ჭამოს კაცმა. რას აკეთებენ და როგორ, არავინ იცის. ხვალაც თუ არ გამოვკეთდი, აფთიაქში რამეს ვიყიდი და დავლევ. იქნებ სახლშიც მოვიძიო, დედაჩემს სულ აქვს გაციების, კუჭის აშლის და სიცხის საწინააღმდეგო აბები.
დღეს გაკვეთილების შემდეგ მე და ოთოს რიყეზე გვინდოდა გასვლა, მაგრამ გაწვიმდა. მარტში ხომ სულ ქარი იყო, ეს აპრილი კიდევ წვიმებით დაიწყო. არც ქარი მიყვარს და არც წვიმა. მე ზაფხული მიყვარს, სიცხე და მზე. ჰოდა, ზაფხულში გავთხოვდები. როგორც კი ბოლო გამოცდას ჩავაბარებთ, ეგრევე შევიტანთ განცხადებას ისე, რომ არავისაც არ ვეტყვით. მერე ცხვირწინ ავუფრიალებ დედაჩემს ქორწინების მოწმობას და მიყაროს კაკალი.
ჯამაიკა, 36 წლის, პარიკმახერი. 1996 წლის აპრილი:
ეს წუთია, სახლში მოვედი დაღლილი, დაქანცული. შოთიკო შემომეგება, სურსათით სავსე პარკები ჩამომართვა და სამზარეულოში გაიტანა. სააბაზანოდან რაღაც ხმა შემომესმა.
- შოთი, რა ხდება იქ? - თავი სააბაზანოსკენ გავიქნიე.
- მატილდაა ცუდად. რაღაცამ მაწყინაო, გული აერია.
მაშინვე მისკენ გავვვარდი და სახელური ჩამოვწიე. კარი დაკეტილი დამხვდა.
- მატილდა! - დავუძახე და თან დავაკაკუნე.
- ახლავე გამოვალ, - მიკნავებული ხმით გამომძახა.
მართლაც მალე გამოვიდა. სახეზე ფერი არ ედო, ტუჩებიც კი გასთეთრებოდა.
- რა დაგემართა?
- არ ვიცი, მაღებინა.
- კუჭიც აშლილი გაქვს?
- არა, კუჭი არა.
მზერით გავბურღე. გულში რაღაცამ გამკრა.
- აბა, მოდი აქ! - ჩავისისინე.
მორჩილად მომიახლოვდა.
- რა ჭამე?
- ისეთი არაფერი.
- დიდი ხანია ასე ხარ?
- მესამე დღეა.
- ციკლი?
- რა ციკლი?
- ქალური.
- ა… ცოტა გადამიცდა.
ცხელმა ტალღამ დამიარა სხეულში. ისე ავნერვიულდი, დამცხა.
- გავიგე, შეყვარებული გყოლია… - შემპარავად დავიწყე.
- და რა მერე? - შემომიღრინა.
- ვითომ ვერ ხვდები, რას გეუბნები…
გაწითლდა და მზერა ამარიდა.
- ასეა? ერთად წევხართ?
- ჰო… - თქვა და თავი ჩაღუნა.
მაშინვე თმით ვითრიე. დაიწყო ყვირილი. შოთიკოც გამოვარდა და მერიც.
- რა ხდება, ჯამაიკა, რას აკეთებ? - ხელებში მეცა შოთა.
- გადი აქედან! არ მომეკარო! იცი, რატომ ერევა შენს შვილს გული?
შოთიკო შედრკა. კითხვით სავსე მზერა მომაპყრო.
- იმიტომ, რომ, სავარაუდოდ, ორსულადაა ქალბატონი!
- დე! - იყვირა მერიმ, - ეგ რას ნიშნავს?
- ეგ იმას ნიშნავს, რომ ეს შენი საქმე არაა, შეეთრიე შენს ოთახში! - ვუყვირე ნაბოლარას და მატილდა წინ გავიგდე.
სამზარეულოში შევათრიე და კარი ჩავკეტე.
- რამდენი დღე გადაგიცდა?
- ერთი კვირა.
- რატომ ადრე არ მითხარი, რატომ? - გემრიელად დავიხვიე ხელზე მისი თმა და დავქაჩე და დავქაჩე.
- გამიშვი ხელი, ვააა! გამიშვი, ქალო!
- მე შენი ქალო არ ვარ, გესმის? მე დედა ვარ შენი! სულ გაფრთხილებდი, წესიერად მოიქეცი-მეთქი, სულ.
- არ ვარ ორსულად, საიდან მოიტანე… - დაიწრიპინა და იატაკზე ჩაჯდა ძალაგამოლეული.
- მაგას ხვალ ვნახავთ. მოგკლავ, იცოდე, თუ ორსულად ხარ, ჩემი ხელით დაგახრჩობ, შე საზიზღარო!
მაშინვე ლადოს დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი. მითხრა, ხვალ დილით მოიყვანეო.
იმ ღამეს წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი. რა სირცხვილია! სკოლა მაინც ჰქონდეს დამთავრებული. რა ვთქვა, თავი სირცხვილით სად გამოვყო? თექვსმეტი წლის გოგო დამიორსულდა-მეთქი? მოვკლავ!
მეორე დილით წავედით. წასვლამდე კიდევ აღებინა. არა, უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო.
გამართლდა ჩემი ვარაუდი. ექვსი კვირის ორსულიაო, ლადომ მითხრა. თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. უნდა მიშველო-მეთქი, შევეხვეწე.
- დარწმუნებული ხარ, რომ ღირს აბორტის გაკეთება? - ლადომ სათვალე შუბლზე აიწია და ისე ამომხედა.
- სხვა გზა მაქვს? აბა რა, გავაჩენინო? მთელი ქალაქი სასაცილოდ ამიგდებს. ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება, ეს რომ ვინმემ გაიგოს.
- იქნებ მოელაპარაკო ბიჭის მშობლებს, იქნებ ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და საგანგაშო არაფერია, - ლადო ჩემ დაყოლიებას შეეცადა.
- არავითარ შემთხვევაში! ნუთუ არ გესმის, რომ მატილდა ჯერ მხოლოდ 16 წლისაა? სკოლის მოსწავლეა. რა დროს ამის გათხოვება და ბავშვის გაჩენაა?
ლადომ ამოიხვნეშა.
- კარგი, ხვალ დილით ადრე მომიყვანე და…
- ოღონდ ეს ამბავი ჩვენ შორის უნდა დარჩეს, ლადო.
- რა თქმა უნდა, - მხრების აჩეჩით მიპასუხა ჩემმა საყვარელმა და შინ გამოგვისტუმრა.
სახლში მოვედით თუ არა, შოთიკო დავიმარტოხელე და ყველაფერი ვუამბე.
- არ გინდა, ნუ გააუბედურებ გოგოს, - გაუბედავად წარმოთქვა ჩემმა ქმარმა.
- ნუ გავაუბედურებ? - ვიყვირე უცებ და მაგიდას მუშტი დავცხე, - მე ვაუბედურებ მას თუ თქვენ მაუბედურებთ მე? ჩემი გაჭირვება არ მეყოფა? წურბელებივით ჩემს სისხლს წოვთ მამაც და შვილიც და კიდევ მე გაუბედურებთ? გინდა, რომ ყველამ ჩვენზე ილაპარაკოს? თითით საჩვენებელი გავხდეთ? ხმა! მეტი არაფერი მითხრა, თორემ ამ ქვაბს თავზე დაგამხობ! - ხელი დავადე სუპით სავსე ქვაბის სახურავს.
შოთიკომ საყვედურით სავსე მზერით შემომხედა, უსიტყვოდა ადგა და სამზარეულოდან გავიდა.
ის გავიდა და მატილდა შემოვარდა.
- მე აბორტს არ გავიკეთებ, დედა!
- ისე გაიკეთებ, როგორც დაგიბარებია! - მასაც ვუყვირე და თითი ცხვირწინ ავუქნიე.
- დედა, მე და ოთოს ერთმანეთი გვიყვარს. სკოლას დავამთავრებ თუ არა, ცოლად გავყვები. ასე მოვილაპარაკეთ. თუ არ გჯერა, დაურეკე და თვითონ გეტყვის.
- გადი შენს ოთახში! - თვალები დავუბრიალე და კარისკენ მივუთითე.
წინ მეორე უძილო ღამე მელოდა…
გაგრძელება იქნება