მატილდა, 16 წლის, მოსწავლე. 1996 წლის აპრილი:
დღესაც ექიმთან უნდა წავიდეთო. ვერ არის დედაჩემი მთლად დალაგებული. გუშინ იქ არ ვიყავით? თან მეშინია, ორსულად რომ ვარ, თან მიხარია. წამითაც არ მშორდება დედაჩემი. ვერაფრით ვერ მოვახერხე ოთოსთან დარეკვა. ახლოსაც არ მიმიშვა ტელეფონთან. თვითონაც რომ არ დარეკა? ოთოს ასე არ სჩვევია. საინტერესოა, რატომ არ დამირეკა. როგორ მინდა ნატას მაინც დაველაპარაკო, ჩემს კლასელს. მასზე ახლო მეგობარი არ მყავს. ის მაინც ნახავდა ოთოს და ეტყოდა, რა მდგომარეობაშიც ვარ.
ისევ წვიმს. არა და არ გადაიღო. დედამ ტაქსი გამოიძახა და საავადმყოფოში მივედით. ეს ლადო რაღაც ძალიან უჟუჟუნებს დედაჩემს თვალებს. ჯამაიკას მაგივრად დედაჩემს ჯამას ეძახის. ნეტავ რატომ არიან ასე შეხმატკბილებულები?
_ ნუ ღელავ, მატილდა, კიდევ ერთხელ გაგსინჯავ, ნემსს გაგიკეთებ და მორჩა, სახლში დაბრუნდები. არ გეტკინება, დამიჯერე.
ისევ გინეკოლოგიურ სავარძელზე წამომაწვინეს და ნემსი გამიკეთეს… მერე მახსოვს, ძილ-ბურანში ვიყავი. თითქოს სატვირთო მატარებლის ვაგონში ვიჯექი და რახრახით მივექანებოდი სადღაც. ხმაური, ხმაური, ხმაური… ეს ხმაური დამამახსოვრდა მხოლოდ.
თვალები რომ გავახილე, ჩემს თავთან დახრილი ლადო ექიმი და დედაჩემი დავინახე. დედას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
_ შენ ამწუთას იმ ქვეყნიდან დაბრუნდი, იცი? _ ალერსიანი ხმით მითხრა.
ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ასე რამ დაატკბო ერთ დღეში, როცა მოკვლას მიპირებდა-მეთქი.
_ რა მჭირს? _ ძლივს ამოვთქვი, ლაპარაკი მიჭირდა. მუცელი საშინლად მტკიოდა, თითქოს ცეცხლი მეკიდა შიგნით.
_ ყველაფერმა ჩაიარა, ჩემო გოგო, _ თავზე ხელი გადამისვა ლადომ, _ სისხლისდენა აგიტყდა და ძალიან შეგვაშინე.
_ სისხლისდენა? რატომ?
_ ამაზე მერე ვილაპარაკოთ, როცა აქედან გავალთ.
მივხვდი, რაც მჭირდა. ბავშვი მომაცილეს ამ დამპლებმა, ამ არაადამიანებმა. თვალები დავხუჭე და კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ მეყვირა. ისინი რაღაცას მეუბნებოდნენ, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. ყურებში კვლავ იმ ხმაურის ხმა მედგა, ძილში რომ ჩამესმოდა…
დედაჩემს ამას არასდროს ვაპატიებ.
ოთო, 16 წლის, მოსწავლე. 1996 წლის აპრილი:
მამა გარდაიცვალა. დაისვენა იმ საწყალმა. დედაც დაისვენებს აწი. როგორ იტანჯებოდა თვითონაც და მამასაც ტანჯავდა. საშინლად განვიცადე. თითქოს მთელი სახლი დაცარიელდა, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ოთახი ქალებით და კაცებით იყო სავსე. დედა მთელი ხმით მოთქვამდა. მე არ მიტირია, ალბათ უკვე შეჩვეული ვიყავი. ვიცოდი, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. დედა მაინც არ კარგავდა იმედს. სულ ეგონა, რომ ერთ დღესაც მამა თვალს გაახელდა და კომიდან გამოვიდოდა.
სამი გაუსაძლისი წელიწადი ებრძოდა სიკვდილს და ებღაუჭებოდა სიცოცხლეს. მორჩა. ამიერიდან მამას გარეშე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. დროთა განმავლობაში დედა ალბათ შეეგუება ამ ამბავს.
მატილდასთან არ დამირეკავს. ეს დღეები არ მქონდა მაგის თავი. დღესაც ვერ მოვიცალე. წეღან დავრეკე და მაგისმა დამ მითხრა, სახლში არ არისო. მიკვირს, რომ არ მოვიდა. ახლა კლასელებს ველოდები. იმედია, ისიც მოვა.
_ ოთო, შენი ამხანაგები მოვიდნენ, _ მეზობელმა შემოიხედა ოთახში.
მაშინვე ავდექი და გავედი. თითქმის ყველანი მოსულიყვნენ, უზარმაზარი გვირგვინი მოეტანათ. მატილდა მათ შორის არ იყო. სათითაოდ ჩამომართვეს ხელი და მომისამძიმრეს. ცოტა მოგვიანებით ნატა გავიყვანე განზე.
_ სადაა მატილდა?
_ არ ვიცი, ამ კვირაში სკოლაში არ ყოფილა.
_ არ დაურეკე?
_ კი, მაგრამ მამამისმა მითხრა, ქალაქში არ არისო.
_ აბა სადაა?
_ არ ვიცი, ოთო.
_ მიდი რა, დაურეკე და გაიგე, სადაა, კარგი? მე ხვალ ვერ მოვიცლი, გასვენებაა. მატილდამ არ იცის მამაჩემის ამბავი. ეწყინება, რომ არ გავაგებინო.
_ კარგი, ვეცდები. აქედან სახლში გავუვლი და დაველაპარაკები, თუ აქაა, თუ არადა, იმას მაინც მეტყვიან, სად არის.
გვიან, როცა პანაშვიდი მორჩა და სახლში მხოლოდ დედა და რამდენიმე მეზობლის ქალი დარჩა, ნატამ დამირეკა.
_ ოთო, არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა.
_ ნახე?
_ არა, არ მინახავს. დედამისმა გამიღო კარი, მაგრამ შინ არ შემიშვა. მატილდა ცუდადაა და სკოლაში იმიტომ არ დადისო.
_ რა დაემართა?
_ არ ვიცი, ეგ არ მითხრა.
_ იმ დღეს გული აერია. როგორც ჩანს, სერიოზულად მოიწამლა.
_ ჰო, ალბათ. ხვალ მერის ვნახავ და ყველაფერს გამოვკითხავ.
_ კარგი და მერე გამაგებინე, კარგი?
დაკრძალვის დღე ძალზე მძიმე გამოდგა ჩემთვის. დედასთვის ხომ საერთოდ… ისე კიოდა, ვეარ გააჩერეს. სახე სულ დაკაწრული აქვს. ქელეხი არ გადაგვიხდია. არ გვქონდა მაგდენი საშუალება. სასაფლაოდან რომ მოვბრუნდით, პატარა სუფრა გავშალეთ შინაურებისთვის და ეგ იყო. ფულით ყველა დაგვეხმარა. იმდენი თანხა შემოგვივიდა, რომ საფლავის გაკეთებას ეყოფა.
ნატა კი მოვიდა გასვენებაში, მაგრამ არ დამლაპარაკებია. მე კი მატილდას ამბავი ძალიან მაწუხებდა. ამიტომ საღამოს მე თვითონ დავურეკე. ნატამ ისეთი რამ მითხრა, შოკში ჩავვარდი.
_ თურმე ორსულად ყოფილა და დედამისმა აბორტი გაუკეთა. მერიმ მითხრა, ოღონდ მთხოვა, არავის უთხრაო.
_ ორსულად? მაგრამ აბორტი რა საჭირო იყო? _ დარეტიანებულივით ვლაპარაკობდი. ჯერ მამაჩემის გარდაცვალება ვერ მომენელებინა, ახლა კიდევ ეს ამბავი.
_ არ იცის დედამისი რა ალქაჯია? საშინელი ქალია. ძალით წაუყვანია. მატილდამ სულ არ იცოდა თურმე, რისთვის მიჰყავდა დედამისს ექიმთან. დაუძინებიათ და გაუკეთებიათ. საავადმყოფოში წევსო.
ნატას სიტყვის დამთავრება არ ვაცალე. გიჟივით გავვარდი. აღარც კი მახსოვდა, რომ გლოვის დღე გვქონდა ოჯახში.
ძლივს მოვთაფლე ექთანი, არ მიშვებდა, აკრძალული მაქვსო. ვეხვეწე, შეყვარებული ვარ და ცოტა ხნით მანახვე-მეთქი. ამან გაჭრა. ხუთი წუთით შეგიშვებ, მეტი არ შემიძლიაო.
პალატაში მატილდას გარდა კიდევ სამი ქალი იწვა. მეგონა, ჩემი დანახვა გაუხარდებოდა, მიაგრამ რეაქცია საერთოდ არ ჰქონია.
_ როგორ ხარ? _ ვუჩურჩულე. გვერდით გახედვის მერიდებოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ყველა მე მიყურებდა.
_ კარგად. ყველაზე კარგად. _ საოცრად მშვიდი ხმით მომიგო, მაგრამ ჩემთვის აღარ შემოუხედავს.
_ მე ყველაფერი ვიცი.
_ სად იყავი? რატომ ერთხელ არ მომიკითხე? _ ყინულივით ცივი ხმით მკითხა.
_ მამაჩემი გარდაიცვალა… არ მეცალა.
_ ჩვენი შვილიც გარდაიცვალა, _ ისევ ისეთივე ხმით წარმოთქვა.
_ მატილდა… ვიცი, ახლა რასაც გრძნობ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის… როგორმე გაუძელი. მალე ერთად ვიქნებით და…
_ ჩვენ ერთად აღარ ვიქნებით… აღარასოდეს… _ გამაწყვეტინა ლაპარაკი და სწრაფად გამომტაცა ხელი, რომელიც ხელისგულებში მქონდა მოქცეული.
სახტად დავრჩი. ამას არ ველოდი. ვერ მივხვდი, მე რა შუაში ვიყავი. მე ხომ არ მითხოვია, ბავშვი მოიშორე-მეთქი? საერთოდ არ ვიცოდი, ორსულად თუ იყო.
_ მე შენ მიყვარხარ, მატი…
_ მე აღარ მიყვარხარ… წადი აქედან და ჩემი სახელი დაივიწყე. _ მითხრა და კედლისკენ გადატრიალდა.
გახევებული წამოვდექი და პალატიდან გავვარდი. უაზროდ გავრბოდი, თვითონაც არ ვიცოდი, საით….
ლადო, 50 წლის, გინეკოლოგი. 1996 წლის აპრილი:
მთელი კლინიკა ფეხზე დადგა. ისე კიოდა მატილდა, ისე კიოდა, მისი ხმისგან კედლები ზანზარებდა. მსგავსი ისტერიკა პირველად შემხვდა ჩემს პრაქტიკაში. იმ ღამეს მორიგე ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. სამი კაცი აკავებდა და ვერაფერი გააწყვეს, სანამ ნემსი არ გავუკეთეთ. ჯამაიკას დავურეკე და შეშინებული მოვარდა. ისიც დასამშვიდებელი შეიქნა.
იმ ღამიდან მოყოლებული მატილდას ნერვული სტრესი განუვითარდა და სამკურნალო გახდა. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ ძლივს გამოიხედა თვალებში, მაგრამ ყველასთან გაწყვიტა კონტაქტი. საყვარელ მამასაც კი არ ელაპარაკებოდა…
ოთო, 16 წლის, მოსწავლე. 1996 წლის აგვისტო:
ოთხი თვეა, მატილდა არ მინახავს. სკოლაშიც არ უვლია ავადმყოფობის გამო. არც გამოსაშვებ საღამოზე მოსულა. ამბობენ, შინიდან აღარ გამოდისო. როგორ მენატრება! ასე ალბათ არასდროს არავინ შემიყვარდება. ვერ ვივიწყებ. არაფერი ამქვეყნად არ მიხარია. მიუხედავად იმისა, რომ მისაღები გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი, სიხარული ვერ ვიგრძენი ისევე, როგორც დედაჩემმა. რაც მამა გარდაიცვალა, სულ შეიცვალა. მთელი დღეები ტირის. ყოველდღე სასაფლაოზე გადის და შინ ვინ იცის, როდის ბრუნდება. ასე მგონია, მე საერთოდ აღარ ვახსოვვარ. გამოდის, რომ მისთვის მამაჩემი ყოფილა ყველაფერი. ის გარდაიცვალა და დედას სიცოცხლეც იქ დამთავრდა. სახლი შეუძლია საერთოდ არ დაალაგოს, მაგრამ სასაფლაოს ისე უვლის, მთელ პერიმეტრზე ჩვენზე ლამაზ სასაფლაოს ვერ ნახავ. ააყვავილა იქაურობა. მე თითქოს ვერც მამჩნევს. როცა ვუთხარი, სტუდენტი გავხდი-მეთქი, ძლივს შესამჩნევად გამიღიმა და მორჩა, ეგ იყო მისი მხრიდან სიხარულის გამოხატვა. ასე თუ გაგრძელდა, არც დედას უწერია დიდი დღე, გადაჰყვება მამაჩემის სიკვდილს.
იმედია, სტუდენტობა ოდნავ მაინც გამიხალისებს ცხოვრებას. ერთი სული მაქვს, სექტემბერი მოვიდეს და სწავლა დაიწყოს. იქნებ ისეთი მეგობრები გამომიჩნდნენ, რომ მათთან ურთიერთობამ ყველა ჩემი დარდი გააქარვოს.
გაგრძელება იქნება