"სცენარში ეს უმნიშვნელო ეპიზოდი იყო, რამაზის გმირს კუნძში ხელი გაეჭედება ლონდრეს გამო და ჩემთან, მის მეუღლესთან აგზავნის სოლზე, მე პენუარში ჩაცმული სარკესთან ვზივარ და თმას ვივარცხნი, სცენარში მოცემულ ფრაზას - მიეცი სოლი ამეთვისტო, რამაზმა სოლი მოაშორა და მხოლოდ მიეცი ამეთვისტოს ყვიროდა. გივი ბერიკაშვილიც ისე ეშმაკურად იყურებოდა კადრში, რომ ამ სცენამ სულ სხვა დატვირთვა მიიღო. მაშინ ამ სიტყვას, სექსუალურსაც, არავინ ხმარობდა, ქალი რომ მოეწონებოდათ და ის ვნებიანი იყო, ამბობდნენ, მისაღებ-მოსაწონიაო. ასე გამითქვა სახელი ამ როლმა", - იხსენებდა მსახიობი ლია გუდაძე.
ლია გუდაძე 1940 წელს დაიბადა. 1963 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1963-1992 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში. სტუდენტობისას მონაწილეობდა კინოგადაღებებში და მაყურებელს თავი არაერთი ცნობილი როლითაც დაამახსოვრა.
"პირველად სცენაზე სკოლაში მოვხვდი, ჩემი დამრიგებლის, დღეს ცნობილი რეჟისორის, რეზო ესაძის დამსახურებით. 23-ე სკოლაში ბატონი რეზო ფიზიკას გვასწავლიდა. მისი სარეჟისორო კარიერა მოგვიანებით დაიწყო. სწავლის გაგრძელებას უცხო ენების ინსტიტუტში ვაპირებდი, მაგრამ რადგან თეატრალურში ადრე იწყებოდა გამოცდები, გადავწყვიტე, ბედი მესინჯა. გამიმართლა. მეორე კურსიდან უკვე პატარ-პატარა ეპიზოდებში მიღებდნენ. მერე კი... კომუნისტების პერიოდში რეპრესირებული ვიყავი, რის გამოც საქართველოში იშვიათად მიღებდნენ კინოფილმებში.
970 წელს ჩემი პირველი მეუღლის, ნუგზარ შარიას საზღვარგარეთ საცხოვრებლად დარჩენის გამო წარამარა კა-გე-ბეში მიბარებდნენ, გასტროლებზეც არ მიშვებდნენ, ფილმებში ჩემს გადაღებასაც ერიდებოდნენ. პირდაპირ ხომ არ მეტყოდნენ უარს - ხან რა სისულელეს იმიზეზებდნენ, ხანაც - რას. მაგალითად, მეუბნებოდნენ, არაქართული გარეგნობა გაქვსო. ბებია კაზაკი მყავდა და ვითომ ეს ჩემს გარეგნობაში თვალში საცემი იყო?! უშიშროება თავს არ მავიწყებდა, ისეც ხდებოდა, ჩემს ეპიზოდებს ჭრიდა ფილმებიდან, ხანაც უკვე როლზე დამტკიცებულს, მსახიობთა ნუსხიდან ამომხაზავდა. ასე გაილია დრო - ჩემი კარიერის ყველაზე ნაყოფიერი წლები ჩემმა ბიოგრაფიამ შეიწირა. დამსახურებული არტისტის წოდებაზე წარდგენილი, სამჯერ ამომშალეს სიიდან. საბოლოოდ ძალიან ბევრი იბრძოლა კულტურის სამინისტრომ, რომ ჩემთვის ეს წოდება მოენიჭებინათ. კომუნისტური წლების მიწურული იყო და მეოთხედ აღარ ამომშალეს.
მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მე და ნუგზარი დავქორწინდით. ის ჩემზე ერთი კურსით წინ სწავლობდა... ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. როგორ შეიძლება ოჯახის დანგრევა მარტივი იყოს, განსაკუთრებით 70-იან წლებში, როცა ქმარს გაცილებულ და შვილიან ქალს ალმაცერად უყურებდნენ. გაყრა ოპერაციას ჰგავს, რთულია და მტკივნეული.
ზვიად გამსახურდია რომ მოვიდა ხელისუფლებაში, იმ პერიოდში ჩამოვიდა ნუგზარი საქართველოში. სულ სხვა ნუგზარი დაბრუნდა ამერიკიდან, აღარც ქართველი იყო, არც მთლად ამერიკელი. როგორც ყოფილ ქმარს, ჩვეულებრივად შევხვდით, ოჯახშიც მოვიწვიეთ, მაგრამ რაც ქალიშვილი დაგვეღუპა, მას შემდეგ ნუგზარი აღარ მინახავს. ჩვენ გვყავდა არაჩვეულებრივი ქალიშვილი, დარეჯან შარია, რომელიც გარდაიცვალა და ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად წარიმართა. ჩემი შინაგანი “მე”-ც გარდაიცვალა, აღარაფერი მიხარია. თქვენ წარმოიდგინეთ, თეატრშიც არ წავსულვარ. ვიცი, ეკლესიურადაც არ არის გამართლებული ასეთი გლოვა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. მეუბნებიან: “ლია, რა კარგად გამოიყურები!”. ეს ჩემი გარეგნული სახეა, გული კი ტკივილით მაქვს სავსე. ჩემი ბრდღვიალა, ფერადი სამოსი პირველი დღიდანვე გავაჩუქე, თვალი და ხელი რომ არ გამქცეოდა. ყოველთვის მიყვარდა შავ-თეთრი კინო და ახლა ჩემი ცხოვრებაც შავ-თეთრი ფერისაა. ახლა მხოლოდ ვცოცხლობ. ვარსებობ ბავშვებისათვის, მისგან ვაჟიშვილი დამრჩა, მეორე ქორწინებიდან მყავს ვაჟი და შვილიშვილი.
ჩემი მეორე მეუღლე, უნივერსიტეტის პროფესორი ლევან კავილაძე, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. იმხანად პარტიული მუშაკი გახლდათ, თუმცა ძალიან რელიგიური ადამიანი იყო. ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს, ჩემს ცხოვრებაში ნუგზარ შარიას წასვლიდან მალევე გამოჩნდა.
"სოფლის აშიკში" არის ეპიზოდი, ფაცხაში რომ შემიტყუებს რამაზი. ამ სცენის გადაღების წინ ჩემმა მეუღლემ, ლევანმა ჩამოგვაკითხა და თან რამაზის მეუღლე ნატაშა ჩამოიყვანა. გავიხარეთ. გადასაღები გვაქვს ჩახუტების სცენა. შევყვები რამაზს ფაცხაში, ის ჩამეხუტება, ყურში რაღაც სასაცილოს ჩამჩურჩულებს და ისტერიკული სიცილი მივარდება. 10 დუბლი ასე გამაფუჭებინა და გადაღების ის დღეც ჩაიშალა. რამაზს ახასიათებდა ასეთი ონავრობა, დიალოგს ისე წაიყვანდა, რომ მე სულს ვერ ვითქვამდი.
სხვათა შორის, ეროსი მანჯგალაძესაც ახასიათებდა ასეთი ხუმრობები. ტექსტის დამატება უყვარდა და ჩვენ ვიცინოდით. მიშა თუმანიშვილი სახასიათო მსახიობს მეძახდა და, ალბათ, ამიტომ, სულ სიცილ-კისკისი იყო ჩემ გარშემო," - იხსენებდა ლია გუდაძე.