ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო მომღერალი, "ღამის შოუს ბენდის" წევრი ბაბი კირკიტაძე სასამართლოს მიმართავს. ინფორმაცია მან საკუთარ "Facebook-გვერდზე" გაავრცელა:
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!" - წერდა ბაბი.
"გამოძიება დაწყებულია! მადლობა მხარდაჭერისთვის!" - რა ფოტოს აქვეყნებს ბაბი კირკიტაძე
ამჯერად ბაბი კირკიტაძე ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების საქმესთან დაკავშირებით „იმედის კვირას“ ესაუბრა.
„როდესაც ეს ვიდეო დავინახე, დედასთან ერთად ვიყავი.. სახლში მივდიოდით, მანქანაში ვისხედით. გავხსენი ვიდეო ტელეფონში და არც ვიცი, როგორ შევაფასო და რა სიტყვებით, რაც მაშინ დამემართა. გავითიშე... მოვწყდი, არაფერი არ მესმოდა... კანკალი დამეწყო. დედა მეკითხებოდა, რა მოხდაო და პირდაპირ გადავაწოდე ტელეფონი. მერე გავიაზრე, რომ ჩემთვის ამოუხსნელი ამბავი მოხდა, მაგრამ მშობლისთვის კიდევ უარესი. მერე ორმა მეგობარმა დამირეკა და მითხრეს, რომ ვიდეო გავრცელდაო...
რაც შეეხება მამას და ძმებს, დედამ უთხრა ამის შესახებ. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ დედას ჩემი მიზეზით რამე არ მოუვიდეს, მაგრამ ის ძლიერია. ძლიერ მხარდაჭერას ვგრძნობ მისგან.
ის წამები, როდესაც ამაზე სტატუსს ვწერდი, ისიც არანორმალურად რთული იყო. ამ წუთას მაქვს ერთი მიზანი, ეს ამბავი მივიყვანო ბოლომდე.
აბსოლუტურად ყველა სეგმენტიდან მირეკავდნენ, მამხნევებდნენ. ყველას უდიდესი მადლობა, ხალხო, თქვენმა მხარდაჭერამ გადამარჩინა.
ვიდეო ვიპოვე და დამხვდა სრული უბედურება. ჩემი ვიდეოს, ამ ფაბრიკაციის გარდა, აქ იყო 44 სხვა გოგონას ვიდეო, მათ შორის, არასრულწლოვნების და მაშინ მივხვდი, როგორი დაუცველია ქალი, გოგონა და როგორ შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე გახდეს ასეთი ავადმყოფების მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გადავეცი გამოძიებას. ცილისწამება ყოფილა თავზარდამცემი, ჯოჯოხეთური ამბავია."
წამყვანის კითხვაზე, ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა, მომღერალი პასუხობს, რომ არ იცის.
„წარმოდგენაც კი არ მაქვს. ასე ხილულად მტერი არ მყავს, მაგრამ ამ ვიდეოს გაკეთება ვის ტვინში მოიხარშა და რატომ გადაწყვიტა ამ მეთოდებით მებრძოლოს, არ ვიცი“, – ამბობს ბაბი კირკიტაძე.