მსახიობობა ნანა ფაჩუაშვილის ოცნება იყო და ეს ოცნება მას რეჟისორმა სიკო დოლიძემ აუხდინა, დოდო ალექსიძემ კი მისი სამსახიობო უნარებისა და კარიერის განვითარებას შეუწყო ხელი. ნანა ფაჩუაშვილი 1964 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის სცენაზეა და აგრძელებს დაუვიწყარი როლების შექმნას.
როცა მომავალი მსახიობი საოცნებო პროფესიას ეუფლებოდა, თეატრალურ ინსტიტუტში ის პირველ სიყვარულს, ტრისტან ყველაიძეს შეხვდა, თუმცა მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ეს თავად წყვილს სურდა. მსახიობმა მოგვიანებით თამაზ აფხაიძეზე იქორწინა, თუმცა ქორწინებიდან 4 თვის თავზე 19 წლის ნანა დაქვრივდა. მისი მეუღლე უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, მას დენმა დაარტყა. ამ დროს ნანა ორსულად იყო. შვილს მამის, თამაზის სახელი დაარქვა.
ტრაგიკული შემთხვევიდან მალევე ნანა ფაჩუაშვილისა და ტრისტან ყველაიძის გზები კვლავ გადაიკვეთა, ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და მივიწყებული სიყვარულიც გაცოცხლდა. წყვილი დაქორწინდა, თუმცა პირველი მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული შიში მსახიობს მოსვენებას არ აძლევდა. შიში კი უსაფუძვლო ნამდვილად არ აღმოჩნდა - საყვარელმა ადამიანმა, სრულიად ახალგაზრდამ, ინფარქტი გადაიტანა, 55 წლის ასაკში კი ტრისტან ყველაიძე გარდაიცვალა.

„როცა საყვარელი ადამიანები დავკარგე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვიცოცხლებდი შვილებისთვის, პროფესიისთვის. ავიყვანე თავი ხელში. მუდმივად დატვირთული ვიყავი, რომ ფიქრის დრო არ მქონოდა. გავრბოდი რეპეტიციებზე, შვილთან და შვილიშვილთან, ვეხმარებოდი საოჯახო საქმეებში, ვმუშაობდი ტელევიზიაში, ვთამაშობდი ათონელის თეატრში, რუსთაველის თეატრში. ამან გამაძლებინა. პასუხისმგებლობა მქონდა ხალხის წინაშე, ვისაც უნდოდა, თეატრში ვენახე” - ამბობდა ნანა ფაჩუაშვილი.
მსახიობმა წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად შეძლო აქტიური ცხოვრების გაგრძელება. მიუხედავად გადატანილი ტრაგედიებისა, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის, „სამოთხის ვაშლების“ ერთ-ერთი წამყვანი იყო. პარალელურად, აგრძელებდა სამსახიობო კარიერასაც და 70 წლის ასაკში მას რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ ვარსკვლავიც გაუხსნეს.
ეს სიხარული, სამწუხაროდ, ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, რადგან მსახიობს ცხოვრებამ კიდევ ერთი და ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენა - 55 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი შვილი, თამაზი. მან უარი თქვა სპექტაკლებში მონაწილეობაზე და ყველას სთხოვა, მის ტრაგედიაზე საუბრისგან თავი მაქსიმალურად შეიკავონ.
"ფანატიკურად მიყვარდა ჩემი საქმე, ბევრი რამ გადავლახე მის გამო... მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, მე მარტო დავრჩი" - ნანა ფაჩუაშვილი
პირადი ტრაგედია, შვილის გარდაცვალება, საკუთარი წიგნი და ვარსკვლავი თეატრის წინ - ნანა ფაჩუაშვილის რთული ცხოვრების გზა დიდი წარმატებისკენ
ამჯერად მსახიობი გადაცემაში "ნოესთან" პირადი ტრაგედიის შესახებ საუბრობს:
„იცი, რა მაიმედებს? რომ არაფერი დამიკლია მისთვის. გაუკეთებელი გავაკეთე, ხვდები? არ მაქვს ხინჯად, ეს ვერ შევძელი-მეთქი, პირიქით, თამაზი იტყოდა ხოლმე, სუპერდედა მყავსო. რატომ? იმიტომ, რომ ისეთ საქციელებს ჩავდიოდი, მას რომ სჭირდებოდა“. – ამბობს ნანა ფაჩუაშვილი.