სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსი იყო საქართველოს პირველი ლედი 2004–07 და 2008–13 წლებში.
დაიბადა ნიდერლანდების ქალაქ ტერნეზენში. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. მიხეილ სააკაშვილს შეხვდა 1993 წელს სტრასბურგში. მოგვიანებით, იმავე წელს, ნიუ-იორკში გადადიან, სადაც ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. 1996 წელს წყვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობს თბილისში.
1998 წელს რულოვსი აფუძნებს საქველმოქმედო ფონდს „სოკო“, რომელიც კურირებს ჰოლანდიური კომპანიების და კერძო პირების მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარულ პროექტებს.
1999–2003 წლებში რულოვსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი იყო, სადაც ის ასევე მუშაობდა საკუთარ სადოქტორო თეზისზე ბელგიაში ფრანგული ენის ლინგვისტურ ასპექტებზე. მშობლიური ჰოლანდიურის გარდა, სანდრა რულოვსი ასევე ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულსა და ქართულს.
რულოვსსა და მიხეილ სააკაშვილს ჰყავთ ორი ვაჟი — ედუარდი და ნიკოლოზი.
ამჯერად სანდრა რულოვსი შვილს, ნიკოლოზს, რომელსაც 19 დეკემბერს დაბადების დღეც აქვს, და მთელ საქართველოს ნიკოლოზობას ულოცავს:
"მთელ ჩვენს ქვეყანას მინდა მივულოცო ნიკოლოზობა! ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ნიკოლოზი დაიბადა და დღეს 18 წლის გახდა! მივულოცავ სულით და გულით, ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს, სიყვარულს და საინტერესო ცხოვრებას ვუსურვებ! ასევე ყველას ვურჩევ, fb-ით გაეცნოს შთამბეჭდავ და გულისამაჩუყებელ მილოცვას მამისგან!" - წერს სანდრა.
ნიკუშიკო, დღეს შენ სრულწლოვანებას მიაღწიე. გეგონება გუშინ დავესწარი სანდრას მშობიარობას და მერე გავეშურე საპასპორტო ბიუროში შენ დასარეგისტრირებლად, ნიკოლოზ სააკაშვილად, ნიკოლოზობის დღეს. ნიკოლოზი მამაჩემის და ჩემი საყვარელი ბაბუის, ნიკოლოზ წერეთლის სახელია, ისევე, როგორც ედუარდს ჰქვია ბაბუამისის სახელი. შემდეგი ეპიზოდი ჩემს მეხსიერებაში შენი საზოგადოებაში წარდგენაა, როცა პარლამენტის წინ, ნაძვის ხის ანთებისას, პირველად გაგიყვანეთ ხალხში. ბევრი რამ მახსენდება - როგორ გადარჩი თურქეთში, სადაც ბოლო წამს მოგისწარი აუზში, თორემ იხრჩობოდი, დღემდე კოშმარად მესიზმრება. მეორე ეპიზოდი, როცა გრიპის დროს გაგიჩერდა სუნთქვა და სასწრაფოდ როგორ გაგაქანეთ კიდევ კარგი, ჩვენს სახლთან ახლომდებარე იაშვილის კლინიკაში, სადაც გადაგარჩინეს. მახსოვს, როგორ გამომეტირებოდი ხოლმე დილაობით, როცა სამსახურში მივდიოდი. ყურში ჩამესმის შენი ნამღერი "დედაო ნანა" ლაზიკას კლიპში. მე ძალიან ბევრ დროს ვუთმობდი ხალხის სამსახურს და ძალიან ცოტა დრო მქონდა შენთვის. ამიტომ ძალიან ბევრი მომენტი გავუშვი.მინდა ბოდიში მოგიხადო იმისთვის, რომ როცა კრიტიკული ასაკი გქონდა და მე დაგპირდი იაპონიაში წაყვანას, ამის მაგივრად აქ ჩამოვედი და საერთოდ ვეღარ მოგხედე, პირიქით, დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მოგაყენე.ახლა შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. უკვე იქით გეკითხები რჩევებს და ძალიან ბევრი საინტერესო აზრი მოვისმინე შენგან. შენ უკვე მარტო მოგზაურობ იაპონიაში, ინდოეთში, დადიხარ სამეცნიერო კონფერენციებზე, კარგად საუბრობ და წერ იაპონურად, ხოლო ქართულად, ჰოლანდიურად და ინგლისურად საუბრობ, როგორც მშობლიურზე. ბევრისგან მსმენია, რომ ჩემი ზუსტი ასლი ხარ. სინამდვილეში დარწმუნებული ვარ, რომ შენ ჩემზე ბევრად მეტს მიაღწევ და გააოცებ მსოფლიოს შენი სასარგებლო საქმეებით. ამავე დროს დარჩები ბოლომდე ქართველად. ბოლო დრომდე ხომ უარს ამბობდი საქართველოდან გამგზავრებაზე იმ შიშით, რომ უკან აღარ შემოეშვით. შენ შენი მშობლებისგან მემკვიდრეობით გადმოგეცა ამ ქვეყნის სიყვარული და ეს ძალიან მითბობს გულს. ასევე, ძალიან მიხარია, რომ პატარაობიდან ცდილობ სხვებს დაეხმარო. საზოგადოების სამსახურიც შენს გენეტიკაშია და ყოველდღე ვლინდება ახალ-ახალ ინიციატივებში. ჩემო ნიკუშა, ჩემო საყვარელო შვილო, გილოცავ 18 წლის დაბდღეს. გკოცნი ძალიან ბევრს. სიყვარულით, მიშა. P. S. ცოტა ხნის წინ იყო შემოსული ნიკუშა და მოვუბოდიშე, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი, მან კი მიპასუხა, რომ მე უკვე გავიზარდეო", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
სანდრა რულოვსი ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნის „იდეალისტის ისტორია“, რომელიც გამოიცა 2005 წელს. 2007 წელს რულოვსი აფუძნებს პირველ კლასიკური მუსიკის რადიოსადგურს მთელ კავკასიაში, რადიო "მუზას".
2019 წელს იყო ზუგდიდის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან. მიიღო 24 096 ხმა (42,83%) და დაიკავა მეორე ადგილი.
სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობა არაერთხელ გახდა განხილვის საგანი მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან, შემდეგ კი უკრაინელ პოლიტიკოს ლიზა იასკოსთან ურთიერთობაზე საჯაროდ ისაუბრა. ბოლო განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ სანდრა მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულად რჩება:
"სანდრა არის ყველაზე კეთილშობილი და გონიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრის უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად. ძალიან ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე, მას უნდა ვუმადლოდე.
ჩვენ გავზარდეთ ორი ერთმანეთზე უკეთესი, საქართველოს პატრიოტი შვილი. სანდრა რჩება ჩემი ცხოვრების მთავარ სიყვარულად, ვინაიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და ჩემი პიროვნების უმნიშვნელოვანეს ნაწილად.
ძალიან განვიცდი ყველა იმ მომენტს, როცა მას გული ვატკინე. მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა მას, ედუარდს და ნიკოლოზს გვერდით დავუდგე," - წერდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
თავად სანდრა რულოვსი კი წერდა, რომ ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობა დაასრულა:
“ორი წელიწადი დამჭირდა მანამ, სანამ ფსიქოლოგიურად შემეძლო მიშას მონახულება. დღეს შედგა ჩვენი ხანგრძლივი შეხვედრა და გულწრფელი საუბარი. ვუსურვებ მას თავისუფლებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ჩვენ ერთად აღარ ვართ”, - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
მიუხედავად ამისა, სანდრა რულოვსი ქართველი ხალხისთვის საყვარელ პერსონად რჩება და მის მიმართ სიმპათიასა და თანადგომას უამრავი ადამიანი გამოხატავს. სანდრა თავადაც ხშირად აღნიშნავს, რომ საქართველო მისთვის სამშობლოა, მისი შვილები ქართველები არიან და ქართველი ხალხი მისთვის ძალიან ძვირფასია.