ზაფხულის ცხელ დღეს, ქალი ჭრელი კაბითა და იმავე ქსოვილის თავშლით, ცდილობს ქოლგის ქვეშ დაემალოს ბათუმის მცხუნვარე მზეს.
შავ-თეთრ ფოტოზე მაინც ნათლად ჩანს მისი თეთრი სახის კანი და თვალის ღია ფერი. მეორე ფოტოზე კი ის შავი კაბითა და გრძელი, თეთრი მძივით არის წარმოდგენილი. სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებს. უკან გადავარცხნილი სქელი თმა და მოწესრიგებული ვარცხნილობა კიდევ უფრო გამოკვეთს მის მომხიბვლელობას. ლურჯი, დიდი და ბრდღვიალა თვალები ჰქონია აჭარაში პირველ დირიჟორ ქალს - ნელი ქადაგიძეს.
ოჯახში ინახება დირიჟორის ჯოხი, რომელსაც თავის დროზე, სავარაუდოდ, მფლობელის ინიციალები უნდა ჰქონოდა, ამჯერად კი მასზე მხოლოდ ხოჭოსა და მორიელის ფიგურაა შესამჩნევი. არ ვიცი, ორკესტრის ხელმძღვანელის განუყოფელ „იარაღზე“ რა დატვირთვა აქვს ამ მწერებს. ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვკითხავდი. გარდა ამისა, ალბათ ბევრ საინტერესო ამბავსაც გაიხსენებდა. ფაქტია, ნელი ქადაგიძემ იმქვეყნად არაერთი ისტორიული და საინტერესო ფაქტი „წაიღო“. მუსიკოსის ცხოვრება-მოღვაწეობასა და მისი პორტრეტის აღდგენაში დირიჟორის ძმისშვილის მეუღლე, ჰიდრომეტეოროლოგი რუსუდან მაჭუტაძე დამეხმარა.
ნელი ქადაგიძე 1925 წელს დაიბადა და 1943 წელს დაამთავრა ქედის საშუალო სკოლა. ფრიადოსანი ყოფილა და ამას მისი სკოლის ატესტატიც ადასტურებს. ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველა ადამიანს, სურდა თუ არა, მუსიკალური განათლება უნდა მიეღო და გამოავლენდა ნიჭს, გაჰყვებოდა თუ არა პროფესიული კუთხით მუსიკას, ეს უკვე მისი საქმე იყო. ნელის ხელოვნების ამ დარგისადმი მიდრეკილება ადრეულ წლებში გასჩენია და შვილში ეს უნარი მამამ აღმოაჩინა.
ხასან ქადაგიძემ ოჯახისთვის პიანინო ავსტრიელი კომპოზიტორის, იოჰან შტრაუსის ბათუმში მცხოვრები ნათესავის - ელიზავეტა შტრაუსისგან შეიძინა. ინსტრუმენტის ყიდვა-გაყიდვის დროს ყველა საჭირო დოკუმენტი ნოტარიული წესით გაფორმდა. მამის საჩუქარი ნელის ძალიან წაადგა, რადგან სწორედ ამ პიანინოსთან იჯდა და მეცადინეობდა შემდეგში პირველი აჭარელი დირიჟორი ქალი. ოჯახი მშვიდად, უზრუნველად ცხოვრობდა და ცოლ-ქმარი შვილების განათლებაზე იყო ორიენტირებული. სამწუხაროდ, 1937 წლის რეპრესიებს ვერც მათი ოჯახი გადაურჩა.
იუსტიციის სახალხო კომისარ ხასან ქადაგიძის დაპატიმრების შემდეგ მისი მეუღლე, ბათუმის მაღალი წრის წარმომადგენელი ქალბატონი მარიამ მებუკე თავისი სამი შვილით ქუჩაში დარჩა. დაბნეული, შეშინებული და უსახლკაროდ დარჩენილი ქადაგიძეები მარიამის დეიდამ და მისმა მეუღლემ შეიფარეს, უპატრონეს და მოგვიანებით ბათუმში არსებული სახლ-კარიც მათ დაუტოვეს.
ხასანისა და მარიამის ბინაში, ბარათაშვილის ქუჩაზე კი, სამხედრო პროკურორი შეასახლეს. მოგვიანებით ეს მაღალჩინოსანიც დააპატიმრეს და ამჯერად უკვე ქადაგიძეების ბინას გამომძიებელი გასიევი დაეპატრონა. მათი ქონების ნაწილი სადღაც გადამალა, შეიძლება იმიტომ, რომ იცოდა, იმ დროს დაპატიმრებისგან დაზღვეული არავინ იყო და „თადარიგი დაიჭირა“.
დრო გადიოდა, მაგრამ რა ბედი ეწია ოჯახის უფროსს, მისმა ცოლ-შვილმა არ იცოდა. ინფორმაცია ხასან ქადაგიძის დახვრეტის შესახებ მისმა მეუღლემ და ბავშვებმა მხოლოდ 1948 წელს შეიტყვეს...
წლების შემდეგ ხასან ქადაგიძის ვაჟმა ალექსანდრემ გასიევის ოჯახი მოძებნა. მის ბინაში ამოიცნო ის ნივთები, რომლებიც ჩამოერთვათ. მათ შორის იყო პიანინო. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელი ინსტრუმენტს არ თმობდა და ამტკიცებდა, რომ თავად შეიძინა, სიმართლემ თავისი გაიტანა - ქადაგიძეებსა და შტრაუსს იმ დრომდე შემორჩენილი ჰქონდათ შესყიდვის ყველა საჭირო საბუთი და გასიევი იძულებული გახდა, მითვისებული ქონება კანონიერი მფლობელისთვის დაებრუნებინა. რა თქმა უნდა, ოჯახის არაერთი რელიკვიის ბედი გაურკვეველი დარჩა, მაგრამ ქადაგიძეებმა პიანინოს გარდა, დაიბრუნეს: დიდი ჩუქურთმებიანი სარკე, 2 სავარძელი და მე-18 საუკუნის კედლის საათი... მამადახვრეტილი შვილი კუთვნილი ნივთებით შინ რომ დაბრუნდა, მარიამ მებუკე ცუდად გამხდარა: რა ჯანდაბად მინდა ნივთები, როცა კაცი მომიკლესო.
სამ დედმამიშვილ ქადაგიძეებს შორის მხოლოდ ალექსანდრეს (ნეჯათს) დარჩა შთამომავლები. ნელი მუსიკოსი გახდა, ლეილა - რუსულის პედაგოგი, ალექსანდრე კი - სტომატოლოგი, თუმცა მანამდე პეტერბურგში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. იქ ორჯერ ჩაუბარებია, მაგრამ სწავლის დასრულება ვერ შეძლო, მესამე და მეორე კურსიდან გარიცხეს, როგორც „ხალხის მტრის“ შვილი.
როგორც უკვე აღვნიშნე, ნელისა და ლეილას შვილები არ ჰყოლიათ, ორივე და ძმისშვილებზე ზრუნავდა და ქადაგიძეებს საკუთრებაში დაბრუნებული შტრაუსის პიანინოც მოგვიანებით ნელიმ თავის ერთ-ერთ ძმისშვილს აჩუქა.
რუსუდან მაჭუტაძე:
- ნელი ბავშვობიდან დადიოდა მუსიკაზე, სკოლის დასრულების შემდეგ კი თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა, ბიძინა კვერნაძესთან სწავლობდა და მასთან მეგობრობდა. კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, 1950-იან წლებში, მარჯანიშვილის თეატრში დირიჟორად მუშაობდა, შემდეგ ბათუმის თეატრში მიიწვიეს, სადაც სპექტაკლებს მუსიკალურად ორკესტრი აფორმებდა. მოყოლილი აქვს, ერთხელ პარტიტურა რომ მოჰპარეს. წარმოდგენებს მთავრობის წარმომადგენლები ხშირად ესწრებოდნენ და ესეც მორიგი ასეთი დღე იყო. ქალმა მთელი სპექტაკლი ზეპირად, პარტიტურის გარეშე წაიყვანა, ვირტუოზული სმენა ჰქონდა.