"მთავაზობდა ერთ-ერთ მთავარ როლს, თამამ სცენაში თამაშს უნდა დავთანხმებულიყავი - მანანა აბრამიშვილის ცხოვრება, ასევე მსახიობი შვილი და ამბები კამერებს მიღმა - Marao

"მთავაზობდა ერთ-ერთ მთავარ როლს, თამამ სცენაში თამაშს უნდა დავთანხმებულიყავი - მანანა აბრამიშვილის ცხოვრება, ასევე მსახიობი შვილი და ამბები კამერებს მიღმა

2023-12-19 15:46:29+04:00

არ ახსოვს, რა ასაკში გადაწყვიტა, გამხდარიყო მსახიობი, მაგრამ ახსოვს, სხვა პროფესიაზე სერიოზულად არც არასდროს უფიქრია. რუსთაველის თეატრის სცენაზე მოხვედრას პირველ წარმატებად მიიჩნევს. ჩემი რესპონდენტი მანანა აბრამიშვილი გახლავთ. ის თავად გვიამბობს, რამდენად რთულია იყო სულ სხვადასხვაგვარი, მაგრამ ნამდვილი, რადგან სინამდვილე, მის პროფესიაში მთავარია.

 

- მსახიობობა მიმზიდველი პროფესია რომ არის, რა ასაკში და როგორ აღმოჩნდა?

- ამ პროფესიისადმი ინტერესი როგორ გამიჩნდა, ვერ ვიხსენებ, ადრეული ბავშვობიდან მხოლოდ ეს სურვილი მქონდა. ვგრძნობდი, ძალიან აქტიური, მრავალფეროვანი, საინტერესო პროფესია იყო, სულ მოქმედებაში, მოძრაობაში ყოფნას მოითხოვდა და ეს მდგომარეობა მიზიდავდა. ბავშვობაში ხომ ყველას ჩვენებური ფიქრები გვაქვს, ჩემი ფანტაზიით სულ სადღაც ვთამაშობდი, ჩემთვის ამ პროფესიას დიდი ხიბლი ჰქონდა. მცირე ხნით დიპლომატობასაც ვფიქრობდი, ეს სურვილი ჩემზე მეტად, ჩემს ოჯახს ჰქონდა. როდესაც არჩევანის წინაშე დავდექი, რა თქმა უნდა, მსახიობობის სურვილი ვერაფერმა გადაწონა.

- დღეს გაქვს განცდა, რომ პროფესიაში სწორი არჩევანი გააკეთე?

- ხან მაქვს და ხან - არა. სიმღერა მიყვარს და ხანდახან ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, ეს მიმართულება ამერჩია. კარგად ვმღერი.

- სცენას მაინც არ შორდები...

- (იცინის) ასე გამოდის.

- თეატრალურში ჩაბარების შემდეგ ეს პროფესია, ისეთივე მომხიბვლელი აღმოჩნდა, როგორც ბავშვობაში წარმოგედგინა?

- უფრო მეტად მომხიბვლელი და მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვობაში სცენაზე თამაში მარტივი მეგონა, სინამდვილეში, რთული პროფესიაა. არაერთხელ მითქვამს, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელი უნდა იყოს, რომ თეატრალურის პირველი კურსი გაატარო - იქ იმდენ რამეს იგებ, იმდენად სხვაგვარად აზროვნებას იწყებ, ურთიერთობებში იმდენად გახსნილი ხდები, განსხვავებული ხედვა გიყალიბდება, ჩაკეტილობა (თუ გაქვს) გეხსნება, მეტყველებას სწავლობ, რეალობის სწორად დანახვა და აღქმა, პიროვნული თავისუფლების შეგრძნება სულ სხვაგვარად მოდის. ჩვენ, მსახიობები, ხომ ადამიანებზე ვმუშაობთ. როდესაც ამ პროფესიას ვირჩევთ, სულ სხვადასხვაგვარი ადამიანის თამაში გვიწევს და ეს ძალიან საინტერესოა.

- პროფესიაში რა იყო შენი პირველი წარმატება, ეს განცდა როდის მოვიდა?

- კასტინგის გზით რუსთაველის თეატრში მოხვედრა. ეს წარმატება დღემდე გრძელდება. მეც ვვითარდები, თელავის თეატრშიც ვთამაშობ.

- წლებია, სცენაზე აქტიურად თამაშობ, გაქვს გადაღებები, დღეს ამ გამოცდილებით, რა შეგიძლია თქვა, ამ პროფესიის მთავარი ხიბლი რა არის?

- იყო ნამდვილი. როცა ბუნებრივი ხარ, როცა პერსონაჟის განწყობას, იმ ხაზს მიჰყვები, რომელსაც თამაშობ, ეს კარგია. მსახიობი იქვე ფუჭდები, როგორც კი სინამდვილეს კარგავ. იყო ნამდვილი და ბუნებრივი, არ არის ადვილად მისაღწევი. გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი პერიოდი კინოსადმი სხვაგვარი დამოკიდებულება მქონდა, თითქოს არ ვინტერესდებოდი. ვთვლიდი, რომ კინო სხვა რამ იყო, თეატრი - სხვა. ვერ ვიტყვი, რომელი უფრო რთულია ან მარტივი. ახლა როდესაც გადაღებებში აქტიურად ვარ ჩართული, მივხვდი, კამერის წინ მუშაობა აუცილებელიც კი ყოფილა, რომ შენი პროფესია სრულად შეიგრძნო. წლების განმავლობაში სულ თეატრით ვიყავი მოხიბლული, კინოგადაღებებზე საერთოდ არ ვაქტიურობდი. ახლა სერიალში თამაში მომწონს. წლებია, "ჩემი ცოლის დაქალები" პოპულარული სერიალია და რომ დამიძახეს, თავიდან ცოტათი დაძაბული ვიყავი, მაგრამ გადასარევი გუნდია, ერთმანეთზე უკეთესები.

- საკუთარი პერსონაჟი თუ შეგიყვარდა?

- ჩემი პერსონაჟი, ირინე, არის ქალი, როგორიც არასდროს ვიქნები. არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც მსახიობს არ გიყვარს, მაგრამ თამაშობ. დიდი გარდასახვები, სახასიათო როლები საინტერესოა.

- ირინე ინტრიგანი ქალია, რამით შეგიძლია გაამართლო?

- მას შეუყვარდა კაცი, რომელიც ნაძირალა აღმოჩნდა, ოჯახი დაანგრია, გამწარებული ადამიანია, ალბათ ბევრ რამეზე წამსვლელიც. არ ვიცავ ჩემს პერსონაჟს, მაგრამ ვცდილობ ხოლმე, მასში რაღაც ისეთი მოვძებნო, როლის ხასიათი ზუსტად დავიჭირო. მისი ყოფილი მეუღლე უარყოფითი პერსონაჟია, უნდა თანხის წართმევით გაამწაროს. მოღალატეს ყველაფერიც უნდა გაუკეთო. ვფიქრობ, ჩემი ირინე და ლაოში (დავით ველიჯანაშვილის პერსონაჟი) ორივე ერთნაირი ადამიანია.

- მაყურებლის რეაქციაზე რას გვეტყვი?

- სოციალურ ქსელში წერენ, ბოროტ ქალს რა კარგად თამაშობს, ყოჩაღო! მაყურებლისთვის ჩემი პერსონაჟი საყვარელი მაინც არ არის. მსგავსი პერსონაჟები ხალხს არ უყვარს. ბიჭები წერენ, ამ ქალს საღოლ! მაგრად მოსთხოვაო (იცინის).

- რეალურ ცხოვრებაში, ოდესმე ვინმეს დაშანტაჟები გიცდია?

- არა, რას ამბობ, რაც შეეხება ფულის თემას, მთელი ცხოვრება სხვებს იქით ვაძლევ ფულს (იცინის). ხომ შეიძლება შვილმა მშობელს ფული მოსთხოვს, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია?! ჩემს ცხოვრებაში მსგავსი რამ არ მომხდარა, არ შემიძლია. ჩემს პერსონაჟთან საერთოს ვერაფერს ვპოულობ.

- როგორი პერსონაჟები უფრო მეტად გიზიდავს, რომლებიც გგვანან თუ პირიქით?

- არასდროს მიზიდავს ის პერსონაჟი, რომელიც მე მგავს. რომელიც ჩემგან განსხვავებულია, ის მეტად მაინტერესებს. თეატრში მაქვს ასეთი როლები,  ფილმებში კი "ნაშას" როლს უფრო მაძლევენ, სულ ვიღაცის ყოფილის ან საყვარლის როლში მხედავენ. არადა, ასეთი ქალები მაღიზიანებს.

- ინტერესით და სიამოვნებით როგორ პერსონაჟს ითამაშებდი?

- ვითამაშებდი თუნდაც საქმოსან, მაგრამ წესიერ ქალს. დრამატული, ღრმა შინაარსის მატარებელი გმირები მიზიდავს.

- ოდესმე როლზე მიუღებლობის გამო უარი გითქვამს?

- რამდენიმე წლის წინ ერთი ქართველი რეჟისორი დამიკავშირდა და მითხრა, რომ მთავაზობდა ერთ-ერთ მთავარ როლს, ვიქნებოდი ბიზნესვუმენი, საქმიანი ქალი, ოღონდ თამამ სცენაში თამაშსაც უნდა დავთანხმებულიყავი. რეჟისორს ვთხოვე, ზუსტად აეხსნა, რა უნდა გამეკეთებინა, რის შემდეგაც ჩემგან უარი მიიღო. ვუთხარი, გამორიცხულია, ასეთი როლი შევასრულო, სულ რომ ჰოლივუდმა დამიძახოს-მეთქი და წამოვედი. ჩემი პრინციპები მაქვს, რომლებსაც ვერ გადავაბიჯებ. იმ რეჟისორმა სერიალი გადაიღო, მაგრამ იმ თამამი სცენის გარეშე. როგორც ჩანს, სხვა მსახიობებმაც უარი უთხრეს. თეატრშიც მქონდა მსგავსი შემთხვევა, ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა, სპექტაკლის დადგმა უნდოდა, სცენაზე შიშველ კაცებს უნდა ერბინათ თუ რაღაც ამდაგვარი ჰქონდა ჩაფიქრებული. ჩვენი თეატრის ყველა მსახიობმა უარი უთხრა.

- მსახიობი თუ ხარ, ყველანაირი როლის შესრულება უნდა შეგეძლოსო, ალბათ გსმენია. რას ეტყვი ადამიანებს, რომლებიც ამ შეხედულებას იზიარებენ?

- ალბათ უნდა შეგეძლოს, მაგრამ ადამიანები ვართ, ყველას ჩვენ-ჩვენი შეხედულება გვაქვს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, უარი შვილების გამო თქვაო, მაგრამ ასე არ არის.

- რის გამო თქვი?

- არავის გამო და არავის გათვალისწინებით, თავად არ შემიძლია და მორჩა.

- პრემიერის შემდეგ ვინ არის ის ადამიანი, ვის აზრსაც ყველაზე დიდი ინტერესით ელოდები?

- ახლა უკვე ეს ადამიანი არის ჩემი შვილი - თეკლა სულაქველიძე, რომელმაც ჩემი პროფესია აირჩია. ახლახან "პრომეთეს" შემდეგ შემოვიდა ჩემთან და მითხრა: "დე, ჩემი ფავორიტი ხარ!" ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტი იყო. თეკლა ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსია. ვიცი, რასაც მეტყვის, მართალი იქნება.

- თეკლას ჩემთან აქვს ნათქვამი, როდესაც სამსახიობოზე ჩაბარება გადაწყვიტა, შენ მისი არჩევანის წინააღმდეგი იყავი...

- ასეა.

- დღეს, როდესაც სცენაზე მის წარმატებულ როლებს უყურებ, რა განცდა გაქვს?

- გაოცებული ვარ. მართლა მეგონა და ვფიქრობდი, რომ ეს პროფესია მისი არ იყო. თეკლას ცოტათი ფეთქებადი ხასიათი აქვს, გაქცევა უყვარს. არტისტისთვის ეს არ შეიძლება. თეკლამ ჩემგან, ცხოვრებისგან ისწავლა, რომ არასდროს უნდა დათმოს არც საკუთარი ადგილი, არც როლი და ა.შ. სხვაგვარად წინ ვერ წავა, გაქცევა არ არის გამოსავალი. დღეს თეკლას რომ ვუყურებ, როგორი წარმატებულია, როგორი აქტიურია, ბედნიერი ვარ. ჩემზე მეტი წარმატება აქვს, ვიდრე მე მის ასაკში მქონდა და ძალიან მიხარია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, სხვა პროფესია აერჩია. თეკლამ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მართლა კარგი მოსწავლე იყო. მინდოდა, ისეთი პროფესია აერჩია, ფეხზე მყარად რომ მდგარიყო. თეკლა, ჩემგან განსხვავებით, ისეთი ადამიანია, რომელსაც უნდა ყველაფერი ისწავლოს, იცოდეს. რეჟისორმა გია ბარაბაძემ შვილივით შეიყვარა, ყველა პროექტზე ასისტენტად ჰყავს, თან იღებს. თეკლა ძალიან შრომისმოყვარე და დაუზარელია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ თეატრში თამაშობს, ჯერ ჩემთან ვერ მოვიყვანე. ამბობს, მე ჯერ არ ვარ მზად იმისთვის, რომ რობერტ სტურუას წინაშე წარვდგეო... რაც შეეხება ჩემს მეორე შვილს - ჩემს ვაჟს, ჩვენს პროფესიასთან საერთო არაფერი აქვს - სამართლის ფაკულტეტზე სწავლობს. ერთმანეთთან სამივეს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

- ყოველთვის ასე იყო თუ მათი გარდატეხის ასაკის პერიოდს გარკვეული სირთულეები ახლდა?

- ბიჭთან გარდატეხის ასაკის არანაირი სირთულე არ გაგვივლია, თეკლასთან კი - იყო, კი. ხასიათის მრავალმხრივი ცვლილება ჰქონდა. ურთიერთობა არ დაგვძაბვია. უბრალოდ, ვხვდებოდი, გარდატეხის ასაკი აქვს და რაღაცები უნდა დავთმო-მეთქი.

- მანანა, შესრულებული როლებიდან რომელი იყო ისეთი, დიდი გავლენა რომ მოახდინა, სხვაგვარად დაგაფიქრა?

- "სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე", სადაც ვითამაშე იმ და აქაურ სამყაროს შორის დამაკავშირებელი პერსონაჟი, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას, ვინ გამგზავრებულიყო იმქვეყნად. ამ როლზე მუშაობა ადვილი არ იყო, ბევრი ვიფიქრე, როგორი უნდა ყოფილიყო, სულ კითხვის ნიშნები მქონდა. საბოლოოდ კარგი გამოვიდა, კარგი გამოხმაურება მოჰყვა. გამორჩეულად მიყვარს "გონზაგოს მკვლელობა", ხოლო სპექტაკლში "სადღაც ცისარტყელას მიღმა" მოხუცი, თეატრმცოდნე ქალის როლიც გამორჩეულად მახსოვს. ეს იყო ძალიან რთული, რადგან ერთ დღეში შევედი, მსახიობის შეცვლა მოხდა. მოხუცის გამომეტყველება, აკანკალებული ხმა, კიდევ ბევრი ნიუანსი ერთი რეპეტიციით მარტივი სათამაშო არ იყო. ასევე გამორჩეულად მიყვარს ანა ფროიდის როლი სპექტაკლიდან "სტუმარი", "პრომეთეში" რევოლუციონერ კომუნისტკას ვასრულებ და ესეც მომწონს.

წაიკითხეთ სრულად