პირველ, სწორუპოვარ და განუმეორებელ კინოვარსკვლავად უნივერსალური, არასტანდარტული გარეგნობის, ძალიან ქალური, დახვეწილი, ულამაზესი 19 წლის ნატო ვაჩნაძე (ანდრონიკაშვილი) ეკრანებზე პირველი გამოჩენისთანავე იქცა. როგორ უცნაურადაც უნდა ჩანდეს, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე მაყურებლის უმეტესობას ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით ფილმები არც კი უნახავს, ეს სახელი ყველამ იცის. მან ხანმოკლე ცხოვრებისა და კინოში არცთუ ხანგრძლივი მუშაობის მანძილზე, 27 ფილმში ითამაშა (1923-იდან 1952 წლის ჩათვლით). გამორჩეულად პოპულარული და ავტორიტეტული, დაფასებული და აღიარებული ადამიანი იყო სახელოვნებო სფეროდან - საქართველოშიც და მთელ საბჭოთა კავშირშიც.
ნატო ვაჩნაძე 1904 წელს ქალაქ ვარშავაში, პოლკოვნიკ გიორგი ანდრონიკაშვილისა და პოლონელი ეკატერინე სლივიცკაიას ოჯახში დაიბადა. ოჯახი მალე გადმოსახლდა საქართველოში, თუმცა ახალგაზრდა პოლკოვნიკი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ეკატერინე სლივიცკაიამ გურჯაანში გადაწყვიტა დასახლება, სადაც მცირეწლოვანი შვილების აღზრდა ნაკლებად გაუჭირდებოდა. ნატო თავის დასთან ერთად თბილისის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა და ზაფხულს გურჯაანში ატარებდა ხოლმე. 1914 წელს უფროსი დის ავადმყოფობის გამო მთელ ოჯახს მოუწია ევროპაში გამგზავრება ბავშვის სამკურნალოდ, თუმცა მათ იქ პირველმა მსოფლიო ომმა მიუსწრო და ანდრონიკაშვილები სამშობლოში დაბრუნდნენ.
მაშინ ცხოვრება ძალიან გართულდა - ნატოს სწავლის პარალელურად მუშაობაც უწევდა. იყო რიგითი მუშა თბილისის სხვადასხვა საწარმოში, გურჯაანში ყოფნისას კი კერძო მოსწავლეები აჰყავდა და ფორტეპიანოს გაკვეთილებს უტარებდა. იგი ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გათხოვდა მერაბ ვაჩნაძეზე, რომელიც 1937 წელს დაიჭირეს და გადასახლებაში გარდაიცვალა. წყვილს ერთი შვილი, თენგიზ ვაჩნაძე ჰყავდა.
„მისი ფერმკრთალი და სევდიანი სახე რაღაც იდუმალებით გიზიდავდა. განსაკუთრებით, თვალები გიპყრობდნენ - გულწრფელი, უშუალობის გამომხატველი დიდრონი, ფართო თვალები, რომლებიც სიწმინდესა და უცოდველობასთან ერთად უძირო სევდასაც გამოხატავდნენ. ეკრანიდან გიმზერდათ ნატიფი სილამაზის ქალი, ამავე დროს, თვალში გეცემოდათ მისი უბრალოება" - წერდა ნატო ვაჩნაძეზე კინოკრიტიკოსი კორა წერეთელი.
1923 წელს, 19 წლის ასაკში, მისი ფოტო შემთხვევით შეამჩნიეს შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში. მალე მას გურჯაანში ეწვია „სახკინმრეწვის“ თანამშრომელი შაქრო ბერიშვილი და ნატო გადასაღებად მიიწვია ფილმში „არსენა ყაჩაღი“. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ნატომ კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა მეორე ფილმზე „მამის მკვლელი“. საბოლოოდ, ორივე ფილმი სამ თვეში თითქმის ერთდროულად გამოვიდა ეკრანებზე. ფილმმა მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა.
„რაც უფრო იზრდებოდა ჩემი სახელი, მით უფრო ხშირად ჩავაგონებდი საკუთარ თავს, რომ უნდა დავძლიო ჩემი ეს პოპულარობა და ჭეშმარიტი, ღრმა, სერიოზული მსახიობი გავხდე. ...მე ვთამაშობ პასიურ ქართველ ქალს. საწყენია, რომ ჩემი როლები ერთფეროვანია.“ – წერდა იგი თავის მოგონებებში.
"შავ-თეთრ ფოტოებზე და კინოკადრებშიც კარგად არ იკვეთებოდა მისი სილამაზე. ახლაც მახსოვს მისი თვალის ფერი, მართლაც რაღაც განსაკუთრებული ჰქონდა, თითქოს თაფლისფერი, მაგრამ იისფერი და მწვანე დაჰკრავდა, თითქოს ტბა ჰქონდა თვალებში.
მისი ბიძაშვილი ელენე ანდრონიკაშვილიც მეუბნებოდა, რომ ეკრანსა და ფოტოებზე არ ჩანდა მისი სილამაზე.
ღმერთმა ძალიან ბევრი რამ მისცა - კარგი ოჯახიშვილობა, კარგი დედ-მამა, სამი საოცარი შვილი, სასწაული გარეგნობა, სულის სისუფთავე, პოპულარობა და ერთ დღეს ეს ყველაფერი დამთავრდა" - იხსენებდა კირა ანდრონიკაშვილი.
კოტე მარჯანიშვილთან მუშაობის პერიოდში გაიცნო ნატო ვაჩნაძემ ნიკოლოზ შენგელაია. ცნობილია, რომ მათი გაცნობა კამათით დაიწყო, სადაც გაცხარებულმა შენგელაიამ ვაჩნაძეს მიახალა, რომ მას არასოდეს გადაიღებდა თავის ფილმებში, თუმცა, როგორც კი ამის საშუალება მიეცა, მაშინვე ნატო ვაჩნაძე მიიწვია მთავარ როლზე.
„ნ. შენგელაიასთან მუშაობამ გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, კოლია შენგელაია შემიყვარდა" - იხსენებდა მსახიობი. წყვილს ორი შვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები შეეძინა.
1943 წელს ნიკოლოზ შენგელაია ფილმის „ის კვლავ დაბრუნდება“ გადაღებისას მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. ამ ტრავმამ ნატო დიდი ხნით ჩამოაცილა კინოს.
14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადების და გარდაცვალების დღედ იქცა. მოსკოვიდან თბილისისკენ მომავალ თვითმფრინავი, რომელსაც ნატო ვაჩნაძე საქართველოში უნდა ჩამოეყვანა, ნიკოლოზ შენგელაიას სოფელ ობუჯის თავზე აფეთქდა. მსახიობის დამწვარი სხეულის ნაწილები მისმა დამ, კირა ანდრონიკაშვილმა ამოიცნო საგვარეულო ბეჭდით.
„ცაში დაიწვა ვაჩნაძის ეშხი,
და ფრინველების შეწყდა გალობა...
შუქურ-ვარსკვლავო, ცის ვარსკვლავებში
დაგიწყებს ძებნას შთამომავლობა...
...არ დაიჯეროთ - გულს ხომ არ სჯერა, -
ის თვითმფრინავი აგერ მოფრინავს,
მოულოდნელი ხანძრის გაჩენა
კინოსურათის კადრი ყოფილა...“ - წერდა ოთარ კუპრავა დიდი მსახიობის გარდაცვალების შესახებ. ნატო ვაჩნაძე მაშინ 49 წლის იყო.