"მე დავბრუნდი საქართველოში 53 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ენერგიით სავსე, დღეს 56 წლის გავხდი.საქართველოში ჩემი ხალხისა და მიწის უსაზღვრო სიყვარულმა და იმის ყურების დიდმა ტკივილმა დამაბრუნა, თუ როგორ ინგრევა ყველაფერი ის, რაც შევქმენით; როგორ გაჩერდა ის, რაც დავიწყეთ. ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ ამანაც ვერ შემაჩერა. როგორია დღეს ჩემი ცხოვრება?
ყოველდღე ჩემი 77 წლის დედა მინიმუმ ორსაათიან გზას გადის მანქანით, რათა საკვები მომიტანოს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ძალიან უჭირს, ცდილობს, არ შეიმჩნიოს თავისი მძიმე მდგომარეობა და აქეთ გამამხნევოს, დილაობით ყოველთვის ღიმილით შემოდის პაკეტით ხელში. ის ჩამოსული იყო კიევში, რათა დავერწმუნებინე და გადამეფიქრებინა ჩემი განზრახვა. მე გავეპარე სახლიდან და მაინც წამოვედი. მთელი ეს თვეები და წლებია ერთხელაც არ მომისმენია მისგან საყვედური.
ჩემი ჩამოსვლა მძიმე ტვირთად დაატყდა 15 წლის ნიკუშას. ეს არის კრიტიკული ასაკი და ვხედავდი, თუ როგორი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი იყო ეს მისთვის და როგორ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა ამ სტრესს. საოცარი ანალიტიკური თვისებები განუვითარდა, ბოლო შეხვედრისას ძალიან ღრმა და საინტერესო რჩევები მომცა.
მთავარია მახარებს, რომ ორივემ – ედუარდმა და ნიკუშამაც მითხრეს, რომ ჩემი აქ ჩამოსვლა არ იყო შეცდომა და ისინი ამაყობენ მამით.
3.5 წლის ალისკა კი ყველას უყვება, რომ მამიკო ძალიან დაკავებულია სამსახურში და ამიტომ ვერ მოდის მის სანახავად. თუმცა დედიკოს ჩუმად გაანდო, რომ მე კი მინდა მასთან მისვლა და ჩახუტება, მაგრამ „ცუდი კაცები“ მიშლიან ხელსო.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან დაშვებულ ადამიანთა წრე უკიდურესად შეზღუდულია და ტელეფონების ზარები აკრძალული მაქვს, მე ვიცი, რომ მარტო არ ვარ. ასობით ათასი ადამიანი საქართველოში და უკრაინასთან ერთად მილიონობით ადამიანი თანამიგრძნობს და მიჭერს მხარს. სწორედ ამან გადამატანინა ფიზიკური ძალადობა, მოწამვლა, ცხოვრების რიტმის მკვეთრი ცვლილება.ბევრი რაღაც უფრო კარგად დავინახე. ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა გამიცრუა იმედი და პირიქით, ბევრმა ადამიანმა ძალიან კარგად გამოავლინა თავი და სასიამოვნოდ გამაოცა. გამოჩნდნენ ახალი მხარდამჭერები და მეგობრებიც. მე ძალიან მითბობს გულს, თუ როგორ დამიდგა გვერდზე უკრაინა, მისი ლიდერი და უამრავი უკრაინელი. სასიამოვნოდ გავოცდი, თუ რამდენი პოზიტიური სტატია დაიწერა მსოფლიოს პრესაში ჩემზე და ჩვენს რეფორმებზე. ძალიან სერიოზული მსოფლიო მოღვაწეების მიერ აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტი გულშემატკივარი მყავდა მსოფლიოში, ვიდრე წარმომედგინა და იმედი მაქვს, რომ ეს ეხმარება ჩემს სათაყვანებელ საქართველოსაც.
ახლა 56 წლის ვარ. თავს აბსოლუტურად ისევე ახალგაზრდულად ვგრძნობ, როგორც 2021-ში. მე ვიცი, რომ საქართველოს მტერს ჩემი განადგურება სურს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მას ეს არ გამოუვიდეს. რადგან ზუსტად ვიცი, რომ კიდევ დავჭირდები ჩემს ორივე ქვეყანას – საქართველოსა და უკრაინას. ამიტომ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპზე ვიმყოფები. მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელმაც გაიარა, რამდენიც შეძლო და ახლა გაივლის იმდენს, რამდენიც საჭიროა თითოეული ქართველისა და უკრაინელის გასამარჯვებლად.
მე მწამს, რომ დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის და ჩვენ, ყველანი ერთად, დავამარცხებთ უიმედობასა და მარცხზე ფიქრსაც კი“, - წერს სოოციალურ ქსელში საპატიმროში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 21 დეკემბერს 56 წლის გახდა.
მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1967 წლი 21 დეკემბერს, თბილისში, იმ დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ნიკოლოზ სააკაშვილისა და გიული ალასანიას ოჯახში. სწავლობდა ჯერ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, ხოლო შემდეგ თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა.1992 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. შემდეგ, ედმუნდ მასკის პროგრამით ჩაირიცხა ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან იგი პირველი მოქალაქე გახდა, რომელმაც 1995 წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. იმავე წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. 1995-1996 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში. 1995 წელს იგი მიიღეს ნიუ იორკის ადვოკატურაში და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ბიზნეს სამართალს პეტერსონთან, ბელკნაფთან, ვებთან და ტაილერთან.
მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოზიციას. მოგვიანებით მან ოპოზიციური პარტია ახალი ნაციონალური მოძრაობა“ დააარსა. მის სახელს უკავშირდება "ვარდების რევოლუცია", მოგვიანებით კი გახდა საქართველოს პრეზიდენტი ორი ვადით.
2015 წლიდან სააკაშვილმა პოლიტიკური საქმიანობა უკრაინაში გააგრძელა, რომლის მოქალაქეც არის ის დღეს. 2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ 8 წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის დააკავეს და დღემდე იხდის სასჯელს.
მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა სანდრა რულოვსთან. მათ ორი შვილი, ედუარდი და ნიკოლოზი ჰყავთ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ცნობილ ქართველ მომღერალთან, სოფო ნიჟარაძესთან ქალიშვილი, ელის-მარია სააკაშვილი შეეძინა. საქართველოში დაბრუნებამდე კი მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ დებუტატ, ლიზა იასკოსთან ურთიერთობის შესახებ საჯროდ ისაუბრა.