რა არის სინამდვილეში The Drag Ball, რატომ გახდა განხილვის საგანი ნანი ბრეგვაძე და რომელი ქართველი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ აქამდე ამ შოუში? - Marao

რა არის სინამდვილეში The Drag Ball, რატომ გახდა განხილვის საგანი ნანი ბრეგვაძე და რომელი ქართველი ვარსკვლავები მონაწილეობდნენ აქამდე ამ შოუში?

2023-12-21 15:11:26+04:00

"The Drag Ball: All Stars ბრუნდება, უფრო დიდი, უფრო თავბრუდამხვევი, უფრო დაუვიწყარი, ვიდრე ოდესმე.

ჩვენი ვარსკვლავები ერთმანეთს დრეგ ოლიმპიადაში გამოიწვევენ:

  • KY CYGNI
  • TASHA
  • DIVINE
  • NINJA LI
  • OTARAANT QUEER
  • GALLINA BLANCA
  • BETH HOE VAN
  • NOT SO VIRGIN MARI
  • HOT PAFLOTSK

All Star-ს გახსნის ერთადერთი და განუმეორებელი, ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე.  დახურვის პერფორმანსი  ბზიკებისგან" - ვკითხულობთ The Drag Ball-ის მიერ დაანონსებული ღონისძიების აღწერაში. რომ არა ერთი ნიუანსი, ალბათ, ეს სიახლე საინტერესოდ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის დარჩებოდა, ვინც The Drag Ball-ის მიერ გამართულ ღონისძიებებს აქამდე ისედაც ესწრებოდა, თუმცა ნანი ბრეგვაძის სახელის ხსენებამ, რატომღაც, საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 

 რა არის The Drag Ball?

დრეგ ბოლი არის სუბკულტურა, რომელიც წინ წამოსწევს რასის, გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის თემებს საზოგადოებაში. დრეგი ქვიარ კულტურის ერთ-ერთი უძველესი ნაწილი და არტისტული პერფორმანსია. ეს კულტურა გაჩნდა 1920-იან წლებში ნიუ-იორკში და მის გარშემო. დასაწყისში, შემსრულებლები, ძირითადად, შედგებოდნენ თეთრკანიანი მამაკაცებისგან, რომლებიც აწყობდნენ მოდის ჩვენებებს, გადაჭარბებულად, გადამეტებულად წარმოაჩენდნენ რომელიმე სქესს, რაც შოუს სანახაობრივსა და შთამბეჭდავს ხდიდა. 

ეს კულტურა შედგება უნიკალური ღირებულებებისა და სოციალური სტრუქტურებისგან. 1960-იან წლებში ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ შეეძლო ღიად გამოეხატა საკუთარი იდენტობა ოჯახში, მეგობრებისა თუ სხვა სანაცნობო წრეში. ამ სიცარიელის შესავსებად გაჩნდა სწორედ ეს სივრცეები, რომლებიც ადამიანებს თავისუფლებას ანიჭებდა. 

1970-იან წლებში დრეგ ბოლში მონაწილეობის შესაძლებლობა გაიზარდა. ასევე, უფრო მრავალფეროვანი გახდა თავად შოუს ელემენტებიც, რამაც უფრო მეტი ინტერესი, ინკლუზიურობა და ჩართულობა გამოიწვია. ეს შოუები განსხვავებული რასის, სქესისა თუ ორიენტაციის ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას აძლევდა და მათთვის უსაფრთხო გარემოს ქმნიდა. 

დრეგ ბოლი სულ უფრო ვითარდებოდა და კონკურენტული ხდებოდა. მის გარშემო იმდენი ადამიანი შემოიკრიბა, რომ გაჩნდა სპეციალური ტერმინები, ჟარგონები, რომლებიც ამ სუბკულტურისთვის დამხასიათებელ ნიშნად იქცა. კონკურსის, შეჯიბრების ელემენტი კი ამ ყველაფერს უფრო შთამბეჭდავსა და მიმზიდველს ხდიდა. ცეკვა, კოსტიუმირებული შოუ, სიმღერა, სპექტაკლი - ეს ამ ფერადი შოუს განუყოფელი ნაწილია. 

საქართველოში დრეგ ბოლები ბოლო რამდენიმე წელია “თბილისი პრაიდის” მხარდაჭერით იმართება. მიუხედავად იმისა, რომ დრეგი ძირითადად შეჯიბრების სახით, შოუებად ტარდება, ის უბრალოდ კონკურსი არაა, ერთგვარი გამოხატვის ფორმა და LGBTQ+ იდენტობის აღნიშვნაა. თბილისში გამართული დრეგ ბოლების კონსულები  გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია არიან. 

დრეგ ბოლის სცენაზე მაყურებელმა არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, ლელა წურწუმია და გიული ჩოხელი უკვე იხილა. შემდეგი ვარსკვლავი კი, რომელიც ამ დაუვიწყარ შოუში მიიღებს მონაწილეობას, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძეა. 

"ნანის მაგნოლია": რატომ იქცა თეთრი მაგნოლია მომღერლის ცხოვრების სიმბოლოდ და როგორია სპეციალურად მის სახელზე შექმნილი ყვავილი- ნანი ბრეგვაძის კიდევ ერთი თვალისმომჭრელი გამოჩენა 

ვინ არის ნანი ბრეგვაძე?

ნანი ბრეგვაძე ქართველი საესტრადო მომღერალია. 1961 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.

1959–1964 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი. 1964 წლიდან ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, „ორერას“ სოლისტია. 1980 წლიდან გამოდის სოლო-კონცერტებით.

ბრეგვაძის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ლირიზმი. იგი ქართველი კომპოზიტორების მრავალი ახალი საესტრადო ნაწარმოების პირველი შემსრულებელია. 

ახმოვანებდა ფილმებს და თავადაც გადაღებულია რამდენიმე მხატვრულ ფილმში: „ორერა, სრული სვლით!“ (კამეო, რეჟ. ზაალ კაკაბაძე, 1970), „სამკაული სატრფოსთვის“ (აიშა, რეჟ. თენგიზ აბულაძე, 1971), „მე, პელეს ნათლია!“ (მაკა, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი (უმცრ.), 1991), „სიყვარული აქცენტით“ (რეჟ. რეზო გიგინეიშვილი, 2012), „მხატვრის მუზები“ (რეჟ. შოთა კალანდაძე, 2014, მხატვრულ-დოკუმენტური) და სხვ.

ნანი ბრეგვაძე 87 წლისაა, აქტიურად აგრძელებს მუსიკალურ კარიერას და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებაში.

რატომ განიხილავენ ნანი ბრეგვაძის The Drag Ball შოუში მონაწილეობას? 

მას შემდეგ, რაც ნანი ბრეგვაძის The Drag Ball შოუში მონაწილეობის შესახებ გახდა ცნობილი, ბევრი იმასაც კი წერდა, რომ ქართული სცენის დედოფალს ყველა ორდენი უნდა ჩამოერთვას. ამ ამბავს კულტურის მინისტრის მრჩეველი იოსებ ჭუმბურიძე გამოეხმაურა და მკაცრად ითხოვა, რომ ყველა გაჩერდეს, რადგან ნანი ბრეგვაძე საქართველოსთვის იგივეა, რაც საფრანგეთისთვის - ედიტ პიაფი. "სიმღერებს მხოლოდ მისთვის წერდნენ: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ჯანსუღ კახიძე, გიორგი ცაბაძე... რევაზ ლაღიძემ ბულბულს შეადარა, ჯანსუღ კახიძემ ქალღმერთი უწოდა..." - დაწერა მან. 

"ნანი ამბობს, რომ თუ არც ისე ლამაზი ადამიანიც კი ოპტიმისტურად არის განწყობილი ცხოვრების მიმართ , დიდი შანსია, რომ ის ლამაზად გამოიყურებოდეს, შიგნიდან ანათებდეს" - უმშვენიერესი სამი თაობა, ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და ნანი ბრეგვაძე 

The Drag Ball საქართველოში მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის სექსუალურ უმცირესობებთან ასოცირდება. საზოგადოების ეს ნაწილი, სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანისთვის ჯერ კიდევ მიუღებელია და მათ არცთუ იშვითად ნეგატიურ კონტექსტშიც მოიხსენიებენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ნანი ბრეგვაძის The Drag Ball შოუში მონაწილეობა კრიტიკის საგნად იქცა. თავად მომღერალს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. The Drag Ball: All Stars 29 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე გაიმართება. 

"დიდი დრო გავიდა იმის მერე, რაც მე ჩემი თავი ვაღიარე მომღერლად; ყველას მოსწონდა, მე კი - არა..." - რას იხსენებს ნანი ბრეგვაძე ახალგაზრდობის წლებზე