- არ გინდა თავის მართლება. მესმის შენი. ჯამაიკასთან მეგობრობდი და ვერ გაწირავდი. გასაგებია… ასე გადაეცი, პატიებას ნუ ელოდები-თქო. მასთან შერიგებას არ ვაპირებ. ხვალ განცხადება შემაქვს განქორწინების თაობაზე.
ლიკა ისე დააბნია ჩემთან საუბარმა, ფეხარეული გავიდა ნომრიდან.
იმ დღის შემდეგ ჩემს ცოლს აღარ შევუწუხებივარ. ერთ თვეში ხელი გავაწერეთ და კვლავ თავისუფალი შევიქენი. ყველაფერმა სკანდალის გარეშე ჩაიარა - ქონებას მე არ ვითხოვდი და ფულს, რატომ უნდა მოეწყო სცენები? იმ სახლში ჩემი არაფერი იყო, ტანსაცმლის გარდა, რომელიც უკვე წამოღებული მქონდა. ფული არც მიხსენებია. ბოლოს და ბოლოს, გიო ხომ მასთან რჩებოდა. ბავშვს განა ცოტა უნდა?
მე ჩემი დანაზოგი კარგა ხანს მეყოფოდა, მაგრამ პრობლემების წინაშე დავდექი და ამაზე უნდა მეფიქრა. მუდმივად სასტუმროში ვერ დავრჩებოდი. ვერც ბინას ვიქირავებდი, ქირა ბევრს წაიღებდა. არც იმდენი მქონდა, რომ ცალკე მეყიდა, მაგრამ შემეძლო მეგირავებინა. მერე სამსახურსაც გამოვნახავდი და დავიწყებდი ცხოვრებას თავიდან. არადა, 45 წლის ასაკში თავიდან დაწყება განა ასე ადვილი იყო?
მაგრამ შექმნილ მდგომარეობას არ შევეპუე. ფონდის ბუღალტრობამ, ფულის გარდა, სხვა ბევრი სიკეთეც მომიტანა. სოლიდური ხალხი გავიცანი, ზოგს მეგობრობის დონეზეც კი დავუახლოვდი. ამიტომ მივდექი, მოვდექი და დავიწყე სამუშაოს ძებნა.
იმაზე მეტად გამიმართლა, ვიდრე ვვარაუდობდი. ერთი დეპუტატი იყო, დავითი, ბიზნესმენი. კარგი ურთიერთობა გვქონდა. რამდენჯერმე დავეხმარე ბუღალტრულ საქმეებში და ჩემი მადლიერი დარჩა. როცა მას მივადექი დახმარების თხოვნით, ჩაიცინა და ისეთი რამ მითხრა, ყურებს არ ვუჯერებდი. მოდი, მე და შენ მარტოხელა დედების დახმარების ფონდი შევქმნათო. ამ საქმეში ჭიპი გაქვს მომწვარი, ყველაფერი იცი. ფულის შემოდინება ჩემზე იყოს. ნაწილს იმათ მოვახმართ, ნაწილს ჩვენ გამოვიყენებთ. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, მე დაგეხმარებიო. მშვენიერი წინადადება იყო, ჭკუაში დამიჯდა. ლადოს ფონდში ყოველთვე იმდენი თანხა შემოდიოდა, მთლიანად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს რომ მოხმარებოდა, არც ერთი დავადებული ბავშვი არ გვეყოლებოდა ქალაქში, მაგრამ მხოლოდ სამ პროცენტს ვაფინანსებდით, დანარჩენი ჩვენს ჯიბეებში მიდიოდა.
ერთი სიტყვით, შევთანხმდით - ლადოსავით არ გვეღორა და საქმისთვის შემოწირულობების ორმოცი პროცენტი დაგვეხარჯა.
- რადგან პარტნიორები მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, მოგება საკმარისად დაგვრჩება. მე ისედაც კარგი ბიზნესი მაქვს. ცოტა აქედანაც თუ დაემატება, უარს არ ვიტყვი. ბევრი და თავზესაყრელი არც ახლა მინდა და არც არასდროს მომსურვებია. შენ რას იტყვი?
რა უნდა მეთქვა? წესიერი კაცის სიტყვა იყო და მესიამოვნა. ვერ ვიტან ხარბ ადამიანებს, რაც მეტს შოულობენ, უფრო და უფრო მეტის მოხვეჭის სურვილი რომ უჩნდებათ.
დიდი ფულის მოყვარული არც მე ვყოფილვარ. ამის გაკვეთილი ცხოვრებამაც მომცა - მწარე გაკვეთილი. რა მოვიგე, ფულის შოვნა რომ დავიწყე? ცუდის მეტი არაფერი - ოჯახი დამენგრა, ცოლმა მიღალატა, შვილები კი შემომეფანტა. აი, ეს იყო ჩემი გამდიდრების შედეგი. ამიტომ დავითის შემოთავაზება უყოყმანოდ მივიღე.
თქმა და ქმნა ერთი იყო. დავითი მეორე დღესვე დატრიალდა. როგორც დეპუტატს, არ გასჭირვებია არც ნებართვის აღება, არც შენობის დათრევა და არც საჭირო ინვენტარის შეძენა.
ერთ რამეში თავიდანვე შევთანხმდით. რაც დათომ დახარჯა, ჯერ იმას აინაზღაურებდა და მოგებას მერე გავიყოფდით თანაბრად. ამაზეც დავთანხმდი. ამიტომ რამდენიმე თვე მხოლოდ ხელფასზე ვმუშაობდი, მაგრამ ფინანსები ისე სწრაფად და იმდენი წამოვიდა, რომ ჩემმა პარტნიორმა თავისი წილი დანახარჯი სამ თვეში ამოიღო.
ჩვენმა ფონდმა სწრაფად გაითქვა სახელი. შემოწირულობებს ძირითადად კონცერტების სახით ვიღებდით. ეს კონცერტები კი ტელევიზიით გადაიცემოდა. ბიზნესმენების რიგი დაგვიდგა. ყველას უნდოდა, თავისი სახელი სცენიდან გაჟღერებულიყო. მათ არც რიგითი მოქალაქეები ჩამორჩებოდნენ, განსაკუთრებით - ექიმები, იურისტები, ფსიქოლოგები… ყველა, ვისაც სახელის მოხვეჭა და კლიენტურის მოზიდვა სჭირდებოდა.
აი, ასე ვცხოვრობ დღეს. სადაცაა ბინასაც ვიყიდი და საკუთარი ჭერი მექნება. ცოტაც და, მატილდას ძებნასაც შევუდგები. უნდა ვიცოდე, ჩემი შვილი სად არის და როგორ. ვინ იცის, იქნებ ისე უჭირს, შიმშილისგან კუჭი უხმება? მერისაც მოვნახავ, იქნებ შევძლო და სწორ გზაზე დავაყენო. ყველაფერი უნდა გავაკეთო ჩემი შვილებისთვის, უნდა გავაკეთო ის, რაც ჯამაიკამ ვერ შეძლო.
რამდენჯერმე შემხვდა ქუჩაში, მაგრამ თვალი ავარიდე. საშინლად არ მომეწონა. ერთობ მოტეხილი მეჩვენა. უმაკიაჟოდ არ მახსოვს, სახლიდან გასულიყოს, ახლა კი არც მაკიაჟი ჰქონდა, არც თვალები დახატული და თმაც აბურდვოდა. არადა, ყოველკვირა იცვლიდა ვარცხნილობებს. მისი ასეთი ცვლილება, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ნუთუ თავისი საყვარელი აღარ აქცევს ყურადღებას? იმანაც მოიშორა თავიდან ვითომ? საქმეს ასეთი პირი უჩანდა. სხვა დროს ალბათ დარდით არ დამეძინებოდა, მაგრამ ამჯერად აღარ შემცოდებია. რაც დათესა, ის მოიმკა.
ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა. ამას წინათ ბელას შევხვდი - ლადოს თეთრ, ფითქინა ბუღალტერს, რომელთანაც არაერთი ლამაზი ღამე გამითენებია. რომ დავინახე, სისხლი ისევ ამიჩქროლდა - ვიგრძენი, როგორ მომნატრებოდა ქალის ალერსი. იმასაც გაუხარდა ჩემი დანახვა. მაშინვე ჩემთან წავიყვანე და საღამომდე მივეძალეთ სიამტკბილობას.
ბელასგან გავიგე, ლადოს ფონდის საქმეები უკან-უკან მიდისო. თვითონაც მალევე წამოსულა იქიდან.
- ისე აიწეწა ყველაფერი, მივხვდი, თავს ვერ გავართმევდი. ვიღაც მოიყვანა შენი შემცვლელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიდი მადა ჰქონია და ერთ თვეში დედა უტირა ლადოს ფულებს. - ბელამ გადაიკისკისა და თავისი კრიალა კბილები გამოაჩინა, - ისე გაუხადა საქმე, რომ ლამის საგადასახადო ჩაუჯდა, მაგრამ ის ვიღაც რომ ჰყავს ზემოთ, ის დაეხმარა და გადარჩა. ახლა ეშინია, არ დამიჭირონო, ამიტომ ფონდის დახურვას აპირებს მგონი.
- მერედა, როგორ უნდა იცხოვროს, როცა ფულის კეთებასაა მიჩვეული? - მეც გავიცინე.
- ნუ გეშინია, მაგას ფული არასდროს აკლდა. ისეთი პროფესია აქვს, ყოველთვის იშოვის. შენზე ძალიან იყო გამწარებული, როცა გაიგო, შოთას ფონდი დაუფუძნებიაო. მე ვასწავლე ყველაფერი და ახლა კონკურენციას მიწევსო.
- ვერ არის ეგ კაცი კარგად. ჯერ ერთი, მან რა მასწავლა, ბუღალტერია? მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა. მან ის მასწავლა, დანაშაული როგორ ჩამედინა. სულ ეს იყო. ან კიდევ, რომელი მაგისი კონკურენტი მე ვარ? სად ლეიკემია და სად მარტოხელა დედები?
- ჰო, მაგრამ შემოწირულობები?
- ეგ კი, მაგრამ შემოწირულობები მარიფათზეა დამოკიდებული. შენ რომ უფროსი ხარ, უნდა იცოდე, როგორ შეფუთო შენი საქმიანობა, რათა მეცენატები მოიზიდო. მაგას თუ ეს არ ეხერხება, ჩემი რა ბრალია?
- ინტერესით კვდებოდა, ნეტავ ვინ ააწყობინა საქმე, ზურგს ვინ უმაგრებსო.
ამაზე გულიანად გამეცინა. დავითი თანადამფუძნებელი იყო, ამას არ მალავდა. ამიტომ ბელას ვუთხარი, ვისთან ერთადაც ვიყავი საქმეში. დავითი უბრალოდ, არასდროს არ ჩნდებოდა არსად, ყველგან ყოველთვის ჩემი გვარი გაისმოდა, ამიტომ არ იყო ცნობილი მისი სახელი ფართო საზოგადოებისათვის. ბელა დავარიგე, თუ ლადო სადმე შეგხვდა, გადაეცი, ვისთანაც ვმუშაობ, ეს საიდუმლო სულაც არ არის-მეთქი.
მას შემდეგ ბელა ჩემთანაა. უფრო სწორად, ყოველდღე მოდის. სახლს მილაგებს, საჭმელს მიმზადებს, მირეცხავს, მიუთოებს… ერთი სიტყვით, მივლის. მართალია, ცოლ-ქმარი არ ვართ, მაგრამ ცოლ-ქმარივით ვცხოვრობთ. ხვალ რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს.
ოთო, 22 წლის, ვეტერინარი, 2003 წლის სექტემბერი:
როგორც იქნა, სტაჟირება დავამთავრე. სამი სექტემბრიდან ზოოვეტერინარად დავიწყე მუშაობა. ერთ-ერთი საუკეთესო ცხოველთა კლინიკაა ქალაქში, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი. კარგად გავიწაფე ხელი, ოპერაციებსაც კი ვაკეთებ. ჩვენი კლინიკის უფროსს ვახტანგი ჰქვია. მას ვეხმარები ხოლმე ოპერაციების დროს. ბევრმა ძაღლმა თუ კატამ გაიარა ჩემს ხელში. ერთხელ სადღაც აგარაკზეც კი გამოგვიძახეს და ძროხა ვამშობიარეთ. მაგარი სასაცილო სცენა კი იყო. მე და იმედა გაგვიშვეს. ის ჩემთან შედარებით გამოცდილი ვეტექიმია. ახლა მეც შემიძლია ასეთი რამეების გაკეთება. ვახტანგმა მითხრა, შენისთანა ნიჭიერი მოსწავლე არ მყოლიაო. საქმე იქითკენ მიდის, რომ მომავალში ალბათ საკუთარ კლინიკას გავხსნი. კლინიკას თუ არა, მაღაზიას მაინც. ყველაზე მეტად მაინც ძაღლებისა და კატების მკურნალობა მხიბლავს. სწორედ ამ განხრით მიწევს აქაც მუშაობა. ექოსკოპიაც დავამხეცე. ისე დაწვრილებით აღვწერ ხოლმე ცხოველის დაავადების კერებს, რომ უფროსი გაოცებულია. შენს ადგილზე ამ კუთხით გავაგრძელებდი მუშაობასო, მაგრამ მე მაინც მრავალპროფილური განათლება მინდა მქონდეს.
ხელფასს არ ვუჩივი. ამის გარდა, ბონუსებიც მეძლევა. ზოგჯერ, როცა ადგილზე მივდივარ ხოლმე ცხოველის გასასინჯავად, პატრონები დამატებითაც მჩქუნიან ფულს. ასე რომ, არც პროფესიას ვემდური და არც შემოსავალს.
დედა შედარებით გამოკეთდა. ისე აღარ არის გადართული მამაჩემის გარდაცვალებაზე, არც ძველებური სიხშირით დადის სასაფლაოზე. არც შეუძლია - ფეხები უსივდება და ფეხზე დიდხანს დგომა და სიარული უჭირს. ბოლო დროს გულმა შეაწუხა და მკურნალობს.
პირად ცხოვრებაში ახალი არაფერი ხდება. მატილდა ვერა და ვერ დავივიწყე. ერთხელ კი ვცადე ერთ ჩემს კლასელთან დაახლოება, რამდენიმე თვეს ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ამ ურთიერთობიდან არაფერიც არ გამოდნა. ვერ შევიყვარე. შეიძლება იმიტომ, რომ სულ თავზე დამკანკალებდა, წარამარა კუდში დამდევდა, დღეში ცხრაჯერ მირეკავდა. ბოლოს ყელში ამომივიდა. ისეთი ეჭვიანი იყო, მისი შიშით მზერას ვერ ვაპარებდი ქუჩაში სხვა გოგოსკენ. დიდი მექალთანე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ქუჩაში გასული სულ ვაკვირდები გოგოებს, იქნებ რომელიმეში მატილდა ამოვიცნო-მეთქი.
დრო გადის, მე კი ვერ ვივიწყებ. ვივიწყებ კი არა, პირიქით, უფრო და უფრო მიმძაფრდება მისი ნახვის სურვილი. სულ მენატრება. გამუდმებით თვალწინ მიდგას მისი სახე, ღიმილი, სიცილი, მორცხვობა. ჩემი მეხსიერებიდან რა წაშლის იმ დღეს, ბოლოს რომ ვნახე. რამხელა სევდა იკითხებოდა მის თვალებში.
ჩემი ბრალია. უნდა მივმხვდარიყავი, რომ იმ დღით არ მთავრდებოდა ყველაფერი. არ უნდა მოვშვებოდი, ხელი არ უნდა მეკრა. მერე რა, რომ ახლოს არ მიკარებდა. ბოლოს მაინც მოუბრუნდებოდა გული ჩემკენ. ალბათ ასეც მოხდებოდა, რომ არ გაუჩინარებულიყო.
ვინ იცის, იქნებ გათხოვდა კიდევაც. იქნებ შვილებიც ჰყავს. არა, ამაზე ფიქრიც არ მინდა. ვერასდროს ვერ შევეგუები, მატილდას სხვა ქმარი ჰყავდეს. სად არ გავიკითხე, მაგრამ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ნატა მისი უახლოესი მეგობარი იყო, იმანაც კი, არაფერი ვიციო, მითხრა. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. მე იმედს მაინც არ ვკარგავ. გული მიგრძნობს, ერთხელაც აუცილებლად შევხვდები. ოღონდ ეგაა, არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა. ვაითუ ისევ ხელი მკრას, როგორც მაშინ, ახლოსაც არ გამიკაროს. არა, ამას არ დავუშვებ. ოღონდ კი ვნახო და ხელს არაფრით არ გავუშვებ, რის ფასადაც უნდა დამიჯდეს.
არ მეგონა, მის გარდა სხვის შეყვარებას თუ ვერ შევძლებდი. რატომღაც, ყველა გოგოს მას ვადარებ. ეს შედარება კი ყოველთვის აფუჭებს საქმეს. იგი დღემდე ვერავინ შეცვალა. ნუთუ ასეთი ძლიერია ბავშვობის სიყვარული? იქნებ მისი ხელის კვრა ვერ მოვინელე? იქნებ სწორედ ეს მიმძაფრებს მისდამი სიყვარულს?
მატილდა… ჩემი მატილდა… ჩვენ სულ ერთად ვიქნებითო. სულ, სულო… ასე მეუბნებოდა. სიკვდილის მეტი ვერაფერი დაგვაშორებსო. არადა, დედამისმა დაგვაშორა. ის ქალი ისეთი ავია, რას არ შეძლებს. ახლოსაც არ გამიკარა, როცა მასთან დალაპარაკება გადავწყვიტე. ცხვირწინ მომიჯახუნა კარი. თავისი შვილი ხომ დაღუპა და მეც ამირია ცხოვრება. აბა, რა ჰქვია ჩემს ყოფას? განა ბედნიერი ვარ? დავდივარ ეული და მხოლოდ მატილდაზე ვფიქრობ. დედაჩემი ძალიან ნერვიულობს ჩემზე. თუმცა კი თავს ინუგეშებს, ჯერ 22 წლისაა და რა დროს ამის ცოლიაო, მაგრამ შიგადაშიგ წამოსცდება ხოლმე, ოჯახის შექმნას არ აპირებო? არადა, იცის, რატომაც არ ვაპირებ. იცის, რომ მატილდასთან შეხვედრას ველოდები. და დაველოდები კიდევაც, თუნდაც საუკუნე გავიდეს…. დედაჩემს კი სწორედ ეს ადარდებს…
ჯამაიკა, 46 წლის, პარიკმახერი, 2006 წლის მაისი:
ძლივს გამოიდარა. გაზაფხული ისე გავიდა, ვერ ვიგრძენი, სულ წვიმდა და ციოდა. ახლაღა დათბა, როცა მაისი გადის.
სხვებისთვის ალბათ ცხოვრება გრძელდება, ჩემთვის კი ერთ ადგილზე გაიყინა. მას მერე, რაც შოთიკო სახლიდან წავიდა, თითქოს დავცარიელდი. თურმე რამდენად ძვირფასი და ახლობელი ყოფილა ჩემთვის. ამას მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ. სიყვარულითაც კი მყვარებია. ლადოს ხსენებაც არ მინდა, მასთან ყოველგვარი კონტაქტი გავწყვიტე. საზიზღარი კაცი, ეგოისტი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მე, კარგი, არ ვუნდივარ, მაგრამ შვილი? გიოს მეტი ვინ ჰყავს ამქვეყნად? თავისი სისხლი და ხორცია, რაც უნდა იყოს. აქამდე ფინანსურად მაინც მეხმარებოდა, ახლა ამაზეც აიღო ხელი.
სულ მარტო დავრჩი. მართალია, გიო მყავს, მაგრამ ისე ჯერ მხოლოდ რვა წლისაა და ამ ცხოვრების ბევრი არაფერი ესმის. თუმცა მთავარი ისაა, რომ კარგად სწავლობს. ახლა მთელ იმედებს მხოლოდ მასზე ვამყარებ. იქნებ ამან მაინც გამიმართლოს და სიბერე არ ჩამიმწარდეს. ვისგანაც არ ელოდები, თურმე ყველაზე მეტად მისგან უნდა მოელოდე სამარის გათხრას. რა აკლდა მერის? რატომ დაადგა ამ გზას? ვფიქრობ, ვფიქრობ და ამ კითხვაზე პასუხი ვერ გამიცია. ნუთუ ჩემი ბრალია, რაც თავს გადამხდა? ნუთუ არასწორად ვზრდიდი შვილებს? ყოველთვის მეგონა, რომ გიჟი დედა ვიყავი, მკაცრი და მომთხოვნი. მეგონა, რომ შვილები თავზე ვერასდროს გადამახტებოდნენ. არადა, ყველაფერი პირიქით მოხდა.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვნანობ, ასე რომ ვიცხოვრე. რად მინდოდა, საყვარელი რომ გავიჩინე? რა არ მყოფნიდა? ფული? სიამოვნება? ალბათ ერთიც და მეორეც, მაგრამ მხოლოდ ეს რომ არ ყოფილა მთავარი? ის, რაც მთავარია ცხოვრებაში, ერთ დღეს, ერთი ხელის მოსმით დავკარგე - ქმარიც და შვილებიც. მერი თითქოს უგზო-უკვლოდ დაიკარგა, როგორც მატილდა. მის კვალს ვერ მივაგენი, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანს ვეძებე. ზოგმა თქვა, უცხოეთში გაემგზავრა და იქ ცხოვრობსო, ზოგმა - ჩვენი ქალაქიდან წავიდა და სხვაგან გადასახლდა, მაგრამ ძველი საქმიანობა არ შეუწყვეტიაო. ასეთი რამეების მოსმენა გულს მიკლავს. ნეტავ შეიძლებოდეს ყველაფრის თავიდან დაწყება, რამდენ რამეს შევცვლიდი. პირველ რიგში, შვილებს მივხედავდი, მეტ ყურადღებას დავუთმობდი მათ. აღმა-დაღმა რომ არ მერბინა და ბავშვებს დავჯდომოდი, ალბათ ბევრად უკეთესად წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება.
შოთიკოს რა უჭირს. ისე აუწყვია საქმე, მთელ ქალაქში გაითქვა სახელი. ყველას მისი ფონდი აკერია პირზე. რაც მართალია, მართალია, ყოველთვის პატიოსანი იყო და მხოლოდ ლადოსთან მუშაობის დროს ასცდა გზას, მაგრამ როცა ეს შეიგნო, მასაც ჩამოშორდა და ახლა ქალაქში ყველაზე დიდი ქველმოქმედის სახელი აქვს გავარდნილი. მეორე ცოლი არ შეურთავს, მაგრამ საყვარელი კი გაუჩენია. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემთხვევით რომ არ გამეგო.
ერთ დღეს სალონში ვიღაც ქალი შემოვიდა, თმის შეღებვა უნდოდა. ჩემი კლიენტი არ იყო, მაგრამ ლიკა გარბოდა და მთხოვა, შენ მიხედეო. კი გამიკვირდა, ამ ქალს თმას რომ ვუღებავდი, როგორ იცინოდნენ სალონის გოგოები, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
მასთან საუბარში გაირკვა, რომ ბუღალტერი იყო და შოთას ფონდში მუშაობდა. იმან რა იცოდა, მე რომ შოთას ყოფილი ცოლი ვიყავი. აქო და აქო თავისი უფროსი, ისე ზედმეტად აქო, ცოტა არ იყოს, ეჭვი შემეპარა, მასზე შეყვარებული ხომ არ არის-მეთქი.
როცა ეს ბელა წავიდა, ნინი სიცილით მომიბრუნდა:
- სიმართლე მითხარი, არ გაგიტყდა, მაგ ქალს რომ მოემსახურე?
ფერი მეცვალა.
- გასატყდომი რა იყო? რადგან შოთასთან მუშაობს, არიქა, მე ვერ შეგღებავ-მეთქი უნდა მეთქვა?
- გოგო, ეს ქალი შოთას საყვარელია. დავიჯერო, არ იცოდი?
ამის გაგონებაზე ელდა მეცა. შოთასგან ასეთ რამეს არ მოველოდი. ქალისკენ გახედვა თუ შეეძლო, ვერ ვიფიქრებდი. ისე ცუდად ვიგრძენი თავი, მოსაბრუნებელი გავხდი. მასხეს და მასხეს წყალი გოგოებმა.
- რატომ მაშინვე არ მითხარით, რატომ? - ვუყვირე ნინის.
- რა უნდა მეთქვა, ჯამაიკა, შენი ქმრის საყვარელია და ზედ არ შეხედო-მეთქი? მთელმა ქალაქმა იცის ეს ამბავი და ჩვენ რას ვიფიქრებდით, თუ არ გეცოდინებოდა? მეგონა, შენთვის სულერთი იყო და ამიტომაც გამიკვირდა, წარბიც რომ არ შეგიხრია. კაი დაქალივით გაუბი ლაპარაკი.
როდის-როდის დავწყნარდი. უეცრად ლიკა ამომიტივტივდა გონებაში.
- ლიკამაც იცოდა ეს ამბავი?
- მმ… არ ვიცი, - დაიბნა ნინი და ლილუს გადახედა, ფრჩხილების გაქლიბვით რომ იყო გართული.
- არ იცი თუ არ გინდა მითხრა? - გავმწარდი.
- მართლა არ ვიცი, ჯამაიკა. შენ თვითონ ჰკითხე, ჩვენ რას გადაგვეკიდე? - იწყინა ნინიმ და ზურგი შემაქცია.
გაგრძელება იქნება