ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძეს მაყურებელი წლებია ტელეკრანებიდან იცნობს. ჟურნალისტი მუდამ გულახდილად საუბრობს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. ტელევიზიის გარდა, მონაწილეობა მიღებული აქვს სხვადასხვა ფილმში. ბოლო დროს ხშირად შეხვდებოდით პირად ცხოვრებასთან და მამის დაავადებასთან დაკავშირებულ სტატიებსაც.
მას შემდეგ, რაც პირველი ქორწინება ლევან ნუცუბიძესთან განქორწინებით მალევე დასრულდა (ტელეწამყვანს მისგან ქალიშვილი ლილუ ნუცუბიძე ჰყავს), პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარს ერიდებოდა. ამიტომ ყველასთვის დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც 5-წლიანი ურთიერთობის შემდგომ საზოგადოებას თავისი რჩეული, ფსიქოლოგი ლევან მათითაშვილი წარუდგინა, როგორც მეუღლე. დიდხნიანი დუმილის შემდეგ „იმედის დილის“ სიუჟეტში ერთმანეთის გაცნობის ისტორიასაც მოჰყვნენ - ლევანის თქმით, ნანიკო ყოველთვის ახსოვდა, რადგან მასზე 6 წლით დიდია და როდესაც ბავშვი იყო, მის ცხოვრებას მუდამ თვალს ადევნებდა. აღმოჩნდა, რომ ლევანის ექიმი ბავშვობაში ნანიკოს ბებია იყო. ტელეწამყვანის ყურადღება კი ეთერში მისი ძმის, ცნობილი პლასტიკური ქირურგის, კოტე მათითაშვილის სტუმრობის შემდეგ დაიმსახურა. „მახსოვს მისი პირველად მოწერილი წერილი. მთელი ცხოვრებაა მომწონხარ და როგორ არ დადგა ის დღე, რომ უშუალოდ გაგიცნოო. მეც ძალიან მშვიდად მივწერე, ალბათ, ეს დღე არც ახლა დამდგარა-მეთქი და დავემშვიდობე. მეორე დღეს ეთერში მისი ძმა, ცნობილი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი გვყავდა. უცებ გვარმა ჩამაფიქრა და საღამოს მივწერე, კოტე მათითაშვილი შენი ვინ არის-მეთქი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და მიხარია, რომ საოცრად კარგი ადამიანი გავიცანი“ - იხსენებდა ნანიკო ხაზარაძე.
განსაკუთრებული ურთიერთობისა და სიყვარულის მიუხედავად, წყვილი დაშორდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სტატუსი განათავსა მას შემდეგ, რაც გამვლელისგან უსიამოვნო რეპლიკა მოისმინა - „ალბათ, ამიტომ დაგშორდა ქმარი.“
"მეც შევაჯამებ წელს, წელს კი არა, 10 წელს. ძალიან უცნაური ურთიერთობა დასრულდა, თან ზუსტად ისე დასრულდა, როგორც დაიწყო. მართლა არ ვიცი, როდის და როგორ დაიწყო. არც ის ვიცი, როდის შევხვდი პირველად: არც ის ვიცი, როდის დავიწყეთ ერთად ცხოვრება, არ ვიცი! არც ერთი თარიღი არ ვიცი, არც ერთი! ვიცი მხოლოდ, ბევრი ვიბრძოლეთ და ვიბრძოლე ამ ყველაფრისთვის. არც ახლა ვიცი, როდიდან და როგორ არ ვართ ერთად. მხოლოდ ერთი რამე ვიცი ზუსტად, ჩვენი შეხვედრა აუცილებელი იყო; თუ რატომ, ეს ორივემ კარგად ვიცით და არ ვიცოდით მაშინ, მხოლოდ ვგრძნობდი მე და ამას სულ ვეუბნებოდი ლევანს, ვეუბნებოდი, რომ ის ძალიან შეიცვლებოდა, დავნაძლევდით კიდეც. ალბათ, ამიტომაც დავიწყეთ ურთიერთობა, დიდი წინაღობის მიუხედავად.
ჩვენ ფოტოც კი არ გვაქვს, სადაც ის ან მე ვკოცნით ერთმანეთს, ან, თუნდაც, ვეხუტებით. ლევანის მშობლები, მგონი, შარშანწინ გავიცანი... არც ქორწილი, არც არაფერი… ლევანი დეიდაჩემს და დეიდაშვილებს ახლაც კი არ იცნობს, მართლა უცნაურია. არადა, არადა, არადა… იყო და არა იყო რა, აბა, შენ იცი, ლევან, კარგი სპეციალისტი ხარ და გააგრძელე ხალხის დახმარება. ლევან, თეა, წარმატება ახალ საქმეში. აბა, მე ვიცი... გუშინ ქუჩაში გოგონა მლანძღავდა და მომაძახა, ამიტომაც გაგექცა ქმარიო. ამიტომ ვწერ, კიდევ რომ არ მომაძახოთ. ამით ვასრულებ წელს და გაურკვევლობას...“ - წერდა ნანიკო.
რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, გარკვეული პერიოდი სოციალურ ქსელებში მის დაავადებასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან დიდი აჟიოტაჟი იყო, რადგან ტელეწამყვანმა, მშობლის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი პანსიონში მომვლელის თანხლებით გადაყვანა არჩია, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი სახლში თუნდაც ექიმთან ერთად დატოვება საფრთხის შემცველი იყო. ნანიკო ხაზარაძემ რამდენიმე წლის წინ საჯაროდ ისაუბრა მამის ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომელსაც დემენცია აქვს. ტელეწამყვანი მამაზე ხშირად წერს სოციალურ ქსელში პოსტებს.
„ახლა მამაჩემი თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, მღერის, უკრავს, ცეკვავს, ლექსებს კითხულობს, ქალი მოსწონს, ქალებს მოსწონთ, ლექციებს კითხულობს, რთული პაციენტები ჰყავს, ოპერაციებს გეგმავს და რაც მთავარია, ხელფასი აქვს. ის დღეს ბედნიერია და ამისთვის დიდი მადლობა მაიას. ეს - მაიაკოვსკის ქართულ-რუსული ლექსი, დაკვრა და მედიცინაა მისი მთავარი ვნება ახლა“, – წერს პანსონატში მყოფი მამის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნანიკო.
ამჯერად ნანიკო სოციალურ ქსელში ფოტოებს თეთრი კაბით აქვეყნებს: "აი, ასეთია ჩემი ცხოვრება სულ - გარშემო ქაოსი და მე მაინც თეთრ კაბაში", - წერს ნანიკო.