ჯამაიკა, 53 წლის, პარიკმახერი, 2013 წლის მარტი:
რა უცნაურია, არა? გუშინ ლადო შემხვდა გზაში. მთლად მოტეხილა, ის უბედური. პატარა კი აღარაა. მე აგერ, 54-ის გავხდები მალე. ის კი მთელი 14 წლით ჩემზე უფროსია. თმა გასცვენია, რაც აქვს დარჩენილი, სულ გასჭაღარავებია. კბილები კი აქვს ჩასმული, მაგრამ ასაკი მაინც ეტყობა. არ ელოდა ჩემ დანახვას და შეცბა. კარგა ხანს მიყურა, მერე გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. მომიკითხა, როგორ ხარო.
- ცუდად! - ცივად მივუგე, მაგრამ ხელი მაინც ჩამოვართვი.
- მეც… ასე რომ, ბარიბარში ვართ, - ისევ გამიღიმა.
- შენ რატომ უნდა იყო ცუდად, შენ ხომ არასდროს არაფერი გაკლდა, - ისეთი ირონიით ვუთხარი, გაეცინა და თავი გააქნია.
- წამო, აგერ შევიდეთ, ყავა დავლიოთ, - კაფესკენ გაიშვირა ხელი.
უარი არ მითქვამს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის მამაა. თანაც, არ მძულს. თანაც, ოდესღაც მიყვარდა ეს კაცი, მიუხედავად იმისა, რომ უსინდისოდ მომექცა.
- რას შვრები, მუშაობ? - მკითხა, როცა დავსხედით და ყავა მოგვიტანეს.
- კი, ვმუშაობ.
- ვატყობ, ძველებურად აღარ უვლი თავს… - თვალები მოჭუტა და ისე გამომხედა.
- არ ვიმსახურებ და იმიტომ. ცხოვრებაში იმდენი შეცდომა დავუშვი, არ მაქვს უფლება, კარგად გამოვიყურებოდე.
- სისულელეს ნუ ამბობ. - თანაგრძნობის ნიშნად ხელზე ხელი დამადო. მეც არ გავწიე ხელი.
- ეს სისულელე კი არა, სიმართლეა. შენ გამო ყველაფერი დავკარგე, რაც გამაჩნდა.
- ჩემ გამო? - ისე სწრაფად გასწია ხელი, თითქოს ვიღაცამ წაასწროო, - მე რა შუაში ვარ?
- შუაშიც შენ ხარ და თავშიც. თავის დროზე შენ რომ არ შეგეცდინე, ვიქნებოდი ახლა ჩემს ქმარ-შვილთან. - ავპილპილდი.
- შარო, საიდან მოდიხარო… განა შენ არ გინდოდა ჩემთან ყოფნა? მე რამე დაგაძალე? შენ შენი პრეტენზიებით საქმე გააფუჭე, ჩემი ბრალია? არა, ჩემო კარგო, ყველაფერი შენი უტვინობის ბრალია! - ჩემკენ გადმოიხარა და ხმამაღალი ჩურჩულით ლამის დამიმარცვლა სათქმელი.
- ჰო, რა თქმა უნდა, გადაბრალება ყოველთვის კარგად გეხერხებოდა.
- რა შუაშია გადაბრალება? - ისევ გასწორდა სკამზე, - შენ უკვე მობეზრებული გყავდი. გახსოვს, რომ მითხარი, ბებერი ხარო? თანაც მატყუარა მიწოდე. ეს ვერ გაპატიე. მორჩა და გათავდა. შენ შენი მიზეზი გქონდა ჩემთან დაშორების, მე - ჩემი.
- უაზრო კაცი ხარ, უაზრო და უმადური! - ახლა მე გადავედი ხმამაღალ ჩურჩულზე, - როგორ შვილს გიზრდი, როგორ ვაჟკაცს, შენ კი…
ამის გაგონებაზე სახეზე ფერი ეცვალა. ერთხანს დაჟინებით მიყურა, მერე კი ხმადაბლა მკითხა:
- როგორაა?
- არაჩვეულებრივად. სპორტსმენია, კარგი მონაცემები აქვს, უკვე საქართველოს ჩემპიონია. მალე ევროპის გახდება.
- რა სახეობაში? - დაინტერესდა.
- რაში გაინტერესებს? შენ ხომ მას შვილად არ აღიარებ. - გესლიანად ვუთხარი.
დადუმდა. ერთხანს თითები ათამაშა მაგიდაზე, მერე შუბლშეკრულმა გამომხედა:
- რამდენი წლისაა?
- აბა, თუ გამოიცნობ! - ნიშნის მოგებით წარმოვთქვი.
კვლავ გაჩუმდა და თვალები სივრცეს გაუსწორა.
- თუ არ ვცდები, სადღაც თექვსმეტის უნდა იყოს, არა?
- კი, თექვსმეტისაა. ძიუდოსტია. უკვე ახალგაზრული ნაკრების წევრია და დიდი მომავალი აქვს.
- ცუდი არ არის.
- ცუდი რატომ უნდა იყოს? მაინცდამაინც შენსავით ექიმი უნდა გამოსულიყო?
- სპორტს დიდი ფული სჭირდება… შენ გაქვს მაგდენი შესაძლებლობა?
- მამამისს აქვს, - "მამამისი" ხაზგასმით წარმოვთქვი, - ის არაფერს აკლებს, შენგან განსხვავებით.
- ახლა მეც მიჭირს, ჯამაიკა, ძველებურად აღარ მაქვს. ჩვენი ფონდი რაც დაიხურა, მხოლოდ ხელფასით ვარსებობდი. ახლა საერთოდ აღარ ვმუშაობ. პენსიაზე ვარ.
- თავს ნუ მაცოდებ. მერე რა, რომ პენსიაზე ხარ. სამაგიეროდ, პროფესია გაქვს ისეთი, რომ… შენ კერძო კლიენტები არასდროს გაკლდა.
- ეჰ, სადღაა, - ხელი ჩაიქნია, - ახლა ახალგაზრდა სპეციალისტებისკენ მიუწევთ გული. ჩემთან ვიღა დადის. ასე ჰგონიათ, თუ ვიღაც უცხოეთში განათლებამიღებულია, ყველაზე მაგარი ექიმია. ლადო აღარ სჭირდებათ.
- აბა, დაგრხევია და ისაა, - გამეცინა.
- იცინე, იცინე… ასეა და რას ვიზამ.
- არ მითხრა, რომ იქით ხარ საპატრონო. ჩემი იმედი ნუ გექნება, მე თვითონ უპატრონო ვარ, რომ იცოდე, - თითი დავუქნიე.
- მე მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს. სხვისი იმედი არც არასდროს მქონია. - ამოიხვნეშა.
- გიწია ცოდვებმა, როგორც ჩანს. ჰა, ახლა რაღას იტყვი, არ ნანობ, სულ მარტო რომ დარჩი? რომ მოკვდები, ვინ უნდა დაგმარხოს? - არ დავინდე.
- ვიფიქრებ მაგაზე… მაგრამ ჯერ არა… ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ, - თქვა და ჯიბიდან საფულე ამოიღო, მერე კი მიმტანს ხელით ანიშნა, მოსულიყო.
გარეთ რომ გამოვედით, უკვე ბნელოდა.
- ხედავ? მანქანაც კი არ მყავს. ამიტომ სახლამდე ვერ მიგიყვან, მაგრამ ტაქსის გაგიჩერებ და…
- ფულს გადამიხდი, არა? - დამცინავად მივაჩერდი.
- რა თქმა უნდა, - ირონიულად მომიგო, - მე ხომ ყოველთვის ჯენტლმენი ვიყავი…
- იმ განსხვავებით, რომ ახლა უფულო ჯენტლმენი ხარ, - ისევ დავცინე.
- არც მთლად მასეა საქმე, ჩემო ჯამაიკა… - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და მომავალ ტაქსის ხელი აუწია.
როცა ჩავჯექი, მძღოლს მისამართი უკარნახა, ფულიც გადაიხადა და თავი ფანჯარაში შემოყო:
- გნახავ მერე. აბა, შენ იცი. - ხელი ამიწია და გამიღიმა.
როგორი უმწეო იყო ეს ღიმილი…
მატილდა, 33 წლის, ყავის დამტარებელი. 2013 წლის სექტემბერი:
როგორი თბილი სექტემბერია. მზემ თითქოს მიიძინა. თან ცხელა, თან არა. აი, ისე, ნაზად. მიყვარს შემოდგომა, ჩემთვის იგი განსაკუთრებული სეზონია. როგორც დედაჩემი იტყოდა, გეგონებათ, ზაფხული დაბერდაო.
დედაჩემი! სულ მებრაზება, როცა მახსენდება. მთელი სიცოცხლე ბნელში ცხოვრობდა და ჩვენც ასე გვაცხოვრა. რომ არა ის, ვინ იცის, როგორი მომავალი მექნებოდა. იქნებ მყოლოდა მოსიყვარულე ქმარი, შვილები და, საერთოდ, ტკბილი ოჯახი. რა უნდოდა, რას მერჩოდა? სამუდამოდ გამაუბედურა.
ყველაზე საშინელება მაინც ციხეში გატარებული წლები იყო. ღმერთო, რა გადავიტანე! მეგონა, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი. კიდევ კარგი, ნატა დამეხმარა, თორემ ახლაც იქ ვიქნებოდი ალბათ.
არასდროს დამავიწყდება ის კოშმარი. არაფრის გამო დამაპატიმრეს. ამკიდეს დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია. ვერ დავამტკიცე ჩემი სიმართლე. თან მერის ხსენებისაც შემეშინდა. ვაითუ, მას დააბრალონ მკვლელობა და დაიჭირონ-მეთქი. იმ ღამეს ხომ მერი იყო დიმასთან. მაგრამ როცა ჩემი და წავიდა, დიმიტრი ცოცხალი იყო. მერე რა მოხდა, ღმერთმა უწყის. იქნებ მერი სპეციალურად მოაგზავნა ვინმემ, რომ მკვლელისთვის ეთქვა, როგორ შემოეღწია სახლში და ჩემი პატრონი ადვილად როგორ ეპოვა? ამას ალბათ ვერასდროს გავიგებ. ცუდი ისაა, რომ ყველაფერი ცუდად წაეწყო ერთმანეთს. რაღა მაინცდამაინც ჩვენი სამზარეულოს დანით მოკლა?
აღარ მინდა იმ დღეების გახსენება. სულ ვცდილობ, კარგ რამეებზე ვიფიქრო, მაგრამ დიდად არ გამომდის. აწმყოში ჩემი წარსული გამუდმებით წვეთავს. წარსული, რომელიც აღარ ერწყმის მომავალს.
ციხიდან რომ გამოვედი, სრულიად უმწეოდ ვიგრძენი თავი. ნატა უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა. ვიფიქრე, ალბათ თავიდან აირიდა ჩემთან შეხვედრა-მეთქი. აბა, როგორია, იზრუნო ადამიანზე, რომელიც მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. მისი საპატრონო უნდა გავმხდარიყავი. ეს რომ წარმოვიდგინე, სასწრაფოდ ავტობუსში ჩავჯექი და უმისამართოდ გავუდექი გზას. არ ვიცოდი, სად მივდიოდი, რა უნდა მეკეთებინა, თავი სად შემეფარებინა. წარმოდგენა არ მქონდა, რა მელოდა.
ავტობუსის ბოლო გაჩერება ავტოვაგზალი აღმოჩნდა. ჩამოვედი და სანამ რამეს მოვიფიქრებდი, იქვე ბორდიურზე ჩამოვჯექი. უცებ ვიღაცის ხმა გავიგონე:
- ცუდად ხომ არ ხარ, შვილო?
ავიხედე და ხანში შესული ქალი დავინახე, რომელსაც პლასტმასის სინზე ყავის ფინჯნები ამოტრიალებულად დაელაგებინა, ხელში კი თერმოსი ეჭირა.
თავი გავაქნიე.
- ყავა ხომ არ გინდა? - მკითხა და პასუხს არც დალოდებია, ისე ამოატრიალა ერთი ფინჯანი და თერმოსიდან ცხელი ყავა ჩამოასხა.
ამაზე უარი ვერ ვუთხარი, გამოვართვი და მოვსვი.
- რამდენი უნდა გადავიხადო? - საცოდავად ავხედე თავზე წამომდგარ ქალს.
- შენთვის უფასოა, - ღიმილით მომიგო და თავზე ხელი გადამისვა.
მისმა საქციელმა გული ამიჩუყა, თვალები ცრემლით ამევსო და ჩემდა უნებურად აღმომხდა:
- დამეხმარეთ, დეიდა.
ქალი მაშინვე გაფაციცდა, გვერდით ჩამომიჯდა და ჩურჩულზე გადავიდა:
- რა გიჭირს, გენაცვალე?
- სამუშაო მჭირდება, - მეც ჩურჩულით ვუპასუხე.
- სახლიდან გამოიქეცი? - დასკვნა გამოიტანა.
ისევ გავაქნიე თავი.
- პატიმრობიდან ახლახან გამაათავისუფლეს.
- უი, ჩემი სიკვდილი! - ლოყაზე იტკიცა ხელი, - რისთვის იჯექი?
ისე საწყალობლად მივაჩერდი, შევეცოდე, მხარზე ხელი გადამხვია და მიმიკრა.
- არავინ არ გყავს?
- არა…
- წამოდი ჩემთან, აქვე ვცხოვრობ.
- თქვენი შეწუხება არ მინდა. - უარზე დავდექი.
- წამოდი, წამოდი, რამეს მოვიფიქრებთ…
გავყევი. ღმერთი გაახარებს ნუცა დეიდას. მარტოსული აღმოჩნდა. ციცქნა ბინა ჰქონდა, ერთოთახიანი, გაურემონტებელი. რადგან ავტოვაგზალთან ახლოს ცხოვრობდა, ყავას ყიდდა და ამით ირჩენდა თავს.
- ცხობა მეზარება, თორემ კარგი ხაჭაპურები და ლობიანები გამომდის, მაგრამ ამას დრო უნდა. ყავის მოხარშვას კიდევ რა დაუდგება წინ? წამში მზადაა, ამიტომ ასე უფრო იოლად გავდივარ. - მითხრა, როცა ჩემი თავგადასავალი მოვუყევი, - თუ გინდა, დარჩი ჩემთან. ერთად ვიმუშაოთ. რასაც გაყიდი, სულ შენი იყოს. თავიდან მე დაგეხმარები, მერე თვითონ იყიდე ყავა და შენთვის მოიხმარე, რასაც იშოვი. აი, გაზის ფულს თუ გადაიხდი, სხვას არაფერს მოგთხოვ.
ისე გამიხარდა, გადავეხვიე და ლოყები დავუკოცნე.
გაგრძელება იქნება