"ცეროდენა რაინდები", ფილმის რეჟისორები არიან ნელი ნეროვა და გენო წულაია... ფილმი დოდო ჩოგოვაძის მონაწილეობით საკავშირო კინოეკრანზე გამოსვლისას 5,4 მილიონმა მაყურებელმა ნახა... დოდო ჩოგოვაძე 1960-იანი წლების საბჭოთა კინოფანტასტიკის ქართველი მშვენებაა. ის პირველად 1963 წელს, "ცეროდენა რაინდებში" გამოჩნდა, მოგვიანებით კი, მსახიობის სილამაზემ და არტისტულობამ რუსი რეჟისორებიც მოხიბლა.
დოდო ჩოგოვაძის კარიერის ძირითადი აღმავლობის წლები კინოში 1963-1981 წლებში ჰქონდა, ფილმების ძირითადი ჟანრი კი ომის თემატიკა, ფენთეზი და მელოდრამაა... "ალადინის ჯადოსნური სამყარო ", - ასე ჰქვია რეჟისორ ბორის რიცარევის სახელგანთქმულ ნამუშევარს, რომელშიც დოდო ჩოგოვაძემ ერთ-ერთი მთავარი, "პრინცესა ბუდურის" როლი ითამაშა. დოდო ჩოგოვაძე თავის დღევანდელ მოღვაწეობასა და შთამბეჭდავ წარსულზე თავად გვესაუბრება..
- ქალბატონო დოდო, დღევანდელი გადასახედიდან როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?
- მახსენდება ნამდვილი თბილისი, სოლოლაკი... კოლმეურნეობის მოედანზე დავდიოდით, იქ ცნობილი ბაზარი იყო. ჩემი პატარა კალათა მქონდა, ყველაფერს იქ ვყიდულობდით... ასე სიარულით მომიხდა ხუთი წლის ასაკში ფილმში "მანანა“ გადაღება. ძალიან კარგად მახსენდება გადაღებები... არაჩვეულებრივი მედეა ჩახავა, რომელიც იეზიდი მეეზოვეს როლს ბრწყინვალედ ასრულებდა. ყველა მსახიობი ძალიან კარგად მახსოვს, ვინც ამ ფილმში თამაშობდა.
- ლეგენდარული მსახიობები თამაშობდნენ, მათთან ხშირად გიწევდათ შეხვედრა?
- არა, მე ამ ლეგენდებთან შეხვედრა ნაკლებად მომიხდა, ასევე მანანას როლის შემსრულებელთან... პარტიზანის როლი მქონდა. ძალიან სასაცილო იყო, რადგან ეს პირველი როლი იყო, რომელზეც მთელი საქართველო ხარხარებდა. ბავშვია, რომელიც პირს აღებს, მას ბანტიც უკეთია და ულვაშიც. ბანტი იმიტომ, რომ ქუდი ჩამომივარდა და მერე ისე დავიხურე, ბანტი ისევ მიჩანდა. რეჟისორს იმდენად მოეწონა, ასე დატოვა და ბანტიანი, ქუდიანი, ულვაშიანი და თოფით ვჩანვარ...
- როგორც ახსენეთ, ამ ფილმში სრულიად შემთხვევით მოხვდით...
- დიახ, ქუჩაში მივდიოდით და იმ ეზოში შევიხედეთ, სადაც ამ ფილმს იღებდნენ. რეჟისორს რევერანსი გავუკეთე და მან დედაჩემს თხოვა, მოიყვანეთ, გადავიღებო... მართლაც მთელი ქვეყანა ჩემს გმირზე ხალისობდა, ოღონდ არავინ იცოდა, მე რომ ვიყავი. მერე როცა ჩემს მეგობრებს ვუთხარი, ყველა მათგანმა ფილმი მეორედ ნახა... გაგრძელება