"მე საკმაოდ რთული ცხოვრება და ყოფა მაქვს... ყველაფერს მე თავად ვაკეთებ და ამის ფონზე ძალიან რთულია ერთდროულად ყოფა-ცხოვრება და ამასთანავე, სცენაზე დგომა" - მაკა შალიკაშვილი - Marao

"მე საკმაოდ რთული ცხოვრება და ყოფა მაქვს... ყველაფერს მე თავად ვაკეთებ და ამის ფონზე ძალიან რთულია ერთდროულად ყოფა-ცხოვრება და ამასთანავე, სცენაზე დგომა" - მაკა შალიკაშვილი

2023-12-26 13:35:37+04:00

გიორგი შენგელაიას ფილმის "მიდიოდა მატარებელი" მოქმედება თბილისიდან ბათუმში მიმავალ მატარებელში ვითარდება. ფილმში ქართული კინოს ნამდვილი ლეგენდები მონაწილეობენ: კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე, გივი ბერიკაშვილი, ზურაბ ყიფშიძე და სხვები...

ქართული კინოს გამორჩეულ სახეს, რამაზ ჩხიკვაძეს, ფილმში პარტნიორობას თეატრისა და კინოს მსახიობი მაკა შალიკაშვილი უწევს:

"ამ ფილმისთვის რეჟისორი გიორგი შენგელაია თეატრებში დადიოდა და მსახიობებს ეძებდა. ჩემს სპექტაკლზეც მოვიდა, დაესწრო... იმის მერე ჩემი დიდი გულშემატკივარი და მეგობარი გახდა... ასევე იყო რუსუდან გლურჯიძე, რომელიც მონაწილეობდა ამ ფილმის გადაღებაში. მისი რჩევითაც და კასტინგ-მენეჯერის, ლია გოგელიას ინიციატივით შემარჩიეს იმ როლზე, რაც "მატარებელში" რეჟისორმა მომცა. გარემოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს და როგორც ჩანს, ყველას აზრი ერთმანეთს დაემთხვა..." - ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ამჯერად მაკა შალიკაშვილი ჟურნალ "თბილისელებთან" თავისი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდის შესახებ საუბრობს: 

„ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი სულ დგას და ზოგადად, ცხოვრება რთულია. უბრალოდ, არსებობს საათები, დღეები, როცა ხარ ბედნიერი და გახარებული. ერთმა უეცარმა შეხვედრამ, სატელეფონო ზარმა, ფილმის ნახვამ, კარგმა მუსიკამ და ასე შემდეგ, შესაძლოა, კარგ განწყობაზე დაგაყენოს. ჩემთან ადვილი არასოდეს არაფერი არ არის. მე საკმაოდ რთული ცხოვრება და ყოფა მაქვს. გული მწყდება, რომ ისეთი აწყობილი ცხოვრება და ყოფა არ მაქვს, რომ ჩემი საქმე მთელი არსებითა და შემართებით ვაკეთო. მიუხედავად ამისა, მაინც ვაკეთებ ამას, თუმცა ბევრ საყოფაცხოვრებო საკითხზე მიწევს ფიქრი. როცა მსახიობს რთული ყოფა აქვს, ბევრ რამეზე ფიქრი ძნელია. ყველაფერს მე თავად ვაკეთებ და ამის ფონზე ძალიან რთულია ერთდროულად ყოფა-ცხოვრება და ამასთანავე, სცენაზე დგომა. თან, ყველა ადამიანს უნდა მიაქციო ყურადღება, ყველას გაუღიმო, თავისი წილი სითბო მისცე… ეს კი რთულია იმის ფონზე, როცა სახლიდან გამოსული სულ სხვა რამეზე ფიქრობ. არადა, რომ გამოდიხარ და ადამიანი შენგან ღიმილს ელოდება, როგორ ცუდ განწყობაზე და პრობლემებშიც უნდა იყო, აუცილებლად უნდა გაუღიმო.

მე გულწრფელად ვუღიმი ყველას. უბრალოდ, ძალიან დაღლილი და თვალებდასიებული, მაგრამ ის ადამიანი ჩემგან ამ ღიმილს იმსახურებს. შესაძლოა, არ ვიყო გაღიმების ხასიათზე, მაგრამ როცა ვუღიმი ადამიანს, ეს თავად მშველის“.