გიული ჩოხელი წლების წინ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი იყო. ჯაზ-შემსრულებელი დიდი წარმატებით მოღვაწეობდა და მსმენელს თავი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაამახსოვრა.
როგორც მუსიკოსი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, ძალიან განიცდიდა, რომ წლების მანძილზე მისი პოპულარობა იკლებდა.
"მე ვარ ჯაზმენი შინაგანად... გონება, გული, ხმა, ყველაფერი... მოხდა ისე, რომ მე გავხდი პირველი, რომელმაც ეს გაბედა.
ამ წუთას ვფიქრობ, ასეთი აჟიოტაჟი რომ არის ჩემ გარშემო – ხან იქ, ხან აქ, გერმანიამ გამოუშვა ეს ალბომი, ჩემს თვალებში კი არის კითხვა – რატომ მაწვალებდით წინათ? რატომ არ გინდოდათ თქვენ ჩემი აღიარება? ახლა ვარ ნამდვილად გიული“, - ამბობს 88 წლის გიული ჩოხელი.
გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ მან ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელ ახალ წელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი წლის ღამეს ცხოვრების სიყვარული იპოვა.
„მოსკოვში ახალი წლის კონცერტში მივიღე მონაწილეობა. კონცერტის შემდეგ სუფრაზე მიგვიპატიჟეს. მე მოვიწყინე, არ მომწონდა სიტუაცია.
უეცრად შემოვიდა მაღალი, ქერა, თაფლისფერი თვალებით კაცი. შემომთავაზა, რომ გვემღერა, მე კი არ ვიცოდი, ვინ იყო და ვკითხე, თქვენ უკრავთ-მეთქი? სიცილი დაიწყეს, ეს ცნობილი ჯაზმენიაო..
მოკლედ ბორის რიჩკოვმა დაუკრა და მაგრად „გავახურეთ“.
შემდეგ ვისაუბრეთ, მკითხა, შეიძლება გაკოცოო? მეც ჩავეხუტე, შემდეგ კი ცოლობა მთხოვა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.
გამაცნო დედა, ულამაზესი ქალბატონი…
დავქორწინდით და 14 წელი ვიყავით ერთად“. – იხსენებს გიული ჩოხელი.