ნიკოლოზ წულუკიძემ ახალი წლის აღსანიშნავად ქუთაისში, ღვინის ბარში სახლში • At home შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ნიკო ნიკოლაძის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა:
"გილოცავთ ახალ წელს!
წინ, კედელზე, არ ვიცი, დაჰკვირვებიხართ თუ არა, ჩარლი ჩაპლინის გარდა, ყველა არის ქუთაისელი ან ქუთაისთან დაახლოებული პირი. პირველივე არის ნიკო ნიკოლაძე. რომ დაამთავრა ეს დალოცვილი გიმნაზია და წავიდა პეტერბურგში სასწავლებლად, ერთი თვე ისწავლა და შემდეგ აჯანყებაში მიიღო მონაწილეობა. გამოაგდეს, რასაც მამას ვერ უმხელდა. მოაგროვა ფული და წავიდა პარიზში სასწავლებლად. ჩააბარა სორბონის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ აქედანაც წავიდა და ციურიხში გადავიდა. იქ გერმანულად გააგრძელა სწავლა. მერე ჟენევაში ფრანგულად ისწავლა. მამამ რომ ჰკითხა, რატომ დადიხარ ამდენსო, სწავლის ხარისხი არ მაკმაყოფილებსო, უპასუხა.
პირველი ქართველი იყო ნიკო ნიკოლაძე, რომელმაც მშვიდობაზე გადაწყვიტა დისერტაციის დაწერა და დაწერა კიდეც ფრანგულად. შემდეგ მეგობარმა სთხოვა, იქნებ პარიზში ჩამოხვიდე, კოშკი უნდა დავდგათო, გავანათოთ პარიზი, არ გვაქვს კონსტრუქცია ამისთვისო. ჩავიდა ნიკო ნიკოლაძე, ექვსი თვის მანძილზე იმუშავა და პარიზი გაანათა. იმავე პრინციპით სხვა ქალაქებიც განათდა და, მათ შორის, ქუთაისიც. ამისთვის ფული მიტროფანე ლაღიძემ გამოჰყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავად ეიფელს შეუკვეთა ხიდი, ბაკურიანში რომ მივდივართ ბორჯომიდან, დააკვირდა, რა კონსტრუქციით გააკეთა და თეთრი ხიდი შემდეგ თავისი იდეით ააგო.
ამ ქალაქში იბადებოდა ხალხი, რომელიც დროს უსწრებდა. უმრავლოს ამ ქალაქსა და ქვეყანას ასეთი ადამიანები!" - თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.
ნიკო ნიკოლაძე დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.
1864 წელს სწავლის გასაგრძელებლად წავიდა ევროპაში. პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ „სანქტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში“. ალექსანდრე გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა „კოლოკოლში“, რომელშიც დაბეჭდა სტატიები: „გლეხთა გათავისუფლება საქართველოში“, „ჩვენი მომავალი ვექილები“, „მოსკოვსკიე ვედომოსტის“ სამსჯავროს წინაშე“, „თბილისიდან“, „ივლისის დღეები თბილისში“, „საქართველოდან“. „კოლოკოლში“ თანამშრომლობა ნიკოლაძემ გერცენთან და ნიკოლოზ ოგარიოვთან უთანხმოების გამო შეწყვიტა.
ნიკოლაძემ ლონდონში პოლ ლაფარგის მეშვეობით გაიცნო კარლ მარქსი, რომელმაც ნიკოლაძეს შესთავაზა I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულ ნიკოლაძეს სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიაჩნდა.
1866 ნიკოლაძემ ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი „მთავრობა და ახალი თაობა“, 1868 წელს ჟენევაში ლ. მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ „სოვრემენნოსტი“, რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის სტატიები: „რუსული ემიგრაცია“, „ორი თაობა“, „ევროპის ცხოვრება“, „ნაროდნოე დელო“, „რევოლუციონერის როლი“. ამავე წელს მ. ელპიდინთან ერთად გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის თხზულების პირველი ტომი და რომანი „რა ვაკეთოთ?!“, რომელთა შესავალი წერილები ეკუთვნის ნიკოლაძეს. შვეიცარიაში ყოფნის დროს 1868 დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე „განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები“ (ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში), რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი.
ნიკოლაძემ დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მანვე გააანალიზა ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის მხატვრული შემოქმედება. მის მშობლიურ სოფელ დიდ ჯიხაიშში 1947 წლიდან ფუნქციონირებს ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. ფოთში დგას ნიკო ნიკოლაძის კოშკი.