იუმორისტი თათია სულუაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სულ ცოტა ხნის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს. როგორც ის იხსენებს, ნაცნობმა ქალმა მაღაზიაში მას მომატებულ კილოგრამებსა და წონაზე მიუთითა და მოუწოდა, რომ ბევრი არ ეჭამა. თათიას ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა, სადაც წერენ, რომ მსგავსი რეპლიკის გაკეთებისა და სხვის ფორმებზე ხაზგასმის უფლება არავის აქვს.
თათია სულუაშვილი ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. ტელევიზიაში მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე არაერთი დასამახსოვრებელი სახე შეუქმნია. მისი პერსონაჟებისგან განსხვავებით, თათია უფრო ჩუმი და სერიოზულია - არ უყვარს პირადზე საუბარი და ინტერვიუებზეც იშვიათად თანხმდება, თუმცა სოციალურ ქსელში გამომწერებს რჩევებს ყოველთვის უზიარებს. მსახიობს ინტერვიუებში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშვობიდან პუტკუნა იყო და ძალიან ბევრჯერ დაუცავს დიეტა.
"მიშიმშილია, წამსვლია გული და დამიკლია, მაგრამ ცოტა ხანში უფრო მეტი მომიმატებია. ამიტომ, შევიმუშავე სწორი კვების რეჟიმი და ამით დავიკელი 12 კილო. მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, აქტიურად დავიწყე სწორი კვება. სამშობიაროში შევედი 90 კილო, გამოვედი 86 და სარკესთან რომ დავდექი, დავინახე, იქიდან მიყურებდა ფუმფულა ქალი, მივხვდი, რაღაც უნდა შემეცვალა ცხოვრებაში, ოღონდ არა დიეტით. ისე ავიღე სტარტი, აღარ გავჩერდები. ყურმოკრული და სამეგობრო წრეში გაგონილი დიეტებით ვერაფერს მიაღწევთ... რაც უფრო ნელა იკლებ, მით მეტად ინარჩუნებ წონას" - ამბობდა თათია ერთ-ერთი ინტერვიუში.
თათია წლებია დაოჯახებულია - მისი მეუღლე პროფესიით ეკონომისტი ვასიკო შაბურიშვილია. წყვილს ორი შვილი ჰყავს - ქეთო და დათა.
უმცროსი ვაჟის, დათას აუტიზმის დიაგნოზთან გამკლავებას წლები დასჭირდა, თუმცა მან ეს შეძლო. შვილთან დაკავშირებით თათია ინტერვიუშიც საუბრობდა:
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი წონის კლებისა და კვების რეჟიმის შესახებ
„გამიგია ეს ფრაზა, როცა იუმორისტი ხარ, რომ უდარდელი ცხოვრება გაქვს, მაგრამ იყო დრო, როცა ძალიან დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს. დათა ახლა არის ექვსი წლის. როდესაც იყო წლისა და ხუთი თვის, დაეწყო უძილობა. დილის 5 საათამდე გვეძინა ხოლმე ერთად ქუჩაში, პლედმოხვეულს, გულზე მყავდა მიკრული. იმ პერიოდში ჩემი ქმარი ამერიკაში იყო წასული, მე დედასთან გადავედი, რადგან მარტო არ მინდოდა ცხოვრება. მეზობლები ჩამოვიდნენ, თათია, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვსო… იფიქრეს, ქმართან ხომ არ მომივიდა კონფლიქტი. ეს ხდებოდა ძალიან ხშირად. ნევროპათოლოგმა სახლში გამომიშვა, ხასიათის ბავშვია, არაფერიაო. დათას წლინახევრის ასაკში დაეწყო რეგრესი, რაც იცოდა, ყველაფერი დაავიწყდა. არ ჰქონდა რეაქცია ჩემზე, ფუნქციურ სათამაშოებზე… დათა აიღებდა მანქანას და ბორბალს ატრიალებდა. მისი გასართობი იყო უფუნქციო ნივთები. პირველად ეს შეამჩნია დედამ და მითხრა, მაგრამ არ მინდოდა ამ პრობლემისთვის თვალის გასწორება. პატარა იყო და მეგონა, უძილობა გაუვლიდა. დედის რჩევით და მეც უკვე ეჭვქვეშ ვიყავი, მივიყვანე ფსიქიატრთან. ერთი თვის შემდეგ ანალიზზე მარტო მივედი, არ მეგონა, რომ ამდენად რთულად იყო საქმე. კომპიუტერი შემომიტრიალა ექიმმა და იქ ეწერა: „აუტისტური სპექტრი“. გავიყინე. ცრემლები ჩამომივიდა და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. არ ვიყავი ინფორმირებული ამის შესახებ. პირველად ვიგრძენი შიშიც. არა, საკუთარ შვილთან ასეთი განცდა მქონდა, როგორ დავეხმარო? ბოლო წერტილი არ ვიცოდი, როდის დაისმებოდა… ექიმმა დამამშვიდა, რომ სჭირდებოდა თერაპიები. იმ წუთას ვიტირე, გამოვედი და მეორე დღიდან დაიწყო ჩემი აქტიური ჩართულობა. დათასთვის უნდა მიმეხედა. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, რთული იყო, მაყურებლის გაცინებაზე უნდა მეზრუნა, სულაც არ მეცინებოდა, რადგან სამსახურიდან სახლში მოსულს პრობლემა მელოდებოდა, მაგრამ… მეგობრებმა იცოდნენ და ძალიან მეხმარებოდნენ. ყოფილა შემთხვევა, როცა დათას ჩემს გულზე ჩასძინებია. მრცხვენია, მაგრამ ჩემს უფროს ქალიშვილს ყურადღება მოვაკელი. მაშინაც ვჭირდებოდი და ახლაც ვჭირდები. დათას უფრო მეტად ვჭირდებოდი.
დათასთან ერთად ძალიან რთული გზა გავიარე… დილას ვესწრებოდი დათას თერაპიებს, რადგან ჩემი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მერე მოვდიოდი სამსახურში… ძიძა მყავდა, მაგრამ უფრო მეტად ჩემთან იყო…
"როგორც იქნა, მივაგენი წონაში დაკლების ყველაზე კომფორტულ მეთოდს" - თათია სულუაშვილის აღმოჩენა
დათა ყველგან დამყავდა, დაბადების დღეებზეც, მაგრამ იქ კუთხეში იდგა ხოლმე, რადგან ანიმატორებმა რა იცოდნენ, როგორ ჩაერთოთ ის თამაშებში. ამის გამო მე დავიწყე დაბადების დღის ცენტრში მუშაობა, დავიწყე იმისთვის, რომ დათაც მეტარებინა და იქ ჩართულიყო ყველაფერში.
ერთხელ ჩემი ძიძა და დათა, თერაპიიდან რომ ბრუნდებოდნენ, მგზავრების თხოვნით, სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვეს, რადგან დათა ცელქობდა…
ჩემი პროფესია გავითავისე, ხან ვთამაშობდი კომედიაში, ხან დრამაში. დათამ მთლიანად შემისრუტა… მაგრამ ამ დიდი ბრძოლის შემდეგ დათა ძალიან კარგად არის. დღეს დათა არის არაჩვეულებრივი ბიჭი. ვფიქრობდი, რომ სუსტი ვიყავი, მაგრამ არ ვიცი, რა პრობლემა უნდა დამიდგეს წინ, რომ ვერ გადავლახო. ძალიან გამაძლიერა დათამ. დღეს ძალიან ძლიერი ქალი ვარ, ყველაფერს ვერგებოდი, სამსახურსაც, სახლსაც, დათასაც… დათას დიაგნოზის მოხსნა-არმოხსნაზე ვართ, არაჩვეულებრივად მღერის, ხატავს და მაღალი ინტელექტი აქვს“ - ამბობდა თათია ლელა წურწუმიას გადაცემაში.