"პატრიარქმა დამადო ხელი ხელზე და მითხრა: "იცი, ტარიელ? ახლა თქვენ გაცვალეთ მამაშვილობა"... ამ ორმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა“ - რას იხსენებს ტარიელ ხარხელაური გარდაცვლილი შვილის შესახებ, რომელიც 23 წლის ასაკში მოუკლეს - Marao

"პატრიარქმა დამადო ხელი ხელზე და მითხრა: "იცი, ტარიელ? ახლა თქვენ გაცვალეთ მამაშვილობა"... ამ ორმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა“ - რას იხსენებს ტარიელ ხარხელაური გარდაცვლილი შვილის შესახებ, რომელიც 23 წლის ასაკში მოუკლეს

2024-01-05 13:38:25+04:00

"პატრიარქმა დამადო ხელი ხელზე და მითხრა: "იცი, ტარიელ? ახლა თქვენ გაცვალეთ მამაშვილობა... ის არის მამა, შენ ხარ შვილი. ის წავიდა შენ მაგივრად, შენ უნდა შეასრულო შენი მისია, შენ სხვა მისია გაკისრია". ამ ორმა სიტყვამ ყველაფერი შეცვალა“ - იხსენებს პოეტი ტარიელ ხარხელაური. 

"კაცის სიძულვილი არ შემიძლია, მიუხედავად ჩემი შვილის მკვლელობისა... ერთხელ ჩიტი შემომაკვდა და დღესაც ის მაქვს სანანებლად..." - ტარიელ ხარხელაური 

ტარიელ ხარხელაურს შვილი, ბექა, 23 წლის ასაკში მოუკლეს. ის ამბობდა, რომ მკვლელს შეუნდო და აპატია: 

“არ იყო იოლი. ეს მოხდა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ. პატრიარქმა გამოთქვა სურვილი, ორმოცის წინა დღეს შევხვედროდი. მან მთხოვა, მომეყოლა ჩემი შვილის შესახებ. როცა ვისაუბრე, მითხრა, რასაც შენ მესაუბრები, შენი შვილი ასეთი იყოო. საოცარი სიტყვა მითხრა... ახლა თქვენ გაცვალეთ მამაშვილობა, ის არის მამა, შენ ხარ შვილიო. ის წავიდა შენ მაგივრად, შენ უნდა შეასრულო შენი მისია, რაც ამ წუთისოფელში გავალიაო.

მე დედამიწის ზურგზე, მით უმეტეს, ჩემს ქვეყანაში, კაცის სიძულვილი არ შემიძლია. მიუხედავად ჩემი შვილის მკვლელობისა, არც მისი სიძულვილი შემიძლია. არასოდეს შევხვედრივარ, ალბათ, არც შემხვდება. 10 წელი ჰქონდა სასჯელი, მოიხადა.

ჩვენ, ხევსურებს, ასეთი წესი გვაქვს: თუ მკვლელი ციხეს იხდის, შენ შურისძიების უფლება არ გაქვს. ჩემთვის სისხლის დანახვა არის საშინელი. ცხვარში ვიარე 12 წელი და ცხვარი არ დამიკლავს, არც ქათამი არ დამიკლავს. ერთადერთი ჩიტი, ტოროლა შემომაკვდა, დილით მივდიოდი მინდორში და ცვარს ვბერტყავდი. ისე გავიქნიე, დღესაც ის მაქვს სანანებლად, მე იმ ფრინველის ვალი მაქვს, იმის ცოდვა მაწევს”, - იხსენებდა ის. 

"ვიცი, შვი­ლო, ეჭვი არ გე­პა­რე­ბა, თუ რო­გორ გან­ვიც­დი შენი და შენი ოჯა­ხის მძაფრ­სა და შემ­ზა­რავ ტკი­ვილს..." - პოეტ ტარიელ ხარხელაურის ემოციური წერილი ნიკოლოზ წულიკიძის ოჯახს 

ტარიელ პავლეს ძე ხარხელაური დაიბადა 1946 წლის 11 დეკემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში. იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. იყო მეცხვარე და წერდა ლექსებს სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან.

პირველად ლექსების გამოქვეყნებაში დაეხმარნენ მეუღლე, მარინა და კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე, რის შემდეგაც მისი პოეზია საქვეყნოდ გახდა ცნობილი.

1976 წელს, 30 წლის ასაკში ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან საბუთები გადაიტანა დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე და ასე დაამთავრა უნივერსიტეტი.

2004 წლის 3 სექტემბერს მოკლეს მისი შვილი, 23 წლის ბექა, რამაც უმძიმესი სულიერი ტრავმა დაამჩნია პოეტს. იგი გეგმავდა შეეწყვიტა ლექსების წერა, მაგრამ ახლობლებმა გადააფიქრებინეს. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო პარტიის „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიული სიის მეორე ნომერი. მისი მეუღლე, მარინა ხარხელაური, იყო თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. ჰყავს ორი ქალიშვილი: გვანცა და სოფი, ასევე - შვილიშვილები.