დილა უკვე კარგა ხნის გადასული იყო, ნუკის რომ გამოეღვიძა. როცა თვალი გაახილა, ალმოდებული მზე ფანჯრის მინებს ელაციცებოდა და მუქი ფარდებიდან ოთახში ჯიუტად ცდილობდა შემოძრომას. ავეჯი, ტანსაცმელი, კედლები, სკამი - ყველა მხრიდან ყველაფერი თითქოს მას უყურებდა. მშვენივრად გამოიძინა. ნეტავ რა დროა? თავი ასწია და მიმოიხედა. საძინებლის კარი ოდნავ იყო შეღებული. გაიკვირვა. არადა, კარგად ახსოვს, რომ დაწოლის წინ კარი მჭიდროდ მოკეტა. გარედან მოხარშული ყავის მძაფრი არომატი შემოიჭრა. სწრაფად წამოდგა, წითელი სარაფანი გადაიცვა და თითქოს ვიღაცას (ალბათ ზურას) ემალებაო, ქურდული ნაბიჯებით შევარდა სააბაზანოში.
რა საშინელებაა! იმ სიჩქარესა და არეულობაში კბილის ჯაგრისის წამოღება რომ დავიწყებია. ვერც წუხელ მოახერხა კბილების გამოხეხვა. სასწრაფოდ უნდა იყიდოს, თორემ მისი მასპინძელი იფიქრებს, არაჰიგიენური გოგო ყოფილაო!
- საუზმე მზადაა! - ზურას ხმამ უცნაურად იმოქმედა მის ნერვებზე. წუხელ ისეთი დაღლილი იყო, არაფრის გააზრების უნარი არ ჰქონდა. ამ დილით კი… დასვენებამ (უფრო გამოძინებამ) ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. თითქოს უფსკრულის პირას მიმოდიოდა. რომ იცოდეს ამ კაცმა, რასაც ნუკი მის მიმართ განიცდის… არა, უმჯობესია, ამაზე არ იფიქროს…
- დილა მშვიდობისა, - მორცხვად მიესალმა სამზარეულოში მოფუსფუსე ზურას და კარის ძგიდეს მხრით მიეყრდნო.
- მშვიდობის დილა არავირტუალურ მირანდას, - ქვემოდან ამოხედა მამაკაცმა და ხარბად შეათვალიერა წითელ სარაფანში გამოზნექილი მისი მკერდი, - ყავის სურნელით მომაგენი, ხომ მართალი ვარ? - გაეხუმრა, - სპეციალურად შევაღე შენი ოთახის კარი, რომ გაგღვიძებოდა.
- მივხვდი, - შერცხვა ნუკის, - არ ვიცი, რა მეტაკა. ამდენ ხანს არასდროს მძინებია. სოფელში, ჩვეულებრივ, დილაუთენია ვდგებოდი ხოლმე.
- მაგრამ ეს ქალაქია, თანაც დედაქალაქი. არის განსხვავება, - გაეხუმრა ზურა, - ეგ არაფერი. აქ ადრე ადგომას აზრი არა აქვს, თუ, რა თქმა უნდა, სამსახურში არ მიგეჩქარება. ჯობია, საწოლში ინებივრო, სანამ წოლა არ მოგბეზრდება, - ხმაში ვნება (ნდომაც) გაურია მამაკაცმა, რაც არ გამოჰპარვია გოგონას.
- მერე მივალაგებ აქაურობას, - თითქოს დანაშაულის გამოსყიდვა უნდოდა, ისეთი ტონით წარმოთქვა.
- როგორც გინდა, თუმცა იცოდე, რომ სულაც არ ხარ ვალდებული, - თავი დაიზღვია ზურამ, - ახლა კი მოდი, დამეწვიე. იმედია, დიეტაზე არ ხარ.
- არა და არც არასდროს ვყოფილვარ.
- არ გჭირდება და იმიტომ. იოგურტი გიყვარს? ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
ნუკიმ უთქმელად დაუქნია თავი, დაჯდა და იოგურტის ქილას წაეტანა. ერთხანს ატრიალა ხელში, გამოშვების თარიღს დააკვირდა.
- ახალია, მაგას ყოველთვის ვამოწმებ, - მიუხვდა მამაკაცი.
- ეს ისე, მექანიკურად… - იმართლა თავი გოგონამ და აჭარხლებულმა ცივად დადგა ქილა მაგიდაზე.
- ნალექიანი ყავა გიყვარს?
- ისე რა… თუმცა ვსვამ. საერთოდ, უნალექო მირჩევნია.
- ამჯერად სხვა არ მაქვს… უნდა მაპატიო.
- არა გრცხვენია? ამასაც სიამოვნებით დავლევ, - ნუკიმ ყავის ფინჯანს ხელი წამოავლო.
- ჯერ შეჭამე, ყავა მერე დალიე.
- ცხელი თუ არ არის, ისე ყავას ვერ ვსვამ, - უხერხულად წარმოთქვა გოგონამ და სწრაფად დაამატა, - ან ძალიან ცივი.
- ესე იგი, უკიდურესობების მოყვარული ყოფილხარ… - შენიშნა ზურამ და ხელისგულები ერთმანეთში გადახლართა, - ამას გავითვალისწინებ. როგორ გეძინა?
- მკვდარივით.
- მიხარია. ახლა კი ახალი ამბები. მე დილით იმდენი რამ მოვასწარი, არც დაიჯერებ. ავტოსადგურში გავედი, სამარშრუტო ტაქსის დავხვდი, რომელსაც ბიძაშენმა ფული გამოატანა. 400 ლარი. 200 შენი და დანარჩენი თავისი, საჩუქრად.
- ვერ გავიგე… რომელი 200 ჩემი? - დაიბნა ნუკი.
- კარგი, თავიდან დავიწყებ. წუხელ ხუტამ დამირეკა, შენზე ნერვიულობდა. დავამშვიდე. ვუთხარი, მე წამოვიყვანე და უკვე დავაბინავე-მეთქი. არ მითქვამს, აქ რომ ხარ. ჰგონია, რომ ბინის დაქირავებაში დაგეხმარე. რა ვიცი, არ მინდა რამე იფიქრონ. ხომ გესმის… ეკას უპოვია თავისი საყურე, მის მეჯვარეს აუღია თურმე და დროებით ჩამოუკონწიალებია თავის კეკლუც ყურებზე, - ზურამ გაიცინა, - როცა შენ გამოქცევაზე ერთი ამბავი ატეხა ბიძაშენმა, იმ გოგოს უთქვამს, მე ავიღეო. აყვირებულა ხუტა, ბავშვი სახლიდან გამიგდეთ, თქვენ ხომ ხალხი არა ხართო… ჰოდა, ასე… დილით ისევ დამირეკა, ფულს ვაგზავნი და «მარშრუტკას» დახვდიო. სულ ეს იყო. ახლა უკვე მდიდარი ქალი ხარ. შენი ფული აგერ დევს, მაცივრის თავზე.
- დამპალი! - კვნესით აღმოხდა ნუკის.
ზურა მიხვდა, ვისაც ეკუთვნოდა ეს ეპითეტი და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
- შეეშვი ეკას, თავისი გასაჭირი ეყოფა. ძლივს ქმარს ეღირსა და ისიც ერთი ღამით, მგონი. როდის ჩამოვა მეორედ, კაცმა არ იცის. გგონია, ადვილია? მაგას ჯობია, მომისმინო და არ შემაწყვეტინო, გთხოვ. მე ხვალ სამსახურში უნდა გავიდე, ჩემი შვებულების დრო იწურება. არ მინდა, თავშესაფარი გარეთ ეძებო. არც ის მინდა, უაზროდ დახარჯო ფული, რომელიც არ გაქვს, ბინაში, რომელიც არაფერში გჭირდება. დარჩი აქ, მშვენიერი ოთახი დაგითმე მშვენიერი საწოლით, რომელიც, სიმართლე გითხრა, ტყუილად ცდება, - აქ ისე შემპარავად შეხედა, გოგონამ წამსვე მოარიდა თვალი, - შენნაირი სრულყოფილება თუ ჩაწვება მასში, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.
ზურა წამოდგა და მაცივრიდან «სანდორას» ატმის წვენი გამოიღო, თან ორი მაღალყელიანი ჭიქა მოაყოლა და წვენი ჩამოასხა. მისი ყოველი მოძრაობა სპორტსმენის მოძრაობასავით ჰარმონიული და გამართული იყო… თან რაღაც უცხო სურნელი ასდიოდა… სუფთა და მამაკაცური… ოდეკოლონის… ყავის… ნუკიმ თვალები დახუჭა და კმაყოფილმა (თუ მოწყურებულმა) შეისრუტა ამ სურნელით გაჟღენთილი ჰაერი.
- მე გვიანობამდე ვრჩები სამსახურში და ისე ვიღლები, მოვალ თუ არა, ეგრევე ვწვები. ამიტომ სახლის ბატონ-პატრონი შენ იქნები. აკეთე, რაც გსურს, როცა გსურს და როგორც გსურს. იმისთვის, რომ არ მოიწყინო, ჩართე კომპიუტერი, შედი «ოდნოკლასნიკებში», გინდაც «ფეისბუქზე». რა იცი, რა ხდება… ეკაზე ნაკლები რითი ხარ, იქნებ შენც გაიცნო ვინმე. ამასობაში მე რაღაც-რაღაცებს გავარკვევ შენი სამსახურის თაობაზე და თუ გამომივიდა, რაც მაქვს ჩაფიქრებული, ყველაფერი კარგად აეწყობა. გასაგებია? - ზურა ისე ელაპარაკებოდა, როგორც უფროსი უმცროსს, როგორც მასწავლებელი მოსწავლეს, თუ მამა შვილს…
- რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? - ვეღარ მოითმინა ნუკიმ, ძალიან (სიგიჟემდე) უნდოდა გაეგო, რა ხდებოდა მის გულში, რა ადგილი ეჭირა მას იქ, - რატომ ირჯები ასე ჩემი გულისთვის?
- რატომ ვირჯები? მაინცდამაინც მედალი უნდა დამკიდოს ვინმემ, სიკეთე რომ გავაკეთო? - ეშმაკურად ჩაიღიმა ზურამ, რადგან მიუხვდა, რისთვის იყო ეს შეკითხვა გამიზნული.
ღმერთო, როგორი ღიმილი აქვს, როგორი გამოხედვა! შეძლებს კი ნუკი, გაუძლოს ამ მომნუსხველ მომხიბვლელობას? ან ამ ტუჩების (რა სიამოვნებით აკოცებდა ახლა) ხიბლს, ერთს რომ ლაპარაკობენ და მეორეს გულისხმობენ?!
- აბა, რას იტყვი, თანახმა ხარ?
- მაშინ მეც მომეცი უფლება, აქაურობას მივხედო. დავალაგო, დავრეცხო, სადილები მოვამზადო…
- ჩათვალე, რომ უკვე გაქვს ამის უფლება.
- მეგობრების მონახულება შემიძლია? - ისე გულუბრყვილოდ იკითხა, მამაკაცი სიცილისგან ჩაბჟირდა.
- აბა, არა გაქვს? ჩემი ტყვე კი არ ხარ, გოგო! ვისაც გინდა, იმას შეხვდი, რა ნებართვას მთხოვ? თუ გინდა, აქაც მოიპატიჟე, არ არის პრობლემა. ოღონდ მთლად კაცებით ნუ გამივსებ სახლს, - ხუმრობით დააყოლა.
- არა, რა კაცები, - შეიშმუშნა ნუკი.
- გეხუმრე… ახლა კი, სწრაფად ავალაგოთ სუფრა და მერე ფოტოები გადავიღოთ.
- რა ფოტოები? - გაკვირვებით შეყარა გოგონამ წარბები.
- წუხელ, სანამ შენ გეძინა, მე «ოდნოებში» შევედი და ვნახე, რომ იქ დარეგისტრირებული არ ხარ და პროფილი გაგიხსენი. ფოტოების დადება სჭირდება მხოლოდ. შეხვალ, ნაცნობებს მოძებნი, უცნობებსაც გაიცნობ. ადვილად გაერკვევი, ზოგ რამეს მე აგიხსნი და გაერთობი. ვინ იცის, იქნებ ვინმე ისეთიც იპოვო, შენს გულს რომ გაუხარდება, - კვლავ ეშმაკურად (იქნებ დანანებითაც) შეჰღიმა, - შენი ასაკის რომ ვიყო, ვიცი, რასაც გავაკეთებდი.
- არც ისეთი ასაკოვანი ხარ… - მორიდებით შენიშნა.
- შენთვის ასაკოვანი ვარ, - ხაზგასმით აღნიშნა ზურამ და რატომღაც, თვალი მოარიდა, თითქოს ამით მიანიშნა, ჩემზე ტყუილად ფიქრობ, დროა, სხვაზე გადაერთოო.
ნუკის ნირი წაუხდა. ყოველივე იმის შემდეგ, რაც მათ შორის მოხდა, ასეთ სიტყვებს არ ელოდა. ელვის უსწრაფესად შეეცვალა გამომეტყველება, თვალებში ტკივილი ჩაეშალა.
- კიდევ ერთი… - ჩამქრალი ხმით წარმოთქვა ნუკიმ და თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს, - კიდევ ერთი რამის უფლება მინდა მომცე, სანამ აქ ვარ.
- გისმენ, - ზურამ ნიკაპი ერთმანეთზე გადახლართულ თითებზე ჩამოდო და დაჟინებული მზერა მიაპყრო, თითქოს მის სულში შეღწევას ცდილობსო.
- ხანდახან მეც ვიყიდი პროდუქტს ჩემი ფულით. არ მინდა, ვალში დავრჩე.
მამაკაცს წამით მოექუფრა სახე, თუმცა მსწრაფლ გაიღიმა, ხელები გაშალა და თქვა:
- მთლად არ მომწონს შენი შემოთავაზება, მაგრამ ეგრე იყოს, თუკი ეს დაგამშვიდებს, ოღონდ…
და ერთხანს კიდევ იკამათეს, ივაჭრეს, რაღაცები შეათანხმეს ერთმანეთთან, მერე მაგიდა აალაგეს, ჭურჭელი დარეცხეს და ფოტოებიც გადაიღეს. ნუკი თანდათან გამხიარულდა, წეღანდელმა უხასიათობამ მალევე გაუარა. მერე კომპიუტერს მიუსხდნენ და ზურამ მისი ფოტოების პროფილში ჩაყრა დაიწყო.
ათი წუთიც არ იყო გასული ამ «პროცედურიდან», რომ ნუკის სტუმრების ბლოკში უკვე თერთმეტმა ადამიანმა შემოიჭყიტა, ხოლო ფოტოების შეფასებამ მსწრაფლ ოთხი გვერდი გაავსო.
- ხედავ? რა უცებ როგორი პოპულარული გახდი? ხალხი დაინტერესდა შენით, - ამხნევებდა ზურა, - პაროლი შეგიძლია შეცვალო, თორემ ერთხელაც შემოვალ და შენს ყველა საიდუმლოს გავიგებ.
- მე საიდუმლო არ მაქვს, - შორს დაიჭირა გოგონამ.
- მალე გექნება. ვიცი აქ რაც ხდება, - მოუჭრა მამაკაცმა, - ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე. ვირტუალური ნაცნობობა არასდროს აურიო რეალურში. აქ შეიძლება ყველაფერი ზღაპრულად მოგეჩვენოს, ოცნებებიც აიხდინო, მაგრამ ეს არარსებული სამყაროა, რომელიც რეალობისგან შორს დგას და ეცადე, არ შეტოპო. ბოლომდე არავისთან არასდროს გაიხსნა. ყველას ეკასავით კი არ გაუმართლებს.
- მგონი, პატარა გოგო არ ვარ, რაღაცები მეც მესმის, - ფარული წყენა გაისმა ნუკის ხმაში.
- ვიცი, რომ გესმის, მაგრამ ქალები უკიდურესად რომანტიკოსები ხდებით ხანდახან. მე მხოლოდ ერთის თქმა მინდა. ვიღაც შეიძლება ცხვრის ტყავში გახვეული მგელი აღმოჩნდეს და მის ანკესზე არ უნდა წამოეგო. ბევრი აქ იმისთვისაა შემოსული, რომ ქალებს თავბრუ დაახვიოს, თავი შეაყვაროს და თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს. ზოგიერთს შეიძლება სულ სხვა ადამიანის ფოტოები ჰქონდეს დაყრილი და ამ დროს სულ სხვანაირად გამოიყურებოდეს ცხოვრებაში. ამის გარჩევა უნდა ისწავლო. იმედია, არ გწყინს, ასეთ გაკვეთილს რომ გიტარებ?
- რას ამბობ. პირიქით, მადლობის მეტი რა მეთქმის. არ ვიცი, რა მეშველებოდა, შენ რომ არ შეგხვედროდი. შენთან საუბარი ტკივილს მავიწყებს.
- ეს ცხოვრების ყველაზე ძველი საშუალებაა. ადამიანები ერთმანეთს რომ არ დახმარებოდნენ, დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა კაცობრიობა. ხედავ? უკვე შენც მოახერხე რაღაცის დავიწყება. ეს კარგია, მაგრამ წინ ბევრი უკეთესი რამ გელის. მთავარია, ბედნიერების ძიებით შეპყრობილ შეშლილს არ დაემსგავსო. შენ ცხოვრებაში იმდენი სიმწარე გამოსცადე, რომ ახლა მხოლოდ ისღა დაგრჩენია, ბედნიერებისთვის იბრძოლო. შეიყვარო ვინმე, გაახარო და შენც გაიხარო.
რა ჭკვიანი (უფრო მეტიც, ბრძენი) კაცია, აღტაცებით ფიქრობდა გოგონა, ამაზე უკეთესი ვიღა უნდა ეძებოს? ოღონდ კი მანაც მოისურვოს და…
- სამწუხაროდ, სიყვარულის არაფერი მესმის, - ჩურჩულით თქვა ნუკიმ და წამწამები დახარა.
- ეს იმიტომ, რომ თავად სიყვარულს ესმის ყველაფერი, მას ყველაფერზე აქვს პასუხი, ყველაფერს თვითონ წყვეტს. ჩვენ მხოლოდ ისღა გვრჩება, დავრთოთ მას ნება, გააკეთოს თავისი საქმე.
- გყვარებია ოდესმე ვინმე? - ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე წამოტივტივდა ნუკისთვის საინტერესო თემა.
- შეიძლება ჰო, შეიძლება არა… მაშინ ასე მეგონა, დღეს სხვანაირად ვფიქრობ. სიბრალულის შეგრძნება მეტი დამრჩა, ვიდრე სიყვარულის.
- გამოდის, არ გყვარებია… იქნებ ეს დანაშაულის შეგრძნება უფროა?
- რატომ გგონია?
- ხანდახან მამაკაცებს რცხვენიათ იმის აღიარების, რომ ვიღაც უყვარდათ, ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს. არადა, რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს, მით ნაკლებია წინააღმდეგობა. ამისგან ხანდახან სულიც შეიძლება შეგეხუთოს.
- შენ საიდან იცი ამდენი, თუკი არასდროს გყვარებია? - გამომცდელი მზერა მიაპყრო ზურამ.
- მცდელობა მქონდა და იქიდან.
- და მერე? არ გაამართლა შენმა მცდელობამ?
- მაშინ სხვანაირად აღვიქვამდი მოვლენებს. მეგონა, ადვილი იყო შეყვარება. მეგონა, ამისთვის მხოლოდ შეყვარების სურვილიც კმაროდა. და დავიჯერე, რომ მიყვარდა. ამიტომაც არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა, დამთავრებულიყო სიყვარული.
- სამწუხაროდ, ასეც ხდება.
- მერე კი მივხვდი, რომ თურმე არც არასდროს დაწყებულა. ხანდახან ყველაფერი დასაწყისშივე დამთავრებულია, შენ კი ამას ვერ ამჩნევ, იმიტომ, რომ აიძულებ შენს თავს, მიეჩვიო არსებულ ყოფას… ვიცი, არ შეიძლება მიატოვო ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ აღმოჩნდა, ვინც გეგონა, მაგრამ იყო კი საჭირო, გამეგრძელებინა მის გვერდით ცხოვრება მაშინ, როცა არ მიყვარდა? - მისდა უნებურად ნუკი გულის გადაშლის ხასიათზე დადგა.
- მორჩი ფსიქოლოგიას, ნუკი. დაძველდა შენი ცხოვრების აფიშები, ხომ ხედავ? დროა, შეცვალო პროგრამა. შენი ცხოვრების ათვლის წერტილი, ჩათვალე, რომ დღეს მოინიშნა აი, აქ, - და საჩვენებელი თითი მაგიდაზე დააკაკუნა.
ნუკი თითქოს გამოაფხიზლა ამ სიტყვებმა. უნებლიეთ შეკრთა, ღაწვები აუფორაჯდა, თითქოს ყველაზე დიდი გულისნადები ყველაზე უადგილო ადგილას გააშიშვლა. ზურას შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი აფორიაქება და სიტუაციის განმუხტვა სცადა.
- მართლა და, რომელი საათია?
- არ ვიცი, - უხერხულად აიწურა გოგონამ მხრები.
- მე უნდა გავიდე, ჩემები რომ არ ვინახულო, დედაჩემი ხმას არ გამცემს. შენ გაერთე, მე გვიან დავბრუნდები, არ დამელოდო. შეგიძლია უჩემოდ ივახშმო, კარგი?
- მაინც დაგელოდები…
- არა-მეთქი. შეიძლება დავრჩე კიდეც მათთან. ყოველ შემთხვევაში, გაგაგებინებ, დაგირეკავ.
ნუკიმ უმწეოდ ახედა მის წინ მდგარ მამაკაცს და მორჩილად დაუქნია თავი.
8 8 8
ზურას წასვლის შემდეგ ნუკიმ სახლი მიალაგა, მტვერსასრუტით დაუარა ყველა ოთახს, მერე იატაკი სველი ჩვრით მოწმინდა და კვლავ კომპიუტერს მიუჯდა. ჯერ რამდენიმე თავისი ჯგუფელის სახელი და გვარი მისცა ძებნაზე. სამი მაშინვე იპოვა, მათ შორის, ნელიკოც. ისე გაუხარდა, თითქოს გათამაშებაში დიდძალი თანხა მოეგოს. ნელი იმწუთას არ იყო საიტზე, მაგრამ წერილი მაინც აფრინა: «თბილისში ვარ, აქ რომ შემოხვალ, შემომეხმიანე ან დამირეკე. ეს ჩემი ნომერია. გკოცნი» და ტელეფონის ნომერიც მიუწერა. მერე ნელის ფოტოების დათვალიერებას და შეფასებას შეუდგა. მოულოდნელად ეკრანის ქვედა ფანჯარაზე ვარსკვლავები აციმციმდნენ. ვიღაცამ შეტყობინება გამოუგზავნა. სასწრაფოდ გადავიდა წერილებში. ო-ჰოო! რა სიმპათიური ვიღაცაა?! შავსათვალიანი ახალგაზრდა მამაკაცი ღიმილით უმზერდა მთავარი ფოტოდან. ნუკიმ ჯერ მის სახელს შეხედა, მერე ასაკს. «ჯეკბეღურა» - ასე ჟღერდა 26 წლის უცნობის «ვინაობა». სხვა (უსათვალო) ფოტოებში საოცრად ლამაზი ლურჯი თვალები ჰქონდა უცნობს, ბევრად სიმპათიური იყო, ვიდრე ის, ვისი მეტსახელიც ჰქონდა მითვისებული.
«რა ლამაზი ხარ», წერდა «ჯეკბეღურა» და თავის მოწერილს შემართული ცერა თითის სმაილებით აგვირგვინებდა.
ნუკი შეყოყმანდა, ღირდა თუ არა პასუხის გაცემა. პირველ რიგში, მისმა ასაკმა დააფიქრა, მერე კი იმან, რომ მეტსახელით იყო უცნობი დარეგისტრირებული. მაინც ვერ მოითმინა და მორცხვობის გამომხატველი ყვითელი კაცუნა გაუგზავნა.
«განსაკუთრებით ფეხები», - არ ცხრებოდა ქართველი «მეკობრე».
ნუკის გაეღიმა. ეს ფოტო განსაკუთრებული (დაჟინებული) მოთხოვნით გადაუღო წეღან ზურამ, სკამზე დასვა, ფეხი ფეხზე გადაადებინა და წითელი სარაფანი მუხლს ზემოთ ოდნავ ააწევინა, ფეხები კარგად გამოაჩინეო. აი, შედეგიც. ვიღაცას თვალში მოხვდა მისი ფეხების სილამაზე. ამჯერად ღიმილის სმაილიკი აფრინა, თან თავადაც არ შორდებოდა ღიმილი სახიდან.
«ლაპარაკი არ იცი? ხმა გამეცი,» - არ მოეშვა უცნობი.
«წერა მეზარება», - როგორც იქნა, აღირსა პასუხი.
«გამეცნობი? ძალიან მომეწონე», - «ჯეკბეღურამ» ახლა ყვავილები მოაყარა თავის გაცვეთილ ფრაზებს.
«მგონი, არ ღირს», - გაიპრანჭა ნუკი.
«შენ რა იცი, ღირს თუ არა? ჯერ ხომ არ მიცნობ?»
«ჰოდა, რომ არ გიცნობ, იმიტომაც არ ღირს. სახელს რატომ მალავ?»
«ეგ რა პრობლემაა? დათო მქვია, თბილისელი ვარ. შენ სად ცხოვრობ?»
«მეც თბილისში».
«სად ცხოვრობ-მეთქი, რომელ უბანში?»
«ვაკეში, ყიფშიძეზე».
«შენ არ მოგწონვარ?» - უტიფრობა გამოიჩინა დათომ.
ნუკიმ კოპები შეკრა. ერთი ამას დამიხედეთ, რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე!
«ისე რა… გოგოსავით ლამაზი ხარ!» - მისწერა და სიცილის სმაილები დაურთო. ესეც ასე, იქნებ მიხვდეს, რომ ყველასთან არ გაუვა თავისი უტიფრობა.
«კარგი, წავედი, ლამაზო გოგო. სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა მეჩქარება», - მისდა მოულოდნელად, უეცრად დაემშვიდობა უცნობი და ნუკი გამშრალი (პირში ჩალაგამოვლებული) დატოვა.
ეს რას ნიშნავდა? გაოგნებული გოგონა კარგა ხანს თვალგაშტერებული მისჩერებოდა მონიტორს. რა ეწყინა? მერე რა, რომ მისი სილამაზე გოგოსას შეადარა? რა გაუტყდა? ტყუილი ხომ არ უთქვამს? ძალიანაც კარგი, თუ ეწყინა. მიხვდეს, რომ ყველა ქალი ერთნაირი არ არის და ყველას ადვილად ვერ შეაბამს. თავის დასამშვიდებლად ეს კი გაიფიქრა ნუკიმ, მაგრამ მიხვდა, რომ ახალი ნაცნობის საქციელმა ხასიათი გაუფუჭა.
თბილისში ჩამოსვლის დღიდან ნუკისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო… და არა მხოლოდ ნუკისთვის, ზურასთვისაც. მამაკაცი ყოველ დილით მაგიდაზე სახარჯო (პროდუქტებისთვის) ფულს ტოვებდა და ისე მიდიოდა სამსახურში. შინ დაბრუნებულს გემრიელი სადილი ხვდებოდა საღამოობით, თუმცა თავად დიდად არ იკლავდა ჭამით თავს. მისი ერთადერთი «სადილი» ყავა იყო, რომელსაც სიამოვნებით მიირთმევდა დილა-საღამოს. გოგონას სულით და გულით მომზადებულ კერძებს კი მხოლოდ ზრდილობის გულისთვის თუ გაუსინჯავდა გემოს, რათა მას გული არ დასწყვეტოდა.
ნუკი შეეგუა ახალ გარემოს. უფრო მეტიც, მოუსვენრობა დასჩემდა. საქმის კეთებას მიჩვეულს, საქმე არაფერი ჰქონდა. დილით მარკეტში ჩავიდოდა, სურსათ-სანოვაგეს შეიძენდა, სადილს მოამზადებდა, სახლს დაალაგებდა და მორჩა, მერე მთელი დღე ან კომპიუტერს იყო მიშტერებული, ან კითხულობდა (ზურას კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა), ან ეძინა. «ოდნოკლასიკებმა» ძალიან გაართო… გაართო კი არა, ცოტა ხანში ისე მიეჯაჭვა, სიზმარშიც კი საიტის ციმციმა ფანჯარას ხედავდა.
ნელი მეორე დღესვე გამოეხმაურა და კვირის ბოლოს სტუმრადაც ეწვია. გოგოების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. წლების განმავლობაში არ ენახათ ერთმანეთი, არადა, სტუდენტობის პერიოდში გამუდმებით ერთად იყვნენ, ტყუპისცალებივით ერთად დადიოდნენ ყველგან და ყოველთვის.
- არც გავთხოვილვარ, არც არავინ მიყვარს და არც ვაპირებ! - ქაქანებდა ნელიკო, - ერთადერთი ჩემი შვება ჩემი სამსახურია. «დიზაინსტუდიაში» ვმუშაობ მთავარ დიზაინერად, ოფისების დიზაინს ვაპროექტებთ. კარგი ხელფასი მაქვს, კარგი თანამშრომლები მყავს და ეგ არის, ამ ეტაპზე სხვა არც არაფერი მინდა. იმდენს კი ვშოულობ, რომ ჩემს საცოდავ დედ-მამას დავეხმარო და არც მე მოვიკლო რამე. შენი ამბები მომიყევი, შენკენ რა ხდება, ჩემო თვალნათელო? _ ნელიმ ხელისგულებში მოიქცია ნუკის სახე და ცხვირის წვერზე აკოცა.
- რა ვიცი, რა გითხრა… ყელში ამომივიდა უმოძრაობა და აი, ჩამოვედი თბილისში. მინდა რამეს მოვკიდო ხელი. ვნახოთ, რა გამომივა.
- ეს სახლი ვისია? - მეგობარმა თავის წრიული მოძრაობით მიმოიხედა ოთახში.
- ახლობლის… ბიძაჩემის მეგობრის ბინაა, - ოდნავ დაბნეულად უპასუხა წამოწითლებულმა.
- ასაკოვანი ქალია?
- არა, ქალი არ არის, კაცია.
- უი, რას ამბობ! კაცთან ცხოვრობ? ცოლ-შვილი ჰყავს?
- არა, არ ჰყავს, მარტოხელაა… ჩემსავით.
- რას მეუბნები! აბა, ერთი კარგად შემომხედე! სიმპათიურია?
- კარგი, რა, ნელიკო, ხომ გითხარი, ოჯახის ახლობელია-მეთქი.
- ჰო, რა თქმა უნდა, ეგრე მარგალიტაც ამბობდა, სახლიკაცია ჩემიო და მერე ბუხარში მალავდა იმ სახლიკაცებს, - თავის ნათქვამზე თავად გაეცინა.
- გაგიჟდი? იცი, რამდენი წლისაა? მამასავით ზრუნავს, გადაყოლილია ჩემზე, არ იცის, რით მასიამოვნოს.
- ასაკს რა ჭკუა აქვს, ჩემო ნუკი, გული ხომ არასდროს ბერდება. მთავარია ურ-თი-ერ-თო-ბა, დამიჯერე! - ცერა თითი შემართა ნელიმ და ეშმაკურად მოხუჭა ცალი თვალი.
- გამორიცხულია. ის ისეთია, არაფრის დიდებით არ მიიყვანს ურთიერთობას აქამდე, არც კი დაუშვებს, - შორს დაიჭირა გოგონამ.
- ეგ დროის საკითხია. მთავარია, სურვილი იყოს, თორემ… და სანამ აპირებ მასთან ცხოვრებას? რა ჰქვია? სად მუშაობს? - მიაყარა და მიაყარა შეკითხვები.
- რაღაც პროექტებზე მუშაობს ეგეც, ზურა ჰქვია. ამერიკაში ცხოვრობდა წლების განმავლობაში, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში.
- მაგარია! პერსპექტიული სასიძო ყოფილა! - ქვედა ტუჩი გადმოიბრუნა ნელიკომ მოწონების ნიშნად.
- კომპიუტერიც კი დამითმო და «ოდნოებში» პროფილი გამიხსნა, არ მოიწყინოო.
- «ფეისბუქზე» არ ხარ?
- არააა.
- გინდა, დაგარეგისტრირო?
- რად მინდა, ესეც მყოფნის.
- ეგ უკეთესია, უფრო სოლიდურ ხალხს გაიცნობ, ვიდრე «ოდნოებია». მანდ მხოლოდ გასართობად თუ შემოვა ვინმე, საქმიანი ხალხი კი «ფეისით» კონტაქტობს. მოდი, მოდი, გავხსნათ, მაინც გქონდეს, რა იცი, რაში გამოგადგება, - დაფაცურდა ნელი, სკამი ხრიგინით მიაჩოჩა კომპიუტერთან და მონიტორის წინ დასკუპდა.
თან არეგისტრირებდა, თან მოხმარების წესებს უხსნიდა. ნუკი უგულისყუროდ უსმენდა, მისი ფიქრები ამჯერად «ოდნოებში» ახალგაცნობილ დათოს უტრიალებდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ნელის გაენდო.
- კარგი ტიპია? - დაქალიც დაინტერესდა.
- კი, ძალიან.
- აბა, ერთი მაჩვენე!
ნუკიმ უცნობი თაყვანისმცემლის ფოტოები დაათვალიერებინა.
- მდაა! - დაეჭვება გაისმა ნელიკოს ხმაში, - არა მგონია, ეს მისი ფოტოები იყოს. თანაც, არასასიამოვნო სამეგობრო წრე ჰყავს. პირველ რიგში, როცა ვინმე შემოგეხმიანება აქ, მისი მეგობრები უნდა დაათვალიერო.
- რატომ არ გგონია? რას ნიშნავს არასასიამოვნო სამეგობრო? - შეშფოთდა ნუკი.
- აი, შეხედე! სულ ოთხი ფოტო უდევს, აქედან სამი აშკარად განსხვავებულია, თან შორი ხედით არის გადაღებული. არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ უკვე ისეთი ეჭვიანი გავხდი, ამ საიტზე კაცს აღარ ვენდობი. მერე მეგობრებს დააკვირდი. სულ ქალები ჰყავს და არც ერთი მამაკაცი, თანაც ამ ქალთა უმეტესობა რუსები და უკრაინელები არიან. მხოლოდ სამნი ხართ ქართველები. ეს იცი, რას ნიშნავს? ის მხოლოდ ქალებს უმეგობრდება. როგორც ჩანს, ვირტუალური სიყვარულის მაძიებელი ტიპია, თორემ დავიჯერო, ძმაკაცი არ ჰყავს? სახელს და გვარსაც არ შიფრავს თავისას.
- ვითომ? - არ უნდოდა ნუკის, ეს ყველაფერი დაეჯერებინა, ისე მოიხიბლა დათოთი.
- პაემანი არ დაგინიშნა?
- არა, ჯერ არა. ჯერ მარტო მწერს და კომპლიმენტებს მეუბნება. აი, წაიკითხე! «წუხელ სიზმარში გნახე, მაგრამ ვერ მოგიყვები, ისეთი სიზმარი იყო. ასე სასიამოვნოდ ჯერ არ გამღვიძებია, ლამაზო, ნეტავ ახლა ჩემ გვერდით იყო»…
- ო-ჰოო! - თავი გადააქნია ნელიმ, - ეს ძალიან შორს წასულა. გინდა, შევამოწმოთ, რეალურია თუ არა?
- როგორ? - ყურები ცქვიტა ნუკიმ.
- შემხვდი-თქო, მისწერე, აბა რას გეტყვის. თუ შეხვედრა დროში გაგიწელა და რაღაცები მოიმიზეზა, ესე იგი, თავის ნამდვილ ვინაობას მალავს. გასაგებია?
- გასაგებია… მაგრამ არ ტეხავს, მე რომ ვთხოვო შეხვედრა? რას იფიქრებს?
- რამდენი ხანია, იცნობ?
- მეექვსე დღეა.
- და არც ტელეფონის ნომერი უთხოვია?
- ჯერ არა.
- აი, ამიტომ ვამბობ, არასერიოზული კაცია-მეთქი. გააკეთე, რაც გითხარი და თვითონ მიხვდები, რამდენად სანდოა.
ამ დროს მესიჯი მოვიდა. გოგონებმა გულის ფანცქალით წაიკითხეს დათოს გზავნილი: «მენატრები».
ნელის კისკისი აუტყდა და არც უკითხავს ნუკისთვის, ისე აფრინა პასუხი: «მეც».
- გაგიჟდი? რას აკეთებ! - წამოხტა ნუკი.
- მაცალე, ვიცი, რასაც ვაკეთებ.
დათომ არ დააყოვნა: «სკაიპი არ გაქვს? შემოდი, იქ დაგელაპარაკები».
- აჰა, ხედავ? სკაიპიც მომინდომა ბიჭმა! მერე გეტყვის, კამერა ჩართე და შიშველი მკერდი დამანახვეო! ვიცი მე ამათი ამბავი. მოიცა?! - ნელიმ კვლავ მისწერა.
«სკაიპი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ისე შეგხვდე. უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი, თუ წინააღმდეგი არ ხარ».
ნუკის სხეული დაეძაბა (თუ აუთრთოლდა), სუნთქვა შეეკრა პასუხის მოლოდინში.
«ჯერ არა. ჯერ აქ გავიცნოთ ერთმანეთი და მერე. არ მინდა, ურთიერთობა გაუბრალოვდეს. ტელეფონის ნომერს მომწერ?»
- გესმის, რას ამბობს? წეღან რას გეუბნებოდი? აფერისტია!
- ძალიან გთხოვ, არ უპასუხო, რა, გამოდი, დახურე ეგ ფანჯარა! აღარ მინდა! - აკანკალებულმა ნუკიმ მაუსი ხელიდან აართვა ნელის და წკაპაწკუპი აუტეხა.
- კარგი, ჰო, რას ავარდი, რა იყო! მე შენს ადგილას, საერთოდ მივაბლოკავდი და აღარ დაველაპარაკებოდი. თუ ვინმეს გაცნობა გინდა, შედი ჩემს მეგობრებში, ან ჩემი მეგობრების მეგობრებში და ისე აარჩიე ვინმე, სიმპათიური ბიჭების მეტი რა არის, გადავსებულია აქაურობა, თან ნაღდი ბიჭების და არა გამოგონილების, - ნელიკომ ხელი ჩაიქნია და წამოდგა, - წავალ ახლა მე, ბინდდება უკვე… როდის გამომივლი?
- რა ვიცი, ამ დღეებში.
- ისე გამოდი, რომ ღამე ჩემთან დარჩე…
- ვეცდები, - ნუკიმ გულში ჩაიხუტა მონატრებული დაქალი და დაემშვიდობა.
8 8 8
ზურა სამსახურიდან გამოვიდა და იქვე მდებარე მარკეტში შეიარა. უნდოდა, რაღაცით ესიამოვნებინა თავისი მეტაფიზიკური გოგონასათვის (მირანდასთვის) და ტკბილეულობა ეყიდა. ბოლო ხანებში ნუკიზე ფიქრი გონებიდან არ შორდებოდა. თან უხაროდა, შინ ხმის გამცემი რომ ელოდებოდა, თანაც როგორი (ჩამოსხმული ქალი)! თან გული ეთანაღრებოდა, ზედმეტად არ მიჩვეოდა. მის გაცნობამდე ხანდახან პანიკური შიში იპყრობდა - სრული სიცარიელის შეგრძნების, უფერულობის, უიმედობის… ექოდ ჩაესმოდა სიცილნარევი ხმები თავისი წარსული ცხოვრებიდან, როცა სიცოცხლე უხაროდა, ქალებს ეფლირტავებოდა, თავი მოსწონდა… ახლა კი… ახლა მხოლოდ საქმეზე იყო გადართული, სურდა, რაც შეიძლება, წარმატებული ბიზნესმენი გამხდარიყო, მაგრამ ეს უდიდეს ძალისხმევას და პასუხისმგებლობას მოითხოვდა, რაც ძალიან ღლიდა. დაღლილობა კი თითქოს გონებაში დალექილ მოგონებებს ქექავდა და დროდადრო ზედაპირზე ამოატივტივებდა ძველი ბედნიერების ამა თუ იმ კადრს. ნუკის გამოჩენის შემდეგ მისი უფერულობის (თუ უიმედობის) ყულაბას კიდევ ერთი პანიკური შეგრძნება მიემატა - ახლა ყველაზე ხშირად სევდა იპყრობდა და კიდევ - სინდისის ქენჯნა, რადგან გრძნობდა, რომ ნუკისკენ დაუკითხავად მიიწევდა მისი გონება. გამოუცნობი გრძნობა ისე შეუმჩნევლად ეკიდებოდა მის გულს, როგორც მოქეიფეს კონიაკი (ან არაყი). ეჩვენებოდა, რომ ყოველი წუთი ამოვარდნილი იყო ცხოვრების რიტმიდან, თითქოს წუთი წუთს არ მისდევდა.
არა, ასე შეუძლებელია გაგრძელება. შინ საოცნებო ქალი ელოდება (განა მართლა მეტაფიზიკური), ცოლივით თბილად მომლოდინე, გემრიელი სადილით «ხელმომარჯვებული», მას კი იმის უფლებაც არა აქვს, აკოცოს, მოეფეროს, მკერდზე მიიხუტოს და უთხრას: «როგორ მომენატრე, პატარავ!» სანამ გაუძლებს ასეთ ყოფას? იქნებ ჯობია, გახსნას კარტები და უთხრას, რომ მოსწონს (თუ უყვარს)? იქნებ არც ისე დიდი ასაკობრივი სხვაობაა მათ შორის? ამით არაფერი დაშავდება. მასაც ხომ მოსწონს. ყოველ საღამოს, როგორც კი ზურა კარს შეაღებს, კითხვით სავსე მზერას მიაპყრობს, თითქოს რაღაც იდუმალ სიტყვებს ელის მამაკაცისგან. მას კი გამბედაობა არ ჰყოფნის, ერთი ნაბიჯი (მხოლოდ ერთი) გადადგას. ამ ასაკში ერთხელ მაინც ითავხედოს და გულში დალექილი სათქმელი ხმამაღლა გააცხადოს!.. ჰოდა, ახლა ჩაიდენს ამას. იყიდის ერთ ბოთლ კონიაკს (წითელ ღვინოსაც), მივა შინ და მირანდას გამოუცხადებს, ერთი წავუქეიფოთ მე და შენ, იქნებ დაღლილობა მომეხსნასო. თავის გეგმებზეც დაელაპარაკება.
«კარგი აზრია, რაც იქნება, იქნება», - გაიფიქრა შუბლშეჭმუხნილმა და საათს დახედა.
საღამოს შვიდი საათი იყო. იმდენად ააღელვა მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ვერაფრით მიხვდა, ახლა იწყებოდა ყველაფერი, თუ პირიქით, მთავრდებოდა…
გაგრძელება იქნება