ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ბი-ბი-სის 2023 წლის ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი ქალია, რომელიც ამ სიაში აღმოჩნდა. თამუნამ 2017 წელს დააფუძნა "ფეისბუკ"-ჯგუფი "ვეძებ" და ათეულობით ადამიანს აპოვნინა დედა, მამა, დედმამიშვილები, ნათესავები... თავისი ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში მან აღმოაჩინა, რომ საქართველოში მე-20 საუკუნიდან არსებობდა ჩვილებით ვაჭრობის მავნე პრაქტიკა, რის გამოც, ბევრი ბავშვი გარდაცვლილად გამოაცხადეს და უკანონოდ გააშვილეს.
- ალბათ, ინტერვიუ ჩემი ლაღი, უზრუნველი ბავშვობით უნდა დავიწყო: იმდენად ბედნიერი ბავშვობა მქონდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზღაპარში ვცხოვრობდი. 90-იანი წლების უშუქობა, უგაზობა და სიდუხჭირე საერთოდ არ მიგრძნია. მამაჩემი, შოთა მუსერიძე ძალიან ხელგაშლილად ცხოვრობდა და მარტო თავის ოჯახს კი არა, ნათესავებსაც ხელს უმართავდა. დედა, მარინა კუხიანიძეც ყველაფერს აკეთებდა, რომ საფუძვლიანი განათლება მიმეღო. სკოლაში მაკითხავდა და თვითონ დავყავდი ინგლისურზე, რუსულზე, ხელოვნებათმცოდნეობაზე, ისტორიაზე. დედამ სამსახურს თავი დაანება და მთელი ცხოვრება შვილების განათლებას მიუძღვნა. მხოლოდ ერთხელ მიადგა ჩრდილი ამ ყველაფერს - როცა მითხრეს, რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ მაშინ არ დავიჯერე. რატომ? - ალბათ იმიტომ, რომ ჩემზე უმცროსი ძმა მყავს და მშობლებისგან წამითაც არ მიგრძნია, რომ მისგან მანსხვავებდნენ. დედაჩემი მხოლოდ 33 წლის იყო, როცა შვილად ამიყვანეს, თან, მამაჩემს და მის დედას ძალიან ვგავდი. მოგვიანებით, გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ჩვენ შორის დამთხვევა ნული პროცენტი იყო, მაგრამ მაშინაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ.
- ჟურნალისტობა როდის გადაწყვიტეთ?
- ჟურნალისტობა არასდროს მნდომებია. ვოცნებობდი, რომ გამომძიებელი გავხდებოდი, მაგრამ მაშინ პროფესიის მიმართ სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ: საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს ქალის პროფესია არ იყო. ჩემი მშობლებიც ამას მეუბნებოდნენ. მოკლედ, მამაჩემმა ხელი შემიშალა, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩამებარებინა. მომწონდა მსახიობობაც, მაგრამ ტრადიციულ ოჯახში ვიზრდებოდი და ეს თავიდანვე გამოირიცხა. ჩემს სურვილებთან ყველაზე მიახლოებული პროფესია ჟურნალისტობა იყო და მეც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
- თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპი როდის იყო?
- 2005 წელს მამაჩემი გარდაიცვალა, ამის შემდეგ, დედამ 10 წელი იცოცხლა. ისიც რომ დაიღუპა, მერე გავიგე, რომ მართლა აყვანილი ვიყავი. 31 წლისა ერთიანად გავჭაღარავდი, თავზე ერთი მუქი თმის ღერიც აღარ მქონდა! ერთბაშად დამეწყო ჰორმონალური დარღვევა და პანიკური შეტევები - ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - ეს, არ უნდა მომხდარიყო! ჯობია, მშობლებმა აყვანილ შვილს სიმართლე თავის დროზე უთხრან, რომ მერე ვიღაც ბოროტმა არ წამოაძახოს და სტრესი არ მიაყენოს! იქნებ დედას ჩემთვის თავის დროზე სიმართლე რომ ეთქვა, ბიოლოგიური მშობლები უფრო ადვილად მეპოვა? ამას ჩემს მშობლებზე არ ვამბობ, მაგრამ როცა შვილი აგყავს, არ უნდა იფიქრო, რომ ეს ბავშვი შენი საკუთრებაა. ბავშვი იმიტომ აგყავს, რომ აღზარდო, განათლება და ლაღი ცხოვრება მისცე, მაგრამ ის შენი საკუთრება არ არის. სამწუხაროდ, ქართველი დედები ასე ხშირად ფიქრობენ. უმჯობესია, პატარაობიდანვე გაუმხილონ სიმართლე, რათა ეს მისთვის სტრესი და ელდა არ იყოს, როგორც მე დამემართა! ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია ბავშვს ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა მიაწოდონ. ყველაფერი კარგად უნდა გაანალიზო, წინასწარ განსაზღვრო.
- თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ბიოლოგიური მშობლები და ნათესავები გეპოვათ. ახლა რა ეტაპზეა ძიების პროცესი?
- დედისგან გამოხმაურება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ გენეტიკური ტესტით ვიპოვე ალალი ბიძა და მამიდები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და გარდაცვლილი ბაბუა, რომელსაც ოჯახის გარეთ ჰქონდა ურთიერთობა და შვილი სხვა ქალბატონისგან გააჩინა. სამწუხაროდ, ჩემს ბიძებს და მამიდებს არა აქვთ ინფორმაცია დედაჩემზე: ბაბუა 1951 წელს გარდაიცვალა, როცა ისინი 3-4 წლისანი იყვნენ. ამიტომ, გასაგებია, რომ ჩემი დედის ვინაობა არ იციან.
- ძიების პროცესში აღმოაჩინეთ, რომ საქართველოში ათეულობით ჩვილი უკანონოდ იყო გაშვილებული...
- ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 2017 წელს "ფეისბუკზე" გავაკეთე გვერდი გაშვილებული ადამიანებისთვის. თავიდან ანონიმური იყო: ჩვენი ჯგუფის მიზანი გახლდათ ინფორმაციის გაზიარება გაშვილებულ ბავშვებს შორის. ერთმანეთს ამბებს და ემოციებს ვუზიარებდით. ძალიან ბევრმა მომწერა თავისი ცხოვრების შესახებ, არაერთი ადამიანი გამოგვეხმაურა და აღმოჩნდა, რომ ბევრი ბავშვი საეჭვო ვითარებაში იყო გაშვილებული. ეს ჩემს გადაცემებშიც ბევრჯერ მითქვამს: მშობიარობის შემდეგ დედას ეუბნებოდნენ, რომ გარდაცვლილი ბავშვი გააჩინა და მერე, მოპარულ ჩვილებს აშვილებდნენ. ამის გარკვევის შემდეგ, გადაცემის გაკეთების იდეაც გამიჩნდა. თავდაპირველად, ეს გადაცემა თათული ედიშერაშვილთან და კახაბერ შარტავასთან ერთად მიმყავდა. თავიდან ამ დანაშაულის მასშტაბს ვერც კი ვხვდებოდით. არ გვჯეროდა, რომ ეს წარმოუდგენელი ფაქტები არაერთ სამშობიაროში ხდებოდა!
- ძალიან ბევრი ადამიანი დააკავშირეთ ბიოლოგიურ დედ-მამასთან, ბევრ დედას აპოვნინეთ შვილი, რომელიც უკვე გარდაცვლილი ეგონა... რით აიხსნება, რომ ამ კარგ საქმეს ზოგიერთებისგან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა?
- ეს არ მიკვირს, რადგან ამ დანაშაულებრივ ქსელში ისეთი ხალხი იყო ჩართული, რომელიც დღესაც ცოცხალია. რა თქმა უნდა, ამ ხალხს არ სიამოვნებს მათი საქციელის გამომზეურება და საქვეყნოდ გამჟღავნება. ამიტომ, აგრესიას და უარყოფით დამოკიდებულებას თავიდანვე ველოდი. მთავარია, რომ ამ გადაცემებით და ჩვენი გვერდის დახმარებით, ბიოლოგიური მშობლები არაერთმა ადამიანმა იპოვა. მე ამ ადამიანების გულისტკივილი კარგად მესმის, რადგან მეც მათ მდგომარეობაში ვარ: უკვე რვა წელია ვეძებ ბიოლოგიურ დედას და ამ რვა წლის განმავლობაში ერთი დღეც არ ყოფილა, რომ ხელი ჩამექნია, იმედი დამეკარგა! მართალია, ნათესავებზე ნაწყენი ვიყავი, რატომ არაფერს მეუბნებიან-მეთქი? მაგრამ ამის მიზეზი უკვე ვიცი და პოვნის იმედი დღემდე არ დამიკარგავს.
- საინტერესოა, თუ მომხდარა მსგავსი დანაშაული სხვა ქვეყნებში და თუ არსებობს ისეთი ორგანიზაცია, როგორიც თქვენია?
- მსგავსი ორგანიზაცია სხვა ქვეყნებში არ არსებობს, მხოლოდ ჰოლანდიაშია, მაგრამ ის ქვეყნის შიგნით მოპარულ და გაყიდულ ბავშვებზე არ მუშაობს. როგორც ვიცი, ჰოლანდიელები, აზიის ქვეყნებიდან მოპარულ და გაყიდულ ბავშვებზე აგროვებენ ინფორმაციას. ისე, ამგვარი ფაქტები იტალიაშიც ხდებოდა, საფრანგეთშიც, ესპანეთშიც, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ეს საქმეები ყველა სახელმწიფომ გამოიძია. "იუთუბზეც" შეგიძლიათ ნახოთ ამ გამოძიების შედეგები. მაგალითად: ესპანეთში 500 ათასი მოპარული ბავშვი იპოვეს და ის გინეკოლოგები, მედდები და დედაოები გაასამართლეს, რომლებიც ბავშვების ყიდვა-გაყიდვაში იყვნენ ჩართული. ზოგჯერ მეკითხებიან, რატომ გავრისკე, როცა ასეთ საქმეს მოვკიდე ხელი?.. არ გამირისკავს! - მე ვაკეთებდი და ვაკეთებ იმას, რაც აქამდე სხვებს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეს. თავიდან სულაც არ მქონდა განზრახული, სხვას დავხმარებოდი, მაგრამ ჯგუფში ეს ხალხი რომ შემომიერთდა, თითოეული მათგანის ბედს საკუთარივით განვიცდიდი. ეს ხალხი მენდო და მეც, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი, ყველას დავხმარებოდი. დღესაც ვცდილობ, რადგან მეც მათ ბედს ვიზიარებ - ბიოლოგიურ დედას ვეძებ!