- მარტო ხარ? - ზღურბლთან მდგარ ნუკის ფართოდ გაუღიმა ზურამ და ნავაჭრით სავსე პარკი ხელში მიაჩეჩა.
- ჰო. ნელიკო მყავდა სტუმრად და წავიდა, - საოცრად სევდიანი მოეჩვენა მამაკაცს მისი ხმა.
- რა გჭირს? რამე მოხდა?
- არა, არაფერი, რა უნდა მომხდარიყო, - გოგონამ განზე გაიხედა, მერე კი შებრუნდა და სამზარეულოსკენ გაემართა, ხომ არ ეტყოდა, მგონი, უცნობი თაყვანისმცემელი მატყუებსო.
ზურას რაღაც არ მოეწონა. არ იცოდა, რა იყო ეს «რაღაც», მაგრამ რომ იყო, ამას გუმანით გრძნობდა.
- რაო შენმა დაქალმა? - მამაკაცი უკან მიჰყვა.
- რა ვიცი… ბევრი ვილაპარაკეთ, სტუდენტობა გავიხსენეთ.
- რატომ არ დარჩა?
- რატომ უნდა დარჩენილიყო? - ცოტა არ იყოს, უკმეხად უპასუხა, - თავის სახლში მიეჩქარებოდა.
- ჰო, - ყრუდ ჩაილაპარაკა ზურამ, - რაღაცები მოვიტანე… შოკოლადი, ნამცხვარი, კონიაკი, შენთვის წითელი ღვინო… ხომ დალევ ჩემთან ერთად?
- ეს აუცილებელია?
- აუცილებელი არ არის, მაგრამ გამიხარდება, თუ თანამეინახეობას გამიწევ… ცუდ ხასიათზე ვარ, იქნებ შევმსუბუქდე ცოტა.
- რატომ, მოხდა რამე? - როგორც იქნა, მანაც გამოიჩინა ცნობისმოყვარეობა.
- წვრილმანი პრობლემებია, მაგრამ მაინც «დამგრუზა», - ამოიხვნეშა ზურამ, - ვიცი, წვრილმან რამეებზე ნერვიულობა არ ღირს, მაგრამ ხანდახან თავს ვერ ვერევი, - რადგან მთავარი სათქმელის გაცხადება მისი ასეთი დახვედრის გამო გადაიფიქრა, «სამსახურებრივი» მოიმიზეზა.
- წვრილმანი არასდროს არის წვრილმანი, - შენიშნა ნუკიმ, თავი მოაბრუნა და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში.
ზურამ მის მზერას ვერ გაუძლო და გვერდზე შეტრიალდა. ნუკი ამწუთას მხოლოდ მის პროფილს ხედავდა, ოდნავ მკაცრს, სწორხაზოვანს და - ჭაღარა თმას… და იმ ნაოჭებს (ოდნავ შესამჩნევს), თვალის უპესთან რომ გასჩენოდა. მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა… მის ყოველ ნაოჭს თავისი თვე და რიცხვი ჰქონდა.
ზურას არ უკითხავს ღიმილის მიზეზი (არ შეიმჩნია), ბუფეტის კარი გამოაღო ჭიქების გამოსატანად. ნუკის თითქოს მიავიწყდა კიდეც იგი, ძველებურად დაჟინებით აღარ უყურებდა, არც იღიმოდა, სუფრის გაშლით იყო გართული.
- სადილად რა გვაქვს? - ზურამ სასაუბრო თემა ამოატივტივა.
- ზუსტად ის, რაც კონიაკს მოუხდება - შემწვარი კარტოფილი და ღორის ხორცი.
- ო! მაგარია! წითელ ღვინოს არ დალევ? «ქინძმარაულია».
- არა, კონიაკი მირჩევნია, - უგუნებოდ უპასუხა ნუკიმ და როცა ყველაფერი დადო მაგიდაზე, სკამზე ჩამოჯდა.
- ვიფიქრე, ნამცხვარი ესიამოვნება-მეთქი… კიდევ «სნიკერსი»… პატარა გოგო რომ იყავი, გიყვარდა «სნიკერსი», - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა.
ნუკიმ გამომცდელად გახედა. ზურამ ორაზროვანი ღიმილი დაახვედრა…
გოგონამ დაიმახსოვრა ეს ღიმილი… თან მწარედ… როგორ უნდოდა, ახლა მისთვის სამაგიერო რითიმე გადაეხადა… ძალიან უნდოდა.
მამაკაცმა სასმელი ჩამოასხა… მიუჭახუნეს ერთმანეთს. ზურამ დალია… სადღეგრძელოს გარეშე… ის (ამწუთას ნუკი და არა მირანდა) დაკვირვებით უყურებდა. მანაც დალია… მანაც სადღეგრძელოს გარეშე…
ზურამ კიდევ ჩამოასხა. კიდევ დალიეს… კვლავ უსიტყვოდ (სადღეგრძელოს გარეშე), თითქოს სიჯიუტეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თითქოს ელოდნენ, პირველი რომელი აჰყვებოდა გულისთქმას…
გოგონა მიხვდა, რომ მამაკაცი თავის თავში გარკვევას ცდილობდა. ყველა ნაკვთი ცალ-ცალკე ღელავდა მის სახეზე, ყველა ნერვი არათანაბრად უტოკავდა. ეს თითქოს ბუნებრივი უნდა ყოფილიყო - შეხვედრის მომენტიდან აქამდე ჯერ ისე ახლოს არ ყოფილან ერთმანეთთან, როგორც ამ წუთებში, თანაც განმარტოებით არასდროს უქეიფიათ (თუ დაულევიათ).
მოულოდნელად ნუკის ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე. შემდეგ უხერხულად ჩაახველა, საჩვენებელი თითის ზურგით ცხვირის წვერი აიწია, ქვემოდან ახედა მამაკაცს და ოდნავ გასაგონი ხმით იკითხა:
- დიდი ხანია?
- რა? - ჩაფიქრებულმა ზურამ მსწრაფლ ასწია თავი და ინტერესით მიაჩერდა.
- დიდი ხანია ქალთან არ ყოფილხარ?
ზურას სახეზე ჯერ თვალის გუგებმა იწყეს გაფართოება, შემდეგ ნიკაპმა - ჩამოგრძელება და ბოლოს, რომ იტყვიან, ყბა ჩამოუვარდა. როგორც ჩანს, ის ასეთი შეკითხვისთვის მზად არ იყო. ერთხანს უხმოდ მისჩერებოდნენ ერთმანეთს. ნუკი კვლავ ეშმაკურად იღიმოდა. როგორც ჩანს, ორმა ჭიქა კონიაკმა შეძლო მისი გათამამება. მერე მამაკაცი შეირხა, მისი ყველა ნაკვთი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და მაჯაზე შემოსალტულ «როლექსის» ფირმის საათს მთელი სერიოზულობით დახედა.
- აგერ, უკვე საუკუნე გახდება, - უპასუხა, ცივად წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.
ნუკის ელდა ეცა. როგორც ჩანს, ძალიან აწყენინა. ნეტავ, რა არატრატებდა? ვერ გააჩერა ენა? რაში სჭირდებოდა ასეთი რამის თქმა? იდიოტი! სულელი!..
თუმცა, ორი წუთიც არ გასულა, რომ მამაკაცი უკან შემობრუნდა.
- რატომ მკითხე ეს? - ჰკითხა ზურამ და კვლავ დაჯდა, თან კონიაკი ჩამოასხა.
- არ ვიცი, - ალეწილმა ნუკიმ მხრები უსუსურად აიჩეჩა, - მომეჩვენა, რომ…
- რომ რა? - უხეშად გააწყვეტინა ზურამ, საოცრად შეცვლოდა ხმა.
- ნერვიულობდი.
- და ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი მაკლია?
- არა, ეს არ ნიშნავს იმას, მაგრამ ვატყობ, საკუთარ სახლში ისე იქცევი, თითქოს მე ვიყო მასპინძელი და შენ სტუმარი. უფრო მეტიც, იმ ადამიანს ჰგავხარ, რომელიც მთელი ღამე დაკითხვაზე იმყოფებოდა და რომელსაც ალიბი არ ჰქონდა. რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, ძებნაშია-მეთქი… რაც ჩამოვედით, მას შემდეგ სულ დაძაბული ხარ… მაპატიე, თუ გაწყენინე… შენი წყენინება არ მინდოდა…
- შენ მე ვერ მაწყენინებ, თუმცა, რაც თქვი, სრული სიმართლეა. შენ რომ გიყურებ, ვიძაბები… ოღონდ არა იმიტომ, რომ ქალის უნახავი ვარ… როგორ გითხრა… ცოტა მიჭირს ამის ახსნა.
- არ არის საჭირო, ისედაც გასაგებია ყველაფერი… მაპატიე.
მოულოდნელად ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა, რომელიც იქვე, კედელზე ეკიდა. ნუკიმ ყურმილი ჩამოიღო და უპასუხა.
- გისმენთ.
- უკაცრავად… ზურას… სხვაგან ხომ არ მოვხვდი? - ქალის სასიამოვნო ხმა გაისმა.
- არა, სხვაგან არ მოხვდით, ახლავე, - და მტრული გამომეტყველებით გადააწოდა ყურმილი მამაკაცს, თითქოს მიანიშნებდა, ჩემი მეტოქე რეკავსო.
ზურას გაკვირვება გამოეხატა თვალებზე. ოდნავ დააყოვნა პასუხი.
- დიახ, - ჩასძახა და როგორც კი იმ ვიღაცის ხმა გაიგონა, ეგრევე ფეხზე წამოდგა, - არა მიშავს, შენ?.. მართლა?.. თუ ასეა, გამოვალ… აბა, რას ვიზამ, ახლავე, - ძუნწად პასუხობდა მამაკაცი ნუკისთვის უცნობ პიროვნებას.
- უნდა გავიდე… ამჯერად შენ მაპატიე, რომ შუა ქეიფში გტოვებ, გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა, - თავის მართლება ძალიან უნიჭოდ გამოუვიდა, რაზეც ნუკიმ ღიმილი ვერ შეიკავა.
ზურამ ამჯერად არ დატოვა მისი ღიმილი შეუმჩნეველი.
- რას იღიმი? - ვერ მოითმინა, რომ არ ეკითხა.
- ლამაზხმიანი ქალი იყო, გადაუდებელი საქმე ექნებოდა, ეჭვიც არ მეპარება.
მამაკაცმა ჩაახველა და მკაცრად წარმოთქვა:
- ჩემი თხოვნა იქნება, დღეიდან ქალაქის ტელეფონს არ უპასუხო… არასდროს, კარგი? შენ თუ მოგინდება დარეკვა, სადაც გინდა, იქ დარეკე, მაგრამ აქეთ რომ დარეკავენ, არასდროს უპასუხო.
გოგონას ნირი წაუხდა. ვერ მიხვდა, ასეთი რა დააშავა.
- რატომ?
- ასეა საჭირო და იმიტომ. არ მინდა შენი აქ ყოფნა განსჯის საგანი შეიქნეს. ძალიან ბევრი ამას ცუდად გაიგებს და… აჯობებს, უსიამოვნებები თავიდან ავირიდოთ. შევთანხმდით?
- კი ბატონო, რა პრობლემაა, - ჩამქრალი ხმით უპასუხა, - ეს ისეთი წვრილმანია, - ორაზროვნად დაამატა.
- მაგრამ წვრილმანი არასდროს არის წვრილმანი, - მისივე სიტყვები დაუხვედრა მამაკაცმა პასუხად და გავიდა.
ნუკი დაფეთდა. როგორ არ უნდოდა, მაინცდამაინც ახლა, ამწუთას წასულიყო იგი, თან ასე გაბრაზებული, თან ასე გაწბილებული. წამოხტა და უკან გაეკიდა. ჰოლში დაეწია.
- ზურა! - ლამის განწირული ხმით იყვირა.
მამაკაცმა გაოცებით მოიხედა.
- როგორც ჩანს, ზედმეტი მომივიდა, ბოლომდე ვერ გავთვალე… შეიძლება იმაზე მეტი მომეჩვენა, ვიდრე სინამდვილეში ხდებოდა… ამ წუთებში ყველაფერი მოჭარბებულად იყო და…
- მოჭარბებულად? რა მოგეჩვენა მოჭარბებულად, ნუკი, არ დამიმალო! - უფრო და უფრო ცივი ხდებოდა მისი ხმა.
- რა და… აუ, არ ვიცი, რა გითხრა… განსაკუთრებით ის, რასაც შეიძლება «არაფერი» დავარქვათ. და სწორედ ამ «არაფერმა» გამაღიზიანა… იქნებ ცოტა ხნით დარჩე? არ მინდა, ასე წახვიდე… გთხოვ!..
- არ შემიძლია. მე ახლა სხვას უფრო ვჭირდები, ვიდრე შენ. ამწუთას ის სხვა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე შენთან ერთად დალევა. ხვალ გავაგრძელოთ.
გოგონა გაფითრდა. თითქოს რაღაც შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და დამარცხდა. როგორ აეწვა ლოყები… გულიც საზიზღრად ახმაურდა, ხმამაღლა, ხმამაღლა… მისი უაზრო ბაგაბუგი მთელ სახლში ისმოდა თითქოს.
თავი მექანიკურად დააკანტურა, შეტრიალდა და ოთახის სიღრმეში უსიტყვოდ გაუჩინარდა. ცოტა ხანში მის სმენას კარის დაკეტვის ხმაური მიწვდა. ფანჯარას მიუახლოვდა. კიდევ რამდენიმე წუთი და ზურა ეზოში გამოჩნდა, მანქანის კარი გააღო, ჩაჯდა და ნელა დაიძრა…
და ყველაფერი (კიდევ ერთი სიცოცხლე) კიდევ ერთხელ დამთავრდა…
«რატომ ვაჭარბებთ ყოველთვის ყველაფერს ცხოვრებაში?» - თვალები ცრემლით აევსო ნუკის, - «ვამბობთ, ყველაფერი დამთავრებულიაო და არ ვცდილობთ არაფრის შეცვლას, ვცხოვრობთ ეულად, რათა დავუმტკიცოთ საკუთარ თავსაც და გარშემო ყველას, რომ თვითგვემა შეგვიძლია. თუმცა, სადღაც, სულის კუნჭულში, იმედს არ ვკარგავთ და მაინც ისე ვუყურებთ პირველსავე შემხვედრს, თითქოს ყველაფრის თავიდან დაწყება შეიძლება, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან. ნუთუ არ არის საკმარისი, ორი უბედური (ცალ-ცალკე უბედური) ადამიანისთვის, ერთად ყოფნით მოიპოვონ ბედნიერება? ორ უიღბლო ადამიანს (შემთხვევით შეხვედრილს), ხომ თამამად შეუძლია ერთი დიდი იმედის შექმნა? ამით კი კიდევ ერთხელ შეიძლება იმის დამტკიცება, რომ იმედს ყველაფერი შეუძლია. რა ჰგონია ზურას? აქ მოწყალებისთვის მოვედი? ნუთუ ვერ ხვდება, რომ მასთან მინდა ყოფნა? ან თვითონ რატომ გამომიწოდა ხელი, თუ იმავეს არ განიცდიდა? რა, ძალიან კეთილია? არ მინდა ასეთი სიკეთე!»
- არ მინდა ასეთი სიკეთე, არა! - გამწარებულმა ხმამაღლა იყვირა ბოლოს და ფანჯრის რაფას მუშტი დაჰკრა.
ეტკინა… გაშალა თითები, მერე მომუშტა, კვლავ გაშალა, კვლავ მომუშტა, მერე ცრემლები მუჭით ამოიმწმინდა, ღიმილი გადაიფინა სახეზე და თითქოს მუქარის ტონით ჩაილაპარაკა.
- არა უშავს, ყოველ შემთხვევაში, ნახევარი საათით მაინც ხომ ვაჯობე მარტოობას!.. - ამ სიტყვებით სამზარეულოში გავიდა.
სკამი, რომელზეც ზურა იჯდა, ობლად გამოიყურებოდა…
იმ ღამეს ზურა შინ არ დაბრუნებულა… არც მეორე ღამეს. ნუკი, ცოტა არ იყოს, შეშფოთდა, თუმცა დარეკვა და ამბის გაგება არ უცდია. თუ მამაკაცი საჭიროდ ჩათვლიდა, თავად გააფრთხილებდა და ეტყოდა მოუსვლელობის მიზეზს. არადა, ინტერესი კლავდა - ვინ იყო ის ინკოგნიტო ქალბატონი, ორი ღამით ასე მოუბოდიშებლად რომ «აწაპნა» მისი ერთადერთი პატრონი (იქნებ იმედი)? ყოველივე ამას ისიც დაემატა, რომ დათო კვლავ შეეხმიანა «ოდნოებში» და ტელეფონის ნომერი გამოსტყუა, თუმცა არ დაურეკავს. ნუკიმ ითავხედა და თავად დაურეკა. უცნობმა გაუთიშა. ამან საშინლად გააღიზიანა. ამ დროს მესიჯი მოუვიდა: «შეხვედრაზე ვარ, თვითონ დაგირეკავ». როგორი გაწბილებული დარჩა. რა ემართება ბოლო ხანებში? შეცდომას შეცდომაზე უშვებს. რამ გააგიჟა, ნუთუ ასე ძალიან უნდა სიყვარული (თუ სექსი)? ნუთუ ზურასგან უარყოფილი სხვაგან ეძებს თავშესაფარს? როგორ ეზიზღებოდა (არა, სძულდა) ამწუთას საკუთარი თავი… ეს ვიღაც დათო კიდევ როგორ ათამაშებს, რა ტრიუკებს უწყობს… რისი იმედი აქვს? თავს შეაყვარებს ნუკის? არ გამოვა ეგ საქმე. ასე ადვილად რომ შეძლებოდა ვინმეს შეყვარება, აქამდე ათი (შეიძლება მეტიც) კაცი ეყოლებოდა გამოცვლილი… სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და მიაბლოკა (თუმცა კი უნებურად) იდუმალი თაყვანისმცემელი. ამით პროტესტი გამოუცხადა (უფრო გაექცა) მოსალოდნელ საფრთხეს, რომელიც არც კი იცოდა, რომელი მხრიდან და რა ფორმით ემუქრებოდა.
დაბლოკვამ შედეგი მყის გამოიღო. ხუთი წუთიც არ იყო გასული ამ «გმირობიდან», რომ ნუკის მობილური აწკრიალდა. ის იყო, ჯეკბეღურა.
- რატომ ჩაიდინე ეს? - თავის სავარაუდო ასაკთან შედარებით, მამაკაცს უფრო «ბებერი» ხმა ჰქონდა.
- რა ჩავიდინე?
- რისთვის დამბლოკე?
- ასე იყო საჭირო.
- რატომ, შეგიძლია ამიხსნა?
- იმიტომ, რომ სხვა ვინმედ ასაღებ თავს, სინამდვილეში კი სულ სხვა ხარ.
- შენ რა იცი, რომ სხვა ვარ?
- ვხვდები, სულელი არ ვარ. ხმაზეც გეტყობა, რომ ახალგაზრდა არ ბრძანდები.
- დავუშვათ, ასეა, მერე რა?
- მერე ის, რომ ტყუილებს ვერ ვიტან! რატომ აკეთებ ამას? შეგიძლია ამიხსნა, კონკრეტულად რაშია საქმე? მონადირის ინსტინქტი? თუ ასეა, შენ იქ არ ეძებ, თუკი არის საჭირო საერთოდ სადმე ძებნა… აქ ვერაფერს იპოვი, მაშველ რგოლსაც კი. აღარასდროს დამირეკო! - ოფიციალურად განუცხადა და გაუთიშა.
ესეც ასე… კიდევ ერთი უნებური (ეს უკვე მეორედ) ნაბიჯი გადადგა. არა, არ უნდა მოქცეულიყო ასე. მორჩა, მეტჯერ აღარ შეეხმიანება. ყოველ შემთხვევაში, თავმოყვარე მამაკაცი (და არა «მონადირე») ასე მოიქცეოდა. რა სულელია, ისე მაინც გაერთობოდა ცოტა ხნით. არა უშავს, სხვას იპოვის, კაცების მეტი რა ყრია, - უმისამართოდ გაიღიმა და ნელის მეგობრებში დაიწყო «ხელის ფათური».
რამდენიმე სიმპათიური მამაკაცი ამოარჩია და ფოტოები ხუთიანებით შეუფასა. ერთი მოეწონა ძალიან, ზედმეტად სიმპათიური, ზედმეტად სევდიანი თვალებით, რომელსაც ასევე ზედმეტად მგრძნობიარე (რა დასამალია და, სექსუალური) ტუჩები ჰქონდა. ფოტოზე ასე ჩანდა. რაც მთავარია, იგი თავის ვინაობას არ მალავდა, თანაც ნელის მეგობრებში «საპატიო» ბოლო გვერდზე იყო გამოჭიმული. ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი თავისი დაქალის საუკეთესო მეგობრად მიიჩნეოდა. აქ ხომ პირველ რიგში იმას უმეგობრდებიან, ვისთანაც ყველაზე ახლოს არიან. უცნობს გია ერქვა. ერთადერთი, რაშიც იტყუებოდა, ასაკი იყო, ახალგაზრდა მამაკაცს წლოვანებად 69 წელი ეწერა. ამაზე გაეღიმა. მერე მის მეგობრებში შევიდა. აუჰ! იქ რა ხდებოდა (სრული დომხალი)! ენით ვერ აღწერდა ადამიანი. სამასზე მეტი მეგობარი ჰყავდა, უმრავლესობა ქალები, განურჩევლად ეროვნებისა და ასაკისა! ესეც კარგი დონჟუანი ყოფილა! მერე ფოტოების კომენტარები დაათვალიერა. იყო ერთი გნიასი, გიას ქება-დიდება და სიყვარულის «ახსნა-განმარტებანი». არა, ნუკის ასეთი კაცი არაფერში გამოადგება. მექალთანე ტიპები არ უყვარს! მაგათი თავი (არც ნერვები) არა აქვს. ნეტავ რამდენი წლისაა? ამ ფიქრებში იყო, რომ მოულოდნელად შეტყობინება მოუვიდა: «დიდი მადლობა, მზეთუნახავო, ჩემი ფოტოების შეფასებისთვის. რით დავიმსახურე ასეთი ლამაზმანის ყურადღება?»
ნუკის კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე და პასუხიც წამსვე აფრინა: «ასაკთან შედარებით ძალზე ახალგაზრდულად გამოიყურებით» და ბევრი მოცინარი კაცუნა მიუწკაპუნა გასაგზავნ წერილს.
«სინამდვილეში 32 წლის ვარ. ეს ისე მიწერია, ზოგიერთების დასაბნევად», - გამოეხმაურა გია.
ნუკიმ სიცილის სმაილები «დააყარა».
«რატომ იცინი?» - მოსწერა.
«არ მეგონა, კაცებიც თუ მალავდნენ ასაკს», - და კიდევ «დასცინა».
«ზოგი ისე მაბეზრებს თავს, სხვა გზა არ მრჩება. შენ რას მოღვაწეობ, ლამაზო?» - დაინტერესდა ნუკის სიმპათიური (არა, ზესიმპათიური) ახალი ნაცნობი და წერილთან ერთად დამეგობრების მოთხოვნაც გამოუგზავნა.
- რა სულსწრაფი ყოფილა! - სიცილით წამოიძახა ნუკიმ და თანხმობა არ დააყოვნა.
«ნელის საიდან იცნობ?» - არ ეშვებოდა გია.
«ჯგუფელები ვიყავით. თქვენ?»
«ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. მაგარი ყაჩაღანაა, გიჟი გოგოა, დიდ პატივს ვცემ. უცნაურია, მის მეგობრებს ვიცნობ, ბევრს ძალიან, შენ როგორ გამომეპარე?»
«წლებია, ერთმანეთი არ გვინახავს».
«აჰა, გასაგებია. გათხოვილი ხარ?»
«არა. ჯერ არა.»
«ჰოდა, რას საქმიანობ-მეთქი, არ მითხარი.»
«ვდიზაინერობ, ტანსაცმელს ვკერავ.»
«ოოო! კარგი საქმიანობაა. კაცის ტანსაცმელს თუ კერავ?»
«რა თქმა უნდა, კაცისაც და ქალისაც,» - თავი მოიწონა ნუკიმ.
«მე კი პატარა ბიზნესი მაქვს… ისე, ჩემთვის.»
«სახელდობრ?»
«დაცვის სამსახური მაქვს… საკუთარი.»
«ესე იგი, პოლიციელი ხართ?»
«მთლად ასე ვერ ვიტყოდი, თუმცა დაახლოებით ასეა. არ გიყვარს პოლიციელები?»
«პოლიციელები ვინმეს უყვარს?»
«მაგაში გეთანხმები, მაგრამ შენთვის დაუშავებიათ რამე?»
«ჩემთვის არაფერი, ვაღიარებ, მაგრამ მაინც არ მიყვარს.»
«გამოდის, არც მე გეყვარები.»
«არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს,» - და კვლავ სიცილი მიაყოლა.
«ბედნიერი ვიქნებოდი, შენნაირი მზეთუნახავი თუ შემიყვარებდა. თან ისეთი სიყვარული ვიცი, რომ… ოოოოო!»
«როგორი?»
«როგორი და… სიგიჟეების ჩადენა შემიძლია. კარიდან თუ არ მიშვებენ, ფანჯრიდან გადავძვრები, თუ არც ფანჯრიდან მიშვებენ, საკვამლე მილიდან ჩავეშვები და რა ვიცი…»
«თბილისში ძნელია საკვამლე მილის პოვნა.»
«მართალი ხარ, მომიგე. სად ცხოვრობ?»
«თბილისში.»
«ეგ გასაგებია, მაგრამ ტერიტორიულად?»
ნუკის გააჟრჟოლა. ყველა ერთსა და იმავეს რატომ ეკითხება? რა მნიშვნელობა აქვს, ტერიტორიულად სად მდებარეობს მისი ბინა?
«წერეთლის პროსპექტზე,» - მაინც არ დაუმალა.
«აჰა… ახლოს ვყოფილვართ. მე ცოტა მაღლა ვარ, ნახალოვკაში. ესე იგი, დავმეგობრდით, არა?
«მგონი.»
«ძალიან კარგი. აუცილებლად შეგეხმიანები. არც შენ დამივიწყო, კარგი, ლამაზო?
«ვეცდები.»
«შეხვედრამდე,» - გიამ ტუჩების სმაილები მოაყარა.
«შეხმიანებამდე,» - ნუკიმ ღიმილში გაუცვალა.
«შენ არ მაკოცებ?»
«რა სულსწრაფი ყოფილხართ», - სიცილად დაიღვარა ნუკი.
«ერთი მაინც გაგემეტებინა. ხომ ხედავ, მე როგორ მემეტება შენთვის.»
«მაგას დამსახურება უნდა.»
«მითხარი, როგორ დავიმსახურო და მზად ვარ.»
«ამას დრო გვიჩვენებს.»
«ეგრე იყოს. გაკოცე», - და ახლა ერთი კოცნა გამოუგზავნა.
«ასე ცოტა?» - აფლირტავდა ნუკი.
«სხვა გზა მომიჭერი და რა ჩემი ბრალია? ვიფიქრე, არ გავაბრაზო-მეთქი.»
«მე ეგრე ადვილად არ ვბრაზდები. კარგი, წავედი, ნახვამდის.»
«ნახვამდის, მზეთუნახავო.»
ნუკიმ კომპიუტერი გამორთო და სიამოვნებისაგან გაიზმორა. რა კარგია, მშვენივრად ერთობა. კაცების რიგი დაუდგა უკვე… ეს ზურა სად დაიკარგა? ამის გაფიქრება და კარის გაღების ხმა ერთი იყო. მსწრაფლ წამოხტა და შუა ოთახში გაიხიდა, თითქოს არც გაჰკარებია კომპიუტერს.
- საღამო მშვიდობისა, - დაღლილი ხმით მიესალმა მამაკაცი.
- საღამო მშვიდობისა.
- ხომ არ მოიწყინე? - ზურამ დაჟინებული მზერით შეათვალიერა, - რა იყო, მოხდა რამე?
- არა, არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?
- რა ვიცი, ისეთი დაბნეული სახე გაქვს…
- ეს იმიტომ, რომ არ გელოდებოდი.
- არ მელოდებოდი? რატომ? აბა, სულ ხომ არ გადავიკარგებოდი? - ზურა კაბინეტში შევიდა და კარი მიიხურა.