ნუკი კიდევ ერთხელ დარჩა გაწბილებული. რა შუა ლაპარაკში მიატოვა? ვითომც არაფერი მომხდარა, ორი დღეა, დაიკარგა და ბოდიშიც არ მოუხადა. არც კი აუხსნა, სად იყო, რატომ ალოდინა (და ანერვიულა). საძაგელი!
ზურა რამდენიმე წუთში გამოვიდა, ტანსაცმელი გამოეცვალა.
- მშია, მაჭმევ რამეს? - კვლა დაჟინებით მიაშტერდა, თითქოს მის რეაქციას ამოწმებდა.
- კატლეტები გვაქვს, - ოჯახური დაიჭირა გოგონამ.
- ნამდვილი თუ მეტაფიზიკური? - თბილად გაუღიმა მამაკაცმა.
- ერთიც და მეორეც. მთავარია, რომელს მოისურვებ.
- ამწუთას ნამდვილი მირჩევნია, ძალიან დავიღალე.
«სად იყავი, რამ დაგღალა?» - კინაღამ გაექცა ნუკის ორი კითხვა ერთად, მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი.
- ახლავე გავაცხელებ.
- გავაგრძელოთ დაწყებული? - სამზარეულოში შესულ ნუკის ზურა უკან მიჰყვა.
- რა დაწყებული? - ვითომ ვერ მიუხვდა (არადა, რა კარგად მიუხვდა).
- ქეიფი.
- ა! რა ვიცი, როგორც გინდა, - გულგრილად უპასუხა და ტაფა ანთებულ გაზქურაზე შემოდო გასაცხელებლად.
- რატომ ხარ უხასიათოდ?
«იმიტომ, რომ შენ გამაბრაზე!» - ფიქრებში გაეპასუხა გოგონა, ხმამაღლა კი თქვა:
- არ ვარ უხასიათოდ.
- უფრო მეტიც, ოფიციალურიც კი ხარ.
- ცდები. ოფიციალური სულაც არ ვარ.
- უჩემოდ ხომ არ დალიე?
- არა.
- კარგია. სამაგიეროდ, ახლა მოვულხინოთ. თან რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი.
ნუკის გული უცნაურად აუძგერდა. რა უნდა უთხრას? მომწონხარო? საინტერესოა…
ისე სწრაფად გააწყო სუფრა, თვითონაც გაუკვირდა. მიხვდა, რომ ჩქარობდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ინტერესი კლავდა, რა სათქმელი გაუჩნდა მამაკაცს.
- ვა, პიურეც გვაქვს?
- აბა? კატლეტი პიურეს გარეშე ვის გაუგონია?
- ეს თამარამ გასწავლა?
- თამარა რა შუაშია, ეს ჩვეულებრივი «წყვილია» კერძებში - კატლეტი პიურეთი.
- კარგი, ჰო, ნუ მეჩხუბები.
- არ გეჩხუბები.
- ნუკი, ძალიან სხვანაირი მეჩვენები. რა მოხდა ამ ორ დღეში?
- არაფერი, ხომ გითხარი… - ცხვირი აიბზუა გოგონამ.
დასხდნენ. ზურამ მდუმარედ ჩამოასხა ნუკისთვის ღვინო, თავისთვის - კონიაკი.
- მეც კონიაკი მინდა, - მოითხოვა გოგონამ.
- მერე? არ გეშინია, რომ დათვრე?
- იმდენს არ დავლევ, რომ დავთვრე.
- როგორც გინდა. აი, შენ, კონიაკი, - თქვა და მასაც ჩამოუსხა, - შენ გაგიმარჯოს, კარგი?
- რატომ მე? - ირიბად გახედა გოგონამ, აშკარად გამოხატავდა აგრესიას.
- იმიტომ, რომ ჩემი სტუმარი ხარ. მომიჭახუნე.
- გუშინწინ არ ვიყავი შენი სტუმარი? - მისდა უნებურად (ეს უკვე მესამედ) წამოსცდა.
ზურამ ჯერ გაკვირვებით შეხედა, მერე სიცილი აუტყდა.
- აი, თურმე, რატომ ხარ ცუდ ხასიათზე. გეწყინა, შუა გზაზე რომ მიგატოვე? მაპატიე, მეტაფიზიკურო გოგონავ, საქმემ მოითხოვა ასე, ჩემი ბრალი არ იყო.
- ვიცი, იმ ლამაზხმიანი ქალის ბრალი იყო, - ბოღმა გაურია ნათქვამს.
- ის ლამაზხმიანი ქალი დედაჩემი იყო. მამა გახდა ავად და უნდა წავსულიყავი.
- მართლა? უკაცრავად, არ ვიცოდი.. მე… მე…
- არა უშავს, ეგ არაფერია. დალიე!
- მამაშენს გაუმარჯოს, - დაბნეულმა გოგონამ ჭიქა მოიყუდა და ერთბაშად გადაჰკრა, მაგრამ ვერ მოზომა და კონიაკმა ისე დაცეცხლა, ხველა აუტყდა.
- ალალი, ალალიიი! - ზურა წინ გადაიხარა და ზურგზე ხელი დაუტყაპუნა, - კონიაკის დალევას ცოდნა უნდა.
- პირველად კი არ ვსვამ, უბრალოდ…
- ყველაფერზე თავს ნუ იმართლებ, ძალიან გთხოვ. ვიცი, რომ დაგილევია და ისიც ვიცი, რატომაც გადაგცდა. ბავშვი არ ვარ… შენსავით.
- არც მე ვარ ბავშვი!
- აი, კიდევ თავს იმართლებ.
- არ ვიმართლებ, გეჯიუტები, - კვლავ უნებურად (ეს უკვე მერამდენედ) გაექცა სიტყვა და გაწითლდა.
- მერედა, რატომ?
ნუკი არ დაიბნა.
- იმიტომ, რომ ასეთი ხასიათი მაქვს.
- ცუდი ხასიათი გქონია, - შეფიქრიანებული ტონით წარმოთქვა მამაკაცმა.
- ალბათ.
- იცი, რა გავაკეთე ამ დღეებში? - მის პასუხზე არ გაამახვილა ზურამ ყურადღება და კიდევ ჩამოასხა, - შენზე ბევრი ვიფიქრე.
ნუკის სახე აუფორაჯდა. «იწყება», - შიშით გაიფიქრა და ერთიანად დაიძაბა.
- მართლა? - შეცვლილი ხმით უპასუხა.
- შენს სამსახურზე ვიზრუნე.
- ჩემს სამსახურზე? - იმდენად მოულოდნელი იყო მამაკაცის პასუხი, გაშრა.
- ჰო… და გადავწყვიტე, სამკერვალო სალონი გაგიხსნა.
- არ არსებობს! - გოგონა საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.
- ადგილიც მოვნახე უკვე, - იმავე ტონით გააგრძელა მამაკაცმა, - ერთ ქალსაც მოველაპარაკე, მკერავია, კარგი საკერავი მანქანა აქვს. ერთად იმუშავებთ. შენ მოდელებს დახატავ თუ ესკიზებს, რა ვიცი, როგორ ეძახით ამას მოდის სამყაროში, მერე გამოჭრი, ის კი შეკერავს. ჰა, როგორია?
- რა ვიცი… ცუდი არ უნდა იყოს, მაგრამ…
- მაგრამ რა?
- სიმართლე გითხრა, ცოტა მეშინია.
- რისი?
- არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო. რა შევკერო, რა ზომის, როგორი… ან ვინ იყიდის?
- კლიენტები გამოჩნდებიან. შენ რამდენიმე შეკერე, რომ ვიტრინაში გამოფინო. დანარჩენს დრო გიჩვენებს. ინტერნეტი აგერ არის, შედი, დაათვალიერე საიტები, ნახე, რა არის მოდაში, რა უფრო გაგეყიდება და იმოქმედე! ახლა კი თქვი რამე, გაშრა ყელი.
- მე-ე?
- ჰო, შენ. არ მითხრა, რომ სადღეგრძელოები არ გეხერხება.
- ერთ დროს მეხერხებოდა, მაგრამ იმდენი ხანია, არ მიქეიფია, დამავიწყდა.
- სულ დაგავიწყდა? არც ერთი არ გახსოვს? - ჩაეძია ზურა და ისევ დაჟინებით მიაჩერდა.
- კარგი, მაშინ შენ გაგიმარჯოს.
- რატომ მე?
- იმიტომ, რატომაც მე, - პასუხი არ დააყოვნა და კეკლუცად გაუღიმა.
- როგორ გიხდება ღიმილი… - თავი ვერ შეიკავა მამაკაცმა ქათინაურისგან და უსიტყვოდ გადაჰკრა.
- როგორ? - ფლირტის ხასიათზე დადგა ნუკი.
- პირდაპირ შემომენათე.
- შემოგენათე?
- ჰო… და პირველად არ მიგრძნია ეს… ან ალბათ დეჟავუ დამემართა, ვერ გეტყვი... ერთხელ უკვე მოხდა ასე, - დახშული ხმით თქვა, მძიმედ წამოდგა, ნუკის მიუახლოვდა, დაიხარა და მოულოდნელად ტუჩებით მის ლოყაზე გაისრიალა.
როგორც კი მისი ტუჩები შეეხო, გოგონას წამსვე დენმა დაარტყა თითქოს და მერე მთელ სხეულში ელვასავით მოედო მისთვის უკვე კარგად ნაცნობი (ვნებით გაჯერებული) ჟრუანტელი.
ზურა კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა.
- რომელი ყვავილი გიყვარს? - ხმადაბლა ჰკითხა.
- ყველა, - ნუკი ჩურჩულზე გადავიდა სახეალეწილი, თვალებდახრილი.
- მაინც, მაინც?
- ენძელები.
- ენძელები? რა უცნაურია… მეც. ამიტომაც მინდა სწორედ ენძელასთან დაკავშირებული ფრაზა გითხრა.
- რა ფრაზა?
- ენძელასავით გატარებდი ხელისგულში მოქცეულს.
ნუკის თვალები გაუფართოვდა. მისგან ასეთ სითამამეს არ ელოდა. ვერ მიხვდა, სასმელმა გახსნა მამაკაცი თუ უბრალოდ, მას ცდიდა.
- იები რომ მეთქვა, მაშინ რას მეტყოდი? - არჩია, არ დაეჯერებინა მისი ნათქვამი.
- მაშინ გეტყოდი… იის მოსვლას ვუდარაჯებდი, რომ შენთვის მომერთმია იგი-მეთქი… თუ გინდა, სხვა ყვავილიც დაასახელე, ყველაზე მაქვს პასუხი.
- ალბათ ბევრჯერ გამოგიყენებია ასეთი ფრაზები, - არ დაინდო ნუკიმ, ნიშნის მოგებით გადახედა მამაკაცს, წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.
ზურამ ვერ მოითმინა და თვალი გააყოლა. რა საოცარი ფიგურა აქვს! ლამაზი მხრები, უზადოდ წახრილი კისერი და მაღალი ყელი, თუმცა… როცა თმა აწეული აქვს, საოცრად დაუცველი ჩანს მისი ყელ-კისერი. მას ჯერ არ უნახავს ქალის კისერი ასე ბავშვივით დაუცველი ყოფილიყო. უეცრად ჟინიანმა სურვილმა შეიპყრო - სწორედ მას დაეცვა იგი.
როცა ნუკი კვლავ გამოჩნდა კარის ზღურბლზე, ზურა გაქვავდა. ის გასაგიჟებელი იყო! ვნებამ დაუკითხავად დარია ხელი. მზად იყო, ველური მხეცივით სცემოდა გოგონას, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ უშლიდა ხელს… ნუკის წითელი სარაფანი გაეხადა და აბრეშუმის ხალათი მოეცვა. განსაკუთრებით მისი ფერი აკავებდა - თეთრი! უმანკოების ფერი! ქალწულებრივი ფერი… ნუთუ რომელიმე მამაკაცს შეუძლია მისგან შორს დაიჭიროს თავი? არა, რაღაც უნდა იღონოს, გულის ხმას არ უნდა აჰყვეს, გონს უნდა მოუხმოს. ამის მაგივრად, უარესი საშინელება წამოცდა.
- მე ვიცი, რატომაც ჩაიცვი ეს ხალათი, - თქვა მან, - იმიტომ, რომ ამით ჩემს პროვოცირებას ახდენ!
- არ მესმის, რას გულისხმობ, - თქვა ნუკიმ და გარეცხილი ვაშლი ვაზით მაგიდაზე შემოდგა.
ზურა მოულოდნელად მიხვდა, რომ მისთვის მშვიდობიანი ცხოვრება დამთავრდა და განგაშის სიგნალმა დაჰკრა.
ნუკიმ დაჯდომა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად ზურა წამოდგა და სკამისკენ გზა გადაუჭრა. გოგონამ შიშით შეხედა, სუნთქვა მყისიერად არათანაბარი გაუხდა, მაჯისცემა გაუხშირდა. მამაკაცი ტუჩებზე წაეტანა. ნუკიმ გონს მოსვლა ვერ მოასწრო, ისე დააცხრა ძლიერი და ვნებით გაცხელებული ტუჩები მის ათრთოლებულ (უფრო შიშით, ვიდრე ვნებით) ბაგეებს. კოცნა თავბრუდამხვევი აღმოჩნდა, ჟინიანიც, მომთხოვნიც. მამაკაცმა მჭიდროდ მიიხუტა გოგონა მკერდზე და ხელისგულები მის ზურგს ჩააყოლა. გიჟური სურვილი, ამწუთასვე დაუფლებოდა ამ საგანძურს, გონს აკარგვინებდა. ის მას ეკუთვნოდა, წესით და რიგით, ნუკი მხოლოდ მისი იყო, რადგან მან აღმოაჩინა იგი, ეს თვალისმომჭრელად ლამაზი, მეტაფიზიკური მირანდა.
ნუკი ათრთოლდა, მაგრამ კვნესა არ დასცდენია. ვერ მიხვდა, სიამოვნებას უფრო შეეპყრო თუ შიშს.
მამაკაცი წამით შეჩერდა, თითებით შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია გოგონას და გაუღიმა, თან ცახცახს ვერ იოკებდა. ნუკის მოეჩვენა, რომ საცაა, გული წაუვიდოდა, ისე დაებინდა გონება მოულოდნელობისგან (იქნებ ალერსისგან). თითქოს სადღაც შეცურა, თან სასიამოვნო, თან საშიშ ადგილას, თითქოს შეერწყა მის ვნებიან კოცნას, თითქოს გაიბნა მამაკაცის ტუჩებში, თან გაფართოებულ თვალებს არ აცილებდა. მაგრამ როგორც კი ზურას მარჯვენა ხელი მის მკერდს წაეტანა და ძლიერად მოუჭირა, ისეთი ტკივილი იგრძნო, გამწარებულმა მთელი ძალით ჰკრა მამაკაცს ხელი. იგი უკან გადაქანდა და უნებურად მოსწყდა მის სხეულს, მერე კი ცივად გაერიდა. ნუკი მოზღვავებული ემოციებისგან წაბარბაცდა.
- სიყვარული ილუზიაა, - თქვა მამაკაცმა, შემდეგ ხანგრძლივი პაუზა გააკეთა და გააგრძელა, - სასაცილო რამეა ეს ილუზიები. რაც უნდა ეცადო, სინამდვილედ ვერასდროს გადააქცევ. და თუ ჯიუტად ეცდები ამის გაკეთებას, კოპებს მიიღებ სანაცვლოდ.
გოგონამ გამანადგურებელი მზერა ესროლა და კბილებში გამოსცრა:
- ის, რაც ახლა შენ ჩემთან სცადე, სრულიად საკმარისი იყო, ყველაფერს მივმხვდარიყავი. და დაიმახსოვრე - ეს საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან.
ზურამ ხელი მაჯაში ჩაავლო.
- ჩემთან შედარებით, იცი, რა უპირატესობა გაქვს? - ნუკიმ მზერა მამაკაცზე გადაიტანა და ყურადღებით დააშტერდა ისე, რომ მისგან ხელი არ გაუთავისუფლებია.
- არა და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო.
- ის, რომ ჩემზე არაფერი იცი.
- გასაგებია, - თავი დააქნია მამაკაცმა, - შენ თუ იცი, შენი უპირატესობა რაში მდგომარეობს?
- რაში?
- იმაში, რომ არც შენ იცი არაფერი ჩემ შესახებ.
- ბარი ბარში ვყოფილვართ… ეს საღამო ფრედ დაგვიმთავრებია, - ნიშნის მოგებით გაუღიმა გოგონამ და გავიდა.
«უფრო ჯიუტი უნდა ვყოფილიყავი, უფრო დაჟინებით უნდა მომეთხოვა და ის აუცილებლად გაიმეტებდა რამეს», - გაიფიქრა ზურამ და ამოიხვნეშა.
მომდევნო დღეებში თითქოს გაცივდა ურთიერთობა. ნუკიც და ზურაც თავთავიანთ ნაჭუჭში შეიკეტნენ. შეიძლებოდა საღამო (დილაც) ისე გასულიყო, სიტყვაც არ ეთქვათ ერთმანეთისთვის. მამაკაცი გრძნობდა, რომ გოგონას გაუსაძლისად მტრული გამომეტყველება უფრო და უფრო აშორებდა მისგან. ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელი იყო.
დრო თითქოს ოქრომჭედელს დაემსგავსა, რომელიც აუჩქარებლად ჭრიდა ყოველ წუთს, როგორც ძვირფას თვალს, რათა არ დაეზიანებინა იგი. ნუკის იმღამინდელი საქციელი ზურამ დიდ ირონიად (იქნებ გამოწვევად) ჩათვალა, თუმცა მისთვის ეს არ იყო სამყაროს დასასრული. მას სიყვარული სჭირდებოდა, ისეთი სიყვარული, როგორითაც მხოლოდ ქალს შეუძლია დაგაჯილდოოს და ამიტომ დანებებას არ აპირებდა… ოღონდ ეს ყველაფერი დროის საკითხი იყო, ის კი დროის აჩქარებას არ აპირებდა, თუმცა არსებობდა ამის შესაძლებლობა. დროის აჩქარებაც შეიძლება რაღაც მომენტში და შენელებაც, მისი უკან დაბრუნებაა მხოლოდ შეუძლებელი. ახლა უკვე აღარ სურდა უკან დახევა, არც ასაკობრივი სხვაობა აშინებდა, არც ნუკის სიჯიუტე (თუ სიამაყე). ეს ქალი მისი აღმოჩენა (და საკუთრებაც) იყო და მას უნდა დარჩენოდა აუცილებლად.
გოგონა კი ჯიუტად განაგრძობდა გაბუტულის როლის თამაშს. მშვენივრად გამოსდიოდა. იქნებ არც თამაშობდა და სინამდვილეშიც ასეთი იყო? არც ამას გამორიცხავდა ზურა, მაგრამ არაფრის შეცვლას გეგმავდა (არც აპირებდა). მოთმინებით ელოდა, როდის გაილეოდა გოგონას სიჯიუტე (თუ სიამაყე).
ნუკი უფრო მიეჯაჭვა (თუ «მიეძალა») კომპიუტერს. იმდენად შეეჩვია, მის გარეშე წამითაც ვერ ძლებდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გია გაიცნო. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ნელის ესტუმრა და მისგან ბევრი რამ გაიგო მასზე.
- არ იცი, რა ბიჭია! - თვალებში უცნაური ნაპერწკლები გაუკრთა ნელიკოს, - ორმეტრიანი, ათლეტური, ულამაზესი თვალებით, სიცილით, ტუჩებით… მერედა, რა ხმა აააქვს!.. აგიჟებს ქალებს. ყველას მაგრად გვიყვარს, მაგრამ… - პაუზა გააკეთა და უკმაყოფილო ხმით დაამთავრა, - შენ ახლოს არ გაეკარო.
ნუკიმ წარბები აზიდა გაოცების ნიშნად.
- რატომ?
- იმიტომ, რომ საშინელი მექალთანეა. ქალი თუ მიზანში ამოიღო, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს საქმეს, აუიცლებლად მიაღწევს მიზანს, მერე კი მიატოვებს. ისე დაუმეგობრდი, თუ გინდა, ძმაკაცურად, მაგრამ მისი შეყვარება არ გაბედო, დამიჯერე, რასაც გეუბნები.
- არც მიფიქრია, საიდან მოიტანე? ისე გკითხე.
- რა ისე მკითხე, წეღან არ მითხარი, გეყოფა ახლა, ის კაცი არ შემაყვაროო?
- გეხუმრე, რა იყო, - ნაძალადევად გაიღიმა ნუკიმ და ღაწვებზე შეფარულმა სიწითლემ გადაჰკრა.
- ის რას შვრება, მეორე?
- რომელი მეორე? - გული შუქანდა გოგონას, ეგონა, დაქალი დათოს გულისხმობდა.
- შენი «ხაზეინი», - აკისკისდა ნელიკო.
- ა! რა ვიცი, ამ ბოლო დროს ცუდად იქცევა.
- რას ნიშნავს, ცუდად იქცევა?
- მგონი, სარგებლობს იმით, რომ მასთან ვცხოვრობ.
- ეგ ჩვეულებრივი ამბავია, კაცია, ბოლოს და ბოლოს. მთავარია, შენ რას გრძნობ მის მიმართ.
- რა ვიცი… ალბათ მომწონს.
- მაგას რა ჯობია მერე! - ტაში შემოჰკრა ნელიმ, - აბა, მოგწყობია საქმე!
- არა, მთლად ეგრე არ არის, - ამოიოხრა ნუკიმ და თვალები დახარა.
- აბა, ერთი ამიხსენი, რა ხდება?
- ამას წინათ ისე მებდღვნა, გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. კინაღამ გამხერხა.
«გამხერხამ» ჩააბჟირა ნელიკო. იმდენი იცინა, ცრემლებიც კი გადმოსცვივდა თვალებიდან.
- შენ რა გითხარიიი! გამხერხაოოო! რა მაგარია! მერე?
- მერე და მერე, თითქმის არ ველაპარაკები. მასთან რომ ვცხოვრობ, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება აქვს.
- მოიცა, მოიცა, ისე დაგეტაკა, არაფერი უთქვამს? არც მომწონხარ, არც…
- კი, როგორ არა. რომანტიკული შესავალი გაუკეთა. ენძელასავით ხელისგულში მოქცეულს გატარებდიო.
- ჰო-ო? - კვლავ აკისკისდა ნელი, - იის მოსვლას არ ვუდარაჯებდიო?
ნუკიმ ამის გაგონებაზე ფერი დაკარგა.
- შენ საიდან იცი?
- საიდან ვიცი? სულელო! ეგ ხომ ლექსიდან არის.
- რომელი ლექსიდან?
- ზუსტად არ მახსოვს, ვისია, მაგრამ არის ასეთი ლექსი და ეს სტრიქონებიც იქიდან არის.
- დამპალი! - ქვედა ტუჩი მოიკვნიტა ნუკიმ, - რა მიამიტი ვარ, მე კი დავიჯერე, რომ…
- მერე რა მოხდა? ასეთ რამეებზე არ უნდა ავარდე, შტერო. ვიღაცამ დაწერა ლექსი, ვიღაცამ ის შენ მოგიძღვნა განსხვავებული ინტერპრეტაციით. რა არის ამაში მიუღებელი?
- რა ვიცი… - კვლავ ამოიოხრა გოგონამ.
- ნეტავი შენ, მოგცლია. ჩემი აზრით, ის შენი ზურა საუკეთესო ვარიანტია. მერე რა, რომ ცოტა ასაკოვანია. ეს ახლაა შესამჩნევი, თორემ წლები გაივლის და აღარც შეგეტყობათ. ქალები მალე ბერდებიან, კაცები - გვიან. მოვა დრო და ერთი ასაკისანი გახდებით.
ნუკი ყურადღებით უსმენდა დაქალს, თითქოს მისი ნაამბობით ახალ აღმოჩენებს აკეთებდა.
- ვნახოთ, რა იქნება. ჯერ ნაადრევია სიყვარულზე ლაპარაკი.
- ჰო, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან ნუ გაჯიქდები. ვიცი შენი ხასიათი, ზედმეტად ამაყი ხარ.
- მართალი ხარ, ზედმეტად.
- ჰოდა, ცოტა მორბილდი. კაცებს არ უყვართ ზედმეტად თავმოყვარე ქალები. არ არსებობს, არ შეუყვარდე. შეუძლებელია, შენნაირ ქალს გულგრილად აუაროს გვერდი მამაკაცმა, მით უმეტეს, სერიოზულმა და უკვე დაღვინებულმა.
- ვერ ვიტან ილუზიებს. ვეცდები, გამოვფხიზლდე. რაც შეიძლება, შორს დავიჭერ მისგან თავს.
- ფრთხილად, ნამეტანი არ მოგივიდეს.
- შეგიძლია არ ინერვიულო.
- მე რა, - მხრები აიჩეჩა ნელიკომ, - შენთვის ვამბობ, თორემ…
- შენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს ქალური სიამაყის საკითხია, თვითგადარჩენის ინსტინქტი. ეს არის ბუნტი, ბრძოლა საკუთარი ღირსებისათვის - არ ცხოვრობდე სხვისი მორჩილების ქვეშ. მასზე სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მაქვს, ნელიკო. ის ერთადერთი ადამიანია, ვინც კიდევ ერთხელ ამიხილა თვალი და დამიბრუნა იმედი შეუძლებლის შეძლებისა. ხომ გესმის, რა ძნელია ეს - ამდენი წლის შემდეგ აღმოაჩინო, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. შენ მიცნობ და იცი, რომ მე არ ვითხოვ ბევრს. მან დამიბრუნა სურვილი, ვიგრძნო თავი ქალად… თუმცა, ამის გამო სულაც არ ვგრძნობ თავს ვალდებულად, ლოგინში ჩავუწვე და მისი ხასა გავხდე. ეს ყველაფერი თავისთავად უნდა მოვიდეს, ორმხრივი სურვილის შედეგად.
- მესმის შენი, საყვარელო. შენ იმდენი რამ გადაიტანე, იმსახურებ ბედნიერებას. შეიძლება შენს იღბალს ჯერ კიდევ სძინავს, მაგრამ სად გეჩქარება? დააცადე, გამოიღვიძოს.
- რა ლამაზად თქვი, - ღიმილმა სახე დაუწყნარა ნუკის.
- ერთხელ სადღაც ამოვიკითხე და მეც მომეწონა. მას შემდეგ ყველა ჩემიანს ამას ვეუბნები. შენც ამას გირჩევ. ხომ გაგიგონია, მოთმინებითა შენითაო…
- გამიგონია.
- ჰოდა, არ გაუშვა ხელიდან იმის შანსი, რომ მოცემული შანსი გამოიყენო… ჭკვიანურად, გონივრულად, ტაქტიანად… და ბედნიერებაც მოვა. თუ ხანდახან გაკოცებს, არ გაუწიო წინააღმდეგობა. მერე რა, გრძნობა კოცნის გარეშე რა გრძნობაა?
- და მერე სხვა რამეც მოჰყვება იმ კოცნას.
- შენც ახლა მრიცხველმა არ დაგიწეროს, რა იყო მერე? - გაიცინა ნელიმ და საზურგეზე გადაწოლილმა სკამი უკან გადააქანა, - გინდა, ყავაზე გიმკითხაო?
- არა, არ მჯერა მაგ სისულელეების, ხომ იცი.
- არადა, მაგრად დავამუღამე. ტყუილად არ გჯერა. ვისაც ვუმკითხავე, ყველას აუხდა, რომ იცოდე.
- კარგი რა, - ურწმუნოდ გადააქნია ნუკიმ თავი, - ჩემს ბედს მე თვითონ განვაგებ, არ გვინდა ეს ნალექით შეკოწიწებული ფიგურები და მასზე აგებული ვარაუდები… წავალ ახლა, გავუდგები ჩემს გზას, თორემ კაცი მომასწრებს შინ მისვლას, - თავსსავე ნათქვამზე გაეცინა და წამოდგა.
- რა ტანი გაქვს, შე ოხერო, გააგიჟებდი იმ კაცს, აბა, რა იქნებოდა. კიდევ კარგ ჭკუაზეა საწყალი, - სიცილით შენიშნა ნელიმ, როცა ნუკი გასასვლელისკენ დაიძრა.
გოგონამ არაფერი უპასუხა, უხმოდ გადაკოცნა დაქალი, ჩანთა მხარზე მოიგდო და გავიდა.
გაგრძელება იქნება