შინ მისული ნუკი ზურას პირდაპირ ჰოლში შეეჩეხა. ისიც, ეს წუთია, დაბრუნებულიყო.
- საღამო მშვიდობისა, - გაბუტული ტონით მიესალმა მამაკაცს.
- გაგიმარჯოს, - ზურას მის დანახვაზე სახე გაუმკაცრდა და ეკლიანი მზერა ესროლა, - სასეირნოდ იყავი? - თითქოს ეჭვი შეეპარა ხმაში.
- ჰო, - ცივად მიუგდო გოგონამ და თავის ოთახში შევიდა.
ტანსაცმელი გამოიცვალა და საწოლზე ჩამოჯდა. გავიდეს თუ არ გავიდეს? მართლა და მართლა, სანამ უნდა გაგრძელდეს ასე? თუ ცოტათი არ მორბილდება, იძულებული გახდება, გადაბარგდეს აქედან. მერედა, სად? ვინ ჯანდაბას მიეკედლოს? ძლიერად ამოიოხრა და ამოოხვრას ყრუ კვნესაც ამოაყოლა. რაც იქნება, იქნება, გავა ახლა და ჰკითხავს, ხომ არ გშიაო. დანარჩენი გამოჩნდება.
ოთახიდან გამოვიდა და თვალებით ზურას დაუწყო ძებნა. წყლის ჩხრიალი მოესმა. მიხვდა, მამაკაცი სააბაზანოში იყო შეკეტილი. «ალბათ ბანაობს», - გაიფიქრა და სამზარეულოს მიაშურა.
რა ქნას? გაშალოს სუფრა თუ დაელოდოს, როდის გამოვა? დიდხანს ორჭოფობდა. ბოლოს ჩაიდანი შემოდგა გაზქურაზე. ყავას დალევს, სანამ რამე გაირკვევა.
ცოტა ხანში წყლის ხმა მიწყდა და იგი ნაბიჯების ხმამ შეცვალა. მერე კვლავ სიჩუმემ (სამარისებურმა) დაისადგურა. ნუკი გაისუსა. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. რას შვრება? სად წავიდა? ნუთუ სამზარეულოში არ შემოიხედავს? უეცრად ჩაიდანმა სტვენა ატეხა. კიდევ კარგი, რაღაცამ მაინც აახმაურა სიჩუმე. ამის გაფიქრებაზე ხმამაღლა გაეცინა. სწორედ ამ დროს კარი გაიღო და ზურამ შემოყო თავი.
- რა გაცინებს? - გაკვირვებული სახით მიაჩერდა.
- არაფერი, - მზერა მოარიდა ნუკიმ, - რაღაც გავიფიქრე.
- მაინც რა? - არ მოეშვა მამაკაცი.
- ჩაიდნის სტვენამ სიჩუმე დაარღვია.
- მერე რა იყო აქ სასაცილო? - დამცინავად (უფრო აგდებულად) შენიშნა ზურამ.
გოგონა აიმრიზა. ირიბად გახედა, ფეხებიდან თვალებამდე ააყოლა მზერა და საოცრად პოეტური ხმით, თითქოს ლექსს კითხულობსო, ამოთქვა:
- არაფერი… სიჩუმეს მოსწონს ხმაური… მას ისე უხდება ეს, როგორც… - და შეყოვნდა.
- როგორც რა?
- საჭმელი გაგიცხელო? - ნუკი რეალობას დაუბრუნდა და აინუნშიც არ ჩააგდო მისი შეკითხვა.
- არა, არ მშია, გავრბივარ. ამაღამ ალბათ ვერ დავბრუნდები.
მოულოდნელად ცივი წყალს რომ გადაასხამენ ადამიანს, ნუკის სწორედ ისეთი გაუხდა სახე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. უხერხულობის გასაფანტავად, თავი გადააქნია მხოლოდ.
ზურამ დაკვირვებით (ზედმეტად დაკვირვებით) შეავლო თვალი. გოგონა დაღვრემილი (იქნებ დაბოღმილიც) უყურებდა. მის ამ განწყობას თითქოს ყველაფერი უწყობდა ხელს - ნაცრისფერი კაბა, ყავის შავი ჭიქა, შეკრული თმა, გიშრისთვლიანი ბეჭედი არათითზე… ღიმილი ვერ შეიკავა.
- არ მოიწყინო, ხვალ მოვალ და დავრჩები, - შემრიგებლური (ძალზე დათბილული) ტონით წარმოთქვა და გავიდა.
«აი, დარდი,» - განაწყენებულმა გაიფიქრა, - «თუ გინდა, სულ ნუ მოხვალ», - ჩაამთავრა ფიქრში დაწყებული ფრაზა და ყავა დაისხა.
როგორც კი ზურამ კარი გაიხურა, სასტუმრო ოთახში გამოვიდა და კომპიუტერს მიუჯდა. ძალიანაც კარგი, ახლა შევა «ოდნოებში» და გაერთობა, ხუთ წუთში (შეიძლება სამშიც) სრულებით გადაავიწყდება შენი ზურა!
ოჰო-ჰო-ჰო! რამდენი სტუმარი სწვევია მის პროფილს! რამდენი ფოტო შეუფასებიათ! პატარა ბავშვივით გაუხარდა. ძალიან მოდაშია აქ!
«ეს ვინ მოსულააა!» - თითქოს დადარაჯებული იყოო, მსწრაფლ მოუვიდა გიასგან შეტყობინება.
ნუკიმ სიმორცხვის სმაილი გაუგზავნა.
«რავა ხარ, სიხ?»
გოგონას ღიმილი უმალ შეაშრა სახეზე. ერთადერთი სიტყვა, რომელსაც ვერ იტანდა, სწორედ ეს იყო - «სიხ» და ამ სიტყვას მაინცდამაინც ის მამაკაცი ეუბნებოდა, რომელიც მოსწონდა. რა ქნას, აუკრძალოს ამ სიტყვის ხმარება? იქნებ არ ღირს ასეთ წვრილმანზე ყურადღების გამახვილება? ვაითუ, დააფრთხოს. რაც იქნება, იქნება, ამჯერად დათმობაზე წავა.
«კარგად, თავად?» - მისწერა და პასუხის მოლოდინში თითები გაფარჩხა, რომ მორიგი მესიჯი აეკრიფა.
«მეც ვარ, რა. მთელი დღე საქმეებზე დავრბოდი და როგორც იქნა, მოვიცალე».
ნუკიმ არაფერი (ვერაფერი) უპასუხა. ვერ მოიფიქრა, რა პასუხი გაეცა. ისევ გიამ გამოიჩინა ინიციატივა.
«მომიყევი შენზე რამე. მინდა, უფრო ახლოს გაგიცნო.»
«რა მოგიყვე?»
«ყველაფერი. მე ყველაფერი მაინტერესებს შენზე. მიდი, დაიწყე.»
«მე… მე მეტაფიზიკური გოგონა ვარ», - დაიწყო ნუკიმ და სიცილები «მიაფრქვია» მამაკაცს.
«ეგ როგორ?»
«ისე, ჩვეულებრივად, ამქვეყნიური არ ვარ.»
«აბა, საიდან მოხვედი?»
«ზღვის ტალღას ამოვყევი.»
«კარგი შედარებაა… თუ მზის სხივმა ჩამოგსვა მარსიდან?» - ისიც აჰყვა.
«არც ეგაა ცუდი ვარიანტი, ეგრე იყოს», - ღიმილები გაუგზავნა ნუკიმ.
«მერე? როგორ მოგწონს აქაურობა?»
«არა უშავს, თუმცა დედამიწელები ხანდახან მაბნევენ. ამიტომ ხშირად უფლებას ვაძლევ ჩემს გულს, ჩემ მაგივრად იფიქროს.»
«საინტერესოა… იმედია, შენი გული ახერხებს ამას».
«შეძლებისდაგვარად. თუმცა, ხშირად შემომჩივის, ამდენ ფიქრს ვრ ავუდივარ და გული მტკივაო».
«აჰა… ესე იგი, შენს გულსაც სტკივა გული, არა?»
«ჰო, ასე გამოდის.»
«ახლავე მოვარჩენ მას. მაცალე! ტკივილგამაყუჩებელი ფრაზების კორიანტელი უნდა დავაყენო. გამაგრდი, ახლავე გიშველით ორივეს!» - და გიამ ისეთი ლამაზი ყვავილები, კოცნები და საჩუქრები გამოუგზავნა, ნუკის სასიამოვნო ტალღის მთელი ნიაღვარი მოასკდა სხეულში.
«ეგ არის ფრაზები?» - «სიცილები» დააყარა მამაკაცს.
«ფრაზებიც იქნება, ეგ პრელუდიაა», - მოუვიდა პასუხად.
ნუკი ცნობისმოყვარედ მიაჩერდა ეკრანს, ჩასაფრებული მზერით დაელოდა «ტკივილგამაყუჩებელ» ფრაზებს.
«გენაცვალე ლამაზ ცხვირ-პირში», - გამოუშვა გიამ სასიყვარულო ბარათი, - «შენნაირი გოგოს მოწყენილობა არ შეიძლება. შენ ხელისგულზე უნდა გატაროს ჭკვიანმა კაცმა».
პირველი ფრაზა მოეწონა ნუკის. ასე მისთვის არასდროს არავის უთქვამს. მეორეზე დაიჯღანა, ძალიან გაცვეთილი იყო.
«დიდი მადლობა», - ესღა გაიმეტა პასუხად.
«მომწერე შენი ტელეფონის ნომერი», - მოულოდნელად დააჯახა გიამ.
«რად გინდა?» - ნუკის გაეღიმა.
«უნდა დაგირეკო. გამაგონე შენი ხმა», - აშკარად იერიშზე გადმოდიოდა იგი.
«არა მგონია, ეგ კარგი აზრი იყოს,» - შეწინააღმდეგება სცადა ნუკიმ.
«გთხოვ, ნუუკ. მომწერე. ნუ მაგიჟებ!» - და ბრაზიანი კაცუნების მთელი არმია მოაყოლა.
ნუკის გულმა უცნაურად დაიწყო თრთოლვა, თითქოს დაიტენა ემოციებისგან.
«ნუუკ» ნუკისთვის უცნაურად ჟღერდა. მისთვის სახელის ასეთი უცნაური წყობით ჯერ არავის მოუმართავს, მით უმეტეს - მამაკაცს.
«იქნებ არ ღირდეს ჯერ», - გრძნობდა, რომ უკვე სუსტად უწევდა წინააღმდეგობას.
«ღირს, გული მიგრძნობს, რომ ღირს. შენს თავს გეფიცები… და მე შენ დაგიცავ», - ეს უკვე ფართომასშტაბიან შეტევას ჰგავდა, თითქოს «დამნებდიო», ეუბნებოდა მამაკაცი.
«რისგან დამიცავ?» - გააჭიანურა გოგონამ «დანებების» პროცესი.
«მარტოობისგან».
«რატომ გგონია, რომ მარტობა მაწუხებს?»
«არათუ მარტოობა, მარტოსულობაც. მომწერე შენი ნომერი, სიხ, ასე ვერ გავძლებ,» - გიამ თითქოს გმინვა მოაყოლა მოწერილს.
ისევ ეს «სიხ»… ნუკის კვლავ დაეჯღანა სახე, თუმცა მაინც მისწერა ახალგაცნობილს თავისი ნომერი.
წუთიც არ გასულა, რომ ნუკის მობილური ტელეფონი ტკბილად ამღერდა.
- გისმენთ, - ზედმეტად ნაზად (მეტი ეფექტისთვის) გამოუვიდა.
- აბა, როგორ ხარ? - ბოხი (სასიამოვნოდ) ხმა გაისმა აპარატში.
ნუკის შეაჟრჟოლა… საოცარი ხმა იყო, საოცარი, საოცარი…
- არა მიშავს, - დაიმორცხვა თითქოს.
- რატომ გაქვს ასეთი ხმა?
- როგორი?
- რაღაცნაირად ასევდილი, - მზრუნველი ტონი ჰქონდა გიას.
- რა ვიცი… უფრო იმიტომ, ალბათ, რომ «ძილმოკლული» ღამე მქონდა.
- და რამ არ დაგაძინა? - ამჯერად «სიხ» აღარ დააყოლა.
- ფიქრებმა.
- ვის ეკუთვნოდა შენი ფიქრები, ლამაზცხვირპირიანო?
- როგორ გითხრა… კონკრეტულად არავის. საკუთარ ცხოვრებაზე ვფიქრობ ხოლმე.
- მერე? რას გეუბნებიან შენი ფიქრები?
- დიდად ვერ მანუგეშებენ, - კეკლუცად წარმოთქვა.
მამაკაცმა გაიცინა. ნუკი უცნაურად სასიამოვნო (თუ ღვთაებრივმა) დაძაბულობამ შეიპყრო… როგორ იცინოდა! ნუთუ შეიძლება სიცილიც არსებობდეს სექსუალური? ალბათ მსახიობებსაც კი შეშურდებოდათ ამ სიცილის, რომ მოესმინათ. ალბათ ვერც ერთი დიდი მსახიობი ვერ გაიცინებდა ასე, როლისთვის რომ დასჭირვებოდა… მსგავსი არაფერი მოესმინა აქამდე ნუკის. რაც უფრო უახლოდებოდა გიას ურთიერთობაში, მისი განცვიფრება მით მეტად მატულობდა.
- არა უშავს, მოვუვლით შენს ფიქრებს, ეგეთები მოგვირჯულებია? - გაამხნევა მამაკაცმა, - ახლა კი, კვლავ ვირტუალურ სამყაროში გავაგრძელოთ კონტაქტი, კარგი?
- კარგი, - ნატვრისმიერი ხმა აღმოხდა ყურებამდე გაღიმებულ და უცნაურად აღტყინებულ ნუკის.
შეტყობინებებში კვლავ აციმციმდნენ ვარსკვლავები.
«შენმა ხმამ ისე გამოანაზა ტელეფონში, ერთიანად ავირიე», - წერდა მამაკაცი, - ლამაზხმიანი მყოლიხარ!»
ნუკიმ სიმორცხვის სმაილი გაუგზავნა პასუხად.
«ახლა რომ შენთან ვიყო, სიამოვნებით აგიკოცნიდი მთელ სხეულს, სიხარულო.» - გიამ ამჯერად «სიხ» ბოლომდე გაშალა.
«ეგეთები არ გინდა! არ არის საჭირო!» - დატუქსა გოგონამ.
«რა ვქნა, რომ მეკოცნება?» - მოფრინდა პასუხი ლამაზად ჩამწკრივებულ მოცეკვავე კვასკვასა ტუჩებთან ერთად. მერე ტუჩებს მფეთქავი გულები მოაყარა მამაკაცმა.
«რა იყო, უკვე დაიწვი ჩემი სიყვარულით?» - გაეხუმრა გოგონა.
«არა, ჯერ მხოლოდ გავირუჯე.» - მოსწრებულად უპასუხა გიამ.
ნუკი კვლავ ჟრუანტელმა მოიცვა. მოსწონდა ეს კაცი, ამის უარყოფას აზრი არ ჰქონდა. მასთან საუბარმა მართლა გადაავიწყა ზურას არსებობა, რომელიც ზუსტად ამ მომენტში გაახსენდა.
«კარგი, გია, გავალ მე ახლა, საქმე მაქვს».
«ჯერ ის მითხარი, რა არის შენი ფიქრის ამტკივებელი და მერე წადი, სიხ».
«აბა, რა გითხრა… შემოსევდიანება დამჩემდა ბოლო დროს. არაფერში მიმართლებს».
«მაგალითად?»
«ზოგადად ცხოვრებაში».
«და კონკრეტულად?»
მიუხვდა ნუკი, მამაკაცი ელოდა, როდის ეტყოდა, სიყვარულში არ მიმართლებსო. ო, არა, ამ სიამოვნებას არ მიანიჭებს ამ მექალთანეს! მართალი ყოფილა ნელი, როგორ უცებ მოაჯადოვა, ვერც კი მიხვდა, ისე ააფორიაქა და ტელეფონის ნომერიც ოსტატურად გამოსტყუა.
«კონკრეტული არ არსებობს. საერთოდ არაფერში მიმართლებს».
«არც სიყვარულში?» - რადგან მისგან პასუხს ვერ ეღირსა, თავად შეეკითხა.
«არც», - მოკლედ მისწერა.
«ალბათ, ფულმაგარ ბიჭებს დაეძებ შენ, სიხ», - შემოაპარა მამაკაცმა.
«ცდები. ფულმაგარ ბიჭებს გულმაგარი მირჩევნია, თუმცა არც ერთი ჩანს ჰორიზონტზე და არც მეორე», - მოისაწყლა თავი.
«გულმაგარი რას ნიშნავს? ვინც ოცნების კოშკებს აგიშენებს? რაც შეიძლება მაღალს, რომ იქიდან გადმოხედვის არ შეეშინდეს?»
«ოცნების კოშკებს სიყვარულის ქოხი მირჩევნია.»
«მაშ, რა იგულისხმე გულმაგარში?» - როგორც ჩანს, ვერ მიუხვდა მამაკაცი.
«ვისაც ჩემი შეყვარების არ შეეშინდება».
«მითხარი, რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?»
«ყველაზე დიდი? ერთხელაც გავხსნი რესტორანს და მას «რომაულ არდადეგებს» დავარქმევ. და იქ მხოლოდ შეყვარებულები ივლიან, იმედიანად და უიმედოდ შეყვარებულები… ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება».
«შენ გექნება ეგეთი რესტორანი, ნუუკ, გპირდები».
ნუკის გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა.
«ვიცი, რომ მექნება. მე თვითონ ავაშენებ მას».
«შენ როგორ სიყვარულს ითხოვ, სიხ, ეგ მითხარი მხოლოდ. როგორ გინდა, რომ კაცს უყვარდე?»
«ჩვეულებრივად… არ მაქვს პრეტენზია, ვიყო ერთადერთი, მაგრამ მინდა ვიყო გამორჩეული, განსაკუთრებული, დაუვიწყარი და სანატრელი. სულ ეს არის,» - თავმდაბლობა გამოიჩინა გოგონამ.
«აჰააა! ნუუკ! იცი, ახლა რა დღეში ვარ?»
«არ ვიცი. რა დღეში ხარ?» - გოგონა ასეთი აჟიტირებული (სურვილმორეული) ცხოვრებაში არ ყოფილა.
«სურვილი ამიხირდა… შენი ნახვის სურვილი. როდის შევხვდეთ, სიცოცხლე!»
ნუკის ლამის გაუსკდა შიშისგან გული. ასე უცებ თუ მოინდომებდა უცნობი მასთან შეხვედრას, არ ელოდა და დაფეთებულმა სწრაფად მისწერა:
«არა არის საჭირო შეხვედრა. აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს.»
«კარგი, არ დაგაძალებ. როგორც შენ გინდა,» - ისე უცნაურად დანებდა მამაკაცი, ნუკი, ცოტა არ იყოს, განხიბლული (უფრო გულნატკენი) დარჩა.
«ნახვამდის, გია», - დაემშვიდობა და პასუხს დაელოდა, თუმცა ამაოდ.
გიას პასუხი არ მოუწერია.
ზურა თავის კაბინეტში იჯდა და ნუკიზე ფიქრობდა. რა ეშველებოდა, საჭირო დროს საჭირო ადგილას რომ არ აღმოჩენილიყო? სად წავიდოდა მისი მირანდა? ვის მიეკედლებოდა? კიდევ კარგი, რომ მაშინ იქ იყო… კიდევ კარგი.
ოფისი დღეს შედარებით ადრე დაცარიელდა, თანამშრომლები თავიანთ საქმეებზე მიმოიფანტნენ. ზოგი სახლში, ზოგი პაემანზე, ზოგი სად და ზოგი სად… თვითონ კი არ ჩქარობდა… არ იცოდა, უნდოდა თუ არა შინ წასვლა, მიეჩქარებოდა თუ არა იქ, სადაც გემრიელი ვახშამი დახვდებოდა და კიდევ… გემრიელი (მეტაფიზიკური) ქალი… ოცნების და რეალობის, ხელშესახები და ხელშეუხებელი ერთდროულად.
სხვა დროს თავისუფლად შევიდოდა სახლში, ფეხსაცმელებს ერთი ფეხის გაქნევით გაიძრობდა და კუთხეში მოისროდა, მაცივრიდან ლუდის ქილას გამოიღებდა, ტელევიზორს ჩართავდა და სპორტულ არხზე გადართავდა. ახლა კი… ახლა გამუდმებით დაძაბულია (დამძიმებულიც). ადგილს ვერ პოულობს თავის ბინაში. აქამდე კომფორტული ცხოვრება ჰქონდა (ყველანაირად), რამაც ეგოისტიც კი გახადა, მაგრამ რა უნდა ექნა, ეს მისი ცხოვრება (ყოველდღიური) იყო. მისი ბიზნესი უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, ძლიერდებოდა და ფართოვდებოდა. თავისუფლების ხარისხიც იზრდებოდა მასთან ერთად (პარალელურად)… ერთობოდა იმდენს, რამდენიც მოესურვებოდა, როგორც გაუხარდებოდა. მას მოსწონდა ასეთი ცხოვრება… ბერბიჭული… მოვალეობებისგან გათავისუფლებული… ახლა კი დაირღვა მისი სიმშვიდე… არ იცის, ამ ყველაფერს როგორ «მოერგება» ნუკის გამოჩენა…
რამდენ ხანს მოუწევს თავისი ქმედებების გაკონტროლება (თუ თვალყურის დევნება)? რა უთხრას მშობლებს, ერთხელაც, როცა დარეკავენ და ყურმილს ნუკი აიღებს? მეორე მხრივ, რა არის ამაში ასაღელვებელი? ლამის ორმოცისაა, არა აქვს უფლება, ისე იცხოვროს, როგორც თავად მოესურვება? იგი ხომ არავისზეა დამოკიდებული, თავად ირჩენს თავს და სხვებსაც არჩენს. თუნდაც ასობით ქალი ჰყავდეს, ვისი რა საქმეა? ეს არავის ეხება (მხოლოდ მას).
თუმცა განა ეს არის მისი მთავარი თავსატეხი? თუ სწორედ იმ «მთავარს» გაურბის? ფიქრშიც კი? ასაკი, ასაკი… ნეტავ, ცოტა გვიან დაბადებულიყო… ან ნუკი გაჩენილიყო ცოტა ადრე… ხუთი წელი იქით, ხუთი აქეთ… ოქროს შუალედი იქნებოდა. ახლა უძნელდება. იბოჭება… წლები აბრკოლებს…
თვალწინ დაუდგა ნუკი… სწორედ იმ პოზაში, ამ დილით რომ დატოვა სასტუმრო ოთახში. ფეხებმოკეცილი იჯდა ტყავგადაკრულ სავარძელში და განცხადებებს ათვალიერებდა «სიტყვა და საქმეში». ნეტავ რას ეძებდა? სამსახურს? ბინას? მიტოვება ხომ არ განიზრახა მისი? არა, ამას არ დაუშვებს. ვერც კი წარმოუდგენია, საღამოს შინ დაბრუნდეს და ის სამუდამოდ წასული (მისგან გაქცეული) დახვდეს. ალბათ ჯადოსნურ შემოთავაზებებს ეძებდა სამსახურის თაობაზე. ჯიუტია, ამაყი, თავმოყვარე. არ სურს, ზურას დახმარებით გაიკვლიოს გზა. პატარაა და რამხელა გული აქვს. როგორი უსუსურია და, ამავდროულად, როგორი ძლიერი და ჯიუტი, ჯიუტი… თითქოს მოიწევს მისკენ და არც მოიწევს… არადა, გამოწვევას წარამარა უგზავნის - სწორედ თავისი სიჯიუტით, ბავშვური სიჯიუტით. თან როგორი მიამიტია (მაგრამ არა სულელი).
ზურამ ამოიხვნეშა, კომპიუტერი გამორთო და ოფისიდან გამოვიდა. ამ დღეებში ყველაფერს მოაგვარებს, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. დანარჩენი მერე გამოჩნდება…
გასაღები გადაატრიალა. კარი უხმაუროდ გააღო და ხმაურიანად მიხურა. უეცრად სასიამოვნო სურნელი დაეტაკა - ჩაშუშული ხორცის და ქონდრის. მერედა, როგორ უყვარს ეს სურნელი!
- მოხვედი? - ჯახუნის ხმაზე ნუკიმ გამოყო თავი სამზარეულოდან, - არ ვიცოდი, რომელ საათზე დაბრუნდებოდი და ის მოვამზადე, რაც ყველაზე სწრაფად იქნებოდა, - ისეთი წრფელი ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე, თითქოს უბრად არც ყოფილიყვნენ ერთმანეთთან.
ზურას მის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. გოგონა ფეხშიშველი იყო. თმა აეწია და ფანქრით დაემაგრებინა კეფაზე. «თექვსმეტი წლის ეგონება ვინმეს, რომ შეხედავს», - გაიფიქრა თავისთვის, - «მაგრამ არა მე. ყველაზე კარგად ვიცი, როგორ მუშაობს მისი თავი, როგორ «შორ» გათვლებს აკეთებს. შეიძლება მართლა არ არის მიწიერი არსება», - თავი გააქნია.
- შეგეძლო, არ გეწვალა. რა აუცილებელია, ყოველდღე სადილები აკეთო. ხომ იცი, საღამოს მაინცდამაინც არ მიყვარს ჭამა.
- სულაც არ ავწვალობ. მინდოდა და გავაკეთე. მსიამოვნებს კერძების მომზადება. უქმად მაინც არ ვარ.
- რატომ უნდა იყო უქმად? მე მგონია, რომ მშვენივრად ერთობი ინტერნეტში.
- ეგეც უქმად ყოფნაა. მე კი მოძრაობა მიყვარს.
- მაშინ ჩართე მუსიკა და იცეკვე.
- მაგასაც ვაკეთებ. ჰო, მართლა, რაღაც განცხადებები მოვნიშნე გაზეთში, რამდენიმე ბინაც შევარჩიე და სამსახურის ვარიანტიც, მაგრამ მაინც დამჭირდება შენი დახმარება.
ჩხვლეტა იგრძნო გულში. ერთ წერტილში მხოლოდ… მთავარ წერტილში. სანამ სათქმელს მოიფიქრებდა, ირგვლივ მიმოიხედა. სისუფთავისგან ბრწყინავდა იქაურობა… და უცხო სურნელი (მაგრამ არა საჭმლის) იფრქვეოდა, რაღაც ახლის (შეუცნობლად), სასიამოვნოსი (გაურკვევლად)…
- აბა? არაფერს მეტყვი? - ნუკიმ დოინჯი შემოიყარა და თავი მარჯვნივ გადახარა. ეს ჯიბრში ჩამდგარი ქალის პოზა იყო.
- არაფერს ნამდვილად გეტყვი, - ნაძალადევად ჩაიცინა ზურამ და სააბაზანოში შევიდა ხელების გადასაბანად და იქიდან გააგრძელა დაწყებული წინადადება, - ა-რა-ფერს.
მალევე გამოვიდა და პირსახოცი, რომლითაც ხელებს იმშრალებდა, იქვე, სკამის საზურგეზე დაუდევრად გადაკიდა. ამჯერად ნუკი უკვე სხვა პოზაში დახვდა. მამაკაცისთვის უკვე კარგად ნაცნობი მზერით უყურებდა, სამაგიეროს გადამხდელი (შურისმაძიებელი) მზერით. ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა, ზურგი გაემართა, ნიკაპი მაღლა აეწია და თვალებში დაუმორჩილებლობა უბრწყინავდა. მორჩა, გადაწყვეტილება მიიღო და დაამთავრა! ამას აწი ვეღარაფერს გადაათქმევინებ. ზურამ დიდი ხანია, მისი შესწავლა დაიწყო და მის ყოველ ჟესტს ზედმიწევნით ცნობს. იცის, როდის რას ფიქრობს, როდის რას აპირებს, როდის რისი თქმა ან გაკეთება უნდა. ზურამ კარგად იცის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები - ის კი არა, თავის სასარგებლოდაც ბევრჯერ გამოუყენებია (ერთიც და მეორეც).
გაგრძელება იქნება