ამ პატარა (ხასიათით და გარეგნობით) გოგონას შეეძლო მისი გაცინება (ისე, როგორც არავის), გაბრაზებაც (ისე, როგორც არავის), თუმცა, მთავარი ის იყო, რომ მას ზურას აღგზნებაც შეძლო (ისე, როგორც არც ერთ სხვა ქალს).
ფეხშიშველიც კი, მისი რეალურ-ვირტუალური მირანდა ისეთ ბუნებრივ მგრძნობელობას ასხივებდა, რომელზეც ალბათ თავადაც არ ჰქონდა წარმოდგენა.
სამაგიეროდ, ზურას ჰქონდა… და ეს აშინებდა მამაკაცს. ის სულაც არ იყო მისი გემოვნების ქალი, ზედმეტად ბავშვური გახლდათ. გულახდილად რომ ეთქვა, თავადაც არ იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი გემოვნების ქალი, მაგრამ ნუკი ნამდვილად არ იყო. ეს კარგად იცოდა.
- ჰა, რატომ არაფერს ამბობ? - არ ეშვებოდა ნუკი.
მამაკაცმა ძლივს გაუძლო მის გამჭოლ (თუ გამჭვირვალე) მზერას.
- სასიამოვნო სურნელია, - ფრთხილად წარმოთქვა მამაკაცმა და ნიშნის მოგებით გაიღიმა.
შემდეგ პერანგის სახელოებზე ღილები შეიხსნა, მკლავები აიკაპიწა და წინ გადადგა ნაბიჯი. შეეცადა გაევლო ის «დანაღმული ტერიტორია», რომელსაც სრულიად შემთხვევით გადააწყდა, ნუკით დანაღმული, თან ისე, რომ არ აფეთქებულიყო. ადრევე უნდა გაეთვალისწინებინა ეს… და არ გაითვალისწინა.
«ვითომ გაუარა გაბრაზებამ? მეეჭვება. იქნებ იმიტომ მორბილდა, რომ ადვილად დამითანხმოს? არ უშველის», - ძლიერად გადააქნია თავი, აბეზარი ფიქრის თავიდან მოსაშორებლად.
ნუკი აიშალა. პასუხს ვერ ეღირსა, მერამდენედ უნდა დაესვა შეკითხვა? სანამ უნდა გაგრძელებულიყო ასე? უხერხულობის გასაფანტავად პირსახოცს ხელი დაავლო და სააბაზანოში გაიტანა.
- ყოფილიყო, მე თვითონ გავიტანდი, - ჩაიბურტყუნა ზურამ თავისთვის.
- უკან გამოვიტანო? - კვლავ დოინჯი შემოიყარა გოგონამ და წინ დაუდგა… ჯიქური მზერით… მკერდგამოზნექილი.
მამაკაცს სისხლი აუჩქროლდა. ნუკის ბიუსტჰალტერი არ ეცვა და თხელი სპორტული მაისურის მიღმა მუქი ფერის დვრილები (კერტებიც) მკვეთრად მოუჩანდა. მამაკაცმა იგრძნო თავისი ორგანიზმის საგანგაშო რეაქცია.
- რაც გინდა, ის ჰქენი, ოღონდ თავი დამანებე, - ჩაილაპარაკა და წამსვე ენაზე იკბინა, სულაც არ უნდოდა ამის თქმა.
შეშფოთებულმა თვალები ძლიერად დახუჭა და ხელები გაშალა. როცა თვალები გაახილა და გოგონას შეხედა, ერთიანად დაიძაბა - მის თვალებში წყენას დაესადგურებინა, მოულოდნელობით გამოწვეულ ბავშვურ წყენას.
- ნუკი, პატარავ, მაპატიე, - გულწრფელად შეწუხდა, - ასე არ შეიძლება. ჩვენ უნდა დავსხდეთ ერთხელაც და რაღაც წესები შევიმუშაოთ. რა ვქნა, არ ვარ მიჩვეული სხვასთან ერთად ცხოვრებას. ამიტომ ხანდახან ვერ ვაკონტროლებ თავს. ხომ ხედავ, ზოგჯერ როგორი არამზადა ვარ.
ნუკიმ ქვემოდან ახედა მტრული, გამანადგურებელი მზერით, მერე კი ძალიან ხმადაბლა, მაგრამ გარკვევით წარმოთქვა:
- უცნაურია… შენ სულაც არ ჰგავხარ არამზადას, - და დადუმდა.
წამწამებიც კი არ დაუხამხამებია.
- არ მაპატიებ? - ზურამ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ.
ნუკიმ უკან დაიხია.
- იქნებ გავიდე, ისევ შემოვიდე და ყველაფერი თავიდან გავიმეოროთ? - გაიღიმა ზურამ, ხუმრობით სცადა სიტუაციის განმუხტვა, - ეს ვითომ რეპეტიცია იყო.
ამჯერად გოგონამ გაიცინა. არა, კი არ გაიცინა, გადაიკისკისა, ხალასად, რბილად, თითქოს არც არაფერი სწყენიაო… და ზურა კიდევ ერთხელ მიხვდა, რამდენად საშიში იყო ეს პატარა არსება, მისი სიცილი, მისი ღიმილი, მისი გამოხედვა… სხვისთვის შეიძლება ძალიანაც მისაღები იყო ნუკი ამ თავისი თვისებებით, მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც ქალებთან ახლო ურთიერთობებს გაურბოდა და რომელიც თავისუფლებას იყო მიჩვეული, ეს ყველაფერი უდიდეს საშიშროებას წარმოადგენდა. ის ყოველთვის გაურბოდა საპირისპირო სქესის მარწუხებში მოქცევას, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება.
- როგორც მახსოვს, მითხარი, ვახშამი მზადააო, არა? მოდი, ყველაფერს აჯობებს, ვივახშმოთ, ო კეი? შევალ, გამოვიცვლი და მალევე გამოვალ. შენ იქამდე სუფრა გაშალე.
ნუკის სახე გაებადრა, თითქოს ეს-ესაა, საშობაო საჩუქრით დააჯილდოვესო. რა სწრაფად შეუძლია გამომეტყველება შეცვალოს! აგიჟებს ეს გოგო თავისი არტისტული მონაცემებით. ბოლომდე არასდროს ჩაგახედებს თავის სულში! სირინოზი ვერ იქნებოდა ასეთი მაცდური!
ზურა გაუჩინარდა და ხუთ წუთში მობრუნდა. თავადაც ფეხშიშველი იყო. ზოლიანი შორტი ჩაეცვა და უმკლავებო ლურჯი მაისური. ნუკის პომადის წასმა მოესწრო ტუჩებზე. მამაკაცმა ღიმილი ვერ დამალა. ეპრანჭება… ჰმ… ნამდვილი კუდრაჭაა, თვითონაც არ იცის, რა უნდა… ან რა არ უნდა…
ჩაშუშული ხორცი ენით აუწერლად გემრიელი იყო. ზურამ ამჯერად არ შეაქო მისი კულინარიული მონაცემები. გოგონამ ეშმაკურად (იქნებ ნიშნისმოგებითაც) გაიღიმა და როცა მამაკაცმა თეფში ბოლომდე მოაცარიელა, კიდევ ორი ნაჭერი გადაუღო.
- ჰო, მართლა, რას მეუბნებოდი წეღან? განცხადებები ვნახეო? - მამაკაცი გოგონას მიაჩერდა, - ახლა დავნაყრდი, თვალებში სინათლეც დამიბრუნდა და მზად ვარ, მოგისმინო. აბა, რა ვარიანტები გვაქვს?
- ორი კარგი ვარიანტი ვნახე, - ატიტინდა ნუკი, - სამსახურს ვგულისხმობ. რაც შეეხება ბინას, მინდა, რომ შენთან ერთად ვნახო.
- რატომ გადაწყვიტე გადასვლა? აქ ცუდად გრძნობ თავს?
- მე არა.
- აბა, ვინ?
- შენ.
- ნუთუ? ვინ გითხრა ეს?
- შენ თვითონ.
- მე თვითონ? რაღაც არ მახსენდება. როდის გითხარი ასეთი სისულელე?
- თუნდაც წეღან, - უტევდა და უტევდა გოგონა, - არ ვარ ჩვეული სხვასთან ცხოვრებასო, არ მითხარი?
ზურამ კვლავ ჩხვლეტა იგრძნო გულში. ერთ წერტილში მხოლოდ… მთავარ წერტილში. მისი ბრალია, ძალაუნებურად წამოსცდა. ვეღარ მოზომა და წამოსცდა. ეს უკვე მწარე (იქნებ საბედისწეროც) შეცდომაა, რომლის გამოსასწორებლად ნემსის ყუნწში მოუწევს ალბათ გაძრომა.
- მოდი, იცი, როგორ მოვიქცეთ? - არ განავრცო მისი მინიშნებები ზურამ, - ჯერ სამსახურზე ვილაპარაკოთ და ბინაზე ბოლოს ვიფიქროთ. კარგი?
ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ნუკიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ზურამ წარბები აზიდა. მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ არც ისე ადვილი ყოფილა მირანდას აზრების წაკითხვა, რადგან არ ელოდა, ასე უცებ თუ დაიყოლიებდა. იქნებ არც უნდა გადასვლა და მას ანერვიულებს? იქნებ სურს, რომ მამაკაცი შეეხვეწოს, არ წახვიდე ჩემგან, არ დამტოვოო? ჰმ! ეშმაკუნა! ვერაფერს იტყვის! ამ პატარა საოცრებას საკუთარი გამოუცნობი აზრების მთელი საბადო აქვს, რომელიც არავითარ სქემას არ ექვემდებარება.
როცა ვახშმობას მორჩნენ, სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეს. ნუკის სუფრის ალაგება უნდოდა, მაგრამ ზურამ არ დაანება. როცა სამზარეულოდან გადიოდნენ, მამაკაცმა წინ გაატარა გოგონა და უნებურად (იქნებ არც) ზურგზე დაადო ხელი და იმწუთასვე ინანა. მის სამოსში სექსუალურობის ნატამალიც არ შეინიშნებოდა, მაგრამ ნუკი თავად ასხივებდა ზესექსუალურობას. მოძალებულმა ვნებამ სუნთქვა შეუკრა… ხოლო სიტყვები, რომლებიც იმწამს მოადგა ენაზე, ყველაზე ნაზი სიტყვები იყო ამქვეყნად, თუმცა ხმამაღლა არ გაუხმოვანებია. ნუკის სპორტული მაისურის მიღმა მამაკაცმა იგრძნო მირანდას სხეული, ნაზი, თბილი და, ამავდროულად, ძლიერი. და უეცრად მიხვდა, რომ მეტი მოუნდა, ვიდრე შეხება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, მოეშორებინა ეს პატარა საოცრება თავისი ცხოვრებიდან, სამუდამოდ განედევნა იგი ფიქრებიდან, სანამ საბოლოოდ დაუკარგავდა მოსვენებას მისი სიახლოვე. უსაფრთხო მანძილმა იქნებ შეძლოს, კარგ მეგობრებად დატოვოს ორივე. ვაითუ, ვერ შეძლოს? ამწუთას მთლად ბოლომდე არ იყო დარწმუნებული იმაში, არსებობდა კი საერთოდ ცნება - უსაფრთხო მანძილი, როცა საუბარი ნუკის არსებობას შეეხებოდა?..
8 8 8
ვერაფერზეც ვერ შეთანხმდნენ. ზურამ სამსახურის ორივე ვარიანტი დაუწუნა. ერთი მდივნის თანამდებობა იყო ერთობ სერიოზულ კომპანიაში, რომელიც უცხო ენების და კომპიუტერის ფლობას მოითხოვდა. მეორე - ტანსაცმლის მაღაზიაში გამყიდველის ადგილი. მამაკაცმა მოსაფიქრებლად სამი დღე სთხოვა. მას სხვა რამ ჰქონდა ჩაფიქრებული და სიურპრიზს უმზადებდა. საკუთარ ატელიეს გაუხსნიდა, მკერავს მოუყვანდა და საყვარელი საქმის გაკეთებაში შეუწყობდა ხელს. მერე რა, რომ ნუკი ამ ყველაფერს გაურბოდა? დაწყება ყოველთვის ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. ის გამოუცდელი იყო და ამას ვერ ხვდებოდა. სამაგიეროდ, ზურა ხვდებოდა. თან ისეთი ადგილი შეურჩია, სადაც ნუკი ცხოვრებასაც შეძლებდა, ღამით უპრობლემოდ დარჩენას. სააბაზანოც იყო იქ და სამზარეულოც. თუ მოისურვებდა, სულაც იქ გადავიდოდა საცხოვრებლად და მამაკაციც შემსუბუქდებოდა. თუ ძლიერ მოუნდებოდა მირანდას ნახვა და ამ სურვილს ვერ მოერეოდა, მივიდოდა და ინახულებდა.
ნუკი კი სხვაგვარად ფიქრობდა. არ უნდოდა, ზურაზე ყოფილიყო დამოკიდებული. თავისი სურდა გაეტანა. თვითონ ეშოვა სამსახურიც და ბინაც, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო მტკივნეული საფიქრალი იყო მისთვის. ვაითუ, ვერ შეწვდენოდა ბინის ქირას. მაშინ აუცილებლად დასჭირდებოდა ზურას დახმარება, ისევ მისთვის უნდა დაეძახა საშველად. ამის გაფიქრება კი საშინელ ხასიათზე აყენებდა. იქნებ ტყუილად ეწინააღმდეგება? იქნებ მართლა არ ღირდეს ასე გაჯიუტება? რა საჭიროა ასეთი სიამაყე? რომ არა ის, ნუკი, ვინ იცის, ახლა სად და როგორ იქნებოდა. ალბათ აჯობებს, დათმობაზე წავიდეს და მამაკაცის შემოთავაზებას დაელოდოს. სამი დღე ითხოვა ზურამ… დაელოდება სამი დღე. იქამდე კი…
დილით ადრე ადგა, ზურა ასაუზმა, ჭურჭელი დარეცხა, სახლი მიალაგა და კომპიუტერს მიუჯდა. შევიდა თუ არა «ოდნოებში», მაშინვე გიას ფანჯარა ეცა თვალში, იგი ციმციმებდა.
- ეს კაცი არ მუშაობს თუ როგორაა მისი საქმე? ხმამაღლა ჰკითხა თავის თავს და სხვა სტუმრებიც დაათვალიერა, რომლებიც მასთან იყვნენ შემოსულნი.
მოკლედ, ნამდვილი შემოსევაა. წერილი წერილზე მოსდიოდა, ყველას მისი გაცნობა უნდოდა. ნეტავ, რა ნახეს მასში ასეთი? ნუთუ მართლა ეგეთი თვალში საცემია მისი სილამაზე? თუ უბრალოდ, ძალიან ფოტოგენურია? საინტერესოა, ეს წლები თბილისში რომ ეცხოვრა, უკვე გათხოვილი იქნებოდა? იქნებ მცხეთაში უქმად იკარგებოდა მისი მომხიბვლელობა? ან კი ვინ იყო იქ ისეთი, მისით დაინტერესებულიყო? არც არავინ.
«ეს ვინ მოსულააა!» - მოუვიდა გიას მესიჯი, თითქოს მისი აღფრთოვანებული ხმაც კი გაიგონა ნუკიმ.
«გამარჯობა!» - მისწერა პასუხად და ღიმილი დააყოლა.
«რავა ხარ, ნუუკ, გენაცვალე ლამაზ ცხვირ-პირში?»
«არა მიშავს, თავად?»
«მომენატრე. რატომ არ გამოჩნდი? გელოდებოდი», - არ ცხრებოდა მამაკაცი.
«არ მეცალა, საქმეები მქონდა.» - მისი «მომენატრე» აინუნშიც არ ჩააგდო გოგონამ.
«მომენატრე-მეთქი… შენ?» - გაუმეორა გიამ.
«რა მე?»
«შენ არ მოგენატრე?»
ნუკის ჩაეღიმა. სასიამოვნოდ შეუთბა სხეული.
«შენ რა, ჩასაფრებული იყავი, როდის გამოვჩნდებოდი?» - კითხვაზე პასუხი არ გასცა.
«ჰო… და მიპასუხე, რასაც გეკითხები», - «გაუმკაცრდა» სიტყვები მამაკაცს.
«ცოტა», - სიმორცხვის ერთი სმაილიც მიამატა ნუკიმ ერთ, მაგრამ მრავლისმთქმელ სიტყვას.
«ცოტა-ცოტა», - გააორმაგა და, ამავდროულად, შეამცირა მონატრების ხარისხი გიამ და გაუცინა, მერე კი კოცნების მთელი კორიანტელი მოაყოლა.
«გუშინ გირეკავდი და არ მიპასუხე, რატომ? მოვიწყინე უშენოდ,» - საყვედურს საყვედურზე უგზავნიდა მამაკაცი.
«ხომ გითხარი, არ მეცალა-მეთქი».
«ახლა გცალია?»
«ახლა კი… ცოტა».
«შეიძლება ხანდახან დაგიმესიჯო მობილურზე?»
«შეიძლება. ოღონდ საღამოს საათებში არა».
«რატომ, მაგ დროს პაემანზე დადიხარ, სიხ?»
«არა, მაგ დროს შინ ვარ და მარტო არ ვარ».
«აბა, ვისთან ერთად ხარ?»
«ჩემებთან ერთად».
«და დედიკომ აგიკრძალა უცხო ბიჭებთან ლაპარაკი, არა?»
«ჰო, დაახლოებით».
«როდის გნახო? ძალიან მინდა შენი ნახვა».
«მაპატიე, ახლა უნდა გავიქცე», - შეშფოთებულმა ნუკიმ სასწრაფოდ გადაწყვიტა დამშვიდობება.
«მოიცა, სად მიდიხარ?» - გაბრაზებული კაცუნების მთელი არმია შემოესია ნუკის.
«მეგობართან. ნახვამდის», - და ის იყო, გამოსვლა დააპირა, რომ ვიღაცის შეტყობინება მოუვიდა.
ახლა იმაზე გადართო. 19 წლის შავგვრემანი, ერთობ სიმპათიური ბიჭი წერილს უგზავნიდა.
«გამარჯობა, ნუკი. შემთხვევით, თქვენ ჯულიეტას შვილი ხომ არ ხართ?»
ამის წაკითხვაზე ლამის თვალთ დაუბნელდა. ვინ არის ეს ბიჭი ან ჯულიეტა საიდან მოაგონდა? დედამისს ხომ არ გულისხმობს?
«რომელი ჯულიეტა»? - მსწრაფლ მისწერა და იგრძნო, როგორ აუკანკალდა გაფარჩხული თითები.
«აი… როგორ გითხრა… მამაშენს დათიკო არ ერქვა?»
გოგონას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
«კი, ერქვა… თქვენ ვინ ხართ?» - ოფლით დაენამა ხელისგულები.
«მე შენი ძმა ვარ, რატი მქვია».
არა! არ არსებობს! ნუკიმ იგრძნო, კიდევ ცოტაც და, გული წაუვიდოდა. რომელი ძმა? სად ჰყავს მას ძმა? ეს სისულელეა, ეს ტყუილია! ნუკი დედისერთაა, რა ძმა, რის ძმა…
«მე ძმა არ მყავს», - როგორც იქნა, მოახერხა ასოების აკრება.
«ნახევარძმა… ჯულიეტას შვილი ვარ, ვარდოსანიძის.»
გოგონამ პასუხი დააყოვნა. კი არ დააყოვნა, ვერ მოიფიქრა, რა უნდა მიეწერა. ისევ რატი მიეშველა.
«ვიცი, რომ ასე უცებ ძნელია ამის გაცნობიერება, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თუ ჩვენმა მშობლებმა შეცდომა დაუშვეს, ჩვენ რატომ უნდ ვაგოთ ამაზე პასუხი? ძალიან მინდა შენი გაცნობა. დედა სულ შენზე ლაპარაკობს, თან ტირის, როცა გიხსენებს. მინდა, ახლოს ვიცნობდეთ ერთმანეთს, თუ წინააღმდეგი არ იქნები».
ნუკის თვალები აუცრემლიანდა… წამწამები დაახამხამა და მოწოლილ ცრემლს გზა მისცა. არა, არა, წინააღმდეგი რატომ უნდა იყოს? რა ჯობია, ძმა თუ ჰყავს. გამოდის, მარტო აღარ იქნება. რატი-ო-ო? რა ლამაზი სახელი დაურქმევიათ… თვითონაც როგორი ლამაზია… ცოტათი ჩამოჰგავს კიდეც ნუკის. ზუსტად ერთნაირი წარბები აქვთ. უნდა მისწეროს პასუხი, ახლავე, ამწუთას!
«არც ვიცი, რა გიპასუხო, რატი… ძალიან დავიბენი. მიხარია, რომ შემეხმიანე. აქამდე შენი არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდი… და ეს სულაც არ არის ჩვენი ბრალი. სიამოვნებით გაგიცნობ.»
«რა იქნება, ჩამოხვიდე ჩვენთან? ქობულეთში ვცხოვრობთ. დედასაც ენატრები. იქნებ მოიცალო? დიდი ხანი გეძებე აქ… არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შენ იქნებოდი ამ ფოტოზე. დედამ მიგამსგავსა. ასე თქვა, შეცვლილა, მაგრამ ბავშვობის სახე არ დაუკარგავსო».
ნუკის უკვე აკანკალებდა. თითქოს ერთიანად სიცივემ მოიცვა. ცრემლებით რომ დაებინდებოდა თვალები, ამ დროს რატის გზავნილებში სიტყვების გარჩევა უჭირდა, როცა ცრემლი ღაწვებს დაედინებოდა, მერე კვლავ აგრძელებდა კითხვას.
ამასობაში გიაც შეტყობინებას შეტყობინებაზე უგზავნიდა, მაგრამ ნუკის უკვე აღარ აინტერესებდა იგი.
«არ ვიცი, როგორ მოვახერხებ, რატი. ძალიან დაკავებული ვარ. ცოტა ადრე რომ მცოდნოდა, ქობულეთში ვისვენებდი და აუცილებლად გნახავდი. იქნებ შენ ჩამოხვიდე?» - მისწერა და წამსვე ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია. რომ ჩამოვიდეს, სადღა მიიყვანოს? იმასაც ზურას ხომ არ დაუსვამს სახლში? ნეტავ უარი უთხრას.
«მე ვერ ჩამოვალ ჯერ. ახლა დავიწყე მუშაობა და ასე უცებ არ გამომიშვებენ. თან ცოლი შევირთე ერთი თვის წინ და ვერ მივატოვებ. ქობულეთში ვისთან გქონდა ბინა აღებული? ნეტავ მცოდნოდა».
«არა უშავს, ეგ კატასტროფა არ არის. მთავარია, რომ მიპოვე. მომწერე ხანდახან. მეც მოგწერ. რაღაცს მოვიფიქრებთ იქამდე. ან მე ჩამოვალ, ან შენ მესტუმრები.»
«კარგი, აბა, აღარ მოგაცდენ. ტელეფონის ნომერი მომწერე მხოლოდ, რომ ხანდახან დაგირეკო. ეს კი ჩემი ნომერია».
«დაგირეკავ, რატი, აუცილებლად დაგირეკავ», - მისწერა ნუკიმ და გამორთო თუ არა კომპიუტერი, მაშინვე მობილურს ეცა, ნომერი აკრიფა და ზუმერს დაელოდა…
კარგა ხანს ილაპარაკა რატისთან. ახალაღმოჩენილ ძმას მტრედივით ღუღუნა ხმა ჰქონდა… თბილი, ტკბილი… გურულ-აჭარული აქცენტით გაჯერებული… და როცა ერთმანეთს დაემშვიდობნენ, ნუკი მიხვდა - ეს პატარა, ლამაზხმიანი ბიჭი, მისი უმცროსი ძმა უკვე უყვარდა…
და ხმამაღლა ატირდა…
ალბათ სულაც არ სჭირდებოდა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება იმის გამოცნობას, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო. ზურა მოუსვენრად იყო, შფოთავდა, ბორგავდა. ნუკი მშვენივრად ხვდებოდა ამას. იმ დილითაც, კარამდე რომ მიაცილა და შემობრუნდა, უმალ შეიგრძნო მამაკაცის სურნელი, ხელოვნური და ბუნებრივი არომატით ერთდროულად (თავბრუდამხვევად) გაჯერებული… მორჩა, დღეს ბოლო დღეა (მესამე), ამ საღამოს თუ არ გაირკვა მისი სამსახურის ამბავი, ხვალ თვითონ გავა მის საშოვნელად. ზურამ სამი დღე ითხოვა. დღეს იწურება ვადა. დროა, ბინის საკითხიც მოაგვაროს. მასთან შეუძლებელია დარჩენა. ნუკი მას დისკომფორტს უქმნის. პირდაპირ ხომ არ ეტყვის, შენი აქ ყოფნით ნერვებს მიშლიო? თვითონ ხომ არ გააგდებს სახლიდან? კაცი მარტო ცხოვრებასაა მიჩვეული და რა ქნას? უნდა წავიდეს (თუ გაიქცეს) აქედან, სანამ გვიან არ არის. თვითონაც არ იცოდა, რას ნიშნავდა «სანამ გვიან არ არის», რას გულისხმობდა ამ წინადადებაში, მაგრამ გრძნობდა, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.
რა უიღბლოა… არ უმართლებს… არასდროს… არაფერში… მთელი ცხოვრება სხვაზე იყო დამოკიდებული. მას კი მუდამ დამოუკიდებლობა სურდა. ახლა თითქოს გზა გამოჩნდა, მაგრამ… არც ახლაა დამოუკიდებელი. ამჯერად ზურაზეა დამოკიდებული. ეს კი თრგუნავს (თან სიამოვნებს), ძაბავს… რადგან დარწმუნებულია, რომ ტვირთად (იქნებ სასიამოვნო ტვირთად?) აწევს მამაკაცს.
ამ ფიქრებით კომპიუტერს მიუჯდა. ჩართო… შევიდა… გია უკვე ელოდა მის გამოჩენას და მისმა შეტყობინებამააც არ დააყოვნა.
«როგორ ხარ, სიხარულო? როგორ მიდის შენი საქმეები?» - ამჯერად «სიხ-მა» ფრთები გაშალა.
«მიდის ნელ-ნელა. შენი? - გაუღიმა ნუკიმ.
«რა ვიცი, ნუუკ, ვწვალობ, რა… მენატრები», - «ტანჯულ» ყოფას ნატვრა მოაყოლა მამაკაცმა.
«რომ წვალობ, ვხვდები, მაგრამ გამოგდის რამე?»
«გამოვა, სად წავა. ღამეები არ მძინავს», - უფრო მოისაწყლა თავი გიამ.
«რატომ? რამე ცუდი მოხდა?» - ნუკიც შეშფოთდა.
«მეტი რაღა უნდა მოხდეს, სულ შენზე ვფიქრობ, სულ თვალწინ მიდგახარ, ღამეებს მათენებინებ».
ამას კი აღარ მოელოდა გოგონა. ეგონა, მამაკაცი თავის ბიზნესს გულისხმობდა «წვალებაში», ის კი თურმე მასზე ლაპარაკობს. გადაწყვიტა, მისი ნათქვამი ხუმრობაში გაეტარებინა.
«ღამე იმისთვისაა, რომ უნდა დაიძინო, გია. ფიქრის დროა ახლა, როცა ბიზნესი გიხმობს?»
«მოგხვდება ერთ ადგილას!» - დაბოღმილი კაცუნა გამოუგზავნა მამაკაცმა.
ნუკიმ სიცილები დაურთო გზავნილს.
«მომწონხარ ასეთი, ამწუთას ძალიან საყვარელი ხარ, ლამაზად იბღვირები».
«დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ავიტანთ როგორმე».
«არა, გია, არ დაგცინი. მართლა ძალიან სიმპათიური ხარ… უუუუსიმპათიურესი…. უფრო მეტიც, ზესიმპათიური», - არ დაიშურა კომპლიმენტები, არადა, ამას მართლა გულწრფელად ამბობდა.
«კარგი, რა, ნუ მაწითლებ».
«რატომ გაწითლებ? თავადაც კარგად იცი, რომ ასეთი ხარ. სიმართლე აწითლებს ადამიანს? პირველად გავიგე».
«კარგი რა, რისი სიმართლე», - უფრო და უფრო თავმდაბალი ხდებოდა გია და კოცნას კოცნაზე უგზავნიდა გოგონას.
«ასეა, ასე და არ გინდა ახლა ეგეთები».
«რაც დრო გადის, უფრო და უფრო მაგიჟებ, სიხ», - მაინც ვერ აუარა გვერდი სიხარულის შემოკლებულ ვარიანტს.
«ასე უცებ ეგეთები არ ხდება, ნუ მატყუებ!»
«გატყუებ? დედას გეფიცები, თუ სიმართლეს არ ვამბობდე. იცი, როგორი გიჟური სურვილი გამიჩნდა, რომ ერთხელ მაინც გნახო? დაუოკებელი».
«გნახავ ოდესმე».
«ოდესმე არა, მალე მინდა».
«კარგი, მალე იყოს», - კვლავ გაუცინა ნუკიმ.
«და როდის დადგება ეგ მალე?»
«მალე, მალე», - ნუკი უფრო და უფრო ხალისიანად ეფლირტავებოდა მამაკაცს და თავადაც სიამოვნებდა ეს ფლირტი.
«ახლა უფრო გამიმძაფრე ყველაფერი. შენ ვინ მყოლიხარ და არ ვიცოდი. ამას მიმალავდი?» - გია თანდათან «ეშხში» შედიოდა.
«არ გიმალავდი, უბრალოდ, შენ არ დაინტერესებულხარ».
«არა, არ არის ეგრე. უბრალოდ, შენნაირი გოგოს სულს რომ ჩაწვდე, არცთუ ცოტა დრო უნდა და არც ისე იოლია. შენ კი ისეთი ხალასი ხარ, ისეთი სუფთა… ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ გაწყენინებს ადამიანი».
«კი მაგრამ, ჯერ საერთოდ არ მიცნობ და საიდან დაასკვენი?» - გაოცებული კაცუნა მიაყოლა ნუკიმ წერილს.
«მაგას რა მიხვედრა უნდა? საკმარისია, ერთხელ დაგელაპარაკოს ადამიანი და მიხვდება, რომ არ ხარ პრიმიტიული და ყველა ქალს არ ჰგავხარ. შენგან მხოლოდ სითბო მოდის და არავითარი აგრესია».
«დიდი მადლობა, გია. ცოტა ზედმეტი შეფასება გამოგივიდა».
«მე ეგეთ რამეებში არ ვცდები და ვიცი, რომ მართალი ვარ. ყველა-ყველა და, ქალებს ხუთი თითივით ვიცნობ… მაგათ მაინც».
ნუკიმ ამჯერად არ უპასუხა.
«რატომ არ მპასუხობ?» - მოუვიდა გიას შეტყობინება.
«არ ვიცი, ამაზე რა უნდა გიპასუხო».
«ამაზე კი არა, მობილურზე გირეკავ, სიხარულო. მიპასუხე, დროზე, გამაგონე შენი ხმა».
ნუკი გაწითლდა, ალმურმა აუწვა სახე. მობილური საძინებელში ჰქონდა, არც გამოუტანია იქიდან. მსწრაფლ წამოხტა და გავარდა.
- ალო!
- გენაცვალე მაგ ლამაზ ხმაში, - გააბრუა გიას სასიამოვნო ბარიტონმა და თვალები უნებურად დახუჭა, - ჩემი სიცოცხლე ხარ შენ!
პასუხი ვერ გასცა.
- შენი თვალები მინდა ვნახო, ნუუკ, ძალიან მინდა.
- ახლა? - ძლივს უპასუხა, თვითონვე შერცხვა თავისი კნავილივით ხმის, ისე იყო დამდნარი.
- ახლა, ჰო, რატომ გიკვირს? შენ არ გინდა?
- არ ვიცი.
- ეგ პასუხი არ არის, ნუუკ. მართალი მითხარი.
ცოტაოდენი პაუზის შემდეგ ამოიოხრა და ოდნავ გასაგონად წარმოთქვა:
- მეც მინდა.
- მე უფრო მინდა, - მომთხოვნი გაუხდა ტონი გიას.
ნუკიმ გაიცინა.
- ვივაჭროთ?
- მიდი, დაიწყე!
- არა, არ მინდა. შორს წაგვიყვანს ვაჭრობა, თანაც არ მეხერხება.
- როდის გნახო, სიხ?
- არ ვიცი.
- მითხარი, ასე არ შემიძლია. დღეს არ გადიხარ სახლიდან?
- კი, საღამოს ნელისთან უნდა გავიარო.
- ჰოდა, მეც მოვალ.
- არა! - შეჰყვირა უცებ თავზარდაცემულმა, - ძალიან გთხოვ, იქ არ მოხვიდე!
- რატომ? - გაიკვირვა გიამ.
- არ მინდა ნელიმ რამე გაიგოს…
- რა-მე? - მრავალმნიშვნელოვნად იკითხა მამაკაცმა, - რამეში რას გულისხმობ? კარგ რამეს?
- ძალიან გთხოვ… - მუდარა დააყოლა ნუკიმ.
- კარგი, სიცოცხლე, როგორც მეტყვი. მაშინ ის მითხარი, როდის გამოხვალ იქიდან და გარეთ დაგხვდები. კარგი?
- კარგი, ეგ შეიძლება.
- დაახლოებით როდის გამოხვალ?
- ალბათ, შვიდისთვის.
- ჰოდა, იმ დროს დაგიმესიჯებ. შევთანხმდით?
- ჰო.
- მაშინ წავედი ახლა. გაკოცე ბევრი.
ნუკიმ ტელეფონი გათიშა და მხოლოდ ახლა იგრძნო, როგორი დაძაბული ყოფილა, რადგან ყველა კიდური ერთბაშად მოეშვა და მოუდუნდა.
ერთხანს არეულივით (არადა, არეული) დაბორიალობდა ოთახიდან ოთახში, გული ვერაფერს დაუდო, ჭურჭელიც კი ვერ დარეცხა. მოულოდნელად ისევ აწკრიალდა მობილური. მოულოდნელობისგან შეხტა, კვლავ გია ეგონა. ეკრანს დახედა. არა, ამჯერად ზურა იყო. შვება იგრძნო (იქნებ არც), ხმა ჩახველებით «გაისწორა» და მწვანე ღილაკს ცერა თითი დააჭირა.
- გისმენ!
- ნუკი, ჩაიცვი და ათ წუთში დაბლა ჩამოდი! - მამაკაცის ხმას მანქანის გუგუნიც ერთვოდა თან.
- ხომ მშვიდობაა?
- კი, მშვიდობაა. ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო. ჩამოდი! - უთხრა და გაუთიშა.
ნუკიმ სწრაფად მოიწესრიგა თავი, ჯინსის შარვალი ამოიცვა, ზემოდან ლურჯი მაისური გადაიცვა და თმა ჩქარ-ჩქარა ჩამოივარცხნა.
ათ წუთში უკვე ეზოში იყო და ზურას ელოდებოდა, რომელიც მალევე გამოჩნდა.
- სად მივდივართ?
- შენი ოფისი უნდა განახო! - ირიბად გამოხედა მამაკაცმა და გაუღიმა.
ნუკი შეკრთა. ახლა არ ელოდა ამას. ეგონა, საღამოს მოხდებოდა მოსახდენი. ზურა შესავალს გაუკეთებდა თავის სიტყვას, წინასწარ შეამზადებდა გოგონას და, თუ რამე, ხვალ წაიყვანდა ოფისის სანახავად.
გაგრძელება იქნება