სოფო ნიჟარაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. ის არის ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. სოფომ შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“ რუსულენოვან ვერსიაში. 2005 წელს რუსეთის სახელით მონაწილეობდა „ახალ ტალღაში“, სადაც მე-7 ადგილი აიღო.
2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო "ევროვიზიის" კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია.
სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს ქალაქ თბილისში. ის თავადთა საგვარეულო ნიჟარაძეების წარმომადგენელია. სოფო პირველი იყო, ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა (ქეთი ნიკოლეიშვილი) და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა (კახაბერ ნიჟარაძე) ინჟინერი იყო.
2020 წლის 2 ივნისს სოფო ნიჟარაძესა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შეეძინათ საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი, რომელიც მიუხედავად მცირე ასაკისა, უკვე დიდი პოპულარობითა და სიყვარულით სარგებლობს.
„მთავარი არხის“ საახალწლო ეთერში სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებულმა სიმღერამ Ancora ფურორი მოახდინა. ვიდეოს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სოფო ნიჟარაძის ნამღერი საკუთარ გვერდზე განათავსა თავად სიმღერის ავტორმაც, ცნობილმა იტალიელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა კრისტიანო მარჯიოლიომაც.
ამჯერად სოფო ნიჟარაძე ახალ ვიდეოს გვიზიარებს: მომღერალი შესანიშნავად ასრულებს გოგი ცაბაძის სიმღერას: „ბედის ბორბალი ტრიალებს“.