პასუხი არ გაუცია. თითებით სავარძელს ჩაეჭიდა (უფრო ჩააფრინდა) იქიდან-აქედან და თვალები უაზროდ ააფახულა.
_ რა იყო, ხომ არ შეგეშინდა?
_ ცოტა.
_ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. თვითონ ნახავ და დარწმუნდები. პირველი რამდენიმე დღე და მერე წავა და წავა, ნერვიულობა თავისთავად მოგეხსნება. თათულიც მაგარი ქალია, გვერდით დაგიდგება.
_ თათული ვინღაა?
_ მკერავი. მოდაშიც კარგად ერკვევა, თან ისეთი მამალი ქალია, რომ… უუუჰ! _ მარჯვენა ხელი საჭეს მოაცილა ზურამ და ჰაერში მომუშტა.
ორივეს გაეცინა. პეკინზე გავიდნენ. ზურამ საჩუქრების მაღაზიის გვერდზე შეაყენა მანქანა და გააჩერა.
გადავიდნენ. კორპუსს უკანა მხრიდან მოუარეს და პირველსავე სართულზე, ახლად მიშენებულ ერთსართულიან აგურის შენობაში შევიდნენ, რომლის ერთ კედელს უზარმაზარი შუშის ვიტრინა წარმოადგენდა.
_ აი, ჩვენც აქა ვააართ! _ მხიარულად შესძახა ზურამ წითლად თმაშეღებილ ორმოცდახუთიოდე წლის ლამაზსახიან ქალს, იქაურობის დალაგებით რომ იყო გართული.
_ მობრძანდით, მობრძანდით! _ თათულიმ გაიღიმა და სავსე მკერდის რხევა-რხევით გამოემართა მათთან შესახვედრად.
«აუჰ! რა გემრიელი ქალია?! ზურას «სიყვარულობა» ხომ არ არის შემთხვევით?» _ გაუელვა გონებაში.
_ გაიცანით ერთმანეთი. თათული… ნუკი, _ ზურამ წარდგენის არაოფიციალური ცერემონიალი მოაწყო.
_ სასიამოვნოა, _ გაუღიმა ნუკიმ და ხელი ჩამოართვა.
_ ჩემთვისაც, გენაცვალე, _ თათულიმაც შეჰღიმა გოგონას.
«რა რბილი თითები ჰქონია», _ ეხამუშა ნუკის.
_ აბა, დაათვალიერე აქაურობა, როგრ მოგეწონება, _ ზურა წინ გაუძღვა ნუკის.
ერთი დიდი ოთახი (სამკერვალო), მეორე _ პატარა (სავარაუდოდ, საძინებელი), მესამე _ სამზარეულო (პირსაბანით), მეოთხე, ყველაზე ციცქნა _ გასახდელ-მოსაზომი (ესეც სავარაუდოდ) და იქვე _ აბაზანა-ტუალეტი.
_ მოგწონს? _ გვერდულად გამოხედა მამაკაცმა.
_ არაჩვეულებრივია, _ აღტაცება ვერ დამალა ნუკიმ, _ და რა ღირს ამის ქირაობა? _ შეშფოთებულმა დაამატა მაშინვე.
_ შენთვის არაფერი.
_ არა, რას ამბობ! ასე არ მინდა! _ შორს დაიჭირა გოგონამ.
_ პირველი ერთი თვე უფასოა, დამშვიდდი. თუ საქმე კარგად წავა, შემდეგი თვიდან გადაგვახდევინებს პატრონი.
_ და ვინ არის პატრონი? _ არ მოეშვა ნუკი.
_ ვაი, ვაი, როგორი ნერვიული გოგო ყოფილა, კაცოოო! _ მათ საუბარში თათული ჩაერია და ატკარცალდა, _ ნუ გეშინია, ეს ჩემი ფართია, ამიტომ პრობლემა არ არის. თუ გამოგვივიდა, არ მოგიწევს ქირის გადახდა, მხოლოდ მოგებას გავიყოფთ. თუ არ გამოგვივიდა, მით უმეტეს, არ მოგიწევს. ხომ ყველაფერი გასაგებია? _ ლამაზი თავი დახარა «გემრიელმა» ქალმა და ქვემოდან ახედა მასზე ბევრად მაღალ (და ბევრად ლამაზ) გოგონას.
ისევ გაწითლდა (თუ გაწბილდა). თითქოს შეთქმულება მოუწყვეს (თუ გააცურეს). რაღაცით (თავადაც არ იცოდა, რით) უკმაყოფილო დარჩა.
_ ხვალიდან შევუდგეთ მუშაობას. აი, ნაჭრებიც შევიძინეთ მე და ზურამ, თარგებიც მომზადებული მაქვს, ჟურნალებიც აგერ არის, კომპიუტერიც. ინტერნეტშიც მოვიძიოთ მოდელები და დავიწყოთ. თუ გინდა, შენ დახატე, გამოჭერი და მე შევკერავ, ოღონდ ერთმანეთთან შევათანხმოთ, რომ ორივეს მოგვეწონოს. მთავარი ეს არის.
ნუკიმ ცალი წარბი მრავლისმთქმელად აზიდა. აჰა, ესე იგი, თათულის სახით დირექტორი ეყოლება? ვითომ ერკვევა რამეში? ვნახოთ, ვნახოთ… თან ეს «მე და ზურა» ძალიან «მაცდურად» ჟღერს…
ხმა არ გაუღია, გაურკვევლად გაიღიმა მხოლოდ და ქსოვილებისკენ დაიხარა. ვერაფერს იტყოდა, მშვენიერი ნაჭრები იყო. როგორც კი შეხედა რამდენიმეს, მაშინვე ამოუტივტივდა გონებაში, რომლისგან როგორი კაბა, სარაფანი თუ კოფთა გამოვიდოდა…
_ ცოტა ხანში აბრასაც დავკიდებთ, «სამკერვალოს» დავაწერთ და კლიენტებიც მოგვაწყდებიან, აგერ ნახავ! რამდენიმე უკვე მყავს და მოგვაკითხავენ ამ დღეებში, _ აგრძელებდა თათული.
_ ძალიან კარგი, _ თქვა ბოლოს, როცა დაინახა, რომ ირგვლივ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდნილიყო, _ ხვალ რომელ საათზე მოვიდე?
_ შენი ნებაა, როცა გინდა. მე ცხრიდან აქ ვიქნები, მაინც ტყუილად ვარ სახლში, არ ვმუშაობ. ეს კი შენ, მეორე გასაღები.
_ თქვენ… თქვენ აქ არ ცხოვრობთ? _ თვალები გაუბრწყინდა მოულოდნელად.
_ არა, აქ არა. ეს ჩემი ძმის ბინის მიშენებაა. თვითონ საბერძნეთშია ცოლ-შვილიანად, იქ მუშაობენ და იქ ცხოვრობენ, ხუთი წელია. მე ხანდახან მოვდივარ და ვალაგებ მხოლოდ. ბინა კი გაქირავებულია. მდგმურებს ჩვენთან შეხება არ ექნებათ. ისინი სადარბაზოდან შედიან სახლში. ასე რომ, სრულიად დამოუკიდებლად ვიქნებით.
ნუკიმ კინაღამ შეჰყვირა სიხარულისგან. ესე იგი, შეუძლია ღამით აქ დარჩენა. იმედია, ამაზე უარს არ ეტყვიან.
_ ასე რომ, თუ ძალიან შეგაგვიანდება, ღამით დარჩენასაც კი შეძლებ, _ დააყოლა თათულიმ და ზურას გადახედა.
_ დიდი მადლობა, მაგრამ… უხერხული არ იქნება?
_ უხერხული? ვისთან, გენაცვალე? ჩემთან და ზურასთან? რა სისულელეა, ისე მოიქეცი, როგორც საკუთარ სახლში. ახლა მე და შენ ვართ ამ ბინის ბატონ-პატრონი და ისე გამოვიყენოთ, როგორც ჩვენ გაგვიხარდება! _ ზურა ისე გარია «მარაქაში» თათულიმ, წარბიც არ შეიხარა.
«არა, ამათ შორის აშკარად რაღაც ხდება», _ დაასკვნა ნუკიმ და უცნაური გრძნობა დაეუფლა. ვერ მიხვდა, ეწყინა ეს «აღმოჩენა» თუ გაუხარდა.
_ დიდი მადლობა, ქალბატონ…
_ აჰ, აჰ, აჰ! არავითარი ქალბატონო! თათული დამიძახე იცოდე, თორემ მეწყინება! პატარა ბავშვი ხომ არ ხარ! რომელი უფროსი მე მნახე? _ შეიცხადა «გემრიელმა» ქალმა.
ნუკიმ ღიმილი ვერ შეიკავა და მადლიერების ნიშნად ჯერ ზურას გაუღიმა, მერე თათულის…
8 8 8
ნელის პატარა ბავშვივით აღფრთოვანებული უყვებოდა თავისი ახალი «ოფისის» შესახებ, ზურაზე, თათულიზე… ნელი უსიტყვოდ შესცქეროდა და კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.
_ ხედავ, როგორ ყვარებიხარ? _ თქვა ბოლოს, ნუკიმ თხრობა რომ დაამთავრა.
_ ვის? _ ღაწვები შეეფაკლა გოგონას და დამფრთხალმა დააფახულა წამწამები, როგორც ჩვეოდა, ისე.
_ ზურას, სხვას ვის? აბა, სხვა შემთხვევაში რატომ გააკეთებდა ამას? გგონია, მართლა თათულისაა ის ბინა? შენ რომ არ ინერვიულო ამაზე, იმიტომაც გითხრეს ასე, _ ბრძენი ქალივით გაფშიკა საჩვენებელი თითი ნელიმ.
_ რას ამბობ!
_ რასაც ვამბობ! აგერ ნახავ, სულ მალე თუ არ გაირკვევა ეგ!
_ ნელი… _ გაფითრდა ნუკი.
_ შენ დამიწყნარდი! _ მხარზე მოუთათუნა წითელლაქებიანი თითები დაქალმა, _ არც შეიმჩნიო. ასე გეუბნებიან? ასე დაიჯერე. არც კი აგრძნობინო, რომ რამეს მიუხვდი. რა განაღვლებს? გავა დრო, თვითონაც იფიქრებს ცოტას, გადახარშავს ყველაფერს და ერთ მშვენიერ დღეს ქორწილსაც ვჭააამთ, თანაც ძალიან მაგარს.
ამ დროს ნუკის მობილურზე მესიჯის სიგნალი გაისმა. გოგონა ისე შეხტა, თითქოს შოლტი გადაჰკრესო, ფერფური წაუვიდა სახეზე.
_ შენი კაცი იქნება, _ მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა ნელიმ.
ნუკის შეაკანკალა. იცოდა, ვინც იქნებოდა. მობილური ამოიღო ჩანთიდან და შეტყობინებებში შევიდა.
«სად ვართ და როგორ ვართოოო!» _ წერდა გია.
«ხუთ წუთში გამოვალ და მარკეტთან შეგხვდები», _ აცახცახებული თითებით სწრაფად აკრიფა ტექსტი და ტელეფონი კვლავ ჩანთაში ჩააგდო.
ნელიმ არ ჰკითხა, ვინ იყოო. არც ნუკის აუხსნია, ვინ იყო. წამით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ… წამით. ორივეს იდუმალება (ცოტა გაურკვევლობაც) გამოეხატა მზერაში… და მორჩა, მეტი არაფერი.
_ წავედი, სანამ დაღამებულა, მივალ შინ, _ შეცვლილი ხმით წარმოთქვა ნუკიმ და წამოდგა.
_ წადი, სანამ დაღამებულა, მიდი შინ, _ გაიმეორა ნელიმ და უცნაურად (იქნებ ირონიულადაც) გაუღიმა.
ერთმანეთი გადაკოცნეს და ნუკი კიბეზე სირბილით დაეშვა. შეუცნობელი (სასიამოვნოც და უსიამოვნოც) განცდა დაუფლებოდა, ცოტა შიშიც ერია ამ განცდაში. როგორ მოიქცეს, რომ ნახავს?
ამ დროს კვლავ მოუვიდა მესიჯი.
«რომ შეგხვდები, შეიძლება, გაკოცო? მარტო იქნები?»
ღიმილი ვერ შეიკავა.
«მარტო ვარ. შეიძლება», _ გაუგზავნა პასუხი და ამასობაში ეზოშიც ჩავიდა.
ბალერინას ნაბიჯებით გაიარა გზა კორპუსიდან მარკეტამდე. უნდოდა, თავისი სიარულის მანერით ეფექტი მოეხდინა ჯერ უნახავ მამაკაცზე, თან თვალებით მას დაეძებდა. უეცრად მოშორებით მდგარი ლურჯი ჯიპის კარი გაიღო და… გადმოვიდა…
ნუკი მოულოდნელად შედგა… იცოდა, რომ ძალიან სიმპათიურ მამაკაცს უნდა შეხვედროდა, მაგრამ მთლად ასეთს? არა, ამას კი ვერ წარმოიდგენდა. «ღმერთო, რა იშვიათობაა. წითელ წიგნშია შესატანი», _ გაიფიქრა გონებაარეულმა (ნაბიჯარეულმაც) და შეეცადა, ზედმეტად არ გაპრანჭვოდა გიას.
ნელა უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. გიას კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე, ნუკის _ დაბნეული. მიუხედავად იმისა, რომ თავის სიმაღლეს არ «უჩიოდა», ამ გოლიათთან შედარებით ნამდვილი «ქონდრისქალი» ჩანდა.
როგორც კი ერთმანეთს გაუსწორდნენ, გია დაიხარა, ნუკიმ კი თითის წვერებზე აიწია, რომ ერთმანეთი გადაეკოცნათ. მამაკაცის ტუჩები საჭიროზე მეტხანს შეჩერდნენ მის ლოყაზე, თითქოს ნაკოცნი «ტერიტორიის» სიტკბოს ამოწმებსო.
_ როგორ ხარ? _ ჰკითხა მამაკაცმა და ხარბად შეათვალიერა თავისი «სიცოცხლე».
_ არა მიშავს. შენ? _ თვალები მორცხვად დახარა ნუკიმ.
_ არა მიშავს… მეც. წავედით?
_ წავედით.
იარეს… საუბარი გიამ «ითავა». გაუჩერებლად ყვებოდა თავის ბიზნესზე, უცხოელებთან კონტაქტზე, საქმიანობის წარმატება-წარუმატებლობაზე. ნუკის ნახევარი არ ესმოდა, ისე იყო გაბრუებული (და მოხიბლული) ახალი თაყვანისმცემლით. ასეთი კაცის გამო კი ღირდა ნერვიულობა!
_ ძალიან ხომ არ გეჩქარება? _ გიამ სვლა შეანელა.
_ ძალიან არა, _ კეკლუცად გააქნია თავი.
_ ჰოდა, ყავა დავლიოთ… აქ ერთი კაფე მეგულება სადღაც…
შევიდნენ… დასხდნენ… მიმტანი ქალების ცნობისმოყვარე მზერა ერთნაირი სიხარბით (მამაკაცის მისამართით) და შურით (ნუკის მისამართით) მიაწყდა ორივეს. მერე კი მხოლოდ გიას.
_ რას ინებებთ? _ გაიპრანჭა ახალგაზრდა, უშნოდ დამაკიაჟებული მოკლეკაბიანი მიმტანი.
_ ყავა თუ გაქვთ? _ ახედა გიამ.
_ მხოლოდ ნალექიანი.
_ ორი მოგვიტანე, გენაცვალე… ნამცხვარი?
_ არა, ნამცხვარი აღარ დარჩა.
_ მაშინ შოკოლადი ან რამე, რა ვიცი… _ გაასავსავა ვეებერთელა ხელები მამაკაცმა.
_ «ბარამბო» და მოხალული თხილი შემიძლია.
_ კარგი ხარ, გამოუშვი, _ დაიბუბუნა მამაკაცმა და ისე ლამაზად გაიცინა, ნუკის სიამოვნებისაგან გააჟრჟოლა.
გია კვლავ ალაპარაკდა… ახლა იმაზე, რამდენ ხანს ცხოვრობდა საზღვარგარეთ, როგორ მუშაობდა, რამდენ ფულს აკეთებდა. გოგონა უსმენდა და უსმენდა, თან თვალს არ აშორებდა და ტკბებოდა (ამაყად ყელმოღერებული) მისი ცქერით, უხაროდა, ასეთი კაცი მისი კავალერი რომ იყო.
მერე გიამ სახლამდე მიიყვანა. მთლად სახლამდე არა, მოსახვევში გააჩერებინა მანქანა ისე, ყოველი შემთხვევისთვის. მამაკაცი საკოცნელად გადმოიხარა. ნუკიმ ის იყო, კოცნა დააპირა, რომ გიამ თავისი ტუჩები თავხედურად დაუხვედრა მის ტუჩებს… ამას ვერც დაარქმევდით კოცნას, ოდნავი შეხება იყო მხოლოდ, მაგრამ თავისი ეფექტით ერთობ დასამახსოვრებელი (უფრო თავბრუდამხვევი).
როცა ნუკი კორპუსში შეიმალა, გიამ მხოლოდ მაშინ დაქოქა მანქანა… გოგონა ისეთი აგზნებული იყო, თავს ვერ თოკავდა. მაღალი მკერდი მღელვარედ აუდ-ჩაუდიოდა. ის იყო, ბინის კარს მიუახლოვდა, რომ გიას მესიჯი მიიღო: «გამაგიჟა შენმა ტუჩებმა. ასეთი ცხელი ყავაც კი არ ყოფილა». ნუკიმ მესიჯი სასწრაფოდ წაშალა და აკანკალებული ხელით ძლივს მოარგო გასაღები კლიტეს. ერთხანს ეწვალა. ამ დროს კარი შიგნიდან გაიღო და ზღურბლზე მოღუშული ზურა აისვეტა…
ნუკის არასდროს დაავიწყდება ზურას სახე _ საყვედურით (სიბრაზითაც) სავსე მზერა, გამომცდელი გამოხედვა…
_ დაგაგვიანდა, _ ბუზღუნით ჩაილაპარაკა რამდენიმე წამის შემდეგ და გატრიალდა.
გოგონა უკან მიჰყვა.
_ დამაგვიანდა? რატომ? ჯერ მხოლოდ 9 საათია, _ ფრთხილად წარმოთქვა.
_ 10-ის 8 წუთია უკვე, _ იმავე ტონით გაიმეორა წინ მიმავალმა მამაკაცმა, _ სად იყავი?
_ ნელისთან.
ზურა ტახტზე ჩამოჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და მუხლებზე დაწყობილი თითები ერთმანეთში გადახლართა.
_ რაო მერე ნელიმ?
_ არაფერი… ვილაპარაკეთ, _ უდარდელი სახის მიღება სცადა ნუკიმ, მაგრამ არ გამოუვიდა… სავარძელში ჩაჯდა და მზერა აარიდა მამაკაცს.
_ შენ რა, იტირე? _ მოულოდნელად მისკენ გადმოიხარა ზურა.
ნუკი შეცბა, დამფრთხალმა აახამხამა წამწამები.
_ არა, რა ვიტირე… _ მისდა უნებურად შეეცვალა ხმა.
_ ჰო, რა ვიცი… _ გულგრილად უპასუხა მამაკაცმა, ადგა და თავის ოთახში მიიმალა.
ნუკი წამოხტა, სააბაზანოში შევარდა და სარკეში ჩაიხედა… ო, ღმერთო! რა ამღვრეული აქვს თვალები! თითქოს მართლა ნამტირალევი იყოს. ნუთუ ერთმა კოცნამ (ვითომ კოცნამ) ასე იმოქმედა მასზე? რა ემართება? შეიძლება ერთდროულად ორი კაცისკენ მიუწევდეს გული? ეს ხომ აბსურდია? იცის მაინც, რა უნდა? იქნებ ეს მხოლოდ ძიების პროცესია? მაგრამ რისი ძიების? საიმედო საყრდენის (იქნებ სიყვარულის)? დავუშვათ, ასეა, მერე? როგორ უნდა მიხვდეს (ან იგრძნოს) რომელი მათგანია ის, ვისაც მისი გული (და სულიც) ეძებს? არ იცის… ალბათ ცხოვრება (იქნებ სიტუაცია) უკარნახებს. ვნახოთ, ორი მისაღები კანდიდატურიდან რომელი უფრო ეცდება (თუ შეძლებს) მისი კეთილგანწყობის მოპოვებას.
_ რითი მოხვედი? _ სასტუმრო ოთახში გამოსულს ზურა შუა ოთახში აესვეტა და კვლავ გამომცდელი მზერით მიაჩერდა.
ნუკი ამ შეკითხვას არ ელოდა… დაიბნა. თვალები დახარა.
_ სამარშრუტო ტაქსით, ოღონდ ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედი… მინდოდა, ფეხით გამევლო ცოტა.
_ აჰა… _ ეჭვნარევი ხმით ჩაილაპარაკა მან და ახლა სამზარეულოში გაუჩინარდა.
ნუკი დაიძაბა. აშინებდა მისი გამომეტყველება. სულ სხვას ეუბნებოდა მამაკაცი, ამ დროს სულ სხვას ფიქრობდა და ეს ფიქრები აშკარად ირეკლებოდა მის თვალებში. სხვა რამის თქმა (და ქმნა) უნდოდა სინამდვილეში, მაგრამ სულ სხვა გამოსდიოდა. სწორედ ეს სხვა აღიზიანებდა გოგონას. არ შეუძლია, თქვას (და ქნას) ის, რასაც განიცდის? ხომ ყველაფერი მარტივი (შვების მომგვრელი) გახდება?
_ ქათამი შევწვი დღეს და… კარტოფილის პიურეც გავაკეთე. ხომ გშია? _ ჰკითხა, როცა თავადაც შეაღო სამზარეულოს კარი.
_ ძალიან ნუ გამოიდებ თავს, _ ცივად თქვა მამაკაცმა.
ნუკი გაქვავდა. წამით თვალთ დაუბნელდა. ამწუთას ზურას სილა რომ გაეწნა მისთვის, ამაზე მტკივნეული ვერ იქნებოდა.
მამაკაცი მიხვდა, ცუდად რომ გამოუვიდა. ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა დაზაფრულ გოგონას და შერბილებული ხმით გააგრძელა.
_ მომისმინე… დღეს ძალიან რთული დღე მქონდა, ძალიან რთული. თავი მისკდება, ისე მტკივა და… შიმშილით ვკვდები… მიდი, შენებურად მომემსახურე.
_ ახლავე… _ უფრო გაიფიქრა ნუკიმ, ვიდრე წარმოთქვა და კარადის უჯრა გამოაღო, ოღონდ ვერ ხვდებოდა, რისთვის, რა უნდოდა იმ უჯრაში, რომელშიც არც თეფშები ელაგა, არც დანა-ჩანგალი… ჰო, გაახსენდა _ აქ ხელსაწმენდები ალაგია… ალბათ ეს უნდოდა.
_ მე გავშლი სუფრას და მარტო დაგტოვებ, რათა მშვიდად დანაყრდე. მე… მე უკვე ვივახშმე, _ დაამატა ბოლოს და არაგულწრფელი (თან წამიერი) ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე.
რა თავხედია! ზურას სიბრაზით აენთო თვალები, როგორი თავხედი! ხომ არის ღირსი, კინწისკვრით მოისროლოს აქედან და ერთხელ და სამუდამოდ დაამთავროს ეს ყველაფერი?! უკითხავად სადღაც წავიდა და არც გააფრთხილა, არც დაურეკა… ახლა კი აქეთ დებს ბრალს!
არადა, ამ მომენტში ყველაზე მეტად მისი ჩახუტება უნდოდა, მისი მოფერება, თან იქამდე, სანამ ძალა არ გამოელეოდა (ქანცის გაწყვეტამდე) და მერე ეჭამა ის გემრიელი კერძები, რომელიც მან მოუმზადა, თან ესაუბრა მასთან… ესაუბრა იმაზე, თუ როგორ გაატარა დღე, რაზე ილაპარაკეს მან და ნელიმ, მასზე წაიჭორავეს თუ სხვაზე (ვინმეზე). იქნებ გამოჩნდა ჰორიზონტზე ნუკისთვის მისაღები უკეთესი მამაკაცი (უფრო ახალგაზრდა)?
_ დარჩი შენც… ყავა მოიდუღე და ვილაპარაკოთ, _ ხმადაბლა თქვა ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ.
ნუკის სიტყვაც არ დაუძრავს, არც კი გაუხედავს მისკენ. ზურამ გვიან შეამჩნია ეს.
_ არ გინდა ჩემთან? _ უნებურად წამოცდა და სანამ დაამატებდა, ჩემთან ერთად ყავის დალევაო, ნუკიმ დაასწრო, თან ძალზე უკმეხად.
_ არ მინდა! _ და გავიდა.
ზურას გული მოეწურა. კარგა ხანს უყურა მჭიდროდ მოხურულ კარს, საიდანაც გოგონა გავიდა, მერე ღრმად ამოიხვნეშა და ქათმის ბარკალი გადაიღო…
ნუკიმ იბანავა, თმა ფენით გაიშრო და საძინებელს მიაშურა. დიდხანს ვერ დაიძინა. ერთ მამაკაცზე ფიქრს მეორეზე ფიქრი (და ოცნება) ცვლიდა… დიდხანს, ძალიან დიდხანს… და მიხვდა, რომ ამ ღამეს გიას აშკარა უპირატესობა ჰქონდა მის ფიქრებში (ფანტაზიებშიც)… გული (სხეულიც) მისკენ უფრო მიუწევდა… ამის აღმოჩენამ, ცოტა არ იყოს, შეაშფოთა…
8 8 8
თბილი გამოდგა სექტემბერი. მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა. ნახევარი თვე ისე გაილია, ერთხელ არ მოღრუბლულა. დარიანი ამინდი ნუკის კარგ გუნება-განწყობილებას უქმნიდა, უფრო ხალისიანად მუშაობდა. თათულის ადვილად შეეწყო. გულღია ქალი იყო, ცოტა ხმაურიანი, მაგრამ კეთილი და თბილი.
პირველივე დღეები ისეთი ნაყოფიერი აღმოჩნდა, გოგონა სიხარულით აღარ იყო. თათულის «მუყაითობის» გამოისობით, უკვე 7 კლიენტი მოუვიდათ, რა თქმა უნდა, მისი ნაცნობები, ნაცნობების ნაცნობები (ან მეგობრები), სულაც მეზობლები… შეკვეთას შეკვეთაზე იღებდნენ. ორივე თავაუღებლად მუშაობდა. ერთი კვირის თავზე ფულიც დაუგროვდათ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თავისუფლად შეეძლოთ ახალი ქსოვილების შეძენა, რათა შეკვეთების გარდა, ვიტრინის გასალამაზებლადაც შეეკერათ რამდენიმე ხელი სამოსი. საყიდლებზე თათული დადიოდა. ნაზი (თან გაპრანჭული) ხმით დაურეკავდა ზურას, დაიბარებდა მანქანით და… მიდიოდნენ და მოდიოდნენ… ნუკის გულზე მწარედ (ძალიან მწარედ) ხვდებოდა, როცა მათ ერთად ხედავდა, თუმცა არ იცოდა, სინამდვილეში რა ხდებოდა მათ შორის. ცდილობდა, არ ეფიქრა ამაზე. ძალიანაც არ ანერვიულებდა ეს სიტუაცია, რადგან გიას სახით გამრთობი ჰყავდა. ყოველ საათში ერთხელ ახსენებდა მამაკაცი თავს, მესიჯს მესიჯზე უგზავნიდა. «მენატრები», «ძალიან მენატრები», «ვერ ვითმენ, ისე მენატრები»… დაფიქრების საშუალებას არ აძლევდა გოგონას. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სამი დღით არ დაიკარგა. არავითარი ზარი, არავითარი შეტყობინება… ნუკი გაოგნდა. არ იცოდა, რა ეფიქრა. არადა, ვერ ბედავდა, მოეკითხა. იქნებ სპეციალურად იქცევა ასე, რომ ნუკის რეაქცია შეამოწმოს? იქნებ იმას ელოდება, როდის შეშფოთდება გოგონა მისი გაუჩინარებით და თვითონ როდის შეეხმიანება? არა (უფრო ვერა)… ვერა და ვერ გადალახა საკუთარი სიამაყე. არ უნდოდა, თავი გაემჟღავნებინა, არადა, ერთი სული ჰქონდა, როდის გამოჩნდებოდა გია, როდის დაიწრიპინებდა მობილური ტელეფონი და მოფრინდებოდა ნატვრით სავსე ლამაზსიტყვებიანი მესიჯი.
ეს მესამე დღეს მოხდა. შუადღე იყო, ერთი კაბის შეკერვა დაამთავრა და ყავის დალევას აპირებდა, რომ მობილურის ეკრანზე ყვითელი კონვერტი გაჩნდა.
«ერთი ლამაზი, პატარა გოგო დამეკარგა. ხომ არ გინახავთ სადმე? მომეხმარეთ, მომაძებნინეთ. თუ სადმე ნახოთ, გადაეცით, რომ ძალიან მენატრება», _ წერდა მამაკაცი.
გული სიამოვნებით აევსო. ისეთი შვება იგრძნო, თითქოს ხელები ძლიერად ჰქონდა შეკრული და გაუხსნესო… თითქოს სისხლმა თავისუფლად იწყო ძარღვებში მოძრაობა…
«იმ პატარა გოგომ შემოგითვალა, გაბუტული ვარ, ამდენ ხანს სად დაიკარგაოოოო», _ გაღიმებულმა მისწერა და სუნთქვაშეკრული დაელოდა პასუხს. თან უხაროდა, მარტო რომ იყო, თათული ერთი კლიენტთან წავიდა, რომელმაც კაბის მოსაზომად სახლში დაიბარა.
«დავიკარგე, ჰო. რა ვქნა, ასეთი ცუდი ბიჭი ვარ… შენ არ იცი, როგორი ცუდი ბიჭი ვარ», _ «შემოსჩივლა» მამაკაცმა.
ნუკის გაეღიმა.
«მიყვარს ცუდი ბიჭები», _ არ დააყოვნა პასუხი გახალისებულმა.
«მე კი შენნაირი კუდრაჭა გოგონები», _ ისეთი სისწრაფით მოუვიდა მესიჯი, გაუკვირდა, ასე უცებ როგორ აკრიფა ტექსტიო.
«ხომ კარგად ხარ?» _ დაინტერესდა ნუკი.
«არა მიშავს, სიხარულო, ვარ რა… შენ რავა ხარ? ვერ მოგაქციე ყურადღება. თან ამაღამ მოსკოვში მივფრინავ».
გოგონას ამის წაკითხვაზე ლამის გული გაუჩერდა.
«რას ამბობ! დიდი ხნით?»
«არ ვიცი ჯერ… საქმე მიჩვენებს».
«მერე? წასვლის წინ არ უნდა მნახო?»
«მე კი მინდა გნახო, მაგრამ…»
«მაგრამ რა? მნახე მერე, ვინ გიშლის?»
«მეგონა, შენ არ გქონდა ამის სურვილი».
«ტყუილად გეგონა!» _ გაბრაზება ჩააქსოვა ნუკიმ ტექსტში.
«მაშინ მოვალ. სად ხარ, სად გნახო?»
«სამსახურში ვარ», _ მისწერა და საჩუქრების მაღაზიის მისამართი მიუთითა, რომ თათულის არ დაენახა მასთან მოსული მამაკაცი.
«მალე მოვალ, ნუკ, დამელოდე».
«ჯერ არა, მარტო ვარ და აქაურობას ვერ დავტოვებ. საღამოს არ შეგიძლია?»
«საღამოს რომელზე? შენ როცა მეტყვი, მაშინ მოვალ».
«რვის მერე მეცლება. დამიმესიჯე, რომ მოხვალ და გამოვალ», _ სიფრთხილე გამოიჩინა გოგონამ და იმაზე დაიწყო ფიქრი, მაგ დროსითვის თათული წავიდოდა შინ თუ გვიანობამდე შემორჩენოდა. თუმცა დიდად არ ანა ღვლებდა ამწუთას ეს. ყველა ვარიანტში თავისუფლად შეეძლო შეხვედროდა.
დრო გაიწელა. ნუკი ვერ ისვენებდა. წარამარა საათს დასჩერებოდა, როდის გახდებოდა 8 საათი. მისდა სასიხარულოდ, თათული არ მობრუნდა. დაურეკა, მეგობარს დედა გარდაცვლია და სამძიმარზე მივდივარო. თან მოუბოდიშა, მაპატიე, მარტო რომ გტოვებო. არადა, როგორ გაუხარდა! სულაც არ სჭირდებოდა მოწმე გიასთან შეხვედრის მომენტში.
9 საათი დაიწყო. მესიჯი იგვიანებდა. ნუკი უკვე ცქმუტავდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა და მისწერა, რამდენ ხანში მოხვალო.
«მოვედი უკვე, შუქნიშანთან ვდგავარ», _ ერთ წუთში მოუვიდა პასუხი და მეტიც არ უნდოდა, შლეგიანივით წამოხტა. გაპრანჭვა აღარ უნდოდა, ამაზე ორი საათით ადრე იზრუნა. მაინც ჩაიხედა სარკეში. დღეს სარკე კარგ ხასიათზე ჩანდა, მშვენივრად გამოიყურებოდა. სარკე ის იარაღი (თუ ინსტრუმენტი) იყო, რომლითაც საკუთარ გარეგნობას აკონტროლებდა ხოლმე. კიდევ კარგი, ფორმაშია. გიას აუცილებლად მოეწონება იგი.
გასაღები გადაატრიალა და სახელურს დააწვა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნამდვილად ჩაკეტა სამკერვალო. ყველაფერი რიგზე იყო. გულაჩქროლებულმა ჩანთა მხარზე მოიგდო და რხევა-რხევით გაუყვა ეზოს. როგორც კი გამზირზე გავიდა, სანატრელი მანქანაც შეამჩნია. გიამ თვალი მოჰკრა თუ არა, მანქანიდან გადმოვიდა და მოუახლოვდა. ერთმანეთი ჩვეულებრივად (ამავდროულად, არაჩვეულებრივად) გადაკოცნეს.
_ როგორ ხარ? _ თვალებში ჩახედა მამაკაცმა.
როგორ ვერ უძლებდა ამ თვალების შემოხედვას… ამ მთისფერი თვალებიდან გადმოსულ ცეცხლს… ლამის ჩაიკეცა, ისეთი ალმური მოედო სხეულზე.
_ კარგად… შენ?
_ გაწამაწიაში. მთელი დღე გადარბენაზე ვიყავი, ძლივს მოვასწარი, რა… სად წავიდეთ?
_ არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის სულერთია.
_ გშია?
_ არა.
_ მაშინ მთაწმინდაზე ავიდეთ, კარგი?
_ ავიდეთ. სტუდენტობის მერე არ ვყოფილვარ იქ.
_ მეც დიდი ხანია, არ ვყოფილვარ, _ გაუღიმა გიამ და ნელი სვლით დაძრა მანქანა.
_ ასე უცებ რატომ გადაწყვიტე გამგზავრება?
_ საჭირო ხალხი უნდა ვნახო, რაღაც სერიოზულ საქმეზეა ლაპარაკი. ერთი კვირის წინ უნდა ჩავსულიყავი. ფულს ველოდებოდი და ვერ მოვახერხე. დრო გადაგვიცდა, დროზე თუ არ ჩავუსწარი, მერე მეტი «ჩალიჩი» დასჭირდება. იმიტომაც ვერ შეგეხმიანე, ეს დღეებია, თოხარიკი ცხენივით დავრბივარ აღმა-დაღმა. თან მოსკოვია, ხომ იცი, ყველაფერი გართულებულია. პირდაპირ ვერ ჩაფრინდები, უნდა შემოუარო. იქ საიმედო კაცი გჭირდება, რათა გზაში არ შეგამოწმონ და შუმჩნევლად მიგიყვანონ ადგილზე და რა ვიცი…
_ არც ის იცი, როდის დაბრუნდები?
_ მალე, ნუუკ, დიდხანს არ დავრჩები. ვნახოთ.
_ ცუდია… _ ვეღარ უთხრა, რა გამაძლებინებს უშენოდო.
_ ვიცი, რომ ცუდია, მაგრამ წაუსვლელობა არ იქნება. საქმეს ვერ გავაფუჭებ. რაც მთავარია, შენ არ დაგივიწყებ. როგორც კი ჩავალ, დაგირეკავ.
ნუკიმ თბილად გაუღიმა. მამაკაცს ნელა მიჰყავდა მანქანა, შიგადაშიგ გამოხედავდა ხოლმე გოგონას. როცა ერთ ასეთ გამოხედვაზე მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და ტუჩებმაც ერთდროულად გაუღიმეს ერთმანეთს, გიამ მარჯვენა ხელისგულში ნუკის მარცხენა ხელის თითები ჩაბღუჭა და ვნებიანად მოუჭირა. ჟრუანტელმა (თან ზესასიამოვნომ) მოიცვა, უნებურად დაეხუჭა თვალები.
როგორც იქნა, ააღწიეს მთაწმინდის პარკის შესასვლელამდე. აქ ბევრად გრილოდა, ვიდრე ქალაქში. იქნებ არც გრილოდა და ნუკის (უჩვეულოდ ათრთოლებულს) ეჩვენებოდა მხოლოდ? გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, მამაკაცმა ხელი ჩასჭიდა და იმ ადგილისკენ წაიყვანა, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულზე მოჩანდა… ხმას არც ერთი იღებდა. ერთხანს უყურებდნენ გაჩახჩახებულ ქალაქს.
_ ლამაზია, _ დუმილი მოჩურჩულე ნუკიმ დაარღვია.
_ ჰო, ლამაზია, მაგრამ შენ უფრო ლამაზი ხარ… მოდი ჩემთან, _ უპასუხა მამაკაცმა და გოგონა თავისკენ შემოაბრუნა.
რა «საშინელი» სხვაობა იყო მათ შორის. გია _ მაღალი, ათლეტური, მხარბეჭიანი… მასთან შედარებით ნუკი ერთი ბეწო ჩანდა, მკერდამდე ძლივს წვდებოდა.
მამაკაცმა მკლავები მოხვია და გულზე მიიხუტა. გოგონა გრძნობდა, როგორ უცახცახებდა მას ხელები. მერე გიამ თავი აუწია. როგორც ჩვეოდა, თვალებში ჩახედა და ნაზად, ძალიან ნაზად აკოცა ტუჩებში… საოცარი განცდა დაეუფლა ნუკის… მისთვის არასდროს არავის უკოცნია ასე… საერთოდ კი უკოცნია ვინმეს მისთვის? კი, ერთი-ორჯერ… ამას წინათ ზურამაც ხომ აკოცა… მაგრამ ეს სხვა კოცნა იყო… სხვა გემო «ჩაატანა» გოგონამ. აშკარად ჩანდა, ამ ტუჩებს კარგი გამოცდილება რომ ჰქონდათ მიღებული. გია არ ჩქარობდა. ნელა, ძალიან ნელა კოცნიდა, თითქოს ფრთხილობდა, არაფერი ტკენოდა ნუკის ლამაზ, «დაბანტულ» ბაგეებს.
_ იცი, რამდენს ვოცნებობდი ამ წუთებზე? _ უჩურჩულა მამაკაცმა, _ ვერ წარმოიდგენ. წუხელ სიზმარშიც კი გნახე.
_ სიზმარში? _ ჩურჩულითვე შეეკითხა ნუკი, _ როგორ?
_ ოოო! მაგას ვერ მოგიყვები, _ ეშმაკურად გაუღიმა მამაკაცმა და კვლავ წაეტანა საკოცნელად.
ამჯერად უფრო გაბედულად აკოცა, უფრო დაჟინებით (იქნებ უხეშადაც), თითქოს საპასუხო კოცნას ითხოვდა, ისეთივე ვნებიანს და მოწყურებულს, როგორც მისი იყო. ვეღარ მოითმინა გოგონამ. თვითონაც მოხვია მკლავები მამაკაცს, ფეხის წვერებზე აიწია და კვნესით «ჩაუვარდა» ტუჩებში მის ტუჩებს. ვნება უფრო და უფრო ერეოდა… ყველაფერი გადაავიწყდა ამქვეყნად, მათ შორის ისიც, სად იმყოფებოდა. მერე გახელებული გადავიდა მამაკაცის ყელზე, მოხერხებულად ჩარგო ცხვირ-პირი საოცარი სურნელით გაჟღენთილ მის ყელში და… ნეტარებით «იხეტიალა»… მისმა ქმედებამ გიაც გაათამამა. მის ტუჩ-ყელს აღარ დასჯერდა და დახარბებული ტუჩებით გოგონას მკერდს მიადგა… მოღეღილ საკინძეში ადვილად მიაგნო… მისი გაწაფული ტუჩები საამოდ ელამუნებოდა ნუკის სავსე, მზით გარუჯულ მკერდს.
_ მეორემ რა დააშავა, _ თქვა ცოტა ხნის შემდეგ მამაკაცმა და ახლა მეორე მხარეს გადაინაცვლა… მეორც ადვილად იპოვეს მისმა გახურებულმა (და გახელებულმა) ტუჩებმა.
_ გვეყოფა, _ როგორც იქნა, ამოთქვა გოგონამ, როცა იგრძნო, რომ ღვთაებრივი მოთენთილობისგან ფეხზე ვეღარ დგებოდა.
გია მაშინვე შეეშვა. მერე კვლავ ჩახედა თვალებში, ახლა უფრო ალერსიანად (უფრო ჟინიანადაც) და მხარზე გადახვია ხელი, გულზე ძლიერად მიიხუტა. ნუკის მისი გულის უსწრაფესი ბაგაბუგი ესმოდა.
_ როგორ გიცემს გული, _ ვერ მოითმინა, არ ეთქვა.
_ შენნაირი ქალის გვერდით კიდევ კარგადაა ეგ საცოდავი, _ ხმამაღლა წარმოთქვა მამაკაცმა და გაიცინა თავისი ლამაზი, ხავერდოვანი ხმით და საოცარი სიცილით.
_ წავედით, არ დაგაგვიანდეს, _ მორცხვად ახედა გოგონამ.
_ წავედით, _ მორჩილად დაეთანხმა გია და მანქანისკენ გაემართნენ ასე, ერთმანეთს მიხუტებულნი.
მთელი გზა ისე გაიარეს, არც ერთს კრინტი არ დაუძრავს. მაგნიტოფონი იყო მხოლოდ ჩართული და ვიღაც ახალგაზრდა მომღერალი ბიჭი სევდიანი ხმით მღეროდა: «შენმა სურვილმა დამლიააა, შენზე ფიქრმა და სევდამააა… შორს წასვლააამ, ხშირად გაყრამაააა, გულის თვალებით ხედვამააა…»
_ ჩვენ გვიძღვნიან ამ სიმღერას, _ თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა.
ნუკიმ გაიღიმა, არაფერი უთქვამს. ზედმეტი იყო სიტყვები. ასე ეგონა, მთელი სამყაროს ბედნიერება ამწუთას აქ, მანქანის ამ პატარა სალონში იყო მოქცეული. «მგონი, დაიქოქა ჩემი ბედნიერება», _ გაიფიქრა სახეგაბადრულმა, ოდნავ დაბლა ჩაცურდა, თავი სავარძლის საზურგეს მიადო და ნებიერად გადაწვა.
_ მე მალე დავბრუნდები, ნუუკ, _ თქვა უეცრად გიამ და კვლავ ჩაბღუჯა მისი თითები, კვლავ ვნებიანად მოუჭირა.
_ მე დაგელოდები, _ აჩურჩულდა ნუკი, _ ოღონდ ძალიან არ დააგვიანო.
_ უნდა დამელოდო, _ დაეთანხმა მამაკაცი.
გაგრძელება იქნება