ღმერთო, როგორი თბილია, როგორი საყვარელი… ნუთუ მართლა უყვარს ნუკი? ალბათ უყვარს, თორემ მხოლოდ მოფერებას არ დასჯერდებოდა. ხომ შეეძლო, სადმე წაეყვანა, სასტუმროში, ბინაში და იქ… რა, უარს ეტყოდა? ვერ (არ) ეტყოდა. ის კი არ მოიქცა ასე. ეს იმას ნიშნავს, რომ გამორჩენის მიზნით არ ხვდება მას… რა ბედნიერებაა!
- აქ გამიჩერე! - წამოიძახა, როგორც კი ზურას კორპუსი გამოჩნდა.
- ა-აქ? თუ ცოტა წინ? - დაამუხრუჭა მამაკაცმა.
- არა, აქ! მაღაზიაში უნდა შევიარო, - იცრუა.
- კი ბატონო, აქ იყოს, - ღიმილით თქვა და ნახევარი ტანით გოგონასკენ მიტრიალდა.
- აბა, კეთილი მგზავრობა, - მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
- დიდი მადლობა, ნუუკ… მადლობა ყველაფრისთვის.
- რა ყველაფრისთვის, რა გავაკეთე ისეთი…
- ის, რაც მე ასე ძალიან მჭირდებოდა, - იყო პასუხი, - შენ მე ის მომეცი, რაც დიდი ხანია, არ მქონია.
- კარგი რა, შენნაირ მამაკაცს ეგ არ გაუჭირდება, - შეაპარა გოგონამ.
- ჩემნაირს? განა როგორია ეს «შენნაირი»?
- ზესიმპათიური.
- ოჰ, ოჰ, ოჰ! თქვა ახლა რაღაც! დაცინვას კაცი არ მოუკლავს.
- მე არ დაგცინი. არ მეგულება ქალი, რომელიც შენთან ურთიერთობაზე უარს იტყვის.
- არ გინდა ახლა! ჯერ ერთი, სულაც არ არის ასე… და მეორეც - არავისთან ურთიერთობა არ მიზიდავს.
- არც ჩემთან?
- შენ სხვა ხარ… შენ სხვებს არ ჰგავხარ.
- და რა იცი? ჯერ ხომ ძალიან ცოტა ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ.
- ვიცი. შენი თვალები მეუბნება ყველაფერს. შენ ისეთ სითბოს გამოსცემ, ამის სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება…
- შენც აჭარბებ… - კინაღამ დააყოლა, ჩემსავითო.
- არ ვაჭარბებ, ფაქტების აფიშირებას ვახდენ.
- ოჰ, ფაქტების! - აკისკისდა.
- ასეა, ასე.
- კარგი, წავედი, აღარ გაგაცდენ. ვინ იცის, კიდევ რამდენი რამ გაქვს მოსაგვარებელი.
- წავალ. აუცილებლად დაგირეკავ, გაიგე? არ გამორთო ტელეფონი, ხო?
- ჰო.
- აკრძალვის საათები მაქვს?
- რა აკრძალვის საათები?
- აი… იქნებ დროის რაღაც მონაკვეთებში არ მაქვს უფლება, დაგირეკო ან დაგიმესიჯო.
- შეგიძლია ნებისმიერ დროს შემეხმიანო. თუნდაც შუაღამეს…
- ძალიან კარგი, მიხარია, - მამაკაცი გადმოიხარა, მგზნებარედ აკოცა ტუჩებში და გოგონა გადავიდა თუ არა მანქანიდან, ჰაეროვანი კოცნაც მიაყოლა.
8 8 8
ნუკის ზურა შინ არ დახვდა. როგორ გაუხარდა… ახლა ისე იყო აღტყინებული, აშკარად ვერ შეძლებდა ემოციების დამალვას. ნეტავ სად არის? მშობლებთან? თუ თათულისთან? რაში აინტერესებს… მისთვის ახლა სულერთია, ვისთან გაათენებს ზურა ღამეს. მას უკვე თავისი ოცნების მამაკაცი ჰყავს. არ უნდოდა ზურას მასთან? ჰოდა, იყოს ახლა ეგრე! დაღალა მისმა დუმილმა…მოულოდნელად შემოსასვლელში ხმაური მოისმა, წამსვე კარი გაიღო და ზურა შემოვიდა. ნუკი შეკრთა. არ ელოდა მის გამოჩენას. შეეცადა, მშვიდი სახე მიეღო.
მამაკაცი მძიმე ნაბიჯებით გამოემართა სასტუმრო ოთახისკენ და ზღურბლთან შეჩერდა. მზერაც დამძიმებოდა თითქოს, სახე ჩამოგრძელებოდა… ამწუთას ადვილად დაითვლიდა ადამიანი მის შუბლზე საიდანღაც უცებ გაჩენილ ნაოჭებს…
- პაემანზე იყავი? - ისეთი სინანულნარევი ხმით შეეკითხა მამაკაცი, ნუკის ისარივით მოხვდა გულზე.
- არა, რა პაემანზე, - არ დაიბნა და ჯიქურ გაუსწორა თვალი მის გამომცდელ (თან პირქუშ) მზერას.
- აბა, ასე რა გიხარია? არ მინდა კადნიერებაში ჩამომართვა, მაგრამ იქნებ არსებობს შენი სიხარულის ისეთი მიზეზი, რომელიც ჩემთვის უცნობია?
გოგონა შეკრთა. ნუთუ ჩასაფრებული იყო? ნუთუ უთვალთვალებდა? რაღაც არ მოეწონა მის ნათქვამში, რაღაც არასწორი (ალბათ დაუმსახურებელი) იყო მის სიტყვებში… ისეთი, რომლის უფლებაც მას ნუკისთან არ მოუპოვებია…
- არ ვყოფილვარ პაემანზე… - მაინც გაებზარა ხმა.
- რატომ, პატარა აღარ ხარ უკვე… დროა, პაემანზე იარო, - ისეთი ტონით ელაპარაკებოდა ზურა, თითქოს იცოდა, გოგონა სადაც იმყოფებოდა ბოლო ერთი (მეტიც, ორი) საათის განმავლობაში.
- თუ წავალ, აუცილებლად გაგაფრთხილებ, - ნიშნის მოგებით აზიდა წარბები და გაგულისებული თავის ოთახში შევიდა…
ვერა და ვერ დაიძინა… ფანჯარასთან მთვარის შუქზე აცეკვებული ხის ტოტის ლანდი დიდხანს ქანაობდა. ნეტავ რომელ საათზეა ფრენა? იქნებ უკვე თვითმფრინავშია? რას აკეთებს ამწუთას? მასზე თუ ფიქრობს? - გონება ძილის საშუალებას არ აძლევდა ნუკის. «უნდა დამელოდო», - წამდაუწუმ ჩაესმოდა (თან ცხადად) ყურში მამაკაცის ხმა.
დიდხანს ბორგავდა (თან წრიალებდა), ვერა და ვერ მოხუჭა თვალი. ლანდად მოლიცლიცე ხის ტოტიც ნერვებს უშლიდა, თითქოს დასცინოდა, ხომ დაგიფრთხეთ ძილი მე და გიამო…
ლამის თავზე დაათენდა… მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა ოცნებებით გადაღლილს, სწორედ მაშინ, როცა მთვარემ ნაფეხურები დატოვა ფანჯარაზე და ცის სიღრმეში მიიმალა…
8 8 8
ზურას ბოლო ხანებში სულაც არ მოსწონდა ნუკის საქციელი, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდა. თითქოს ინტუიციით გრძნობდა, გოგონა რომ რაღაცას მალავდა, თუმცა რას, მისთვის ჯერჯერობით გაურკვეველი იყო. ბოლო დღეებია, სახეზე კმაყოფილი დაბნეულობა ახატია, ასეთი ოცნებააშლილი ჯერ არ უნახავს იგი…
მამაკაცმა ღრმად ამოიხვნეშა და სააბაზანოში შევიდა, სახე ცივ წყალს შეუშვირა. საშინლად იყო გაღიზიანებული. ხვდებოდა, რომ მისი სანუკვარი «მირანდა» (მეტაფიზიკური) ხელიდან უსხლტებოდა. სწორედ ამის ეშინოდა, ეშინოდა და გამართლდა კიდეც მისი შიში. ალბათ ვიღაც გაიცნო… ვიღაც შეუყვარდა… მისი ტოლი, მისი სწორი… ზურა დაამარცხა საკუთარმა გაუბედაობამ (იქნებ ასაკმა?), მოსპო, გაანადგურა. სარკეში ჩაიხედა და თავისმა გამომეტყველებამ გააოცა: განადგურებულის არაფერი ეტყობოდა, არაფერი ჰქონდა საერთო იმ ნანგრევებთან, რომელზეც მისი უბადრუკი სული ესვენა. არა, ეს არ იყო დამარცხებულის (თუ თავს არ უტყდებოდა?) სახე, მასზე მხოლოდ დაღლილობა იკითხებოდა, მაგრამ თვალების სიღრმეში (ფსკერზე), ძალიან ღრმად, რაღაც მსგავსი (დამარცხების აღმნიშვნელი) შეინიშნებოდა. რა იყო ის რაღაც? ბედს შეგუება? თუ ფარული კმაყოფილება, რომ, ბოლოს და ბოლოს, აღარ გადაექცეოდა ტანჯვად, ამოეთქვა გულისნადები. განდობოდა თუ არა ჯონ უოტერჰაუსის გაცოცხლებულ ოცნებას…
ღმერთმა ხელი მოუმართოს. მან თავისი საქმე გააკეთა - უძრაობიდან გამოიყვანა ნუკი და გზა უჩვენა. დანარჩენი თვითონ იცის, დანარჩენი მისი საქმეა… ჰო, სწორად მიხვდა. ეს სწორედ ის იყო… სიკეთე, რისი დამარცხებაც შეუძლებელია. ადამიანებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ თუკი სიკეთეს თესავ, ცხოვრება - მთელი თავისი დაბრკოლებებით - მაინც მშვენიერია.
ენით აუწერელი განცდაა: დაეხმარო სხვას, როცა თავად საჭიროებ შველას. გაეცინა… არადა, სწორედ იმიტომ გაუწოდა ხელი, რომ თავისად დაიგულა. წამოიყვანა, თავშესაფარი მიუჩინა და შემდეგ… შემდეგ ყოყმანი დაიწყო, როგორც ჩვიდმეტი წლის ბიჭმა - ვუთხრა, არ ვუთხრა, ვუთხრა, არ ვუთხრა… თურმე ჭაღარას, გამოცდილებას, შეცდომებს და წლებს მნიშვნელობა არ ჰქონია. ყოველ ჯერზე, როცა ნუკი შინ არ დახვდებოდა, ყმაწვილივით გულაჩქროლებული ელოდა მის დაბრუნებას. ის მოვა, მოვა, მოვა… მოვა და ეტყვის… ყოველ წუთს არწმუნებდა თავის თავს… მაგრამ ის მოვიდოდა და კვლავ უკან იხევდა. ასაკი ბოჭავდა ყველაზე მეტად (და შეუძლებლობის განცდაც). ოჰ, ეს ასაკი! მას კარგი აღზრდა ჰქონდა მიღებული, რასაც შემდგომში ევროპული ეთიკის წესების ცოდნა დაემატა… ეს კი ისე კედელივით აღიმართ მათ შორის, ნორმიდან ამოვარდნის უფლებას არ აძლევდა. სწორედ ამან აიძულა, უკან დაეხია და მთავარი სათქმელი გულში ჩაეტოვებინა…
არა უშავს, დრო გავა და დამშვიდდება, სინანული ხინჯად აღარ დარჩება გულში. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გაივლის, ცოტა რაღაც დარჩება, იცოცხლობს მოგონებებში, მაგრამ გახსენება ისე მტკივნეულად არ აუტოკებს გულს, როგორც ახლა. ასეა, როცა ყველაფერი გაივლის, ეგუები არსებულ ვითარებას და აგრძელებ ხვალინდელი დღის რწმენას…
ამ ფიქრებით გულდამძიმებულმა ვერც გაიგო, როდის შემოვიდა ნუკი.
- არ წახვედი? - გაოცებული მზერა მიაპყრო გოგონას.
- კი, როგორ არა, ვიყავი და მოვბრუნდი, - ნუკიმ ამოიოხრა და ჩანთა ტახტზე მიაგდო.
- რატომ?
- თათული გასვენებაში წავიდა, მე კი საქმე არაფერი მქონდა. მარტო მომბეზრდა ყოფნა. თანაც, დღეს შაბათია და…
- მერედა, შაბათს მეტი ალბათობა არ არის, რომ კლიენტი მოგადგეთ? ვფიქრობ, აჯობებდა, რომელიმე მაინც ყოფილიყავით იქ, - შენიშნა მამაკაცმა.
- არ აჯობებდა. ვიცი, რაც ჯობია, - თავდაჯერება გაისმა მის ხმაში, - გშია?
- არა, - უკმაყოფილოდ გადააქნია მამაკაცმა თავი, - მაინც არ მესმის თქვენი… ჯერ წესიერად მუშაობა არც დაგიწყიათ და უკვე…
- დამშვიდდი, ზურა, - გულგრილად გააწყვეტინა გოგონამ, - რამდენიმე დღეც და აღარ შეგაწუხებ ჩემი აქ ყოფნით.
- ეგ რა შუაშია? - თვალები გაუფართოვდა მამაკაცს.
- ვიცი, რაც გაწუხებს… წარამარა ფეხებში რომ გედები. მალე გადავალ, - უპასუხა გოგონამ და თითქოს მოცახცახე ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.
რა სულელია! საიდან მოიტანა? არა, სულაც არ არის ეგრე! ზურას მართლა არ უნდა, ნუკიმ აქაურობა დატოვოს. ასე ადვილად ვერ შეელევა მას. ის იმდენად განსაკუთრებულია, იმდენად არაჩვეულებრივი, რომ… რომ… ბროლის პეპელას ჰგავს - ხელი თუ შეუშვი, დავარდება და ნამსხვრევებად იქცევა.
რა ემართება? რამდენჯერაც თვალებში შეხედავს ამ საოცრებას, იმდენჯერ სურვილი უჩნდება, მკლავები მოხვიოს და გულში ჩაიკრას. რა მოხდება, ასე რომ მოიქცეს? ახლა, ამწუთას? მაგრამ თავი რომ ვერ შეიკავოს? მაგრამ მხოლოდ გულში ჩაკვრით რომ არ დამთავრდეს ეს მკლავების მოხვევა? ამის წარმოდგენაც კი საკმარისი გახდა, აღგზნებულიყო. სხეული აუმხედრდა თითქოს, მთელი არსებით ნუკისკენ იწევდა… ფრთხილად, ყმაწვილო! - შეუძახა თავის თავს, - ჯენტლმენური ზრდილობის წესები ხომ არ დაგავიწყდა? დაოკდი, ზურიკ!
- მოდი, არ იჩქარო გადასვლა, კარგი? - რაც შეიძლებოდა, დაყვავებით უთხრა, - მე არაფერში მეშლება ხელი. არც გაიფიქრო მსგავსი რამ. პირიქით, ისე შეგეჩვიე, ვერც წარმომიდგენია, უშენოდ როგორ უნდა ვიცხოვრო მარტო, - სწრაფად მიაყარა წინადადებები ერთმანეთს და როცა დაამთავრა, თავადაც გაუკვირდა, როგორ შეძლო ასე გონივრულად მოეყარა თავი სათქმელისთვის.
- ასე მგონია, ამირანივით გულში მღერი: «ჭრელო პეპელა, ნურც მოფრინდები, ნურც გაფრინდები», - დამცინავად გაიღიმა ნუკიმ და ენა ხმაურიანად გაატკლაცუნა (თითქოს ფლოქვების თქარათქურის ხმა გამოსცა) და ზურამ ყურადღებით (ვნებანარევით) შეხედა მის პრიალა (ვარდის ფურცელივით) ტუჩებს… რამდენი დღეა, არ უკოცნია? სამი? ოთხი? იქნებ რვა ან ცხრა?..
და წარმოიდგინა (ლამის ცხადად) როგორ ხარბად დააკვდებოდა ამწუთას სხეულის ამ ყველაზე მოძრავ (უფრო მგრძნობიარე) ნაწილს (თუ ორგანოს). ამის გაფიქრებამ ოდნავ დაუამა თავის ტკივილი, რომელიც წუხანდელი ღამის შემდეგ არ განელებია. ამის გამო დღეს სამსახურშიც არ წავიდა. მორჩა, აღარაფერი ეშველება… ყურებამდეა ჩაფლული ამ სასიამოვნო (თან უსიამოვნო) გაუგებრობაში. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროს, რაც შეიძლება, ნაკლები «დანაკარგის» გარეშე დაიძვრინოს თავი ამ ულამაზო ისტორიიდან. უნდა დაიძვრინოს, მაგრამ…
- მაოცებ… - მხოლოდ ეს წარმოთქვა და ისეთი გამჭოლი მზერა ესროლა გოგონას, ეს უკანასკნელი ადგილს მიელურსმნა.
კარგა ხანს მისჩერებოდნენ ერთმანეთს და არც ერთი ხმის ამოღებას არ აპირებდა. ისევ ზურამ სცადა ჯიუტი (თუ უხერხული) დუმილის დარღვევა.
- დიდხანს უნდა ვიყოთ ასე?
- როგორ ასე? - აგდებული ტონით იკითხა ნუკიმ.
- საჩხუბრად გამზადებული მამლებივით, - გაღიმება სცადა.
- სულაც არ გეჩხუბები, - მხრები უდარდელად აიჩეჩა გოგონამ, აშკარად გრძნობდა უპირატესობას.
- მაშინ კრიჭაში რატომ მიდგახარ?
- არც კრიჭაში გიდგავარ. უბრალოდ, ჩემი სათქმელი გითხარი. ვიცი, რაც გაწუხ…
- არაფერი შენ არ იცი! - მისდა უნებურად, დაიყვირა ზურამ და თვალები რისხვით აენთო, - და ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე, - საჭიროზე მეტი სიმშვიდით დაამატა ბოლოს.
ნუკისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მამაკაცის ასეთი უეცარი გარდასახვა. შენელებული კადრით რომ შეეხედა ამწუთას მისთვის ვინმეს, ნათლად შეამჩნევდა, როგორ გაუფართოვდა გოგონას გუგები და ამავდროულად, გაოგნებისგან ტუჩებიც გაეპო (ერთდროულად).
სწორედ ამ დროს ნუკის მობილური ტელეფონი აწკრიალდა. გოგონამ თვალებით ჩანთას დაუწყო ძებნა. დაბნეული მივარდა ტახტზე მიგდებულ ჩანთას და ანერვიულებულმა კარგა ხანს ეძება ტელეფონი. როგორც კი ამოიღო და ეკრანს დახედა, ალმურმა აჰკრა სახეზე - დისპლეიზე დაწერილი ნომერი პლუს 7-ით იწყებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გია ურეკავდა მოსკოვიდან. ლამის სირბილით შევარდა საძინებელში, სასწრაფოდ გამოაღო ფანჯარა და რაფას ნახევარი ტანით (ლამის მთელი სხეულით) გადაეკიდა, რომ მისი ხმა მაქსიმალურად გარეთ გასულიყო, სივრცეში და ზურას არ გაეგონა.
- გისმენთ, - ამოთქვა სუნთქვაშეგუბებულმა.
- აბა? სადა ვართ და როგორ ვართო? - სითბოდ ჩაეღვარა სხეულში მამაკაცის ბუბუნა ხმა.
- რომელი ხარ? - ყასიდად მაინც ჰკითხა, გაიკეკლუცა.
- გია ვარ, გოგო, რა გჭირს!
- გია, შე-ენ? როგორ გამახარე, რომ იცოდე! არ ველოდებოდი შენს ზარს.
- არ ელოდებოდი? ვითომ რატომ? ხომ გითხარი, ჩავალ და დაგირეკავ-მეთქი.
- უკვე რამდენი დღეა, ჩახვედი, მაგრამ დღემდე არ დამირეკე. მეგონა, დამიმესიჯებდი მაინც, არც ეს გააკეთე..
- მაგასაც ვიზამ, როცა საჭიროდ ჩავთვლი. როგორ ხარ-მეთქი, - გიამ «დაურეკაობის» ახსნა-განმარტებას ოსტატურად აარიდა თავი.
- კარგად, ახლა ძალიან კარგად ვარ.
- ახლა? აქამდე რა გჭირდა?
- ახლა შენი ხმა გავიგონე და იმიტომ ვარ კარგად.
- აჰა… ეგ კარგია. სად ხარ?
- აქ ვარ.
- სად აქ?
- შენთან, შენ გელაპარაკები.
- გენაცალეო მე შენ! - ენამოჩლექით გამოთქვა მამაკაცმა და აბუბუნდა, - როგორი ეშმაკი მყავხარ.
- შენ როგორ ხარ?
- მეც არა მიშავს რა. ჯერჯერობით ვზვერავ სიტუაციას.
- მოაგვარე საქმეები?
- ვაგვარებ ნელ-ნელა. ხვალ მაქვს შეხვედრა, დილის 11 საათზე.
- რა ხმაური ისმის? - ნუკის არეული ხმები ესმოდა მობილურიდან.
- ბარში ვართ ბიჭები, ლუდს ვსვამთ, სიხ.
- ააა! ესე იგი, ცელქობ.
- არა, რას ვცელქობ, ვლუდაობთ ცოტას. ისე რუსის ნაშები კი გვაბამენ შორიდან. თან ინგლისურად ვლაპარაკობ და მთლად გაგიჟდნენ, უცხოელი ვგონივართ! - მისებურად გაიცინა გიამ.
- მერე შეები შენც, რას კარგავ? - აჰყვა ხუმრობაში გოგონა.
- აბა, კი! მეტი საქმე არა მაქვს, ახლა ამათთვის დავხარჯო დრო და ენერგია.
- რატომ, რატომ, სლავებს კარგი ქალები ჰყავთ.
- როცა შენნაირი მელოდება თბილისში, ესენი რა ჭირად მინდა, ნუუკ. ჩემი სიცოცხლე ხარ შენ.
ნუკი სიამოვნებისაგან დაიღვენთა, თან შებოჭილად გრძნობდა თავს, ასე ეგონა (უფრო უნდოდა), ზურა კარს იყო მოყურადებული და მის საუბარს ისმენდა.
- შენ კი ჩემი, - ვერ მოითმინა თვითონაც.
- გენაცვალე მაგ ლამაზ გულში. წავედი ახლა და ჭკვიანად იყავი. იცოდე, არ გამაბრაზო.
- რამდენ ხანში ჩამოხვალ? - დაიწუწუნა გოგონამ.
- მალე, ნუუკ, მალე ჩამოვალ. დამელოდე და არ იცელქო იცოდე, იქ, - კვლავ გაიცინა გიამ.
- თუ მალე ჩამოხვალ, არ ვიცელქებ, თუ არადა, ვერ შეგპირდები, - კიდევ უფრო აკეკლუცდა გულანთებული.
- ნუ მაბრაზებ, თორემ მოგხვდება ერთ ადგილას, იცოდე! - შორიდან მიესიყვარულა გია, - აბა, წავედი და ჭკვიანად, სიცოცხლევ!
- გკოცნი უთვალავს.
- მეც გკოცნი ბევრზე ბევრს… დაგიმესიჯებ.
ნუკი გონზე არ იყო. თითქოს ფრთები შეესხა. უცნაურად ამსუბუქებულმა (და აღტყინებულმა) ფანჯარა მიხურა, ტელეფონი საწოლზე დაუდევრად მიაგდო და თვითონაც გარდიგარდმო გადაემხო არაბულ ტახტზე, საბანში ცხვირპირჩარგული. უყვარს, უყვარს, უყვაააარს! რა კარგი გრძნობაა, ღმერთო, რა სასიამოვნო! სად იყო აქამდე? უნდოდა ემღერა, ეცეკვა, ეყვირა, ციბრუტივით ეტრიალა, ოღონდ კი დაეხარჯა ეს სიხარული, ოღონდ კი გაეზიარებინა ვინმესთვის, მაგრამ… სამწუხაროდ, ერთი ადამიანი არ ჰყავდა (არც ეგულებოდა) გვერდით ისეთი, ვისაც თავის განცდებს (და საიდუმლოს) გაუზიარებდა. აქ კი ჩაფიქრდა. ნუთუ მართლა არავინაა მის გარშემო ასეთი? ნელი? არა, ნელის ვერა, ნელი ვერ გაიგებს ამას. მას მხოლოდ მაშინ გაანდობს, როცა საქმე სერიოზულ ურთიერთობამდე მივა. აი, მაშინ კი დააყენებს მეგობარს ფაქტის წინაშე. ზურას ხომ ვერ ეტყვის და ვერა. სხვა კი მართლა არავინ ჰყავს. აი, ეკას რომ არ დაშორებოდა, მას გადაუშლიდა გულს (თანაც როგორი სიამოვნებით). რა ქნას აბა, მისი სიფრიფანა გული ვერ იტევს ამხელა სიხარულს მარტო. ვიღაცას უნდა გაუზიაროს (თუ გადაუნაწილოს) იგი. ამას წინათ კი შეეხმიანა ეკა «ოდნოკლასნიკებში», მოიკითხა, ბოდიშიც მოუხადა, მაპატიე, რომ უნებლიეთ დაგწამე ცილიო. ნუკი ამას ნამდვილად არ ელოდა მისგან. ის კი არა, ისე გაუხარდა, ეკამ რომ მოსწერა, რომ სანამ ბოდიშს მოუხდიდა, ლამის იქამდე აპატია შეურაცხყოფა, ისეთი აღტაცებით შეხვდა. სულ კოცნები და გულები უგზავნა. ახლოს მაინც იყოს. მოუყვებოდა თავის ამბავს. იქნებ ჯერ არ ღირს? წამით დაფიქრდა. ზედმეტად ხომ არ არის აცეტებული?
მოულოდნელად მესიჯის სიგნალი გაისმა. «აჰა, უკვე მომწერა! ვეღარ ითმენს ისიც. რა კარგია ხანდახან სიშორე, ძლიერი მონატრება იცის», - გაიფიქრა ყურებამდე გაღიმებულმა და ტელეფონს სტაცა ხელი. ამჯერად შეცდა, თუმცა არანაკლებ სასიხარულო წერილი მოუვიდა. რატი იყო, მისი ახალგამოჩენილი (თუ აღმოჩენილი) ძმა, ლამაზხმიანი უმცროსი ძამიკო.
«ნუკი, როგორ ხარ? გვენატრები ძალიან. როდის გვინახულებ? დედამ შემჭამა, მას შემდეგ, რაც დაგირეკე, სულ ტირის, ისე უნდა შენი ნახვა. მეც ძალიან მინდა ეს», - სწერდა ბიჭი.
«ჩემო სიხარულო, არ იცი, მეც როგორ მინდა შენი გაცნობა. ძალიან მაინტერესებს, როგორი ხარ. ცოტაც მაცალე და აუცილებლად ჩამოვალ. აი, ნახავ. სულ ცოტა ხანი მაცალე, კარგი?» - გაუგზავნა პასუხი და თვალები ცრემლით აევსო, თუმცა დედა მაინც არ მოიკითხა, არც კი ახსენა. არადა, ვინ იცის, როგორ ელოდებოდა ჯულიეტა შვილისგან სწორედ ამ მოკითხვას. დედის ხსენება კი არა, მხოლოდ რატის გარშემო იტრიალა მისმა დაწერილმა სიტყვებმა.
რა კარგია, ძმა რომ ჰყავს. მალე გაიცნობს და ყველაფერს უამბობს. ის გახდება ნუკის მესაიდუმლე. ვინ იცის, იქნებ დედაც… ნეტავ როგორ გამოიყურება დედამისი? თავის დროზე ძალიან ლამაზი ყოფილა, ნუკიზე ლამაზიც კი. თავს არ უტყდება, თორემ ძალიანაც აინტერესებს, როგორი ქალია დედამისი, როგორ გამოიყურება. არა უშავს, სადაც აქამდე ითმინა, ცოტას კიდევ მოითმენს. ერთხელაც დაურეკავს რატის, მოვდივარო, ეტყვის და გაემგზავრება. წამით წარმოიდგინა, როგორ დახვდებოდნენ სადგურზე დიდი ხნის უნახავ დას (და შვილს) ძმა და დედა… იქნებ მეზობლებიც? მთელი უბანი (და ნათესაობაც) რომ გამოვიდეს მის დასახვედრად. გასაკვირი არაფერია.
8 8 8
კვირას ზურას არ უწევდა მუშაობა, მაგრამ მაინც წავიდა ოფისში. ეს ბევრად უსაფრთხო იყო, ვიდრე მთელი დღე შინ ჯდომა, ნუკისთან სიახლოვეს. იგი მაქსიმალურად გაურბოდა ამას. თუმცა, შუადღე მოახლოვდა თუ არა, თავისი თავი დაიჭირა იმაში, რომ სამსახურშიც ვერ ძლებდა, იქაც აუტანელი გამხდარიყო ყოფნა… ადგა და წამოვიდა. როგორც კი ბინის კარი შეაღო, უთომომარჯვებული ნუკი შეამჩნია სასტუმრო ოთახში, რომელიც მის პერანგებს აუთოებდა.
- დღე მშვიდობისა! - მხიარულად შესძახა მან, როგორც კი ზურა დაინახა, - ასე ადრე არ გელოდი.
მამაკაცმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და საყვედურით სავსე ტონით მიმართა.
- რა დღეში ხარ, ნუკი? იმისთვის კი არ წამოგიყვანე მცხეთიდან, რომ ჩემთვის იმუშაო. მე თვითონ მივხედავდი მაგას.
- ვერ ამჩნევ, რომ ბოლო ხანებში ძალიან ჯუჯღუნა გახდი? ადრე ასეთი არ იყავი. ასე ძალიან გიშლი ხელს? - გოგონას წეღანდელი მხიარული ტონი სადღაც გამქრალიყო.
ზურამ პერანგის საყელო შეიხსნა და სავარძელში ჩაჯდა.
- როდის ადრე? - ინტერესით შეეკითხა.
- ნუ… იცი შენ… როდის.
- არა, არ ვიცი. რატომ არ გინდა მითხრა?
- რა თქმა გინდა? არც ქობულეთში იყავი ასეთი და არც მცხეთაში. რაც აქ ჩამოვედით, მთლიანად შეიცვალე.
- აჰა… მთლიანად, ესე იგი, არა? და როგორ გგონია, რამ შემცვალა?
- ეგ შენ უნდა იცოდე, მე რას მეკითხები.
«შენმა სიახლოვემ», - გაიფიქრა მამაკაცმა და ღრმად ამოიხვნეშა, თქმით არაფერი უთქვამს.
- ნუკი, - შეცვლილი ხმით დაიწყო უცებ, თითქოს რაღაც მოაგონდაო, - რაღაც მინდა გკითხო, ოღონდ გულწრფელად მიპასუხე, კარგი?
- კარგი. მკითხე.
- მაშინ, ბავშვობაში, მოგწონდი?
გოგონა არ ელოდა ამ შეკითხვას და დაბნეულმა უაზროდ ააფახულა წამწამები. ერთხანს ფიქრობდა, სიმართლე ეთქვა, თუ მოეტყუებინა. ზურა დაჟინებით უყურებდა, თვალს არ აცილებდა დაბნეულს.
- თუ სიმართლე გაინტერესებს, ცოტას ვეჭვიანობდი კიდეც სხვა გოგოებზე, - აღიარა ბოლოს წამოჭარხლებულმა, - მინდოდა, ცოტათი უფროსი ვყოფილიყავი ასაკით და ცოტათი უფრო ლამაზიც, რომ შენ შეგემჩნიე.
- მე შენ ყოველთვის გამჩნევდი, - შენიშნა ზურამ.
- მატყუებ. ერთხელ გამიღიმე ადამიანურად და მკითხე, როგორ ხარო. ეგ იყო სულ.
- და შენ რა მიპასუხე? - ფართოდ გაეღიმა მამაკაცს.
- რა უნდა მეპასუხა? შემრცხვა და გავიქეცი, - ნუკისაც გაეღიმა.
- მაგრამ მე სულ კიკინებზე გექაჩებოდი. ასე არ იყო? როგორ გგონია, რატომ? მეც მომწონდი და იმიტომ.
ნუკიმ თავი ასწია, თმა უკან გადაიყარა და გამჭოლი მზერა ესროლა. მამაკაცმა მრავლისმეტყველად გაუღიმა.
- რა, არ გჯერა?
- კი, როგორ არა, - ირონია გაისმა მის პასუხში.
- შენ რატომ არ წახვედი სამუშაოზე? - სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი ზურამ.
- თათულიმ მითხრა, დღეს მე დავრჩებიო. აწი ასე გავაკეთებთ, შაბათ-კვირას მორიგეობით დავრჩებით, რომ კვირაში თითო დღე დავისვენოთ, სანამ საბოლოოდ გადავალ იქ, - ბოლო წინადადება ხაზგასმით წარმოთქვა.
- შენც შეიცვალე ბოლო ხანებში, - შესამჩნევად ხმადაბლა გამოუვიდა მამაკაცს, როცა მისთვის საჭირბოროტო თემას შეეხო.
- მე-ე? - კვლავ წამოჭარხლდა ნუკი, - რატომ? რაში მეტყობა?
- ყველაფერში… რაღაცნაირი გახდი.
- რანაირი რაღაცნაირი?
- შენ უკეთ გეცოდინება, - მხრები აიჩეჩა ზურამ, სამზარეულოში გავიდა, რათა პირგამშრალს (ნერვიულობისგან) წყალი დაელია და რამდენიმე წუთში კვლავ შემობრუნდა (უკვე შესამჩნევად დამშვიდებული).
რა ემართება? შემთხვევით, ხომ არ შეუყვარდა ეს ძნელად მოსარჯულებელი გოგო? ფაქტია, ეჭვიანობს. თუ ეჭვიანობს, ესე იგი, ცუდად არის საქმე. არა, არ უნდა მიიყვანოს სიყვარულამდე ეს ურთიერთობა, თორემ თავის მთავარ (მამოძრავებელ) პრინციპს გადაუხვევს - არასდროს დავქორწინდებიო. რაში სჭირდება ცოლი? არ ღირს გარისკვად. ზედმეტი საზრუნავია (უფრო პასუხისმგებლობა) მისთვის. ცხოვრობს კომფორტულად (და თავისუფლად), ტვინს არავინ უბურღავს, აქვს საინტერესო სამუშაო… წრე, რომელშიც ტრიალებს, სრულიად მისაღებია მისთვის და არც სათავგადასავლო (თუ სასიყვარულო) ისტორიები (თუმცა ხანმოკლე) აკლია. რამდენი წელი დასჭირდა, ამ ყველაფრისთვის მიეღწია და ახლა, ამ ასაკში საკუთარი ნებით გაჰყოს თავი ყულფში? არავითარ შემთხვევაში!
გაგრძელება იქნება