მაგრამ… მაგრამ ადრე მსგავსი რამ არც განუცდია. მას არასდროს უცხოვრია სახლში, სადაც, სამსახურიდან დაბრუნებულს სიმყუდროვე, ცხელი სადილი და ვნებიანი ქალი დახვდებოდა. ესეც ხომ კარგია? უნდა აღიაროს, რომ კარგია (უფრო მეტიც, არაჩვეულებრივი). საინტერესოა, რომ სცოდნოდა, ასეთ დღეში ჩავარდებოდა, წამოიყვანდა ნუკის თავისთან? ასე მორჩილად გაებმებოდა თავსსავე დაგებულ მახეში?.. დაფიქრებული მზერა მიაპყრო გოგონას, რომელიც დაუთოებულ პერანგს საგულდაგულოდ კეცავდა… ალბათ (უეჭველად), წამოიყვანდა. თუ აღიარებაა, აღიარება იყოს.
- იცი, ასე რატომ შევიცვალე? - ზურასთვის მოულოდნელად ალაპარაკდა ნუკი.
მამაკაცმა წარბები აზიდა, არ მოელოდა.
- არ ვიცი, - შეეცადა, რაც შეიძლებოდა, მშვიდად წარმოეთქვა.
- ამას წინათ ჩემი ძმა გავიცანი, - გააგრძელა ნუკიმ, თითები იქვე მდგარ წყლიან ჯამში დაისველა და შემდეგი პერანგის დანამვას შეუდგა.
- ძმაა? აბა, ძმა! შენ რა, დედმამიშვილიც გყავს?
- მყოლია თურმე… მეც არ ვიცოდი.
- და საიდან გაიცანი? ვინ გითხრა, რომ შენი ძმაა?
ნუკიმ რატის ამბავი უამბო. გაოცებული ზურა მდუმარედ უსმენდა, სანამ გოგონა სათქმელს დაამთავრებდა.
- ახლა რას აპირებ?
- რა ვიცი… წავალ, ალბათ.
- ეს კარგი ამბავია… ძალიან კარგი, - დაბნეული ალაპარაკდა მამაკაცი, - უნდა წახვიდე, აბა რა… გინდა, მეც წამოგყვე?
- შე-ენ?
- ჰო, მანქანით წავიდეთ. რატომ უნდა იარო ავტობუსით ან მატარებლით… წავალთ და წამოვალთ, თუკი ეს შენთვის….
- არა, რატომ… კარგი აზრია, ძალიან კარგი. წავიდეთ ერთხელაც. როცა… როცა…
- რა როცა? - ვერ მიუხვდა.
- როცა ცოტა ფულს მოვაგროვებ. ხელცარიელი ხომ ვერ ჩავალ, - მზერა აარიდა გოგონამ და მთელი ძალით გაუსვა უთო თეთრ პერანგს.
- გასაგებია. შენ, მთავარია, იცოდე, რომ მე მზად ვარ. თუ რამეში დაგჭირდე, ყველაფერში დაგეხმარები… ფულითაც კი, სხვათა შორის, - შეაპარა ბოლოს და მალულად გახედა.
- ვიცი. დიდი მადლობა, ისედაც დავალებული ვარ შენგან. მოვიფიქრებ, ჯერ ცოტათი დაბნეული ვარ.
- ეგ სასიამოვნო დაბნეულობაა, ბედნიერი ხარ, ძმა რომ გამოგიჩნდა. მეც ვინატრებდი შენს ადგილას ყოფნას, - თბილად გაუღიმა მამაკაცმა და როცა გააანალიზა, რომ ნუკის ბოლოდროინდელი «ოცნებააშლილობა» სიყვარულის სამკუთხედს არ უკავშირდებოდა, შვებით ამოისუნთქა, ოღონდ ისე, რომ ნუკის არ შეემჩნია.
8 8 8
ოქტომბერი უფრო თბილი გამოდგა, ვიდრე შემოდგომას «ეკადრებოდა». ნუკიმ უკვე აუღო ალღო სამუშაოს. გაუმრავლდათ ქალებს შეკვეთები. საქმე თავზე საყრელად დაუგროვდათ. გოგონა ხშირ შემთხვევაში გვიანობამდე რჩებოდა სამკერვალოში, ხანდახან ღამითაც კი. ზურა თითქოს შეეჩვია კიდეც მის ასეთ გრაფიკს. ნუკის საქციელში ბოლო ხანებში საეჭვოს ვერაფერს ხედავდა. ასე რომ, «მესამე ზედმეტის» არსებობა უკვე გამორიცხა.
არადა, ნუკი გიასთან ურთიერთობას მესიჯებით აგვარებდა. დღე არ გავიდოდა, მამაკაცს თავი არ შეეხსენებინა. ხანდახან მთელი ღამე მესიჯობდნენ, სანამ რომელიმე მათგანს არ ჩაეძინებოდა. მეორე დღეს კი ამაზე ერთმანეთს დასცინოდნენ. აი, გუშინწინაც დიდხანს აგზავნეს წინ და უკან შეტყობინებები. მამაკაცი ჰპირდებოდა, მალე ჩამოვალო, მაგრამ ეს «მალე» არა და არ დგებოდა.
გოგონა თან ფიქრობდა, თან გამალებული კერავდა. ხვალ დილით უნდა ჩაებარებინა კლიენტისთვის საღამოს კაბა და მოსწრებაზე იყო. მუშაობა მობილურის ზარმა გააწყვეტინა. უნებურად შეწყვიტა კერვა და მიაყურადა. ხომ არ მოეჩვენა? გიას აქაურ ნომერზე განსხვავებული ზარი ეყენა. მოსკოვის ნომერი კი ცალკე ჰქონდა ჩანიშნული, როგორც დროებითი. ახლა კი ზარი აშკარად ქართული ნომრიდან შემოდიოდა. ნუთუ ჩამოვიდა? ლამის გაუჩერდა გული…
- გისმენთ! - ჩასძახა ტელეფონში და როცა მისი ხმა გაიგონა, სიამოვნებისაგან ძალაწართმეული კინაღამ ჩაიკეცა.
- შენ შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე. აბა, როგორ მყავხარ?
- გია!.. შენ ხარ? ჩამოხვედი? - ნუკი ძლივს იკავებდა თავს, სიხარულისგან არ დაეყვირა.
- სულ რაღაც ორი საათია, ჩამოვედი, სიცოცხლე, ჩამოვედი და ახლა პირდაპირ შენთან მოვდივარ. სამსახურში ხარ?
- ჰო, აბა, სად ვიქნები.
- მალე მოვალ, დამელოდე, ნუუკ. ვერ ვითმენ, არ გნახო.
- გელოდები, - გოგონამ ახლაღა შეამჩნია, როგორ უცახცახებდა თითები.
რა სიუპრიზი მოუწყო! არც კი გააფრთხილა, რომ ჩამოდიოდა. არადა, გუშინწინ ელაპარაკა. რა საოცარი ვინმეა, როგორ აგიჟებს. რა მოხდება ამაღამ? ფაქტია, ეს ღამე ჩვეულებრივად («უმსხვერპლოდ») არ ჩაივლის. ის კაცია, თავისას მოითხოვს. ნუკი ქალია, ან «ჰო» უნდა უთხრას, ან «არა»… არის კი ამისთვის მზად? არ იცის. არც ღირს ამაზე წინასწარ ფიქრი (არც ნერვიულობა). აჯობებს, მოსახდენი თავისით მოხდეს. სიტუაცია აჩვენებს ყველაფერს.
ნახევარი საათი გავიდა, თუმცა ნუკის მოეჩვენა, რომ მოლოდინში დღეები (სულაც წლები) გავიდა. როცა მესიჯი მიიღო, აქ ვარო, თავპირისმტვრევით გავარდა გარეთ.
გია მანქანანიდან გადმოსულიყო და მის გამოჩენას ელოდა. ნუკი ლამის გარბოდა. არ ახსოვს, როგორ ჩაეხუტა მამაკაცს ვეება მკერდში და როგორ შემოხვია მკლავები.
- გენაცვალეო მე შენ, - ჩურჩულებდა გია, - ხომ გითხარი, მალე ჩამოვალ-მეთქი, ხომ შეგისრულე პირობა, - ეუბნებოდა და ძლიერად იხუტებდა აცახცახებულ გოგონას.
- არ იცი, რა დამემართა, როცა დამირეკე, სიზმარში მეგონა თავი. რატომ არ გამაფრთხილე?
- მიყვარს მოულოდნელობები. ასე ხომ უფრო გაგიხარდა?
- ჰო, მაგრამ…
- ჰოდა, წავიდეთ ახლა. რესტორანში უნდა დაგპატიჟო.
- არ გვინდა რესტორანში, წყნარად მინდა შენთან სადმე დავჯდე.
- მე კი მინდა კარგი დრო გატარებინო და უარი არ მითხრა, გასაგებია? ვიცი, რასაც ვამბობ, სიხარულო, დამიჯერე.
- კარგი, რადგან ასეა, ასე იყოს, - უპასუხა ნუკიმ, თუმცა იგრძნო, რომ რაღაც ნაპერწკალი ჩაუქრა გულშიც და თვალებშიც, თითქოს იმედი გაუცრუვდა.
- 5 დღით ვარ ჩამოსული, სამშაბათ დილით უკან უნდა დავბრუნდე. ჩამოვედი და ეგრევე შენკენ გამოვეშურე, შენი უნახაობა არ შემეძლო.
- 5 დღით რატომ?
- ძმაკაცს ხვალ ქორწილი აქვს. მეჯვარე ვარ. აბა, რა უნდა მექნა?
- ესე იგი, წასვლამდე რომ მნახო, ნაკლები შანსია, არა?
- რატომ, სიხ, რატომ. კვირას ან ორშაბათს აუცილებლად გნახავ. ისე როგორ წავალ?
ამასობაში გიამ რომელიღაც რესტორანს მიაყენა მანქანა.
- დღეს ბევრი უნდა ვიცეკვოთ მე და შენ.
ნუკიმ დაიმორცხვა. ისე იყო აფორიაქებული, ახლა ცეკვის თავი (და არც სხვა რამის) ნამდვილად არ ჰქონდა და არც რესტორანში ყოფნა ეხატებოდა დიდად გულზე, მაგრამ ეს მის სურვილზე არ იყო დამოკიდებული. როგორც კი შიგნით შევიდნენ, პუტკუნა ოფიციანტი გოგონა მათკენ გამოეშურა, გიას ძველი ნაცნობივით გაუღიმა და უთხრა:
- თქვენი მაგიდა უკვე გაშლილია, - და ხელით დარბაზის შუაგულისკენ ანიშნა წყვილს.
ნუკი მიხვდა, რომ მამაკაცს თადარიგი წინასწარ ჰქონდა დაჭერილი. გოგონამ სუფრა შეათვალიერა და წარბები ცნობისმოყვარედ აზიდა. მაგიდა ოთხ ადამიანზე იყო გაშლილი.
- კიდევ ველოდებით ვინმეს? - აშკარა უკმაყოფილება დაეტყო ხმაში.
- ჩემი ორი მეგობარი შემოგვიერთდება მხოლოდ. სხვანაირად არ შემეძლო… მინდოდა, მეთქვა, მაგრამ… იმედია, შენთვის უხერხული არ იქნება, - თითქოს მოუბოდიშასავით გიამ.
გოგონამ ნაძალადევი ღიმილი ფარივით აიფარა სახეზე. უხმოდ მიუჯდა სუფრას და მამაკაცს დაკვირვებით შეხედა… ის მის წინ იჯდა და მთისფერი თვალებით უყურებდა. თავადაც მთას ჰგავდა - ახოვანი, მხარბეჭიანი, თვალუწვდენელი მინდორივით გაშლილი გულმკერდით. ასეთ მამაკაცს ქუჩაში იშვიათად ნახავდით, ან საერთოდ ვერ ნახავდით. ისეთი იშვიათობა იყო, წითელ წიგნშიც კი შეიტანდა კაცი. თხელი, მაგრამ მგრძნობიარე ტუჩებით მრავლისმეტყველად იღიმოდა, თან მოუსვენრად ატრიალებდა თვალებს და ყველას მზერას ერთდროულად იჭერდა, განსაკუთრებით, ქალებისას, თითქოს არ უნდოდა, რომელიმე გამოჰპარვოდა. ძალიან ლამაზი იყო, უფრო მეტიც, მას უმწიკვლო საყვარლის (უფრო ზუსტად, გმირი-საყვარლის) გარეგნობა ჰქონდა. თუმცა რაღაც აკლდა მის გამოხედვას, რაღაც მარცვალი, რაც არსებითად (იქნებ მთლიანადაც) შეცვლიდა მის გამომეტყველებას. მან იცოდა, რომ მოსწონდათ გარშემომყოფებს და ამავე დროს, თითქოს ბოდიშსაც იხდიდა ამის გამო. ცოტა ხანში მიკროფონის გამაყრუებელი წუილის ხმა გაისმა. მომღერლები მორიგი ნომრისთვის ემზადებოდნენ.
ამ დროს დარბაზში ორი ახალგაზრდა მამაკაცი (ორივე ერთობ სიმპათიური) შემოვიდა და ღიმილით გიასკენ გამოემართა, თან ცალი თვალით ნუკის დაუწყეს თვალიერება. გოგონამ უხერხულად იგრძნო თავი. ნამდვილად არ უნდოდა, ეს საღამო უცხო ადამიანების გარემოცვაში გაეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით მისი ოცნების მამაკაციც იმყოფებოდა.
გიამ მოსულები გადაკოცნა და ნუკი გააცნო. გივი და ვასო (ასე ერქვათ გიას მეგობრებს) თბილად მიესალმნენ გოგონას და ჩამოსხდნენ. ერთხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, უნიჭოდ ნამღერი «სულ ზევით, ზევით» ისმოდა მხოლოდ. თამადობა ვასომ ითავა.
- ქალბატონი ნუკი, ალბათ, საქმის კურსშია და იცის, ჩემო გია, რომ დღეს დაბადების დღე გაქვს, - დაიწყო ვასომ, - ჰოდა, შენ გაგიმარჯოს, ძმაო, მაგარი კაცი ხარ და ღმერთმა კარგად გამყოფოს, სიკეთე და სიხარული არ მოგაკლოს გამჩენმა.
ამის გაგონებაზე ნუკის თვალთ დაუბნელდა. როგორ თუ დაბადების დღე? «ოდნოებში» რატომ არ გამოჩნდა, თუკი დაბადების დღე ჰქონდა? ნუთუ არ მიაქცია ყურადღება?
არ შეიმჩნია, რომ არ იცოდა. შერცხვა (უფრო გაბრაზდა), ახლა რომ იგებდა ამის შესახებ. აი, თურმე რატომ წამოიყვანა რესტორანში და არა იმიტომ, რომ მას ასიამოვნოს. ხასიათი გაუფუჭდა, თუმცა მხოლოდ «არ იცოდა» არ იყო ამის მიზეზი. «დამშვიდდი, გოგონი», - გაიმხნევა თავი, - «შარზე რატომ ხარ? ადამიანს უნდა, პატივი გცეს, ჩამოვიდა თუ არა, შენკენ გამოეშურა, შენ გამო ფულს ხარჯავს, შენ კი უკმაყოფილო ხარ? არ გეკადრება!» - ფიქრობდა თავისთვის და ცდილობდა, ბუნებრივად გაეღიმა, თუმცა კი სულაც არ ეღიმებოდა.
მამაკაცები მალე შეზარხოშდნენ. აბა, რა მოუვიდოდათ, ეგრევე (ზედიზედ) განსხვავებული სასმისები შესვეს. ნუკი ზედმეტად გრძნობდა თავს, ვერა და ვერ მოიხსნა დაძაბულობა, თუმცა არ აკლდა ყურადღება, სამივე ზედ დაჰფოფინებდა. ვერა, ვერ გამხიარულდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო იკეტებოდა თავის თავში. წვეთი არ დაულევია, არც არაფერი უჭამია, იჯდა და მდუმარედ შეჰყურებდა მოქეიფეებს. უკვე ზომიერად შემთვრალი გია მუსიკოსებს შეკვეთას შეკვეთაზე აძლევდა და ხან რა სიმღერას ითხოვდა და ხან რას. თითო შეკვეთაში 20 ლარს ატანდა ოფიციანტს. უკვირდა ნუკის, ნუთუ ასეთია, თუ ამწუთას თავს იწონებს მის წინაშე? უნდა აგრძნობინოს, რომ ბევრი ფული აქვს და ხელგაშლილია? თუ ასე სჩვევია ყოველთვის?
- წამო, ვიცეკვოთ, - თქვა უეცრად გიამ, დაავლო ხელი გოგონას და სცენისკენ წაიყვანა.
გაძალიანება სცადა, მაგრამ მიხვდა, არ გამოუვიდოდა და მორჩილად დაჰყვა მის ნებას… შემდეგ იგრძნო, როგორ აიყვანეს ხელში, სწორედ ისე, როგორც ბავშვობაში და დააბზრიალეს. იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ჟესტი, რომ, როგორც კი ჰაერში აღმოჩნდა, ერთი ცივად წამოიკივლა და მხრებში ჩააფრინდა მამაკაცს.
- ნუ ხარ ეგრე, ძალიან გთხოვ, გაიღიმე ცოტა, გესმის? - ტუჩები ყურთან მიუტანა გიამ, ფრთხილად ჩამოსვა ძირს და ყვრიმალთან აკოცა.
აილეწა გოგონა. მოზღვავებული სიამოვნებისგან (თუ ვნებისგან) თვალები დახუჭა და მამაკაცის მკლავებს ბრმად მიენდო. ისე თავისუფლად ცეკვავდა გია, თითქოს მთელი ცხოვრება მეტი არაფერი ეკეთებინოს. ისიც აიყოლია. როგორც იქნა, პირველი ბუნებრივი ღიმილი გაკრთა მის ტუჩებზე, თვალები გაუბრწყინდა მოზღვავებული გრძნობისგან და რიტმშიც თავისუფლად (თამამადაც) აჰყვა მამაკაცს. მუსიკა რომ დამთავრდა, ორივეს არაქათი ჰქონდა გამოცლილი.
- ვაა! თქვენ რა მაგრები ყოფილხართ, ძმაო, რა სერიოზულად ცეკვავდით, - ხელები გაშალა ვასომ და მოახლოებულ გოგონას შუბლზე აკოცა, - მშურს შენი, გია, ძმაო, ასეთი ანგელოზი რომ გყავს გვერდით. შენ რა დაგაბერებს!
- ჩემი გოგოა ეს, - საჩვენებელი თითი ღიმილით (უფრო გაფრთხილების ნიშნად) გაფშიკა გიამ, - და არაფერი შეგეშალოთ, იცოდეთ! - მისი სიტყვები მუქარას უფრო ჰგავდა, ვიდრე ხუმრობანარევ გაფრთხილებას.
- გეკადრება, ბიჭო, შენ ჩვენ ვინ გგონივართ! - გივი კარგა შემთვრალი ჩანდა და ნუკი მიხვდა, დროზე უნდა გასცლოდა აქაურობას.
- მე წავალ, გვიანაა უკვე, - ხმადაბლა გადაულაპარაკა გიას.
- მოიცა ცოტა ხანს, ერთად გავიდეთ, - სთხოვა მამაკაცმა.
- არა, პირველი დაიწყო, უნდა წავიდე! - ჯიუტად გაიმეორა გოგონამ და წამოდგა.
გიამ ბიჭებს ბოდიში მოუხადა, ცოტა ხნით დაგტოვებთო და მასთან ერთად ქუჩაში გამოვიდა.
ნუკის გასაოცრად, მამაკაცმა იქვე მდგარ ტაქსის მძღოლს ხელით ანიშნა, ახლოს მოდიო. გოგონა გაშრა. როგორ! თვითონ არ წაიყვანს სახლში? აქ რჩება? ამ დეგენერატებთან? გული შეეკუმშა. იქნებ თვითონაც გამოჰყვეს? ჰო, ალბათ ასე მოიქცევა. ნასვამი ხომ ვერ დაჯდება საჭესთან!
გიამ უკანა სალონის კარი გამოაღო. ის იყო, ნუკიმ ჩაჯდომა დააპირა, რომ მამაკაცმა მკლავში ჩაავლო ხელი, თავისკენ მოიზიდა და ტუჩებზე დააცხრა. დიდხანს, ძალიან დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს. გოგონას სიამოვნებისგან თავბრუ ეხვეოდა, თუმცა, ამავდროულად, უხმო ტკივილსაც გრძნობდა, რადგან მიხვდა, გია მასთან ერთად წამოსვლას არ აპირებდა.
- ხვალ დაგირეკავ, - ხმადაბლა წარმოთქვა და ჩაჯდა თუ არა ნუკი, ჯიბეზე გაიკრა ხელი, - ეს ქალბატონი უვნებლად მიმიყვანე სახლამდე, მეგობარო! - მერე ნუკის მიუბრუნდა, - შემატყობინე, როგორც კი მიხვალ, კარგი?
ნუკიმ თავი დაუბნია. როგორც კი ტაქსი დაიძრა, თვალები ცრემლით აევსო. ესეც შენი სანუკვარი შეხვედრა. რატომ მოხდა ასე? ნუთუ ძმაკაცებთან ქეიფი არჩია მასთან განმარტოებას? თუ ნუკის უფრთხილდება? რა მხრივ? რა სჭირს მოსაფრთხილებელი? ხომ ყველაფერი გარკვეულია მათ შორის? რატომ აჭიანურებს? თან კმაყოფილი იყო, მამაკაცი რომ არ ჩქარობდა უფრო მეტად დაახლოებას, თან ბრაზი ერეოდა, რა საჭიროა ასეთი გაჯანჯლებაო.
სამკერვალო ძლივს გააღო თვალცრემლიანმა. საჭიროდ არ ჩათვალა, დაერეკე გიასთვის და ეთქვა, შინ მშვიდობით დავბრუნდიო. ბოღმა ახრჩობდა. მამაკაცმა თვითონ დაურეკა.
- რატომ მანერვიულებ? - ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა გია.
- რატომ განერვიულებ? - არ შეიმჩნია ნუკიმ.
- ხომ გთხოვე, როგორც კი მიხვალ, დამირეკე-მეთქი?
- ამწუთას მოვედი, ახლა ვაპირებდი დარეკვას.
- გენაცვალე ლამაზ ცხვირპ-პირში. ნუ მიბრაზდები, სიცოცხლე და ერთი რამ იცოდე, რომ მე შენ ძალიან მჭირდები. გასაგებია? - ესიყვარულებოდა მამაკაცი.
- მეც მჭირდები, - სლუკუნით უპასუხა გოგონამ და თვალები აატრიალა, რომ კვლავ არ ატირებულიყო.
- გნახავ წასვლამდე. გაკოცე ბევრი.
«გაკოცე ბევრი»… ეს უშველის ნუკის? მხოლოდ სიტყვები? და რა ჰგონია გიას, მისმა ამ ფორმით გამოჩენამ ბედნიერება მოუტანა მას? უარესად ააფორიაქა და მეტი არაფერი. სამაგიეროდ, როგორ აკოცა? მოწყურებულად… არა უშავს, რაც მოხდა, მოხდა. ის კაცია, მეგობრებს ვერ გადაახტებოდა. მთავარია, რომ ნუკის გარეშე არ «იდაბადებისდღევა». არადა, შეეძლო ასე მოქცეულიყო. რომ არ დაერეკა, ნუკი ვერც გაიგებდა, ჩამოსული იყო თუ არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გიასთვის ღირებული (საჭირო) ქალია. მე შენ მჭირდებიო… ამ სიტყვებს რა დაავიწყებს. ასე მისთვის არასდროს არავის უთქვამს. კიდევ კარგი, ზურა გააფრთხილა, ამაღამ სამკერვალოში ვრჩებიო, თორემ მის რისხვას ვერ ასცდებოდა. რა ქნას ახლა? ეს კაბა დილამდე როგორმე უნდა დაამთავროს, თორემ მისი კლიენტი ხვალ წვეულებაზე მიდის და რომ ვერ მოუსწროს, უსიამოვნება არ აცდება. არადა, როგორ არ არის ამწუთას მუშაობის განწყობაზე. რა ქნას, თუკი ისევ მასთან უნდა ყოფნა? ახლაც გრძნობს მისი ტუჩების ცხელ შეხებას… რა მოითმენს ხვალამდე. არა, რა ხვალამდე. ხვალ გია ქორწილში მიდის, ზეგაც იქ იქნება ალბათ. გამოდის, ორშაბათამდე ვერ ნახავს. თანაც, ორშაბათს, გამთენიისას ისევ მიდის… რა საშინელებაა! როდისღა მოიცლის ნუკისთვის? ასე თუ გაგრძელდა მათი შეხვედრები, ნამდვილად მოკვდება. მისი გული ვერ გადაიტანს ამდენს!
8 8 8
ის ღამე კერვაში დაითენა. დილით კლიენტს დაელოდა, სანამ კაბას წაიღებდა, მერე კი წაუძინა. რომ გაეღვიძა, უკვე საღამოს 6 საათი იყო. დაფეთებულმა მიმოიხედა. თავდაპირველად ვერ გაიაზრა, სად იყო, რომელი საათი და დღის რომელი მონაკვეთი. მაშინვე მობილურის ეკრანს დახედა, იქნებ გია მირეკავდა და ვერ გავიგეო. არა, არც ერთი ზარი არ იყო შემოსული. არც შეტყობინება… რატომ? ხომ უთხრა, დაგირეკავო? იქნებ ვერ მოახერხა? მეჯვარეა და უამრავი საქმე ექნებოდა. არა უშავს, თვითონ დაურეკავს.
დარეკა. მამაკაცი კარგა ხანს არ პასუხობდა. როგორც იქნა, მისი ხმაც გაისმა მიკროფონში.
- ნუუკ, მაპატიე, რომ ვერ შეგეხმიანე. ნამდვილი საგიჟეთი მქონდა დღეს, - მამაკაცი უკვე კარგა შემთვრალი ჩანდა.
- არა უშავს, უბრალოდ, მოგიკითხე, ხომ კარგად ხარ-მეთქი, - ჩამქრალი ხმით უპასუხა.
- ხვალ აუცილებლად გნახავ, ჩემო ლამაზო, დაგირეკავ და შეგხვდები, კარგი?
- კარგი, გელოდები, - ცივად ჩაილაპარაკა და გათიშა.
რადგან იცოდა, რომ გიას ხვალამდე ვერ ნახავდა, გადაწყვიტა, ზურასთან შეევლო და მოეკითხა. სახლსაც მიულაგებს, რამე კერძს მოუმზადებს. ორი დღეა, იქითკენ არ გაუხედავს.
ზურა შინ დახვდა. პირველსავე ზარზე გააღო კარი, თითქოს ჩასაფრებული იყო და მის გამოჩენას ელოდაო.
- მოხვედი? - ისე ალერსიანად ჰკითხა, ნუკის ტანში გასცრა. ახლა უკვე აღარ უნდოდა, ზურას სითბო გამოეჩინა მის მიმართ. ნუკიმ ალკოჰოლის სუნი შეიგრძნო და მიხვდა, რომ ზურა ნასვამი იყო.
- ვიფიქრე, დავხედავ-მეთქი… როგორ ხარ?
- შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები… აღარც კი იხედები ჩვენკენ, - ირონიული ღიმილი გაუკრთა მამაკაცს ტუჩის კუთხეებში.
- სასწრაფო შეკვეთა მქონდა. წუხელ მთელი ღამე ვკერავდი, დილით უნდა ჩამებარებინა.
- მართლა? - ორაზროვნად იკითხა მამაკაცმა და მრავალმნიშვნელოვნად აზიდა ცალი წარბი.
ნუკის არ ესიამოვნა მისი შეკითხვის ტონი (არც გამოხედვა).
- ჰო, - დაურწმუნებლად უპასუხა და თვალებში ჩააშტერდა, აბა, რა იცისო.
- სამსახურის შემდეგ გამოგიარე და იქ არავინ დამხვდა. ჩაბნელებული იყო სამკერვალო.
ნუკის ღაწვები გაუხურდა, მაგრამ არ დაბნეულა.
- ალბათ, ნელის რომ ვაცილებდი, მაშინ მოხვედი…
- ნელის? შენთან იყო?
- ჰო, გამომიარა… მერე გავაცილე. კარგა ხანს ვიჭორავეთ ქუჩაში. იმდენი ლაპარაკი იცის…
- აჰა… მე კი იმდენად გავმწარდი მარტოობისგან, რომ დღეს დავლიე და მგონი, ცოტა მეტიც მომივიდა, - ზურამ აღარ გააგრძელა ამ თემაზე საუბარი, - დარჩები ამაღამ?
- რა ვიცი… ალბათ, დავრჩები. ცოტას მივალაგებ აქაურობას, - უპასუხა ნუკიმ და მხოლოდ ახლა შეამჩნია, სასმლისგან როგორ ამღვრეოდა მამაკაცს თვალები.
- შენი აზრით, აქაურობა მილაგებული არ არის? - დამცინავი იერით გახედა ზურამ, - შენზე რომ არ ვარ დამოკიდებული, ხომ იცი? შენამდეც მოვლილი იყო ეს სახლი და შენ შემდეგაც მოვლილი იქნება, - თითქოს ნიშნისმოგებით აღნიშნა.
- მაგაში ეჭვიც არ მეპარება, - მხრები უდარდელად აიჩეჩა ნუკიმ, - გასაბრაზებლად არ მითქვამს. უბრალოდ, თუ გჭირდებოდი რამეში, იმ შემთხვევაში დაგეხმარებოდი. თუ ასეა, წავალ.
- არა, რას წახვალ, - დაფაცურდა (უფრო შეშინდა) მამაკაცი, - მე არ მინდა ჩემ გამო საქმე გაიჩინო, სხვა კი არაფერი. მოდი, ვივახშმოთ, ჩაი დავლიოთ ან ყავა…
- ჩაის დავლევ, ყავა არ მინდა, - თავი გააქნია გოგონამ და უკან მიჰყვა სამზარეულოსკენ მიმავალ მასპინძელს.
ზურამ ხელი არ გაანძრევინა «სტუმარს» და ისე მოემსახურა, როგორც მასპინძლის წესი და რიგი მოითხოვდა. უხმოდ შეექცეოდნენ ვახშამს და ხმას არ იღებდნენ ერთხანს.
- მინდა, ისევ ჩემთან გადმოხვიდე, - უეცრად დახშული ხმით დაიწყო ზურამ და ჩაახველა, თითქოს სითამამეს უხმობსო.
- რატომ? მშვენივრად გრძნობ თავს უჩემოდაც, - ახლა ნუკიმ გაიღიმა დამცინავად და ამით სამაგიერო გადაუხადა (სულაც შური იძია).
- შენ წარმოიდგინე, არ ვგრძნობ. დღეს ბიძაშენმა დამირეკა, შენი მისამართი მთხოვა. ჩამოვა ალბათ ამ დღეებში და გინახულებს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ შენ წინაშე… ამასთან… არ ვიცი, როგორ გამომივა, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ… იქნებ გვეცადა…
- რა გვეცადა? - ნუკის სუნთქვა შეეკრა.
- რას იტყვი, ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზო?
- რას ნიშნავს ერთად ცხოვრება?
- რას და… რა ვიცი, ნუთუ ასე გაუგებრად ვლაპარაკობ? შეიძლება… ხდება ხოლმე. მინდა გთხოვო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად მაქვს ამის უფლება… ისეთს არაფერს ვითხოვ, რაც მიუღებელი იქნება შენთვის ან შეუძლებელი… არავისგან არ ითხოვენ შეუძლებელს. შენ ხომ გინდა, ბედნიერი იყო? მეც მინდა ეს. ვიცი, მძიმე ცხოვრება გამოიარე, მაგრამ არა მგონია, იმ დონემდე გამოგეცალა ძალა, რომ იმედი დაკარგე, - ცოტა არეულად ალაპარაკდა მამაკაცი, სათქმელს თავს ვერ უყრიდა, - ჩვენ გვაქვს უფლება, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, არიან ისეთი უტვინოებიც, სრულყოფილად რომ გრძნობენ თავს ქალის გარეშე და ისეთი ქალებიც, მამაკაცის გარეშე რომ გრძნობენ სრულყოფილად თავს. შეიძლება მეც ასეთი უტვინო ვარ… უფრო სწორად, ვიყავი… დღემდე. დღეს კი… სხვანაირად ვფიქრობ. შენ მომეცი ამის ძალა… ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია.
- არ მესმის, რისი თქმა გინდა… - გაფითრებული გოგონა სკამზე აწრიალდა. ოღონდ ეგ არა, ღმერთო, ოღონდ ეგ არა! თანაც რა დროს! როცა უკვე ძალიან დაგვიანებულია!
- არ ვამბობ, რომ სიყვარულის გარეშე არ შეგვიძლია. შეგვიძლია და სწორედ ეს არის ყველაზე გულისამრევი, ყველაზე ამაზრზენი, - თავისთვის გააგრძელა ზურამ, თითქოს ნუკის სიტყვები არც გაუგონიაო, - ორგანოები დამოუკიდებლად აგრძელებენ არსებობას, როგორც საათი, მანამ, სანამ მექანიზმი არ დაიმსხვრევა და გვამი სწორედ მაშინ აღმოჩნდება იქ, სადაც სინამდვილეში მისი ადგილია. შეიძლება ასევე ნუგეში სექსში ეძებო, უსიყვარულოდ… ან იცხოვრო მასთან, ვისაც ღმერთი გარგუნებს.
- შენ რა, სიყვარულს მიხსნი? - ამოთქვა, როგორც იქნა ტუჩებგამშრალმა.
- არა, სიყვარულს არ გიხსნი… უბრალოდ, ცოლობას გთავაზობ, იქნებ… სამუდამოდ დარჩე ჩემთან, თუკი ეს შენთვის მისაღები იქნება.
- გაგიჟდი? ეგ რამ გაფიქრებინა? - ჩურჩულზე გადავიდა სასაოწარკვეთილი გოგონა.
- რატომ, არ შეგეფერები? შენი ტოლი არ ვარ? მაგაზე მეც მიფიქრია, რომ იცოდე… და მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივედი. ორ მარტოხელა ადამიანს, მიუხედავად ასაკისა და შეუფერებლობისა, სურვილის შემთხვევაში ერთი მთლიანის შექმნა შეუძლია, იმ მთლიანის, რასაც ოჯახი ჰქვია… სიყვარული თავისით მოვა, მთავარი მაინც სურვილია… ნუ ამივლი გვერდს, არ ჩაიდინო ეს სისულელე, შენ ხომ გამოცდილი ქალი ხარ. მოსინჯე, ერთი შანსი მაინც მიეცი შეუძლებელს. ნუთუ არასდროს გიფიქრია იმაზე, როგორ დაიღალა ის შეუძლებელი და როგორ ვჭირდებით მას ახლა ჩვენ?
- შენ ახლა სასმელი გალაპარაკებს, - მისი დამოძღვრა სცადა ნუკიმ, - იქნებ სხვა დროისთვის გადაგვედო ამაზე საუბარი.
- კარგი, ეგრე იყოს. ვერ დაგაძალებ. სხვა დროს ვილაპარაკოთ, მაგრამ ამაღამ დარჩი.
- იქნებ არ ღირს… - ნუკიმ თვალი თვალში გაუყარა, აგრძნობინა, მთვრალი ხარ და საშიშიო.
- არ შეგაწუხებ. ახლავე ავდგები და ჩემს ოთახში გავალ, ოღონდ არ წახვიდე. ორი ღამეა, არ მიძინია. შენ რომ არ ხარ, აქაურობა ისეთი ცარიელია…
გოგონას გული დაეწვა ამ სიტყვების გაგონებაზე. თითქოს ორ ცეცხლში ერთდროულად იწვოდა. ზურას ცოლობაზე როგორ იტყოდა უარს, თუნდაც ერთი თვის წინ, მაგრამ ახლა? ახლა იგი მხოლოდ გიაზე ფიქრობს, მისი გული ახლა სხვისი სიყვარულით არის სავსე.
- დავიძინოთ, ზურა. უკვე გვიანაა. სხვა დროს იყოს, კარგი? ხომ შევთანხმდით?
მამაკაცმა მორჩილად ასწია ორივე ხელი, თავი დაღუნა და ოთახიდან გავიდა.
8 8 8
გიას არც მეორე დღეს (ანუ კვირას) დაურეკავს და არც ორშაბათს. ნუკი სიმწრისგან საკუთარ ნერვებს (და გულს) ასკდებოდა. ვერც სამუშაოს დაუდო გული, ერთი ქსოვილი შეფიქრიანებულმა ისე უაზროდ აჭრა, რომ მთლიანად გააფუჭა. თათულიმ დაუყვავა, ალბათ გადაიღალე და იმის ბრალიაო. წავიდა და სხვა ქსოვილი მოიტანა. მერე დაჯდა და თვითონ გამოჭრა. ნუკიმ უგუნებობა მოიმიზეზა და დაწვა. საღამომდე არ განძრეულა. ფიქრობდა და ფიქრობდა. ყოველ წუთს გიას ზარს (ან მესიჯს) ელოდებოდა, თუმცა ამაოდ. დღე ისე მიილია, მისგან არაფერი ისმოდა. თათული რომ წავიდა, უარესად გახდა. იქამდე კიდევ შეეძლო თავის შეკავება, ერიდებოდა პარტნიორის. როცა თათული წავიდა, ადგა და სარკეს მიუახლოვდა. ჩაიხედა… ობოლი ცრემლი დიდხანს თამაშობდა თვალის უპეში და ბოლოს (როგორც იქნა), მსხვილი ბრილიანტივით დაეკიდა ქვედა წამწამებს… მერე კი… ნელა ჩაუყვა ღაწვებს და მის მოშიშვლებულ მკერდზე წკაპუნით მოკალათდა…
დიდხანს ტიროდა. გვაინ კვლავ ჩაწვა ლოგინში. სიცივისგან (თუ სიმწრისგან) აკანკალებდა. ვერა და ვერ დაიძინა… მთელი ღამე ბორგავდა. თან წარამარა საათს დასცქეროდა. გია დილით უნდა გადაფრენილიყო მოსკოვში. ნუთუ არ მოიკითხავს? ნუთუ ისე წავა, რომ არ დაურეკავს?
ამასობაში თავზე დაათენდა… დღის სინათლემ უკვე შემოაბიჯა ფანჯარაში… მოულოდნელად მესიჯმა დაიწრიპინა. ელოდა, მაგრამ მაინც შეკრთა. სასწრაფოდ ჩაიკითხა შეტყობინება: «გძინავს?» რამხელა შვება იგრძნო. როგორც ჩანს, გულმა არ მოუთმინა. «არა, შენზე ვფიქრობ», - მისწერა და დაელოდა. წამიც და მამაკაცმა დაურეკა.
- ალო! - დაღლილი ხმით ჩასძახა.
- ნუუკ, მაპატიე… ვიცი, ძალიან ცუდი ბიჭი ვარ და ასე არ უნდა მოგქცეოდი, მაგრამ ისე წაეწყო ყველაფერი, ვერაფრით დავაღწიე თავი. მაპატიე, სიცოცხლე, დამნაშავე ვარ, მაგრამ უნდა გამიგო.
- აეროპორტში ხარ? - ძლივს ამოთქვა ყელში ცრემლმობჯენილმა, საყვედურიც კი ვერ უთხრა, ისე სთხოვდა მამაკაცი პატიებას.
- ჰო, ჩასხდომას ველოდები უკვე. როგორ ხარ?
- როგორ ვიქნები… შენს მოლოდინში გავილიე. ერთი დარეკვა რა გაგიხდა? ორი დღით ჩამოხვედი და შენი ნახვა არ მაღირსე. ხომ იცოდი, როგორ გელოდებოდი, როგორ მენატრებოდი, როგორ, როგორ… ჰაერივით მჭირდებოდი, გიიიი!
- ნუ მაგიჟებ, სიხარულო! - იყვირა უცებ გიამ, - რა გინდა, რას მერჩი? საიდან, ამდენი სითბო, ვინ ხარ ამისთანა? რა ვქნა, მითხარი, დავაბრუნო ბილეთი და მოვბრუნდე უკან? მითხარი, როგორ მოვიქცე!
- არა, რა უნდა მობრუნდე, წადი შენს გზაზე, - შეშინდა გოგონა, - წადი და რომ ჩახვალ, შემეხმიანე, თუ საჭიროდ ჩათვალო.
- რას ნიშნავს, საჭიროდ ჩავთვალო. ხომ გითხარი, მჭირდები-მეთქი. არ ინერვუილო არაფერზე, სიცოცხლე. მაპატიე, რომ გული გატკინე. მალე ჩამოვალ და მერე სულ ერთად ვიქნებით მე და შენ. აი, ნახავ. წავედი ახლა, - უკვე მშვიდი ხმით წარმოთქვა გიამ და სასწრაფოდ გათიშა, რათა ნუკის გამოსამშვიდობებელი სიტყვები კიდევ ერთხელ არ მოესმინა.
გოგონამ სასწრაფოდ აკრიფა მესიჯი: «ჩემი გული თან მიგყვება, იცოდე»… და პასუხიც წამში მოუვიდა: «ჩემი კი შენთან რჩება, გენაცვალე მაგ ლამაზ გულში»…
დღეები გადიოდა, გიასგან კი არაფერი ისმოდა. 5 დღე ელოდა გოგონა, მაგრამ ამაოდ. მამაკაცი არც ტელეფონის ზარს პასუხობდა, არც მესიჯებს. მეექვსე დღეს, როგორც იქნა, გაისმა სასურველი (უსაშველოდ მონატრებული) ზარი. ნუკი სამკერვალოში იყო, თათულისთან ერთად. მობილურს ხელი დასტაცა და შურდულივით გავარდა გარეთ, რომ თათულის მათი საუბარი არ მოესმინა. ამ უკანასკნელმა გაოცებით გააყოლა მზერა.
- როგორ არის ჩემი სიცოცხლე და სიხარული? - გიას საოცრად ნაღვლიანი ხმა ჰქონდა.
- მე არა მიშავს, შენ? - არც ნუკის ხმა ისმოდა «დალხენილად».
- ახლა რა მიჭირს, გამოვკეთდი.
- რა გჭირდა? - შეშფოთდა გოგონა.
- 5-დღიანი მქონდა.
- რა 5-დღიანი, ვირუსი? - ჩაეკითხა ნუკი.
- არა, რა ვირუსი. ვილოთავე და «პახმელიას» ვეომებოდი.
- ააა! თურმე რაში ყოფილა საქმე. მე კი მეგონა, მე აღარ გჭირდებოდი.
- გაგიჟდი? ეგ რამ გაფიქრებინა?
- სხვა რა უნდა მეფიქრა, რომ ცოცხლებში აღარ ეწერე? არც ეგ გამომირიცხავს, რომ იცოდე.
- სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ, სიხარულო. შენ როგორ ხარ, შენი ამბები მითხარი.
- როგორც დამტოვე, - ნუკის უფრო სევდიანი გაუხდა ტონი.
- ეგ როგორ გავიგო?
- პირდაპირ.
- რატომ გაქვს ეგეთი ხმა?
- შენი აზრით, უკეთესი რატომ უნდა მქონდეს?
- ნუუკ, ნუ მაბრაზებ! მე აქ სათამაშოდ არ ვარ ჩამოსული…
- ვიცი, სათამაშოდ არა, სალოთაოდ ხარ ჩასული, - ბრაზი გაურია ხმაში გოგონამ.
- ეგეც საქმესთან იყო დაკავშირებული, თორემ კი არ მსიამოვნებს დალევა. გგონია, მავიწყდები? არც იფიქრო. რადგან ერთხელ გიპოვე, არასდროს დაგკარგავ. შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, ნუუკ. ოღონდ ეგ კია. შენ ისეთი ფაქიზი ხარ, ისეთი მგრძნობიარე, შენთან ურთიერთობას დიდი სული სჭირდება. მე კი, არა მგონია, მაგდენი გავქაჩო.
- შენ გული დამახმარე და დანარჩენს მე მივხედავ, ჩემზე იყოს, გიიი! - ლამის იყვირა გოგონამ.
- ღამეები არ მძინავს, სიხ…
- რატომ, რატომ? რამე სერიოზული შეგემთხვა?
- რაღა რატომ, შენ მათენებინებ და… გამაგიჟე… არასდროს დამავიწყდება, როგორ დამემშვიდობე. ასეთი სითბო არასდროს არც ერთი ქალისგან არ მიგრძნია, - დახშული ხმით ლაპარაკობდა გია, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, თითქოს სუნთქვა უჭირსო, - შენნაირი გოგოს სიყვარულს დამსახურება უნდა, სული უნდა…
- დაიმსახურე მერე, ვინ გიშლის? სული არ გაკლია, ვგრძნობ…
- ხანდახან მეშინია, იმედი არ გაგიცრუო… მზად ვარ, სიხარულო… და არა ნიღბით და თამაშით, არამედ იმით, რასაც წარმოვადგენ რეალობაში. მალე ჩამოვალ და ერთი მაგრად უნდა ჩაგეხუტო. გავიპაროთ მე და შენ ერთი ღამით სადმე, ხომ შეძლებ?
გაგრძელება იქნება