„დათო“ და „მარიკა“ - ამ ეკრანული სახელებით სერიალიდან „შუა ქალაქში“ გოგა ბარბაქაძესა და მაია დობორჯგინიძეს ბევრი იცნობს. სერიალში ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილის როლს ასრულებენ, რეალურ ცხოვრებაში კი უკვე მრავალი წელია, რაც ცოლ-ქმარი არიან.
გოგამ და მაიამ ერთმანეთი უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნეს და მალევე დაოჯახდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს. სხვადასხვა გადაცემას ხშირად სტუმრობენ და პროფესიასა და პირადზეც საუბრობენ.
"მეთექვსმეტე წელი დაიწყო, რაც ოფიციალურად ვართ ცოლ-ქმარი. ჩვენი ამდენწლიანი ურთიერთობა, პირველ რიგში, სიყვარულის შედეგია. ერთმანეთს ვავსებთ, გვერდში ვუდგავართ. სიყვარულის გარდა, ჩვენ უახლოესი მეგობრები ვართ, მან ჩემი პრობლემები იცის, მე – მისი. ამიტომ ყოველთვის ვგრძნობთ ერთმანეთის გვერდში დგომას. გვყავს ორი შვილი, რომლებიც ჩვენთვის ყველაფერია.
წლები გადის, მაგრამ სიყვარული არ ნელდება, პირიქით, ძლიერდება. როცა ჩვენი პირველი შვილი, გაბრიელი გაჩნდა, უფრო მეტად შეგვიყვარდა ერთმანეთი. როცა ბარბარე დაიბადა, ეს სიყვარული გაძლიერდა. ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ერთმანეთს, ვიდრე ადრე. 1 თებერვალს 38 წლის გავხდი და, ბუნებრივია, უფრო მეტი ყურადღება მჭირდება.
როგორც ჩემი შვილები ამბობენ, კარგი მამა ვარ და ორივეს ვუყვარვარ. მეც და მაიკოც მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყველაფერი ჰქონდეთ, რაც სჭირდებათ. ჩვენი გრაფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ყურადღება ცოტა აკლიათ, მაგრამ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდება, მათთან ვატარებთ. თვითონაც კარგი ბავშვები არიან, რაც მთავარია, კეთილები, თანატოლებთან ადვილად შედიან კონტაქტში. შვილებს მუდამ ვეუბნები და ვუხსნი, რომ ცხოვრებაში მთავარი სიკეთეა" - ამბობდა გოგა.
კარგი მეგობრები თუ იქნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი დღე ახალი ჟინითა და ერთმანეთის სიყვარულით უნდა ვიცხოვროთ. დღევანდელ ყოფაში გვიწევს მოვიკრიბოთ ძალა და გავუხალისოთ ერთმანეთს ცხოვრება. პარტნიორი პირველი ადამიანი უნდა იყოს, რომელთანაც ჩვენი ტკივილისა თუ სიხარულის გაზიარებას შევძლებთ” - ამბობს მაია დობორჯგინიძე.
"შუა ქალაქში" დასრულებიდან ბევრი წელი გავიდა, სერიალი და პერსონაჟები კი დღემდე არ კარგავენ პოპულარობას. გოგა ბარბაქაძე ბევრისთვის დღემდე დათოს პერსონაჟთან ასოცირდება. როგორც მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, ეს ფაქტი თავიდან აღიზიანებდა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად მიეჩვია:
"დათოს დაძახება ნაკლებად მაღიზიანებს. ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მაყურებელი კომედიური ჟანრის მსახიობად არ მთვლიდეს, თუმცა ეს ალბათ ბოლომდე მაინც არ არის გასული. როდესაც ვითამაშე სერიალებში “ტფილისში” და “ქერჩში”, მაშინ უფრო შევძელი დამტკიცება, რომ არამხოლოდ კომედიური ჟანრის მსახიობი ვარ. თეატრში ასეთი იმიჯი ისედაც არ მქონდა.
10 წლის წინ დიდი ხელფასი მქონდა, ახლა აღარ მაქვს. როცა ტელევიზიაში ხარ დასაქმებული, გაცილებით კარგი ანაზღაურება გაქვს, ვიდრე მხოლოდ თეატრში. ფინანსური კუთხით, თეატრში სახარბიელო არაფერი ხდება.
კულტურის სამინისტროს მსახიობები ალბათ ძალიან მდიდრები ვგონივართ. როგორც თოჯინების თეატრში ხდება, სპექტაკლის შემდეგ მსახიობებს, ანუ თოჯინებს, გარდერობში რომ შეაწყობენ და სპექტაკლის წინ გამოალაგებენ, ალბათ ასე თვლიან მსახიობებს ისინი, ვისაც ჩვენი ფინანსური საკითხი ეხება.
სხვის ჯიბეში არასოდეს ვიხედები, მაგრამ ამას წინათ ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე თვალი მოვკარი სათაურს – “ყველაზე ძვირადღირებული ქართველი სპორტსმენი”. კარგი იქნებოდა, იქვე დაეწერათ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მსახიობი თავისი შემოსავლით და ყველა მიხვდებოდა, რა ანაზღაურება გვაქვს.
ძალიან ცუდია, რომ დღეს, როცა ცხოვრება ხუთჯერ არის გაძვირებული, იმაზე ნაკლები შემოსავალი აქვს ჩემს ოჯახს, ვიდრე 10 წლის წინ ჰქონდა. პოლიტიკას არასოდეს შევხებივარ, ამიტომ არ იფიქროთ, რომ ეს პოლიტიკური შინაარსით არის ნათქვამი. უბრალოდ, როცა გყავს ოჯახი, ორი შვილი და მათ სჭირდებათ ელემენტარული რაღაცები და შენ, როცა ორი თეატრის მსახიობი ხარ, არ უნდა ფიქრობდე, რას როგორ გასწვდე. ორ თეატრში ვმუშაობ და ჩემი შემოსავალი რომ ვთქვა, ძალიან ბევრს გაეცინება" - ამბობდა მსახიობი.
გოგა ბარბაქაძეს არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული თეატრსა თუ კინოში. "შუა ქალაქის" შემდეგ მსახიობი სერიალ "ტიფლისში" არჩილ ორბელიანის როლით მოგვევლინა, რითაც მისი, როგორც კომიკოსი მსახიობის სტატუსი, საბოლოოდ დაინგრა.
"ბევრ რეჟისორს ალბათ ეშინია, თუ ფილმში დამამტკიცებენ, მაყურებელი ჩემ დანახვაზე გაიცინებს. რატომღაც მე ამას ვაბრალებ, რომ კინოსა და ტელესერიალებში აღარ ვჩანვარ. თუმცა შეიძლება ეს სულაც არ იყოს ამის მიზეზი და უბრალოდ, ვიღაცებს, როგორც მსახიობი, არ მოვწონვარ."