ნუკის ლამის თვალთ დაუბნელდა. სიხარულისგან (და აღტყინებისგანაც) ათრთოლდა.
- კი, შემიძლია, მაგრამ როდის იქნება ეგ შენი «მალე»?
- მალე, ძალიან მალე. 2-3 კვირაში. ახლა უფრო გამიმძაფრდა შენი მონატრება. ყოველთვის ვგრძნობდი, განსხვავებული რომ იყავი, მაგრამ მიჭირდა გამოხატვა. მერწმუნე, სიტყვებით ძნელია ამის გადმოცემა… როგორ მენატრები, რომ იცოდე.
- მე უფრო მენატრები.
- ნუ მევაჭრები, მაინც ვერ მაჯობებ.
- გაჯობებ. შენ არ იცი, რამდენს იწონის ჩემი მონატრება.
- აბა, რამდენს?
- მთელ დღეს და მთელ ღამეს. სულ შენზე ვფიქრობ, როცა მძინავს და როცა არ მძინავს. თენდება თუ ბინდდება, ვტირი თუ ვიცინი…
- ახლა მე მკითხე? აქამდე ხომ ვფიქრობდი და ვფიქრობდი, ფანტაზიებს ვალამაზებდი, შენთან შეხვედრებს ვგეგმავდი. ახლა კი, რაც შენს სულში ჩავიხედე, საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნი. სულ ავირიე.
- როგორ აირიე? - სუნთქვაშეკრული ნუკი საშველს არ აძლევდა მამაკაცს, უნდოდა, გიას სიყვარული აეხსნა მისთვის, ერთი «მე შენ მიყვარხარ» მოესმინა, მხოლოდ ერთი… ერთი მაინც…
- თავდაყირა დადგა ყველაფერი.
- ეგ როგორ გავიგო? - კიდევ უფრო ჩაეძია.
- რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, - ის კი პირდაპირ პასუხს თავს არიდებდა.
- ანუ ერთი ღამის ქალად არ მოვიაზრები?
- გაგიჟდი? ეგ აზრები მოიშორე თავიდან, იცოდე! - აღშფოთდა გია.
- და არც საკოლექციო ეგზემპლარად მთვლი?
- მეორედ არ გამაგონო ეგეთი სიტყვები. გესმის? ცუდზე არაფერზე იფიქრო. ჩამოვალ და დაგიმტკიცებ, რომ ვიგინდარა არ ვარ.
- ეგ რომელ საუკუნეში იქნება?
- მალე, სიხარულო, გპირდები. ჩემზე მეტად შენ არ გენატრები.
- შენ რა იცი, მე როგორ მენატრები?
- მე ის ვიცი, მე როგორ მენატრები. სულის ტკივილამდე… კბილის ტკივილი გამოგიცდია? აი, ეგრე!
- გასაგებია… მეამა.
- ერთი სული მაქვს, როდის მოკალათდები ჩემს მკლავებში და როდის იდიასახლისებ ჩემს მკერდზე. აცივდა მანდ?
- ჰო, აცივდა ნელ-ნელა. მეც მცივა უკვე, ძალიან მცივანა ვარ.
- ჩამოვალ და გაგათბობ, ჩემო ლამაზცხვირპირიანო, გულში ჩაგიხუტებ, გენაცვალოს ჩემი სიცოცხლე.
- კარგი, ნუღარ იხარჯები ახლა. გვიან დაგიმესიჯებ.
- ჭკვიანად იყავი, იცოდე… და არაფერზე იდარდო. მე შენთან ვარ სულ და არ დაგავიწყდეს, რომ ძალიან, ძალიან მჭირდები.
- მეც მჭირდები, გია… მალე ჩამოდი, გთხოვ… ვერ ვიტან ლოდინს.
- მალე ჩამოვალ, ნუუკ, ძალიან მალე. გაკოცე.
ის იყო, ნუკიმ მობილური გათიშა, რომ მისკენ მომავალი ზურა შენიშნა. მამაკაცი გამომცდელი (უფრო გამჭოლი) მზერით მისჩერებოდა. გოგონას ალმურმა გადაჰკრა სახეზე, მის გამოჩენას აშკარად არ ელოდა ამ დროს.
- გამარჯობა! - ცივად მიესალმა მამაკაცი და უტიფრად (იქნებ ხარბად?) შეათვალიერა გოგონა, - თათული აქ არის?
- კი, აქ არის… გაგიმარჯოს, - თვალები დახარა შემკრთალმა.
- როგორ მიდის საქმეები? - გულგრილად იკითხა.
- არ მკითხო… იმდენი შეკვეთა გვაქვს, საქმეებს ვეღარ ავუდივართ, - ცოტა გამხნევდა ნუკი, რადგან მამაკაცმა სხვა რამე არ ჰკითხა.
- მერე კარგია ეგ. ადექით და აიყვანეთ კიდევ ერთი მკერავი. რას იტყვი? - ზურა წინ მიდიოდა, ნუკი უკან მისდევდა.
- ვაი! ჩემი ზურიკოც მოსულააა! - თვალები გაუბრწყინდა თათულის მამაკაცის დანახვაზე, ზეზე წამოიჭრა და ყელზე ჩამოეკიდა სტუმარს.
ნუკიმ გაოცებისგან პირი დააღო. ზურამ ოდნავ ჩაიღიმა და სანამ თათული კოცნით მის ყელ-კისერს «აპურებდა», ირიბად გააპარა მზერა იქვე (შორიახლოს) გახევებული ნუკისკენ.
გოგონა უარესად აილეწა. იმწუთას რაღაც საშინელება (კრუნჩხვისმაგვარი) დაემართა. თავადაც ვერ ხვდებოდა, რა ემართებოდა, მაგრამ ერთობ არასასიამოვნო სცენას რომ შესცქეროდა, ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. რა იყო ეს? ეგოიზმი? შური? მესაკუთრული შეგრძნება?
- რა ხართ ეს ქალები, - გადაიხარხარა ზურამ, როცა თათული მის მკერდს მოსწყდა, - როცა გჭირდებათ კაცები, თაფლად გადაიქცევით.
- რატომ, შე ოხერო, რატომ? - იუკადრისა თათულიმ, - როდის იყო, მე შენ სხვანაირად გხვდებოდი?
- ახლა ნამდვილად განსაკუთრებული შეხვედრა გამოგივიდა და რა ვიცი, - მამაკაცმა ნუკის თვალი ჩაუკრა.
- იმიტომ, რომ მთელი კვირაა, არ გამოჩენილხარ. მომენატრე.
- კი არ მოგენატრე, მძღოლი დაგჭირდა და დამიბარე. სულ ეს იყო, თავს ნუ იმართლებ, ქალბატონო, - გაიხუმრა ზურამ, სკამზე ჩამოჯდა და მიიხედ-მოიხედა, - მდიდრდებით ესე იგი, არა? ყავას ვერ დამალევინებთ? ჯერ მაინც ადრეა, ყველაზე პირველები ჩვენ ხომ არ მივალთ, - თათულის გახედა.
- ახლავე, - ჩაიბურტყუნა ნუკიმ, ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო წინანდელი ეიფორიისგან (თუ თავზარდაცემისგან), ფინჯნების გადმოლაგებას შეუდგა და საჭიროზე მეტად ააჩხაკუნა «ჯამ-ჭურჭელი».
გოგონა მექანიკურად მოქმედებდა. იმის მაგივრად, რომ გიასთან საუბრის მერე ფრენა-ფრენით ევლო, ფრთამოტეხილი ქათამივით დაფორთხავდა თითქოს.
ყავა ისე დალიეს, ნუკის ხმა არ გაუღია. თათულის კი ენა არ გაუჩერებია, თან ლაპარაკობდა, თან ტკარცალებდა თავისი გემრიელი სიცილით. გახარებული იყო, ზურასთან ერთად საქეიფოდ რომ მიდიოდა.
- წავედით? - წამოდგა ბოლოს ზურა.
- წავედით, წავედით. ნუკი, მე დღეს ვეღარ მოვბრუნდები, პატარავ, დაბადების დღეზე მივდივართ და ალბათ გვიანობამდე შევრჩებით. აბა, შენ იცი, ქალიც შენ ახლა ოჯახში და კაციც. ეს შარვალი დამთავრებულია, ცოტა უთო გაუსვი და ის ქალბატონი რომ მობრძანდება, გაატანე. 40 ლარი უნდა დაგიტოვოს, იცოდე!
- ვიცი, - ძლივს გასაგონად უპასუხა გოგონამ და ფინჯნების რეცხვას თავდაღუნული შეუდგა.
8 8 8
შუაღამე გადასული იყო, როცა ზურა და თათული რესტორნიდან გამოვიდნენ. სუსხიანი ამინდი იდგა, ცა საავდრო ღრუბლებით დაფარულიყო.
- მე დავჯდები საჭესთან, - სტაჟიანი ცოლივით გამოუვიდა ქალს.
ზურას გაეცინა. არაფერი უთქვამს, მორჩილად გაუღო ქალს მძღოლის კაბინა და რევერანსით ანიშნა, დაბრძანდითო, თავად კი მის გვერდით მოკალათდა და როგორც კი თათულიმ მანქანა დაქოქა, ფრთხილად შეახო მხარზე ხელი.
- გიხდება საჭესთან ჯდომა, როგორც ყველა ქალს, - ქათინაური ესროლა.
- ყველას არა, მე მიხდება, - კეკლუცად შეჰღიმა თათულიმ და დაეჯღანა.
კორპუსს მალე მიუახლოვდნენ.
- აი, აქ შეაყენე, ეს ჩემი ადგილია, - საჩვენებელი თითით ანიშნა მამაკაცმა.
თათულიმ ოსტატურად შეაყენა მანქანა მინიშნებულ ადგილზე.
- ყოჩაღ, «ნამდვილი ადსკი ვადიტელი» ხარ. აფსუსია, შენ ქალი იყო, - შეაქო ზურამ და მიწაზე ფეხი დადგა თუ არა, წაბარბაცდა.
თათული მსწრაფლ მასთან გაჩნდა, მხარში შეუდგა და გვარიანად შემთვრალ მამაკაცს სადარბაზოსკენ გაუძღვა.
ხმას არ იღებდნენ. როცა ზურამ კარს გასაღები მოარგო, თითქოს გამოფხიზლდა. ერთხანს გარინდებული (თან კოპებშეყრილი) იდგა, თავისთვის ჩაფიქრებული, მერე კარი შეაღო, შუქი აანთო და განზე გადგა, ამით მიანიშნა ქალს, ჩემთან გეპატიჟებიო.
- წავალ მე, - ყრუდ ჩაილაპარაკა თათულიმ.
- არსადაც არ წახვალ! - მბრძანებლურად გაისმა ზურას ხმა, - აქ დარჩები! მჭირდები ამაღამ!
- მე-ე? - გაფითრდა თათული, - რისთვის? - ლამის ამოიხავლა პირგამშრალმა.
- იმისთვის, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, - ორაზროვნად უპასუხა.
- რა გჭირს ჩემი დასახმარებელი? - ჩურჩულით იკითხა ქალმა, უცებ გამოერკვა და შიშით შეხედა მამაკაცს, - რომელი საათია?
- ჩვენ უამრავი დრო გვაქვს, - წარმოთქვა ზურამ და მოეხვია…
თათული ოდნავ გაუძალიანდა. ვერ გადაეწყვიტა (უფრო ყოყმანობდა), გადაედგა თუ არა ნაბიჯი, რომელიც იცოდა, არაფერს მოუტანდა. მაინც დღედაღამ ამ წუთებზე ოცნებობდა, ამ შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული იყო, მასთან მომავალი არ ჰქონდა.
თათული მარტოხელა ქალი იყო. ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა და მას შემდეგ მეორედ გათხოვებაზე არც უფიქრია. ზურას დიდი ხანია იცნობდა, მაგრამ მათ შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა იყო და სხვა არაფერი. წამითაც არ გაუვლია გულში მისი შეყვარება. ბოლო ხანებში კი იგრძნო, რომ მის თავს რაღაც ამდაგვარი ხდებოდა. ცოტა ღრმად რომ ჩაუკვირდა, მიხვდა, ზურა ის გამონაკლისი (ერთადერთი) იყო, ვის სიყვარულზეც უარს არ იტყოდა. ვისაც სიამოვნებით მისთხოვდებოდა (და საუცხოო ცოლობასაც გაუწევდა). ამასთან, ისიც კარგად უწყოდა, ქალებთან როგორი გაუცხოებული იყო მამაკაცი და სხვებთან ერთად, მასაც ნაკლები შანსი ჰქონდა, ოცნება ასრულებოდა.
იქნებ ჯერ კიდევ არ არის გვიან? იქნებ ამ ერთმა ღამემ ყველაფერი რადიკალურად (მის სასარგებლოდ) შეცვალოს? თან ფიქრობდა, თან შიშნარევი სიამოვნებისგან კანკალებდა.
ზურას კი ამწუთას მხოლოდ ქალი უნდოდა. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა ეს ქალი - თათული თუ ვინმე სხვა, დაქირავებული (თუნდაც) მეძავი, ოღონდ კი ვნება დაეცხრო, ვნება, რომელიც ბოლო ხანებში ყელში მარწუხივით უჭერდა…
ეხამუშა, თათულისგან წინააღმდეგობას (თუმცა კი სუსტს) რომ წააწყდა. ამან უარესად გაახელა. ხელები (ტუჩებიც) უფრო მომთხოვნი გაუხდა. ქედზე მძლავრად მოხვია მკლავები და «გემრიელი ლუკმა» თავისკენ მოიზიდა. ცოტაც და… ზურგზე მისი ფრჩხილები იგრძნო, მწარედ რომ ჩააფრინდა ბეჭებზე. თითქოს ამას ელოდაო, ხელში აიტატა და ის იყო, საძინებლისკენ გადადგა ნაბიჯი, რომ უცნაური ხმა შემოესმა. წამით შეჩერდა, მერე კი, როცა მიხვდა, რა ხმაც იყო ეს, ქალი ძირს დაუშვა…
ის ქვითინებდა… უხმოდ (უხმოდ არა, ჩუმად, თავისთვის)… მამაკაცი დაიძაბა. ნუთუ აწყენინა? ნუთუ მისი სურვილის წინააღმდეგ წავიდა? ნუთუ ეჩვენებოდა აქამდე, რომ თათულის სიგიჟემდე უნდოდა მასთან? რომ ქალი მასზე იყო შეყვარებული? არა, არ ეჩვენებოდა. ეს გამორიხცული იყო. მაშინ რა ატირებდა? შვება? უიღბლობა? სიმარტოვე?
- რატომ ტირი, გული გატკინე? შევცდი? - ყურთან უჩურჩულა მამაკაცმა და თმაზე გადაუსვა ხელი.
- არა, - ამოისლუკუნა თათულიმ, - შენ გამო არ ვტირი… იმის გამო ვტირი, რაც თითოეულ ჩვენგანს წაგვართვა ცხოვრებამ… და ვხვდები, რას ნიშნავს, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ… მე… მე თანახმა ვარ… მზად ვარ, ზურა… მე… - და მეტი ვეღარ გააგრძელა, ხელები შემოხვია მამაკაცს და ისეთი სისწრაფით დაუწყო კოცნა, თითქოს რამდენიმე წუთში სამუდამოდ უნდა დაშორდესო… სიბნელეში ორი ერთმანეთს ჩახვეული სხეული ტახტზე დაეშვა.
ეს მართლაც ურთიერთდახმარების (მხოლოდ და მხოლოდ) წამი იყო, სხვა არაფერი. იმწუთას ორივეს უნდა დაევიწყებინა წარსული, დროის რაღაც მონაკვეთი თავდავიწყებაში უნდა გაელიათ, რათა მერე ერთად შედგომოდნენ ყოფიერების მძიმე (მეტ-ნაკლებად) ტვირთის ზიდვას. მათ უნდა გადაელახათ ის ოკეანე, სადაც ნებისმიერი საგანი (კონკრეტული თუ აბსტრაქტული), ადამიანებს ერთმანეთს აშორებს, სადაც მზერას არიდებენ პარტნიორს იმის შიშით, რომ მის შიშველ სხეულზე ნაკლი არ აღმოაჩინონ. იმწუთას ისინი წარმოადგენდნენ ორ გზააბნეულ არსებას, რომელიც ერთმანეთს ამხნევებს საკუთარ სიმარტოვეში, ხოლო ცხოვრება მოთმინებით ელოდება, როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.
შიგადაშიგ, ღამის სიბნელეში, ორივენი მზერით ეძებდნენ ერთმანეთს, რათა თავისივე მოუხერხებლობისგან გათავისუფლებულიყვნენ.
მაგიდაზე - ჩარჩოში ჩასმული ოჯახური პორტრეტი… თეთრი ლარნაკი ბუხრის თავზე, უსწორმასწორო ზოლებით ჩამოშვებული ფარდა ფანჯარაზე - ეს ყველაფერი თათულის თვალში ხვდებოდა, როცა ზურას ალერსისგან (წამით) თავს ითავისუფლებდა… ის, რაც მათ საერთო ჰქონდათ, სხვას ეკუთვნოდა, მაგრამ სწორედ ამ ბუნტის წუთებში აერთიანებდა ორივეს - ამ მცირე ბრძოლის მონაკვეთში, უიღბლობის დროებით დავიწყების დროს. ეს მათ შორის არ ხდებოდა, ეს ხდებოდა მათსა და მათ წარსულ ცხოვრებას შორის…
ზურა გრძნობდა თათულის ცრემლებს საკუთარ ღაწვებზე. თავად არასდროს უტირია, ამიტომ ქალის ცრემლები გვრიდა შვებას… და კიდევ ის, რომ… ამწუთას იგი არა თათულის, არამედ ნუკის ეალერსებოდა…
8 8 8
როცა ვნება დაცხრა, ზურა გონს მოეგო და სინანული იგრძნო (სინდისის ქენჯნაც), დანაშაულიც, დაბნეულობაც - ყველაფერი ერთად. რატომღაც ასე მოეჩვენა. შუქი მაინც ჩაექრო, ასე უკეთ დაემალებოდა ქალის თვალებს…
თაათული წამოდგა, ტანსაცმელი სწრაფად გადაიცვა, სავარძელში ჩაჯდა და მოიკუნტა. ნიკაპი მუხლებზე ჩამოდო და მამაკაცს შეხედა. ზურას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა… ჯერ არც ერთ ქალს არ შეუხედავს მისთვის ასეთი ზიზღით…
- მაპატიე… - ზურამ თავი ვალდებულად მიიჩნია, რაღაც მსგავსი ეთქვა.
ქალი ერთხანს დუმდა, დამცინავად ჩაიცინა მხოლოდ. მერე თავი გვერდზე გადასწია, წარბები აზიდა და კიდევ უფრო დამცინავი გამოხედვით ამოთქვა"
- შენი საცოდავი «მამაკაცური უმანკოება», იგი უკვე ყელში მიჭერს, იცი?
მამაკაცი გაშრა. იგრძნო, როგორ დაასხა ცივმა ოფლმა.
- გგონია, ვერ ვხვდები, მასზე რომ ხარ შეყვარებული? - მოულოდნელად მშრალი ხმით ალაპარაკდა თათული, - მაგრამ ეს სიყვარული შენ ვერაფერს მოგიტანს, ზურა. იგი განწირულია. იმიტომ კი არა, რომ ის ცუდი გოგოა და ცოლობას ვერ გაგიწევს ან ასაკით არ შეგეფერება. იმიტომ, რომ ის შენ აღარ გეკუთვნის უკვე. ის დიდი ხანია, სხვისია… შენ კი არ გინდა ეს გაიგო თუ დაიჯერო… ალბათ თავადაც მშვენივრად ხვდები, რომ ასეა, თუმცა… სადღაც, სულის ბნელ კუნჭულში ალბათ რაღაცის რწმენა მაინც შემოგრჩა.
აქ კი ვეღარ მოითმინა ზურამ, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო მისთვის ქალის სიტყვები, ტაში შენელებულად დაუკრა და თავშეუკავებლად ამოისისინა:
- ღირს მოსმენა. უკანასკნელი სიტყვაა. ბოლო სიტყვა სამყაროს არსებობის მანძილზე.
- არა, ჩემო კარგო, მე მშვენივრად მესმის, რომ რწმენას მთების გადადგმა შეუძლია, მაგრამ ამით იგი ვერაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ მთებს დაძრავს.
- იქნებ ცდები და შენ რომ გგონია, იმაზე სულაც არ ვფიქრობ? იქნებ შენ მოგიაზრებ იმ ქალად, ვისაც ჩემი სიმარტოვის ამოვსება შეუძლია? - მამაკაცი იბრძოდა, იქნებ როგორმე გადაერჩინა თავისი საიდუმლო გამჟღავნებას და ამწუთას ყველაფერზე მიდიოდა, ოღონდ კი ქალის ეჭვები გაეფანტა.
- მე-ე? ჰმ… გგონია, ასეთი მიამიტი ვარ? რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვი… მთავარია, შენი თვალები რას ამბობენ… ჩაიხედე სარკეში და თავად მიხვდები, ვის დააკისრე ეს მისია…
- რომელი მისია? არ მესმის, რისი თქმა გინდა…
- ქალის მისია - ბოლოს და ბოლოს, რა აკისრია მას? დაეხმაროს მამაკაცს ცხოვრებაში. შენ გაურბიხარ, სიმართლეს თვალებში შეხედო… გაურბიხარ საკუთარ გრძნობებზე ჩემთან ლაპარაკს, რათა გული არ მატკინო. იმას კი ვერ ხვდები, რასაც ახლა ამბობ, ეს უფრო რომ მტკენს გულს… ნუ ნერვიულობ. მე არ ვარ ის ქალი, ვისაც შენი დახმარება შეუძლია. მე არა მაქვს ამის მოწოდება. მე აქეთ მჭირდება დახმარება…
- და მიუხედავად ამისა, მაინც აქ ხარ, ჩემთან და შენ სცადე ეს…
- რა იცი, იქნებ მეც ვცდილობ, დავივიწყო?
- რა?
- იმედგაცრუება, გაწბილება, უარყოფა… სწორედ ისეთებისგან, როგორიც შენ ხარ.
- შენ არ იცი, მე როგორი ვარ.
- თქვენ, მამაკაცები, ყველანი ერთნაირები ხართ და არ შემედავო ამაში. ვხვდები, რომ ნუკისთან ლოგინი არ გქონია, შიშველ მზერაზე გეტყობა ეგ, მშიერზე, მოუსვენარზე… ეგ რომ მომხდარიყო, ისიც ისეთივე სულერთია გახდებოდა შენთვის, როგორიც მე ვარ ამ წუთებში… სინდისის ქენჯნამ შეგაწუხა? მერედა, რაში მჭირდება ეგ ქენჯნაატეხილი სინდისი მე? შვებას მომგვრის? გამაბედნიერებს? გამახალისებს?
- მე შენთვის არაფერი დამიძალებია, თათული… ეს თავადაც კარგად იცი.
- ჰო, რა თქმა უნდა… შენ რაღაც ურთიერთდახმარებაზე ჩურჩულებდი წეღან, ჩემო კარგო. მე გავიგე, რისი თქმაც გსურდა და მივიღე შენი წინადადება. ჩვენ ერთმანეთთან «არ შეიძლება» გვაკავშირებს და ამიტომაც ვერაფერს შევცვლით. უფრო მეტიც, წარმომიდგენია, როგორ გეზიზღები ახლა, როცა შენი ვნებები დაიკმაყოფილე.
- ცდები. ამაში არ ხარ მართალი. პირიქით, შენ თვითონაც არ იცი, რამხელა რაღაც გააკეთე ჩემთვის. არ ვიცი, რა მეშველებოდა უშენოდ უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში. შენ მე ისე ღრმად არ მიცნობ, რომ გაიგო, ვინ ვარ, რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ, რა ხდება ჩემს სულში… იქნებ…
- არანაირი სურვილი არ მაქვს, ასეთ რამეებში ღრმად გავერკვე. შენი ფიქრები შენ გეკუთვნის და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს იგი. მე შენთვის არაფერი მიკითხავს და არც გკითხავ, ჩემთვის დიდი ხანია, ცხოვრება დამთავრდა, სხვისაში კი არ ვიქექები.
- ჩემთვის სულერთია, მკითხავ თუ არა. სიცოცხლის დასასრული მხოლოდ შენთვის არ არის. ის ყველა ჩვენთაგანისთვისაა. მე სხვა რამ მინდოდა მეთქვა.
- არ გინდა… ისედაც ნათელია ყველაფერი. ხანდახან მგონია, ჩემში ალქაჯმა დაისადგურა. არაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შევცვალო ჩემი მომავალი. ალბათ ჯერ კიდევ არ მსურს, ბედნიერი ვიყო. რა თქმა უნდა, საშინლად დავიღალე, ნერვებმა მიმტყუნა, მოთმინების ფიალაც ამევსო, და კიდევ… შენ. შენ მამუხრუჭებდი ამდენი ხანი. მე უკვე აღარ ვიცი, რა არის ქალურობა. იქნებ ეს ერთ-ერთი საშუალებაა, ვიყო მამაკაცი. შეიძლება ამიტომაც გავხდი ასეთი უხეში ბოლო წლებში… კაცის როლიც მე ვიტვირთე…
- მაპატიე, თუკი გული გატკინე.
- ნუ იდანაშაულებ თავს, არ გინდა, ზურა. ჩემი სურვილი რომ არ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. მეც მინდოდა ეს. მინდოდა, ერთხელ მაინც გამომეცადა ის, რაზეც ამდენ ხანს მხოლოდ ვოცნებობდი. ჩავთვლი, რომ ქუჩაში ვიპოვე გონწასული მამაკაცი, დავეხმარე მას დაბინავებაში, შემდეგ კი მივატოვე. მეც შემიძლია შემთხვევითობებით ვიცხოვრო და დინების მიმართულებით ვიცურო. სწორედ ამიტომ დავყევი შენს სურვილს. რატომ გიძნელდება აღიარო, რომ წუთიერებამ ჩაგვითრია მხოლოდ? კარგია, რომ სწორედ ახლა მოხდა, ამ დროს, ამ ადგილას… მაშინ, როცა შენ ყველაზე ძალიან გჭირდებოდა ქალი… ვფიქრობ, დიდი ხანია, ასეთი ვნებიანი არ ყოფილხარ… მაპატიე ასეთი სითამამე, მაგრამ სიმართლე სიმართლეა და მას თვალი უნდა გავუსწოროთ. რა საჭიროა ერთმანეთს დავუმალოთ ის, რასაც ორივე თვალნათლივ ვხედავთ.
- შენი აზრით, მას… - ზურას აღარ სიამოვნებდა თათულის ტკივილიანი მონოლოგი (თუ აღსარება) და ნუკის გადასწვდა, იქნებ მისგან ახალი გაეგო რამე.
- სამწუხაროდ, ვერაფრით განუგეშებ. მას სხვა უყვარს… არ ვიცი, იქნებ ვცდები და არც უყვარს… იქნებ არც იცის, რა არის სიყვარული. რეალობა ერთია - მას მამაკაცი სჭირდება, ალერსს მოწყურებული მდედრია, რომელსაც ხორციელი ვნება დიდი ხანია, არ განუცდია. ამასთან, გამოუცდელია, ამიტომაც ვინც «უკეთესად», უფრო «ნიჭიერად» მოსთხოვა, იმისკენ გაუწია გულმაც და სხეულმაც… სცადე მაინც, იქნებ ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან?
- მე მას ვაკონტროლებ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ის… ის არავის ხვდება.
- იქნებ ის ვიღაც ამჟამად თბილისში არ იმყოფება? მის ტელეფონსაც აკონტროლებ? - თვალები მოჭუტა ქალმა და ურწმუნო მზერით ახედა ფეხზე მდგარ მამაკაცს.
ზურას კვლავ გაუფითრდა სახე. ეს სწორედ ის იყო, რაზეც მას არ უფიქრია…
- ჰოდა, იფიქრე… ამაზეც იფიქრე ხანდახან… - მიუხვდა ქალი, - მაპატიე, წავალ ახლა და ერთი თხოვნა მექნება შენთან… - თათული წამით შეყოყმანდა, ფეხზე ამდგარმა კაბა თეძოებზე შეისწორა, მერე თავი ასწია და თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს, - არასდროს, არასდროს ახსენო ეს ღამე… არც ჩემთან და არც სხვა ვინმესთან… ეს ჩვენი ღამე იყო და მინდა, ჩვენთან ერთად მოკვდეს. მპირდები?
ზურამ ჩამქრალი თვალები მოაცილა ქალს, თავი უღონოდ ჩაჰკიდა და ოდნავ გასაგონად ჩაილუღლუღა:
- გპირდები…
8 8 8
ნუკიმ მეორე დღესვე შეატყო თათულის უგუნებობა. ქალს დანა პირს არ უხსნიდა. გოგონას მიზეზი არ უკითხავს. მიაჩნდა, რომ პარტნიორი თავად მოუყვებოდა უხასიათობის მიზეზს, თუკი ამის სურვილი გაუჩნდებოდა.
თათული მთელი დღე თავაუღებლად მუშაობდა. შიგადაშიგ თავს ასწევდა, მზერას სივრცეს გაუშტერებდა (უაზროდ) და რაღაცაზე მწარედ ჩაფიქრდებოდა. საღამო ისე მოახლოვდა, სულ ორჯერ თუ დაელაპარაკნენ ერთმანეთს.
ნუკიც თავის დარდებში იყო ჩაფლული. გამუდმებით გია ედგა თვალწინ და მასთან მოსალოდნელ შეხვედრაზე (რომელიც «მალე» უნდა შემდგარიყო) ფიქრობდა.
- მე რომ ერთი-ორი დღით დავისვენო, შენ ხომ არ იქნები წინააღმდეგი? - დღის ბოლოს, თათულიმ, როგორც იყო, «ენა ამოიდგა».
გოგონამ გაოცებული მზერა მიაპყრო.
- როგორც გინდა… - მხრები აიჩეჩა და გაუღიმა.
- გასწვდები მარტო საქმეს? - მიმქრალი ხმით ლაპარაკობდა ქალი.
- მგონი, კი. თუ ვერ მოვასწრებ, არ იქნება პრობლემა, ხომ არ დაგვახრჩობენ… - კვლავ გაიღიმა.
- ჰო რა, მე რაღაც ვერ ვარ კარგად. ცოტა თუ არ დავისვენე, ადამიანად ვეღარ ვივარგებ.
- მოხდა რამე? - ფრთხილად შეეკითხა ნუკი და თანაგრძნობით სავსე მზერა მიაპყრო.
- ისეთი არაფერი. ცოტა დავლიე წუხელ და… თან რაღაც ამბავი გავიგე, ჩემთვის უსიამოვნო, - უფრო ხმადაბლა დააყოლა, - წავალ მაშინ, ღამდება უკვე.
- წადი, თათული, ყველაფერს გავაკეთებ, სხვა რა საქმე მაქვს. კარგად დაისვენე და არაფერზე იფიქრო, - მზრუნველობა გაურია ხმაში ნუკიმ და სიყვარულით შესცინა ქალს.
თათულიმ ერთი ღრმად ამოიოხრა, დაემშვიდობა და მძიმე ნაბიჯებით გავიდა სამკერვალოდან. ნუკი შეფიქრიანდა. რა მოხდა? იქნებ მართლა რაღაც ხდება მათ შორის? ხომ არ იჩხუბეს? ის (ზურა) ცოტა რთული ადამიანია, თავის თავში (ნაჭუჭში) ჩაკეტილი… თათულისნაირ მხიარულ ქალს გაუჭირდება მასთან ურთიერთობა. თვითონაც ხომ უჭირს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასთან დასახლდა. რაღაცნაირია… უცნაური… ცოტა ეჭვიანიც (და ბუზღუნაც)… არადა, რომ გაიცნო, როგორი რბილი მოეჩვენა.
როგორც იქნა, ლურჯი პიჯაკი დაამთავრა და ის იყო, კლიენტთან დარეკვას აპირებდა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. ნუკი სწრაფი ნაბიჯებით გაემართა შემოსასვლელისკენ, ამწუთას არავის ელოდებოდა…
ზღურბლთან შუბლშეჭმუხნილი ზურა იდგა.
- შეიძლება? - მამაკაცს წარბი არ გაუხსნია.
- მოდი, - ნუკი განზე გადგა და სტუმარი გამოატარა.
ზურამ ყურადღებით გაიხედ-გამოიხედა, თითქოს ვიღაცას (თუ რაღაცას) ეძებსო, მერე მზერა ნუკიზე გადაიტანა.
- თათული სად არის?
- წავიდა… ვერ იყო კარგად.
- რატომო, არ უთქვამს? - გოგონასთვის შეუმჩნეველმა ჩრდილმა გადაურბინა მამაკაცს სახეზე.
- არა, - მოკლედ მოჭრა ნუკიმ და კარი მიხურა, - ყავა მოგიდუღო?
- არა, არ მინდა, გმადლობ. საქმე მაქვს შენთან… - თითქოს ტონი გაუმკაცრდა ზურას.
გოგონას გულმა რეჩხი უყო. რაღაც უსიამოვნოდ მოხვდა ყურში ნათქვამი. წამით სიწითლემ გადაუარა ღაწვებზე. ახლა რომ ისევ ცოლობაზე ჩამოუგდოს ლაპარაკი… რა უნდა უთხრას? უარისთვისაც რომ არ ემეტება? მაგრამ ჰოსაც რომ ვერ ეტყვის?
ორ ცეცხლს შუა იწვოდა. თან სიამოვნებდა მამაკაცის ყურადღება, თან აღიზიანებდა… არადა, არც გიასთან ჰქონდა ბოლომდე გარკვეული ურთიერთობა. მისდა გასაკვირად, ზურამ სულ სხვა თემაზე ჩამოაგდო ლაპარაკი.
- ვიცი, რომ ბევრის უფლება არ მაქვს, მაგრამ გარკვეულ ასპექტში პასუხისმგებლობას ვგრძნობ შენ წინაშე… - არც ისე შორიდან დაუწყო ზურამ შემოვლა, - პირველ რიგში, მე წამოგიყვანე იქიდან, მე დაგაბინავე და… რა ვიცი, ამწუთას ამას შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ ალბათ რაღაც ვალდებულება მაინც მაკისრია… თან ასაკიც ხელს მიწყობს, ზოგი რამით დავინტერესდე.
- ვერ გავიგე? - კოპები შეკრა ნუკიმ, ვერ მიხვდა, საითკენ მიჰყავდა მამაკაცს საუბარი.
- ძალიან გავწელე, არა? - შეიშმუშნა ზურა, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, გოგონას თვალი აარიდა და გააგრძელა, - შენ შეყვარებული ხარ?
ო! როგორ აილეწა! ყველაფერს ელოდა და ამ შეკითხვას ნამდვილად არა. ისე დაიბნა, უაზროდ ააფახულა წამწამები, რითაც ადვილად გასცა თავისი თავი. მისი ეს ჟესტი მამაკაცს უკვე კარგად ჰქონდა შესწავლილი. «ხაფანგში მოემწყვდა მეტაფიზიკური მირანდა, როგორც ჩანს, პირდაპირ მოვარტყი მიზანში», - უსიამოვნოდ გაივლო გულში, თვალები დახუჭა და საჩვენებელი და ცერა თითი ცხვირის კეხზე მოიჭირა.
- რატომ მეკითხები? - ალუღლუღდა ნუკი, - საიდან დაასკვენი, რომ… ვინმემ რამე გითხრა? - რა კითხვაც ენაზე მოადგა, ყველა ამოთქვა.
- არავინ, ვის უნდა ეთქვა… უბრალოდ, ბოლო ხანებში შეყვარებულივით იქცევი… მეჩვენება, რომ საიდუმლო გაგიჩნდა.
გოგონა წამით დაფიქრდა. ეთქვა სიმართლე, თუ უარზე წასულიყო? რომელი აჯობებდა? არადა, როგორ არ არის მიჩვეული სიცრუეს… თან როგორ არ გამოსდის, როცა იტყუება… ან კი რატომ მალავს? ზურა მისი არც შეყვარებულია და არც საქმრო. რა მოხდა, თუკი ვინმე გამოჩნდა მის ცხოვრებაში? პატარა გოგოა, თუ რა? დრო არ არის, თუ?
რამდენიმე წუთით შეყოყმანდა. თითები ერთმანეთში გადახლართა, გადაატკაცუნ-გადმოატკაცუნა და არცთუ «რიხიანად» წარმოთქვა:
- შეყვარებული არ ვარ, მაგრამ… არის ერთი, ვინც მომწონს… - და როგორც კი დაამთავრა სათქმელი, მუხლებში ძალაწართმეული სავარძელში ჩაესვენა. ერთიანად დაეჭიმა სხეული.
- მდააა… - ზურამ ლოყები გამობერა, თითქოს წაიფრუტუნასავით, მერე კვლავ მიიხედ-მოიხედა ირგვლივ და თვითონაც მის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა, - მეტყვი, ვინ არის?.. თუ საიდუმლო არ არის…
ნუკიმ წარბზე გადაისვა თითი, ჯერ იატაკს დახედა, მერე კედლებს მოავლო არაფრისმთქმელი (თითქოს გამოფიტული) მზერა და ბოლოს ზურას მიაშტერდა.
- ეს აუცილებელია?
- არა, აუცილებელი სულაც არ არის. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რამდენად ღირებული ადამიანია შენთვის… - გულგრილად შენიშნა მამაკაცმა.
- ვფიქრობ, რომ ღირებულია… - მთლად დამაჯერებლად არ ჟღერდა ნუკის ხმა.
- ვინ არის? - ცივად (უფრო მკაცრად) დაეკითხა ზურა, ისეთი ტონით, თითქოს კატეგორიულად მოითხოვდა პასუხს.
ნუკიმ ისე ამოიოხრა, ლამის გული ამოაყოლა. ხელები მომუჭა და ყრუდ ჩაილაპარაკა:
- ნელის მეგობარია… - ეს საუკეთესო გამოსავალი იყო ამწუთას.
- ნელის მეგობარი? - ირიბად გამოხედა მამაკაცმა, - მერე?
- მერე არაფერი… ჯერ ისეთი არაფერი… ჯერ მხოლოდ ვეცნობით ერთმანეთს.
- ხვდები?
- ეს დაკითხვაა?
- შენ როგორ ფიქრობ, დაკითხვაა?
- მგონი, - აიმრიზა ნუკი.
- კარგი, ჩათვალე, რომ დაკითხვაა. ხვდები?
- იშვიათად…
- რატომ? - უცნაური ინტონაციით დასვა მომდევნო შეკითხვა ზურამ.
- იმიტომ, რომ თბილისში არ არის.
- აჰა… და როდის ჩამოდის?
- მალე, - უპასუხა და ძალაუნებურად გაეღიმა, რადგან მისი «მალე» ძალიან ჰგავდა გიას დაზეპირებულ «მალეს».
- არ ვიცი, ახლა რასაც გეტყვი, რამდენად სასიამოვნო იქნება შენთვის, მაგრამ იქნებ შემახვედრო იმ შენს «ღირებულ» ადამიანს, - ბოლოსწინა სიტყვას დამცინავად ხაზი გაუსვა.
- ეგ რა საჭიროა? - გოგონა გაღიზიანდა.
- როგორ აგიხსნა… ხომ გითხარი, ერთგვარ პასუხისმგებლობას ვგრძნობ-მეთქი… კაცი კაცს რომ დაელაპარაკება, მგონი, უპრიანი არ უნდა იყოს. იცოდეს, რომ უპატრონო არ ხარ…
- როგორმე მე თვითონ მოვაგვარებ ჩემს პირად ცხოვრებას, - უკმეხად გასცა პასუხი, - შუამავლები არ მჭირდება!
- მესმის, მაგრამ…
- არ გვინდა ეს «მაგრამ» და ამგვარი რამეები. გთხოვ… ვიძაბები, როცა ასე მელაპარაკები… შენც ხომ ამჩნევ, რომ ამწუთას ჩვენ შორის «ბრწყინვალე დაძაბულობას» აქვს ადგილი? მე დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ვიცი, რასაც ვაკეთებ. რა საჭიროა ასეთი ცერემონიები? რამე სერიოზული რომ იყოს, კიდევ მესმის. ჯერ არაფერია გარკვეული. უბრალოდ, მოგვწონს ერთმანეთი და ეგ არის. რა ვუთხრა, ჩემი ახლობელი შენთან საქმის გარჩევას აპირებს-მეთქი? ეგ ხომ აბსურდია?
გაგრძელება იქნება